ყოველის მხრიდან
I
კაი ხანია არ გვენახა იმისთანა მშვენიერი, ყოველნაირად შეზავებული, ამინდიანი გაზაფხული, როგორსაც შარშან ვეღირსენით. იმ წელს გაზაფხული თითქმის შუა თებერვლიდანვე დაიწყო; ზამთარი თოვლიანი იყო და ამის გამო მარტის განმავლობაში მიწას, თუ ჰაერს სასარგებლო სისველე არ მოჰკლებია, აპრილის დამდეგს მოჰყვა საუცხოვო ჟუჟუნა წვიმები, რომელთაც ერთგულად ხელს უწყობდა დასავლეთის წყნარი და გრილი ნიავ - ქარი. ჩვენდა სასიამოვნოდ, ეს ორი ძვირფასი სტუმარი ყოველი მხვნელ - მთესველისა თიბათვის გასვლამდე კვირაში ერთხელ მაინც გვეწვეოდა ხოლმე და განუზომელის სიხარულით ავსებდა ჩვენს სულსა და გულსა. ვენახები და ბაღები, მინდორი და ველი მოსავლით ივსებოდნენ და მათთან ჩვენი გულიც ათასნაირი იმედებით ცოცხლდებოდა და სიამოვნების ნეტარებას ეძლეოდა. ასე მიდიოდა ჩვენი ყოფა - ცხოვრება მკათათვის პირველამდე. გათენდა მკათათვის პირველი დღეცა. შავი და უკუღმა იყვეს ის და მისი გათენებაცა!
ხომ გინახავთ, ჩემო ბატონო, ისეთი ადანიანი, რომელსაც სახე ანგელოზისა აქვს, გული კი ბოროტებით სავსე კუდიანისა?! გამოუცდელი კაცი ადვილად აჰყვება ხოლმე ამგვარ შეხედულობას, ფარვანა პეპელასავით თავს ევლება მის სიმშვენიერეს და ბოლოს, ფარვანას მსგავსადვე, კისერს იმტვრევს მისი ცბიერებით სავსე გულზედა. ხედავს თავისი იმედების გაცრუებას და აღშფოთებული წყევლა - კრულვას უგზავნის იმ წამს, როდესაც მის გარეგნობას პირველად მოჰკრა მან თვალი. სწორედ ამისთანა ადამიანს ჰგავდა ის წყეული დილაც.
მტრედისფრად იყო ნანათი, როდესაც მე და ბიძაჩემი ანდრია შინიდან კარზე გამოვედით. ჩვენი დარბაზი იდგა სოფლის განაპირას, რომლის შემდეგაც იწყებოდა თვალუწვდენელი სახნავ - სათესი მინდორი. გავაღეთ თუ არა კარები, მინდვრის წმინდა, გრილმა, ათასნაირად შეზავებულმა ჰაერმა დაგვიტკბო მთელი არსება. აღმოსავლეთის მთებიდან მზის შუქი ვარდისფრად ამოჩანდა და მოკრიალებულ ლაჟვარდ ცას ღამის შავ ფარდას აცლიდა. ერთის მხრიდან მოჰქროდა მინდვრის ნიავი და თან მოჰქონდა რაღაც საიდუმლო ჩურჩულ - შრიალი უკვე შეყვითლებულ ყანებისა. ხოლო მეორეს მხრივ, იქვე, ჩვენ თვალწინ, პატარა, გიჟმაჟ მდინარეს გაჰქონდა მხიარული ჩხრიალი და თანაც მარდის, ცელქურის ჩქაფაჩქუფით მიათამაშებდა ქვემოთ თავის ანკარა ტალღებსა. ბიძაჩემმა პირი აღმოსავლეთისკენა ჰქნა და ტუჩების ნელის მოძრაობით გულზე რამდენჯერმე სასოებით გადაიწერა პირჯვარი, მერმე ჩემსკენ მოტრიალდა და მხიარულად მითხრა:
- აბა, ძამიავ, მოდი ახლა და ე ცივ წყალზე ლაზათიანად დავიბანოთ პირი.
ორივენი მივედით წყლის ნაპირას; ბებერ, გამოფუღრულ, მაგრამ ჯერ კიდევ მწვანე ფოთლებით დაბურულ ვერხვის ქვეშ ჩავსხედით და სიამოვნებით ვიწყეთ პირის ბანა. სანამ ჩვენ ამ საქმეს მოვრჩებოდით, ანდრიას ცოლ - შვილსაც გამოღვიძებოდა, ტანთ ჩაეცვათ და სათითაოდ მოგროვდნენ ჩვენს გარშემო. ცოლი ანდრიასი - ელისაბედი, ამათი გასათხოვარი ქალი - მარო, და ოთხი - ხუთი წლის პატარა ვაჟი - მიხა, ცოტა ჩვენ ქვემოთ, მდინარის ნაპირას ჩამწკრივდნენ და ჟივილ - ხივილით მიჰყვნენ ხელი პირის ბანასა. ის იყო, პირი შევიწმინდეთ და სავარცხელს უპირობდით ხელის წავლებას, როდესაც იქვე ახლო, სასოფლო გზიდან, შემოგვესმა ჩვენის მოხუცებული მღვდლის, იოთამის, ხმა:
- დაგლოცოთ, შვილო!... გაკურთხოთ უფალმა!...
- ღმერთმა გადღეგრძელოს, მამაო!... შენი ლოცვა - კურთხევა ნუ მოგვიშალოს ე წმინდა გიორგი პატიოსანმა!... - მოახსენა მღვდელს ანდრიამ და ფეხაჩქარებით გასწია მისკენა.
- შენდობა, მამაო!... - უთხრა მოძღვარს ანდრიამ, ემთხვია ხელზე და შემდეგ მეზობლურად ამბავი მოჰკითხა ცოლ - შვილისა. მღვდელმა, მადლობის ნიშნად, თავი მძიმედ დაუკრა და ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ, პასუხის ნაცვლად, უთხრა:
- აბა, შვილო, რას ამბობ!... განა დრო არ არის, რომ ი შენი შვილის სამკვდრო მომცე?... აგერ წელიწადი სრულდება, ანდრია, და შენ კი ჯერაც არა მოგიცია რა!..
- მოგართმევ, შენი მადლი არ გამიწყრეს, მოგართმევ!... აი მოსავალი კარს მოგვდგომია! დღეს თუ ხვალ გაიჭრება ყანები... გავლეწავ და ან პურათ მოგართმევ, ან არა და, გავყიდი და ისე გადავიხდი მაგ ვალსა.
- ერიჰაა!... ახლა საკალოეთ გამისტუმრე?... ე ბურვაკები ვისია, ანდრია?
- ჩემი გახლამთ, შენი ჭირიმე!
- მაშ, ერთი ბურვაკი სარგებელში მაინც მამეცი, შვილო!...
- მოგართმევ, შენი წირვის მადლმა, მოგართმევ! დღეს საღამოზედვე დავიჭერ და მოგგვრი.
ამის შემდეგ მამა იოთამმა გულიანად დაგვლოცა ყველანი, ჯვარი გადმოგვწერა და ნელ - ნელა განაგრძო თავისი გზა.
- მამა, მამილო, - დაიძახა ამ დროს პატარა მიხამ, - შეხე, შეხე, ცხენებს როგორ მოაჭენებენ!..
ჩვენ მივიხედეთ გზისკენ და მართლა დავინახეთ ორი ცხენოსანი, რომელნიც უშნოთ გადალაჯულიყვნენ თავიაანთ შესაფერის ჯაგლაგებზე და პირდაპირ ჩვენსკენ მოეშურებოდნენ. ანდრიამ მაშინვე იცნო ისინი, გაიღიმა და თმის ვარცხნით გასწია მათკენ.
- დილა მშვიდობისა, არუთინ! დილა მშვიდობისა,შამუელ! - შესძახა მათ ბიძაჩემმა, როდესაც დაუახლოვდა... - საითკენ მიეშურებით ამ დილაადრიან?
ურიამ სალამი დაუბრუნა ბიძაჩემს; სომეხმა კი, მის ნაცვლად, ყვირილი იწყო და ბრიყვულად გადმოსძახა მაღლიდამ:
- საითკენ? შენი თავის ხეთქამ, სტამბოლისკენ მივდივარ... ი ჩემი თეთრი აბაზები რომ ემე ქენ, რატო აღარ იძლევი, შე მამაოხერო!
