ჩიქოვანი სიმონ
გაზიარება

დავით გურამიშვილი წვიმაში 

შენ გარბოდი, გზაში ქარი მოგეწია,
მოგასხურა წვიმა და აგაპყრო ცისკენ.
ღმერთო ჩემო, წვეთია თუ წყლის ბეწვია!
ნუ დამამსხვრევ მესით, ხე კეთილი მიხსენ!
  
არ გისმინა, გზაში წვიმამ გაგიმეტა,
გაიშალა იგი, როგორც დედის გლოვა.
მოშხუილე ღამე ბინად დაგებედა
და ავდარი ბედმა მოძმედ დაგიტოვა.
  
ერთი ცაცხვიც არსად შეგხვდა გაქოლგილი,
აღარც თივის ზვინი, შესადარი ბუხრის.
მოწანწკარე წვიმის ძუით დაბორკილი,
გიხილე და, მწირო, გამშვენებდა მწუხრი.
  
წვეთი იყო, თუ კუმპალი ბუდეშურის,
რა გსუსხავდა აგრე, ავდარობის მჩენი!
შენ გეძებდი და წვიმაში მოგაშურე,
ნაწვიმარში ვპოვო ნაკვალევი შენი.
  
შენ გცივა, თუ მე ვკანკალებ, სულ ერთია,
ოღონდ ვიყოთ მარად ტრფიალებით მთვრალი.
შენს მღვიმეში მსურდა ღამე გამეთია,
ან მეპოვა შენი ცრემლით სავეს კვალი.
  
ვერ მომხიბლე ლოცვით, გული შემიღონე,
ხელზე მითრთის ცრემლით შეფქრვეული იფქლი.
შეაგროვე გზაში, წვიმით შემიკონე,
მოშრიალე ქარში, ფრთაგაშლილი ფიქრი.
  
გეძახოდი, შემრჩა  ჭრაქი ჩაქრობილი.
გამაგონე  წვეთთა დამჟანგველი ჟღერა,
სად მღეროდი ავდარობის ოქროპირი,
რომელ მინდვრად შეგეგება ბედისწერა!
  
ხეტიალში ხუჭუჭა თმა გაახუნე,
გალობაში სუფთად შეახვიე წყლული
და მლოცველმა კალმით ქართლში დააბრუნე
ნაწვიმარი ვარდი, სტრიქონებში რგული.
  
წვიმაა თუ მგლოვიარე ყვავილები?
და ამშვენებს წიგნში წარმოფრენილ სტრიქონს!
ვკითხულობ და სანთელივით დავილევი
და წვიმაში, მწირო, საქართველო გიხმობს.

??????