- რასა ჯავრობ, შე კაი კაცო!.. მოგართმევ, არუთინ, მოგართმევ, - უთხრა დაბალის ხმით ბიძაჩემმა. - აი, ხო ხედავ, რა მოსავალია წელსა, გავლეწამ შვილოსან, და ჩემი ფეხით მოგიტან ფულსაცა და პურსაც.
- არა, ძმაოჯან, არა!.. - დაიღრიალა არუთინამ, - შენი არწყული და მოტანილი რა თავში ვიხლი? როცა კალო შააბა, შამატყობინე; მე მოვალ, ჩანახსა და ტომრებს მოვიტან და სულ წმინდათ კალოზე ჩამაბარე.
- რას ამბობ, კაცო? მე შენი ჩანახით როდისა ვარ გარიგებული? ექვს აბაზათ კოდი პური მოგცე და ისიც შენი უძირო ჩანახითა! ღმერთი აღარ არის შენში?
- შენი ნათელ - მირონობის მადლმა, ქაღალდში ეგრე გვიწერია.
- კარგი, კარგი არუთინ, მოდი, მოიტანე ი შენი ჩანახი... მაგაზედაც არ გაგექცევი, ღვთის მადლით, წელს დიდი მოსავალი მოდის.
- მე რაღას მეუბნები, ანდრია, ეე! - დაიწყო ახლა ურიამ, - ჩემი რჯულის მადლმა, გიჩივლებ, თუ წელსაც არა მამეცი - რა, ეე!..
- წელს კი უსათუოდ მოგცემ, შამუელ!... რას გემართლები, შვილოსან!.. ხილი, ღვინო, პური დიდძალი მოდის წელსა, გავყიდი და თავნსაც ჩაგაბარებ, სარგებელსაცა.
ამის შემდეგ ცხენოსნებმა ისევ ააჩაქჩაქეს თავიანთი რაშები და გასწიეს ახლა სხვა გლეხებისაკენ. ანდრია კი გამობრუნდა ჩვენსკენ და თავის ქნევით გვითხრა:
- წუხელის ბატონის მოურავიც ეგდო აქა. ძაან დაგვემუქრა: სულ ნაცარტუტას აგადენთ, თუ ყველა მოსავალი დროზე არ მოგირთმევიათ ბატონისათვისაო. სამიოდ - ოთხი თუმანი ფული ჯიბეში ჩაქისა: მოსავალში გამოგიბრითო. ეგა მდიდრდება და ი ჩვენი დოღრიალა ბატონი კი მიწასთანა სწორდება. ახლა, ამ დილაადრიან, ესენი მოგვიხტნენ. ღვთის მადლით, ამ ორ იუდას კი, იმედია, სამუდამოდ მოვიშორებ წელს.
- მამა, ჰაი მამა! - დაიძახა პატარა მიხამ, - აბა, აქ შემომხედე, როგორი დაგლეჯილი პერანგი მაცვია!.. ახალი პერანგი მიყიდეე!
- გიყიდი, შვილო, გიყიდი! - ალერსიანად უთხრა ანდრიამ, - მარტო შენ ხომ არა ხარ, შვილო, ეგრე! აი, დედაშენს შეხედე: გელათის გლახასა ჰგავს. მე ხომ, აგერ სრული წელიწადი გადის, ამ ერთი ჩოხის მეტი არა მომკარებია - რა!.. სუყველას გვეყოფა, შვილო, სუყველას, იმოდენა მოსავალი მოდის წელსა!
- მე, მამი, მე? - დაიძახა ახლა მარომ.
- შენ რაღა გინდა, შე ლირფო, შენა? - მომღიმარის სახით შემოუტია ქალიშვილს ანდრიამ, - წუხელი რო იძახდი: დიდი ვარ, დედაჩემის სიმაღლე გავხდიო; ეხლა, რა გნებავს მერე? გათხოვება, განა? აი, შე არამზადავ, შენა... დამაცალე, თუ გიჟ მანესას არ მიგცე და ეს ულვაშები ნუღარ მესხას!
ამ ხუმრობამ ჩვენ ყველანი გაგვაცინა; ლოყებშეწითლებული მარო კი თავჩაღუნული გაიქცა შინისაკენ.
ანდრიამ აიღო ხელში სახრე, ორიოდჯერ ხუმრობით ნელა წამოურტყა თვის ბიჭუნას და შემდეგ დაბალის ღიღინით გასწია მინდვრისაკენ. ცოტა ხანს შემდეგ მეც უკან გამოვუდექი მას, მალე დავეწიე, მაშინათვე მხიარული სიმღერა გავაჩაღეთ და მით ქება - დიდება შევასხით უკვე ამობრწყინებულს ცისა და ქვეყნის დიდებულ მანათობელსა.
II
გავიარეთ ცოტა რამ მანძილი და უცებ მივადექით ერთ პატარა გორაკს, რომელიც ყოველის მხრიდან დაფარული იყო მწვანე ბალახითა და კარგა მოზრდილი მაღალი ბუჩქებით. ძირიდან მოკიდებული წვერობამდისინ ამ გორაკს ასდევდა ლამაზად გატკეცილი ვიწრო ბილიკა, რომელიც გველივით მიიხლაკნებოდა ხშირ და მაღალ ბუჩქნარებში და თეთრ ხაზად მოსჩანდა გორაკის ახავერდებულ ფერდოებზე. ამ ბილიკას დავადექით ორივენი და დაბალის ღიღინით შევუდექით ალმაცრივ დაქანებულს გვერდობსა. მივდიოდით ნელ - ნელა და თანაც სიამოვნებით ვუცქეროდით მრავალ პაწია ფრინველს, რომელნიც გუნდ - გუნდად მოხვევოდნენ აქაურ ბუჩქებსა, მარდად ხტოდენ ერთი ადგილიდან მეორეზე და ისეთი მხიარული ჟივილ - ხივილი გაჰქონდათ, რომ ჩვენ საჩქაროზე შევწყვიტეთ ჩვენი ღიღინი და ბურთი და მოედანი სიმღერისა იმათ დავუთმეთ. სჩანდა, რომ ეს ცქრიალა სულდგმულები ზაფხულის მშვენიერ დილას აღტაცებაში მოეყვანა და ამობრწყინებულ მზის უთვალავ სხივებს ჭიკჭიკ - გალობით ეგებებოდნენ. ვტკბებოდით ამ საოცნებო უფასო კონცერტით და თანაც ფეხაუჩქარებლივ ზევით და ზევით მივდიოდით. გავიდა ორიოდ - სამიოდე წამიცა და ჩვენმა ვიწრო ბილიკამ უცებ გაგვიყვანა გორაკის პატარა ბრტყელ თავზე, რომელზედაც ორი - სამის კაცის მეტი ვერ დაეტეოდა. როცა ამ ადგილზე დავდექი და დასავლეთისკენ გადავიხედე, აღტაცება ვეღარ შევიმაგრე და სიამოვნებით წამოვიძახე: ,,ღმერთო ჩემო, ეს რა საკვირველებაა!...“ ჩემ წინ იყო გადაშლილი თვალგადუწვდენელი ტრიალი მინდორი, რომლის ნაპირები შორს, შორს, ლაჟვარდ ცის დასავალს და ტყით შემოსილ მაღალ მთების კალთებს უერთდებოდნენ. ზედ შუა მინდორზე მარდად გარბოდა პატარა მდინარე, რომლის მოჩქრიალე ანკარა წყალი მზის ნათელ სხივებზე სარკესავით ელვარებდა. მის ზურმუხტის ფერ ნაპირებიდან მრავალი პატარ - პატარა ნაკადულები მხიარულად მიწანწკარებდნენ აქეთ - იქით და უხვათა რწყამდნენ მთელი მინდვრის შავსა და ღონიერ ნიადაგს. ამ გარემოებას და გლეხკაცის დაუღალავს მარჯვენას ეს ამოდენა არემარე ერთ დიდ, რაღაც საოცნებო, წალკოტად გადაექცია. ყველგან, საითკენაც კი უნდა გაგეხედათ, დაინახავდით ერთგულად შემუშავებულ სხვადასხვა გვარის მოსავლით სავსე მინდორსა, რომელიც დაყოფილი იყო უთვალავ სწორე და მოგრძო ოთხკუთხიან უჯრებად - სახნავ - სათეს მიწებად. ამ მიწებში ეთესა: პური, ქერი, სიმინდი, ლობიო, დიკა, ასლი, მუხუდო, შვრია, ფეტვი, უგრეხელი და სხვა. რადგან ყველა ეს ჭირნახული ერთსა და იმავე დროს არ შემოდის და ამ ჟამადაც არ იყო ერთნაირად გამხმარი, ამის გამო სხვადასხვანაირად იყო აჭრელებული, სხვადასხვა ფერად ტურფად ყვაოდა მთელი მინდორი!... იგი წარმოადგენდა ერთ დიდებულ სურათსა ადამიანისა და ბუნების ძალთა შეერთებულ მოქმედებისას. შემოსული და სრულიად გამხმარი ქერები ყვითლად გამოჩანდნენ და, სიცოცხლემოსწრაფებულნი, თითქო შურით გასცქეროდნენ მათ გვერდზე მწვანეთ მოღაღანე ტანდაბალ ფეტვსა და ყელმოღერებულ, წითელქოჩოჩიან სიმინდებსა. კარგა ლაზათიან შემხმარ ყანებს მოწითალო ფერი დასცემდა და დილის გრილ ნიავზე ზღვასავით ჰღელავდნენ. გაჭიკნილი, დიდრონი თავთავები ღეროებს ვეღარ დაემაგრებინათ და, ღრმად მოხუც ადამიანსავით, წელში მოხრილიყვნენ, ერთმანეთს მძიმედ მისწოლ - მოსწოლოდნენ, თავები დაბლა, დედამიწისაკენ, დაეღუნათ და გაბმული ნელი შრიალით, თავთავების დინჯი რხევით, თითქო რაღაც საიდუმლო ამბებს ეჩურჩულებოდნენ თავიანთ მოამაგე დედას, შავ მიწას. შეთეთრებლი დიკა გვერდში კოხტად ამოსდგომოდა სამერმისოდ დამზადებულ დიდრონ ხნულებს, რომელნიც გადაჭიმულიყვნენ შიგადაშიგ ჭირნახულებში და შავად აფერადებდნენ აყვავებულ ველ - მინდორს. ლამაზი ღუღუნა მტრედები, ჩასუქებული გვრიტები, კაი ვარიის ტოლა ყელსახვევიანი ქედნები და სხვა მრავალი ფრინველი გუნდ - გუნდათ მოსდებოდნენ ამ ხნულებს და, უკვე დასაუზმებულნი, ერთმანეთს მხიარულად ეთამაშებოდნენ. უზარმაზარი, ასწლოვანი მუხები მინდორს აქა - იქ ყარაულებივით ჩასდგომოდნენ და თავიანთი ომახიანი ტოტების დინჯის რხევით თითქო ,,აქშა, აქშას“ -ს უძახოდნენ ყანებზე მოსულ ფრინველების ბრბოთა. მუხების გარშემო წიწილ - კრუხივით გაფანტულიყვნენ პატარ - პატარა მწვანე ბუჩქები, რომლებშიაც უთვალავ პაწაწკინტელა მწერებს მოეყარათ თავი და ჰქონდათ ერთი გაცხარებული ბზუილ - ჭრიჭინი. წმინდა გაკრიალებულ ჰაერში ისარივით დაჰქროდა მარად მხიარული მერცხალი და კოპწია, მარდი ტოროლა ზარივით წკრიალა გალობით ლაჟვარდ სივრცეში დაქანაობდა. ყოველის მხრიდან მოისმოდა გოგმანა მწყერების ერთგვარი, ნაწყვეტ - ნაწყვეტი ყუტყუტი, რომლის ძახილით იგინი თითქო ერთმანეთს ეჯიბრებოდენ. მაღალ, დაუსრულებელ ცის სივრცეში რომელიღაც მტაცებელი ფრინველი დინჯად დაცურავდა და ამპარტავნულად გადმოსცქეროდა მის ქვეშ გადაშლილ ბუნების უხვსა და მდიდარ სუფრას. ის ნელ - ნელა უვლიდა ჰაერში წრესა და თითქო ყურადღებასაც არ აქცევდა ყველა იმას, რაც იმ დიდებულ სუფრაზე ყოვლად შემძლებელ მასპინძელს კაცთა სანუგეშოდ და თავის სადიდებლად გამოეფინა. ახ, ნეტავი შენ, ნეტავი შენ, წმინდა ჰერის და უსაზღვრო ლაჟვარდის სივრცის თავისუფალო მფლობელო! რა კარგი იქნებოდა, რომ ხანდისხან ადამიანსაც, აგრე შენსავით, შეეძლოს დედამიწის მოშორება და თავის ნებაზე ყოფნა - ცხოვრება ურიცხვ ბჟღვიალა ვარსკვლავების სიახლოვესა.
III
გრძნობაგაცოცხლებული და სიამოვნებით ახტაცებული გავცქეროდი ამ ბუნების აღუწერელ დღესასწაულსა, რომლის მოშორება თვალს აღარ უნდოდა და სული მასთან გაერთებას, მასში ჩანთქმას და დამკვიდრებას ნატრობდა.
- ხედავ, ძამია, ამ სავსე, ქრისტეს მარჯვნისაგან ნაკურთხ მინდორს?.. გახედე, რა ამბავია და!... მომესმა ბიძაჩემის ხმა. ამ ხმამ გამომარკვია ოცნებიდან, მივბრუნდი გვერდზე და დავინახე ანდრია. მხარ - თეძოზე წამოწოლილი პატარა მუხის ჩრდილ ქვეშა. მეც მივედი მასთან, წამოვწექ მის ახლო და სახე ახლა ჩრდილოეთისაკენ მივაბრუნე. იქიდან გამოჩნდნენ კავკასიონის მთის თოვლით შემოსლილი ქედები, რომელნიც თითქო ფეხის თითებზე შემდგარიყვნენ, ბებერი თავები წინ წამოეღოთ, თითქო იმ განზრახვით, რომ უფრო კარგად, უფრო ცხადათ დაენახათ სიტურფე - სიმშვენიერე ჩემ წინ გადაფურჩქვნილ ედემის ბაღისა! დიდხანს ვიყავით ორივენი ასე გაშტერებულნი, ასე ჩანთქმულნი ზეციურ სიამოვნებაში. შემდეგ ისევ მე გამოვერკვიე ოცნებიდან ...ერთი კიდე გადავათვალიერე ჩემ გარშემო მდებარე აყვავებული ველ მინდორი და მერმე მივუბრუნდი ბიძაჩემს:
- ბიძია, ე მინდორი ხომ ვნახეთ, მოდი ახლა ვენახში წავიდეთ, ვენახიცა ვნახოთ.
ბიძია დამეთნხმა და მაშინვე დავეშვით გორაკის დაღმართზე, ჩამოვედით ძირს და ნელის ბაასით დავადექით შუა ყანებში დაქნილ ბილიკას. აქეთ - იქიდან გვიდგნენ მაღალი ყანის კედლები. მძიმე, დაჭიკნილი თავთავები თითქმის ფერდებამდისინ გვწვდებოდნენ, ნიავისა და ჩვენის სიარულისაგან ინძრეოდნენ და ისეთის ძალითა გვცემდნენ ხელებსა და გვერდებში, თითქო ჯოხებს გვიტყაპუნებდა ვინმე. უცებ ჩვენ წინიდან კრუტუნით წამოფრინდა დედა - მწყერი, სიმსუქნისაგან შორს ვერ შეძლო გაფრენა და იქვე ახლო დინჯად ჩაეშვა ყანაში. ამავე წამს ჰაერში გაისმა კარგა შესამჩნევი გრიალი, რომელმაც ორვენი მსწრაფლად აგვახედა მაღლა. ვეებერთელა ძერა, ფრთებშეკუმშული და ბრჭყალებგამზადებული, ისარივით მოჰქროდა ზემოდან პირდაპირ იმ ადგილისაკენ, სადაც ასე უდარდელად ჩაეშვა დედა - მწყერი.
ანდრია მარდათ გადახტა ყანაში, დასჭყივლა მტაცებელს და ღონივრად შესტყორცნა სახრე. ფრინველმა გვერდზე მოიბრუნა თავი და სიბრაზით გადმოგვხედა; მერმე მძლავრად შემოჰკრა ფრთა ფრთასა და ამპარტავნულის სიდინჯით გასწია ისევ მაღლა – მაღლა. ბიძაჩემმა წასდგა წინ რამდენიმე ნაბიჯი და ნაღვლიანის ხმით დაიძახა:
- ერთი, მოდი აქა, ნახე , რა ამბავია - და!
მე საჩქაროზე მივედი მასთან, ჩავჯექ ყანაში და დავინახე მწყრის ბუდე. ჯერ ისევ გინგლიან ბარტყებს სასაცილოდ დაეჭყიტათ თავიანთი პაწია თვალები და გაშტერებით გამოიცქირებოდნენ ბუდიდან, რომელსაც გადაჰფარებოდა დედა - მწყერი: ფრთები განივრად გაეშალა და გადაეფარებინა ბარტყებისთვის, თავი ძირს დაეღუნა და ისე იყო გარინდებული, თითქო მკვდარიაო. ანდრიამ საჩქაროზე მოარბენინა პირით წყალი, ნელ - ნელა დაასხა მწყერსა და მითხრა:
- ადე, წავიდეთ აქედან, შიშისაგან არის საწყალი ასრე, ეხლავე მოსულიერდება. - ორივენი წამოვდექით, ცოტა მოვშორდით ბუდეს და იქვე ახლო ჩავსხედით ჩუმათა. დავუწყეთ ცქერა მწყერსა. მართლაც - და, ცოტა ხანს უკან მწყერი შეინძრა, თავი მიიბრუნ - მოიბრუნა და გადმოხტა ბუდიდან. დადგა ბუდის გვერდზე და დაუწყო თავის ბარტყებს ცქერა, თითქო უნდოდა შეეტყო იმ წყეულმა მტერმა ხომ არავინ მომტაცაო... მერე მხიარულად დაიკრუტუნა და მოხდენილის ჩქარის გოგმანით ბუდეს რამდენჯერმე შემოურბინა. ამ დროს იქვე ახლოს ყანიდან მამალი მწერიც გამოძვრა; ამანაც მზრუნველობით გადახედა ბუდესა და შემდეგ გოგმანით მიირბინა დედა - მწერთან; თავისი თავი იმის თავს მიადო და მარდათ გაურბინა გვერდზე, მალე უკანვე შემოტრიალდა, აიღო თავი მაღლა და ამაყად გასძახა: ქვიჰთ - ყვირო, ქვიჰთ - ყვირო, ქვიჰთ - ყვირო.
- ხა, ხა, ხა... - გულიანად გადაიხარხარა ანდრიამ. მეც ვეღარ შევიმაგრე თავი და მხიარულის გულით მალე მივბანე ბიძაჩემს....
- აი დიდება შენთვის, ღმერთო, რა ამბავი აქვთ და! - წარმოსთქვა სიცილით ანდრიამ, როდესაც ხელახლად გავუდექით ვენახებისაკენ დაქნილ ბილიკას. მერე ხელი წაავლო რამდენსამე გაჭიკნილ მსხვილ თავთავს და გულმხურვალებით წარმოსთქვა: იკურთხოს შენი გამჩენი! დაილოცოს შენი მოსავალი! ვენაცვალე შენს მადლსა! ამასობაში გათავდა ბილიკაც; გავედით ყანიდან და წავადექით ერთ პატარა მდინარეს, რომელიც მარდათ მიჩქაფუნებდა ერთმანეთზე გადაბმულ ვენახების ჩრდილებ ქვეშ და ჰყოფდა ამ უკანასკნელთ მინდვრისაგანა. აქეთა ნაპირი პაწია მდინარისა კარგა მაღალი იყო იქითაზე. მე გავქანდი, გადავხტი წყალზე და ბიძაჩემს დავუძახე:
- აგერა ხიდი, მოუარე, თორემ შიგ ჩავარდები.
- ვაი დედიჩემის ღმერთსა! ე რას მეუბნევა და ! - წყენით წამოიძახა ბიძიამ; საჩქაროზე ისკუპა და მარდად გადმოევლო მდინარეს თავსა, თუმცა თავზე ეკიდა ორმოცდაათი მძიმე, მეტად მძიმე, ათას ტანჯვა - ვაებაში ამოვლებული, გლეხკაცური წელიწადი. მე სიცილი დავიწყე, ხელი მხარზე გადავხვიე და აღტაცებით ვუთხარი:
- ყოჩაღ, ბიძაჩემო, ყოჩაღ! მე ასე მეგონა, ბიძია დამიბერდა - მეთქი .
- დავბერდი, მაგრამ შენისთანა ბიჭებს კიდევაც არ დაუვარდები, - მიპასუხა მან ღიმილით, - ღმერთს ერწმუნე, ასე მგონია: აიმ კაკალს რომ დავეჯახო, ძირიანათ იქით გადავჩეხ - მეთქი. როცა ღვინითა და პურით წელი გამაგრებული აქვს ჩვენს კაცსა, მაშინ მდევია, მდევი, ისა! მაგრამ ჭირიანი ქათამივით ვხდები ხოლმე, როცა, რაც ძალი და ღონე მაქვს, ვწევ, ვწევ და ე ოხერი წელი კი უკან მრჩება: მუხლი ვეღარ მომდევს და მკლავშიაც ღონე მაკლდება; ვეღარც შინაურს ვადგები რათმე და ვეღარც გარეულსა; მოკეთეს პატივს ვერაფრით ვერა ვცემ და მტერსაც ბრჭყალებში ვუვარდები. შენ ჯერ ყმაწვილი კაცი ხარ, ჩემო ძამიავ, და არ იცი, რა ძნელია ი ოხერი მტრის ბრჭყალები! აი ახლა, ი ფრინველს რო უნდოდა მწყრის დაჭერა და შეჭმა... იღბალზე ჩვენ გამოუჩდით, გავაგდეთ ავი სული და გადავარჩინეთ საწყალი გოგმანა... აბა, ერთი მითხარი, სწავლული კაცი ხარ და გეცოდინება: ადამიანებშიაც არიან ემაგისთანა მტაცებელი ავი სულები, თუ არა? ჰა, რას იტყვი?
- არიან, და, საუბედუროდ, ბლომათ არიან, თუმცა მათი დრო და ჟამი ნელ - ნელა მიდის და მის ნაცვლად უფრო სამართლიანი, უფრო მადლიანი მომავალი გვიახლოვდება.
- აი გადღეგრძელა ღმერთმა, - ღიმილით დაიძახა ანდრიამ, - შენს პირს შაქარი, თუ ეგ მართლა ეგრეა! მაგრამ არა მგონია კი! აი, იმ მწყერს წეღან ჩვენ ვუშველეთ. სიკვდილს გადავარჩინეთ. ჩვენა? აი, მაღალა ღმერთს გეფიცები, აგე ორმოცდაათი წლის კაცი ვარ და ერთხელ ჩემ სიცოცხლეში ეგეთი მშველელი მფარველი არავინ არ გამომჩენია, როცა ე წეღანდელივით, ერთი კი არა, სამი და ოთხი ავი სული ერთად დამხვევია. შენ როგორა გგონია, ჩემო ძამიავ, ერთ წამს სიკვდილი სჯობიან, თუ მთელი შენი სიცოცხლე სულ კანკალებდე და ფიქრობდე: აი ან ეხლა მომივარდება მტაცებელი ავი სული, ან ეხლაო; მე მიწაზე გამსრესავს და ჩემ საცოდავ ცოლ - შვილს დედაბუდიანად დამიწიოკებსო?! ვაჰიმე, - მუშტმოღერებით შეჰყვირა ანდრიამ, - აი ესე ზურგ მაგრა უნდა დახვდე იმ უღმერთო მტაცებელს! მე ვუჩვენებ მაშინ იმათ თავიანთ სეირსა! წეღანდელივით სახრეს კი არ წამოუსვამ, სულ კბილებით დავღრღნი, ძვალსა და კბილს სულ ერთმანეთში ავუზელ! აი ესე დავგლეჯ და დავამსხვრევ მე იმათა, აი!.. - აქ სტაცა ხელი ღობის ერთ კარგა მომსხო მარგილს, მოსწია და ზედ შუაზე გადაამსხვრია. მერმე თავი მაღლა აიღო, დამაცქერდა, მაგრამ იმავე წამს მისმა სახემ მრისხანების ღრუბელი გადაიყარა, მწარედ გაიღიმა და გულდამშვიდებით მითხრა:
- რას გაშტერებულხარ, ძამიავ, იქნებ გგონია, რომ მართლა ასე მოვიქცევი? არა, არა, შვილო, ჩვენი კაცი მაგას ვერ იზამს! განა არა მქონია დრო! მაგრამ, ნწუ... მუშა კაცი ეგრეთი გულბოროტი არა არის. ერთი ტკბილი სიტყვა რომ გააგონო, მაშინვე ყველაფერი სულ დაავიყდება... არა, არა! ისევ ისე სჯობიან, არა?
- ჰო, ხანდისხან ისე სჯობია - მივუგე მე, - მაგრამ ვგონებ, ისეთი დროც კი მალე მოვა, როცა ი შენი ნათქვამი ძვლისა და რბილის აზელა საჭირო გახდება...
- ვითომ მალე? არა მგონია, - წარმოსთქვა დაღონებით ანდრიამ, - ხალხი ძაან, დაიჩაგრა, ძაან, ჩემო ძამიავ. გული გაგვიტყდა, გული! იმ დღეს ერთი გამაცხელა და მეგონა, დადაგა ჩემი უკანასკნელი ჟამი - მეთქი, შევქენ კვნესა და ვახვახი... საწყალი ძალუაშენი ცხარე ცრემლით ვატირე. ორიოდ დღის შემდეგ კი ისევ ფეხზე წამოვდექ და დღეს აღარც კი მახსოვს ის ავადმყოფობა, მაგრამ იქნება მარტო მე ვარ ეგრეთი?.. ღმერთმა ინებოს, შვილო, ღმერთმა ინებოს! მაგრამ თუნდაც რო დადგეს ის დრო, მე ვეღარას მოვესწრები, ვეღარაფრით გავიხარებ. ჩემი დღევანდელი სიხარული კი აი ესენი არიან, აი... - ხელი გაიშვირა ხეხილისა და ვაზებისაკენ და აღტაცებით განაგრძო: აი ჩემი ანგელოზები, ჩემი მხსნელი, ჩემი მფარველი მეგობრები! ერთ შეხედე და?..
IV
მართლაც - და, საუცხოვო, სასიამოვნო სანახავი იყო ანდრიას ვენახი! გარშემო კარგი მაღალი და ეკლიანის ძეძვით გამაგრებული ღობე ჰქონდა შემოვლებული; ღობესა და ვაზებს შუა სამი საჟენის სიგანე, მწვანე ბალახით დაფენილი ველი იყო დარჩენილი. ამ ველზე იყო პირდაპირ გამწკრივებული მსხმოიარე, დახუნძლული ხეხილი: ყინვარე შაქარივით ტკბილი თურაშაული მჟავე და გამძლე კიტრა - ვაშლს გასცქეროდა და წითლად დატკრუცული გემრიელი აბილიური წვრილ, საბებრო შეყვითლებულ ქაშა ვაშლს გადახვეოდა. მუშტის ოდენა გულაბები ისეთის ეშხით გამოიჭვრიტებოდნენ მწვანე ფოთლებიდან, თითქო ეუბნებიან ვისმეო: მოდი, ერთი ჩამკბიჩე, როგორ თაფლივით ჩაგადგე პირშიო. დახუნძლულ ხეჭეჭურებს, მაგარ, საზამთრო შავ მსხალს, სეფნიაურს, საჩირე ბორბალას და საზაფხულო, უკვე შეთქვირებულ მსხლებს ისე ღონივრად დაეზნიქათ ტოტები, თითქო სანაძლეო დაედოთ ერთმანეთში: აბა რომელი ჩვენგანი უფრო მალე ემთხვევა ჩვენ მოამაგე დედამიწის გულსაო. ვენახების თავში, ჩრდილოეთისაკენ, იდგნენ რამდენიმე, ვინ იცის ვისგან და ვის დროს დარგული, უზარმაზარი კაკლის ხეები, რომელთა ქვეშ შეუწყვეტლივ მოსისინებდა გრილი ნიავი და სასიამოვნოთ აბიბინებდა ხავერდივით მოლაპლაპე წმინდა პრასა ბალახსა. ვენახის ბოლოში, კაკლების გასწვრივ, ბოსტანი იყო გამართული. სწორე კვლებად დაყოფილი, მუყაითის ხელით სუფთად გამარგული, სავსე იყო ის ყოველგვარის მწვანილეულითა. ხახვსა და კარტოფილსყველაზე დიდი ადგილი ეჭირათ; შემდეგ მათ მისდევდნენ კომბოსტო, კიტრი, ჭარხალი, ქინძი, წიწმატი და სხვა მრავალი, აქვე ღობის ძირას იყვნენ ჩამწკრივებულნი ათიოდ ახალი, კარგა მოზრდილი, ნამყენები, გამოცდილის ხელით შეკვეცილი ტოტები თამამად აეშვირათ მაღლა მზისაკენ, რომლის მეოხებით შიგდაშიგ მათ ქორფა ტოტებში ახლად მოსხმული ნიშნები გამოსჩანდა.
- თითო ეს ნამყენი თითო შვილად მიღირს! სთქვა ანდრიამ და სათითაოდ ყველას ჩამოუარა. ყველას ხელი ფრთხილად მიუსვ - მოუსვა და თითოეულ მათგანს რამდენიმე საალერსო სიტყვა უთხრა ისეთის აღტაცებით, ისეთის გრძნობით, თითქო იმათ ესმოდათ რამე და ყოველს მის სიტყვას სათითაოდა ჰკრეფავდნენ.
- ოი, თქვენი ჭირიმე, თქვენი!.. - აღგზნებულის თვალებით შეჰხაროდა ანდრია, -თქვენი კვნესამე, ჩემო ბიჭო, ჯერ უწვერულვაშო ახალგაზრდებო! გაიზარდენით, თქვენს ჯანს ვენაცვალე, და ერთი მალე ამომიდექით ძმურად მხარში, თორემ გაჭირდა საქმე!..
ლამაზ, კოპწია ნამყენებს სუფთა, ნორჩი ყლორტები ნელ - ნელა ენძრეოდნენ: ხან მაღლა - მაღლა ადიოდნენ, ხანაც გვერდზე, ანდრიასაკენ იზნიქებოდნენ, ფოთლებს ნაზად აშრიალებდნენ და ამ საიდუმლო ენით თითქო პასუხად უგალობდნენ: გმადლობთ, გმადლობთ, ჩვენო ძვირფასო მამავ, ჩვენო კეთილო მფარველო, ჩვენო მოამაგე მეგობარო!... ნუ გეშინიან, გავიზრდებით ჩვენცა და ერთი ათად გადაგიხდით შენს დიდ ამაგსა!
მეოთხე გვერდზეც აგრეთვე ხეხილი იყო ჩამწკრივებული. ჩემს სიცოცხლეში ამაზე მსხმოიარე ხეები ამის მეტად ჯერ არსად მენახა და განუზომელის აღტაცებით ვურბენდი გარშემო ყოველს მათგანს. ამათ ირგვლივ ტოტები დედამიწამდისინა ჰქონდათ დაშვებული, ასე რომ, თუ ხის ქვეშ შესვლას მოისურვებდით, დაზნექილი ტოტები ხელით უნდა გაგეწივ - გამოგეწიათ და, როდესაც შიგნით მოექცეოდით, თქვენს თვალს წინ წარმოუდგებოდა რაღაცა საოცნებო, ზღაპრული, მწვანე ფოთლებისა და მსხმოიარე ტოტების მშვენიერი კარავი. დაიხედავდით თუ არა ძირსა, ძალაუნებურად ჩაგეკეცებოდათ მუხლები და სიამოვნებით ერთ თავისუფლად გადაგორებას, ნებივრად განსვენებას იმ რბილ კეწკეწ ხალიჩაზე, რომელიც ყოვლად ძლიერ შემოქმედს გადაეშალა აქა.
ხეხილის დათვალიერების შემდეგ, მე და ბიძაჩემი ვაზებში შევედით. ზოგიერთ ვაჟბატონ - ქალბატონებს დიდ სიბრძნეთ მიაჩნიათ შემდეგი სიტყვების წამოროშვა: ქართველი კაცი ზარმაციაო... ახ, ნეტავი როგორც შრომისა და გარჯის სურვილი არ აკლია მას, ისე ცოდნა - განათლება არ აკლდეს და სხვა მრავალი მძლავრი გარემოებანი არ უცარავდნენ ხელსა... და მაშინ დაინახავდით, როგორ ჯარასავით დაატრიალებდა იგი თავის ბედისა და იღბლის ბორბალსა! მაღალი, სწორე სარები, როგორცა სჩანდა, ღონივრად იყვნენ მიწაში ჩარჭობილნი; ამათ, გულწრფელ სატრფოსავით, ძირიდან წვერამდისინ მაგრა შემოხვეოდნენ განიერ და მწვანე ხასხასაფოთლებიანი ვაზები, რომელთა შორის ერთსაც ვერ დაინახავდით ან გვერდზე წამოწოლილს, ან ძირს დაცემულს, ისე კოხტად ყელმოღერებულნი იდგნენ ერთმანეთის გვერდზე, ამასთანავე სრულიად თავისუფლად შეგეძლოთ დავლა - დათვალიერება მთელი ვენახისა; ვერც ერთგან ვერ შეხვდებოდით აქ თავის ნებაზე დარჩენილ გაშლილ - გაბარდღნულ ვაზსა, რომლის აქეთ - იქით გაბმულ - გამობმული რქები, ასე აწუხებენ, ასე აბრკოლებენ ყოველ ნაბიჯზე უხეიროდ შემუშავებულ ვენახში მოსიარულესა. ცხადათა სჩანდა, რომ ამ ვენახის პატრონს სამაგალითოდ სცოდნოდა, როგორც გასხვლა, ისე შეყელვა და შეფურჩქვნა ვაზისა! მაგრამ ყველაზე გასაოცარი აქ ყურძნის მსხმოიარობა იყო. რომ იტყვიან, ფოთოლზე უმრავლესი ასხიაო, სწორედ ამ ვენახზე შეიძლებოდა ამის თქმა. ასე გეგონებოდათ, ყურძნის ჯაგნები მოუტანიათ და განგებ დაუკიდიათ აქაურ ვაზებზეო! შავკაპიტოს შეხედავდით, თუ წითელ კლერტოიან საფერავსა, მსხვილ მარცვლებიან ხარითვალას, თუ გამოსავლიან თეთრ ყურძენსა, ნაზ, თხელკანიან ბუდეშურს, თუ მოგრძო და თაფლივით ტკბილ თითას, - ყველაზე ერთნაირად იყო გადაშლილი კალთა ღვთისა, ყველგან ერთგვარად ტრიალებდა მადლიანი თვალი უფლისა!
ანდრია სახეგაცოცხლებული იდგა და აღტაცებით შესცქეროდა მსხმოიარე ვენახსა; მერე დაიჩოქა, მოხვია ხელები ერთ ვაზსა და ხმამაღლა შესძახა:
- ოი, ვენაცვალე ჩვენ მოწყალე ღმერთსა! ვეთაყვანე თქვენ მადლიან ძირსა! - შემდეგ წამოდგა ფეხზე, ხელი გაიშვირა და თამამად დაიწყო:
- აგერა, აიმ ვაშლით სახელმწიფო ხარჯს მოვიშორებ; მსხლები ღვდელსა და დიაკვანს გაისტუმრებენ; ეს ორი ხე ურიას მომაშორებს; პურს მივცემ, ღვინოს გავყიდი და სომეხს იმით გავუსწორდები; ეს პატარა ხეები ჩვენ დედა - ბუდიანად შეგვმოსავენ. პურსა, ქერსა და სიმინდს ბევრს მოვინარჩუნებ გასაყიდათ; ამით ი ჩემ გომბიოს მზითებს გავუკეთებ და შემოდგომაზე ერთ კაი ქორწილს გავაჩაღებ. სხვა რაც დამრჩება, შვილოსან, მოვუჯდები ამ ზამთარ კერასა და ქუდს სულ ჭერში ვკრამ! - აქ ანდრია უცებ შესდგა, პირჯვარი გადიწერა და შეშინებულსავით წარმოსთქვა: ღმერთო, ნუ მიწყენ, ღმერთო, შენი მადლის ჭირიმე!...
კარგა ხანს ვიდექი ვაზებში. ვიცქირებოდი აქეთ - იქით და ვსტკბებოდი იმ სურათით, რომელიც ჩემ გარშემო იყო გადაშლილი... ამ დროს, უცებ სწორედ საკვირველი, უცნაური საქმე დამემართა. რათა? რის გამო?.. აქამომდეც არ ვიცი, ვერ მივმხვდარვარ! საიდანღაც მოვლენილმა სევდა - ვარამმა მოიცვა მთლად ჩემი სული და ისეთის ძალით ჩამკრა რაღაცამ გულში, რომ, ცოტას გასწყდა, კინაღამ უგრძნობლად არ დავეცი დედამიწაზე. მაშინათვე დავიძარ და ნელ - ნელა ვიწყე ვაზებიდან გამოსვლა... მოვდიოდი ჩრდილოეთისაკენ და წამდაუწუმ ვიწმენდდი ჭირის ოფლს, რომელსაც თავიდან ფეხებამდისინ მასხამდა რაღაც უჩინარი ბოროტი ძალა. კაკლებ ქვეშ ბალახზე დავეცი და გრილ სიოს მივუშვირე გული და შუბლი. ჩემდა სასიამოვნოდ, ამგვარმა მდგომარეობამ დიდხანს არ გასტანა!... როდესაც, ათიოდ წამის შემდეგ, ბიძაჩემი ანდრიაც ჩემ პირდაპირ ჩრდილში წამოწვა, მე უკვე წინანდებურ მხიარულ გუნებაზე ვიყავ მოსული.
V
ბიძაჩემმა თან ერთი კალათა ქორფა, შუშა კიტრები მოიტანა და ჩემ წინ წამოყარა მწვანე ბალახზე, მერე ჩოხის საქისედან ამოიღო პატარა მარილის თვლები: ერთი მე გადმომიგდო, მეორე თითონ დაიჭირა ხელში და ამის შემდეგ ორივემ მადიანათ ვიწყეთ კიტრების ფცქვნა და ჭამა. სანამ ჩვენ ამ კიტრებს შევექცეოდით და თანაც ნელ - ნელა ვბაასობდით, დასავლეთის მხარე ცისა, ჩვენდა შეუნიშნავად, საავდრო შავი ღრუბლებით დაფარულიყო. ამასთანავე მოგვესმა კაკლის ტოტების შრიალი და ჭრაჭაჭრუჭი. სჩანდა, მაღლა ჰაერში ქარი ჰქროდა, თუმცა ჯერ ჩვენამდისინ არ ჩამოეღწია. შევნიშნეთ აგრეთვე, რომ ფრინველებში რაღაცა, არაჩვეულებრივი, ფაცაფუცი გაჩნდა. ჯერ თითო - ოროლამ და ცოტა ხანს უკან მრავალმა სხვადასხვაგვარმა ფრინველებმა იწყეს მოფრენა დასავლეთის მხრიდან და რაღაც შეშფოთებით ადგილების დაჭერა დიდი ხეების შიგნი - შიგან დაბურულ ტოტებ ქვეშ.
ანდრიამ ყურები ცქვიტა: წამოდგა ფეხზე, შუბლთან მიდებული გაშლილი ხელით თვალები დაიჩრდილა და დასავლეთისაკენ გაიხედა.
- ერთი შეხედე, რამოდენა ღრუბელი მოსდებია ცასა? - გაჯავრებით დაიძახა მან, - ე ქარიც რო ამოვარდა!.. სწორედ დიდი ავდარი მოვა!... - წამოვხტი მეც ფეხზე, გავხედე ცის დასავალს და აჩქარებით ვუთხარი ანდრიას:
- ბიძაჩემო, ჩქარა წავიდეთ შინისაკენ, თორემ მე ვიცი „ლაზარეებს“ დაგვამზგავსებს ჩვენ ეს წვიმა. - ჯერ არც კი მქონდა გათავებული სიტყვა, რომ უცებ საშინელის ძალით დაგვბერა ქარმა, აურია ერთმანეთში გამხმარი ფოთოლი, ბალახი, მიწა და ყველა ეს ერთად დაატრიალა ჩვენს გარშემო. ხის ტოტებმა მორთეს კვნესის მსგავსი შრიალი; აქეთ - იქითგან მოგვესმა დედამიწაზე ჩამოყრილი, ჯერ კიდევ შემოუსვლელი, ხილის ხათქახუთქი. კვალად დაიგრიალა ქარმა, დაჰქროლა და საშინელ ქარიშხლად გარდაიქცა. დაუტრიალდა კუდიან ქარად ერთ ვაშლის ხეს და ძირიან - ფესვიანად კი გადასჩეხა იქითკენ. ანდრიამ დაიკვნესა, თვალებზე ხელი მიიფარა და მწარედ ამოიოხრა:
- ვაიმე, ჩემო თურაშაულო! ჩემო დიდო მოამაგე, ჩემი ვენახის მამამთავარო!.. ღმერთო! გვაშორე, ღმერთო! გვაშორე ამაზე უარესი.
ქარიშხალმა უფრო მოუმატა; ჩვენს გარშემო მთელი ცა ღრუბელმა დაჰფარა; ჰაერში გაჩნდა ჭექა - ქუხილი და მსხვილი შხაპუნა წვიმა წამოვიდა ზემოდან. ჩვენ კაკლის ძირში შევიყუჟენით. ანდრიას ფერი წასვლოდა და გაცხარებით, ჩუმის ბუტბუტით მალიმალ პირჯვარს იწერდა. უცებ ამ საშინელ ქარიშხალში ცხადად შემოგვესმა რაღაც გაბმული გრიალი, რომელიც ნელ - ნელა, მაგრამ პირდაპირ ჩვენსკენ მოდიოდა. ჩვენს გარშემო ისე ჩამობნელდა, რომ კაი ხშირ - ბინდი ეგონებოდა ის ჟამი ადამიანს. აგერ საშინელის ძალით გაიელვა, მას მაშინათვე მოჰყვა დამაყრუებელი გრგვინვა ქუხილისა, რომელმაც კარგა ძალზე შეარყია მიწა და ის უზარმაზარი კაკლის ხე, რომელზედაც ჩვენ ვიყავით მიყუდებულნი.
- დავიღუპენით, დავიღუპენით! - კვნესით წამოიძახა ანდრიამ და თანაც ხელი გაიშვირა დასავლეთისაკენ. გავიხედე იქით და ცხადად გავარჩიე სეტყვა, - ეს საზარელი და დაუძინებელი მტერი მოსავლისა. სწორე მოგახსენოთ, გულმა კანკალი დამიწყო, როდესაც წეღან ნახული მინდორი და ვენახები თვალწინ წარმოვიდგინე. არ გასულა სულ ორი წამიც, რომ ჩვენმა კაკლის ტოტებმა და ფოთლებმა შეჰქმნეს ტკაცატკუცი. ცხადად სჩანდა, რომ სეტყვამ ჩვენამდისინაც მოაღწია. მიყუჟულ ფრინველებს ალიაქოთი შეუდგათ: მალიმალ იქნევდნენ ფრთებსა და მოუსვენრად კრუტუნებდნენ.
- სეტყვა, სეტყვა!.. აღელვებით დაიძახა ანდრიამ და გაჰქანდა ღობისაკენ; ფაციფუცით აჰკრიფა რამდენიმე მარცვალი სეტყვა, მომირბენინა და მუდარებით მითხრა:
- შენი ჭირიმე, შვილო, ე თორმეტი სეტყვა გადაყლაპე, სიყრმის შვილი ხარ, ამბობენ - კარგიაო!
რასაკვირველია, მე მაშინათვე ავასრულე ბიძაჩემის წადილი. თითქო მართლა შეეძლო რამე ამგვარ მოქმედებას, სეტყვა ერთ წამს შეჩერდა. ანდრიამ შემომხედა და ღიმილით დამიქნია თავი. მაგრამ, ღმერთმა თქვენ მტერსაც ნუ გაუქროს ისე მალე იმედი, როგორადაც საჩქაროზე მოეღო ბოლო ბიძაჩემის იმედსა. სამიოდ წამის შემდეგ სეტყვამ ხელახლად წამოუშინა, წამოუშინა და როგორ წამოუშინა?!.. კვლავაც ბევრჯერ მინახავს სეტყვა, მაგრამ ასეთი ხშირი, ასეთი მსხვილი კი ჯერ არსად მენახა. ისე წამოგვყარა, თითქო სეტყვით სავსე უთვალავ ტომრებისთვის ზეცაში პირები მოუხსნიათ და ჩვენი სოფლის გასწვრივ მოუპირქვავებიათო; ხეხილის კლერტოებით და ფოთლებით მოფინა მთლად გარეშემო ადგილები; კაკალი ხომ ისე ცვიოდა, როგორც შემოდგომაზე ბერტყვის დროს ჩამოდის ხოლმე. უცებ მაღლიდან ჩამოეშვა ფრთების მოდუნებულის ქნევით გვრიტი და უძრავად დაეცა დედამიწაზე. მას მოჰყვა თავდასისხლიანებული მტრედი. სეტყვამ უფრო და უფრო მოუმატა და გრიალით წამოუშინა კაკლის ოდენა მარცვლები. დარეტიანებული და მკვდარი ფრინველები პანტაპუნტით ცვიოდნენ მაღლიდან. იქვე ახლო ღობის ძირას კურდღელს ბუნაგი ჰქონდა. შიგ წყალი შევარდნოდა და თავზარდაცემული, გაზუნზლული გამოხტა იქიდან და გაექანა ვაზებისკენ, მაგრამ სამიოდე გადახტომის შემდეგ საცოდავად დაიჭყივლა, დაპროწიალდა და უძრავად გაიჭიმა ბალახებში. სეტყვა, ჭექა - ქუხილი, ელვა - ქარიშხალი და ყოველის მხრიდან მოვარდნილი ნიაღვრები თითქო ერთმანეთს აქეზებდნენ, ერთმანეთს უჯიბრებოდნენ. ჩვენი პაწია მდინარე აღელდა, გადმოვარდა ნაპირებზე და ზღვასავით მოედო მთელ ვენახსა. თუმცა მაღლობზე ვიდექით, მაგრამ მალე საჭირო გაგვიხდა კაკალზე აცოცება. ჩამოვსხედით ერთ დაბალ ტოტზე და გულის ცახცახით გადმოვცეროდით ამ მეორეთ მოსვლის მსგავს საშინელებას.
VI
შევხედე ბიძაჩემს და, ღმერთო ჩემო, რა დავინახე! საცოდავი კაცი ამ ათიოდე წამის განმავლობაში სრულიად გამოცვლილიყო. მის გაფითრებულ სახეს სიცოცხლის ნიშანწყალი თითქო მთლად გაჰქრობოდა. თვალებდაჭყეტილლი, გამოყეყეჩებული იჯდა ხის ტოტზე და უაზროდ, უგნურად, ხან მინდვრისაკენ იცქირებოდა და ხან ვენახისაკენა. რამდენჯერმე გავეხმაურე, მაგრამ მან ერთხელაც არ გამცა ხმა: ვგონებ, იმ ჟამად სრულიად არაფერი არა ესმოდა - რა. ხელმეორედ დავუძახე და ღონივრად წავკარი ხელი. ანდრია თითქო ღრმა ძილიდან გამოერკვია: ნაღვლიანად შემომხედა და გმინვა - კვნესით წარმოსთქვა:
- დავიღუპენით, დავიღუპენით!.. - თავი მწუხარედ ძირს ჩაჰკიდა, ცოტა უკან გადიხარა, თავი ვეღარ შეიმაგრა და ნიაღვრის კარგა დიდ ნაკადულში თავდაყირა გადავარდა უბედური. იმედი მქონდა, რომ თვითონვე მალე წამოდგებოდა ფეხზე და ისევ მაღლა ამოვიდოდა. მართლაცა - და, საჩქაროზე წამოდგა, მაგრამ იმავე წამს ნაკადულმა შემოჰკრა ტალღები და ისევ წააქცია. რამდენჯერმე წამოდგა კიდევ საწყალი, მაგრამ იმდენი ღონე კი აღარა ჰქონდა, რომ ფეხზე მაგრა დამდგარიყო. მაშინათვე ჩავხტი ძირს, დავუჭირე ხელი და რის ვაი - ვაგლახით გამოვიყვანე გაცოფებულ - გაონავრებულ ნიაღვრიდან. სეტყვამ იწყო ნელ - ნელა განელება და ბოლოს სრულებით გადაიღო; ამასთანავე ჩადგა ქარიშხალიც. გამოიდარა, მაგრამ ვაი იმ გამოდარებას! მთელი არემარე თეთრად იყო სეტყვით დაფარული. არა თუ იმ დღეს, მეორე დღესაც კი მოფარებულ, დაჩრდილულ ადგილში კიდევ პოულობდნენ გაუმდნარ სეტყვის მარცვლებს. თითქმის ნახევარი საათი ვისხედით კიდევ კაკლის ტოტზე, შემდეგ ნიაღვარმაც იკლო. გავიდა ცოტა ხანი და სრულებითაც შეწყდა. მხოლოდ აქა - იქაღა, დაბლობ ადგილებში, დასტოვა ვეებერთელა გუბეები. თუმცა მზე ჯერ კიდევ მაღლა იდგა, მაგრამ ამ ავდრის გამო ისე აცივდა, და ისეთნაირად დავიყინენით, რომ ჩვენი აქ დარჩენა კიდევ რამდენსამე ხანს შეუძლებლად დავინახეთ. ამის გამო ვიწყეთ ნელ - ნელა ძირს ჩამოსვლა. ჩამოვედით და დავხედეთ ვაზებსა და ხეხილს. ღმერთმა თქვენ დაუძინებელ მტერსაც ნუ დაანახოს ის ამბავი, რაც ჩვენს თვალებს მაშინ წინ გადაეშალა. იმოდენა, ჯერ კიდევ შემოუსვლელი ხილი, სულ ძირს იდო დაბეჟილ - დაჩეჩქვილი. ვაზებისათვის არა მარტო მტევნები, არამედ ტოტები და ფოთლებიც კი დაემტვრია, დაეგლიჯა და დედამიწაზე მოეფინა. ამგვარადვე იყვნენ დაყვლეფილნი ხეებიცა. ასე გეგონებოდათ, მკათათვის შუა რიცხვები კი არა, გასული შემოდგომააო. ბოსტანი ხომ სრულიად გაეოხრებინა: მის ნაადგილევიც კი აღარსად აღარ ეტყობოდა. ეს კუთხე ვენახისა ცოტა დაბლობი იყო, ამიტომ მთელი ნიაღვრის ნაკადულები სულ ამ ადგილს შეერთებოდნენ ერთმანეთს. რაც სეტყვას დაეჩეჩქვა და ძირს დაეცა, სულ ერთნაირად ამას მოერეცხა, გაენგრია ღობე და სხვის ვენახში გადაეტანა. საცოდავი ანდრია ენაჩავარდნილივით დადიოდა, მხოლოდ ხანდისხან ღრმად ოხრავდა, თითქოს სულს ვეღარ იბრუნებს, სუნთქვა უჭირდებაო. აი, მივედით ნამყენებთანაც. საბრალო ბერიკაცმა აქ ვეღარ მოითმინა: ორთავ ხელები თავში შემოიკრა და მოთქმით ტირილი დაიწყო. ქარიშხალსა და სეტყვას ის მშვენიერი ნამყენები სულ მიემტვრივ - მოემტვრია, გაეოხრებინა. წავავლე ბიძაჩემს ხელი და თითქმის ძალათი გამოვიყვანე ვენახიდან. გამოვედით ბოგირზე და წეღანდელი ბილიკით გავწიეთ შინისაკენ. ღმერთო ჩემო! რა ყოფით დაგვხვდნენ ეხლა ყანები! რა ცოდვის ლული ტრიალებდა მთელ იმ თვალგადაუწვდენელს მინდორზე?!. სადღა იყვნენ მშვენიერი, გათამამებული, მღელვარე ყანები?! ისე იყო ყველაფერი მისრეს - მოსრესილი, დამტვრეული და მიწაზე დაგებული, თითქოს ამ ადგილას ორს, ერთმანეთზე გაცოფებულ ლაშქარს საშინელი ბრძოლა გადუხდიაო. ქერები სულ მოფშვნეტილი იყო და მათი მარცვალი გაონავრებულ ნიაღვარს სადღაც ჯანაბაში წაეღო. შემხმარი ყანები სეტყვას ერთიანად ჩაერეგვა და მიწასთან გაესწორებინა; ბევრიც რომ გეცქირათ აქეთ - იქით, ფეხათ მდგომარე თავთავს სრულიად ვერ დაინახავდით. ახალთესლები სეტყვას ქვეშ მოეტანა, რის გამოც ისინი თითქმის აღრსად არა სჩანდნენ. მომაგონდა ჩვენი ნაცნობი გოგმანა, მივედი იმ ადგილას, სადაც წეღან დავტოვე ის თავის ოჯახობით; მაგრამ სადღა რა იყო? აღარც ბუდე, აღარც ბარტყები!!. ცოტა ქვევით თვალი მოვკარ დედა - მწყერს, რომელიც წაეღო ნიაღვარს და დამხრჩვალი ძირს დაგებულ ყანაში შეეჩხირა. ანდრია შესდგა, თვალცრემლიანმა გახედა თავის გავერანებულ ყანებსა და უნუგეშო მწუხარებით თავი ჩაჰკიდა ძირსა. შემდეგ რაღაც წამოიძახა და უცებ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოჰკურცხლა სოფლისაკენ. მეც იმ წამს გამოვუდექ უკან: მეგონა, ეს საცოდავი ადამიანი ნამდვილად ჭკუაზე შეიშალა - მეთქი. ხან სად უცურდებოდა მიწაზე ფეხი, ხან სადა, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა, მსწრაფლ იმართებოდა წელში და წინანდებურად გარბოდა შინისაკენ. ასე ირბინა, სანამ სახლის წინ თავისი ცოლი და შვილები არ დაინახა.
- ნიაღვარმა ხომ არავინ დაგახრჩოთ, ნიაღვარმა!.. - დანახვის უმალვე დაუძახა მან ცოლსა.
- არა, არა, ნუ გეშინიან, - უპასუხა ცოლმა, - მართალია სახლში შემომივარდა, მაგრამ კარებთან რო ორმო გვაქ, ის ორმო მოვხადე და იმაში მიუშვი წყალი.
- კარგა გიქნია, კარგა! წელს მაინც აღარ მოგვინდება ორმო.
- რა ამბავია, კაცო, შენ თავსა, - უთხრა ანდრიას ცოლმა, - რა ფერი გადევს? განა სულ მთლად დავიღუპენით?
- სულ, სულ მთლიანად! - სასოწარკვეთილებით წამოიკვნესა ანდრიამ.
- ვაი ჩვენ ჩაქოლვასა! ვაი ჩვენ ბედსა და გაჩენის დღესა! - მიჰბანა ქმარს საცოდავმა დედაკაცმა.
VII
მწარედ დაღონებულ – დაძმარებულნი შევედით სახლში. მთლად დარბაზის ჭერი და კედლები წვეთით იყო ჩამორეცხილი, რის გამოც შინაც ისეთივე ტალახი და სინოტივე იდგა, როგორიც კარზედა. მთლად დასველებულნი, სიცივისაგან გათოშილნი ჩამოვსხედით სველ ტახტზე და მუნჯებივით ვისხედით ესე საღამომდის. ჯავრისა და ვარამისაგან სიტყვის ამოღებასაც ვერავინ ვერ ახერხებდა. მხოლოდ ხანდისხან პატარა მიხას ტიკტიკი გაისმოდა ხოლმე დარბაზში, მაგრამ მას შემდეგ უფრო გულის შემზარავი სიჩუმე მყარდებოდა ჩვენს გარშემო. საწყალმა ბავშვმა თოთქო წინადვე იგრძნო, რომ წელს ახალი ტანისამოსი აღარ ეღირსებოდა, მალიმალ ხელს ივლებდა დაფხრეწილ პერანგზე და დაღონებულის ხმით ეუბნებოდა დედას: „დედი, ეს დამიკერე! აი ესეცა, შენი ჭირიმე!“ ყოველ ამგვარ დაძახებაზე ანდრიას თითქო რაღაც ჩაჰკრავდა ხოლმე თავში: მთელი ტანით წინ იხრებოდა, თითქო ტახტიდან გადახტომას აპირებსო; კანკალი აიტანდა და სახე მომაკვდავივით უხდებოდა; ღრმად ამოიკვნესებდა და თავს უფრო დაბლა ჩაჰკიდებდა ხოლმე. საღამო ჟაზე მეტისმეტად აცივდა: სწორედ იანვრის დღესა ჰგავდა ის შავბნელი დღე. ღმერთმა უშველოს ძალუა ელისაბედს! ის გავიდა კარზე, ერთი დიდი იღლია შეშე შემოიტანა და ბევრის წვალებისა და ბერვის შემდეგ დაჭოჭებულ კერაზე კარგი, სანაქებო ცეცხლი გააჩაღა. სველმა შეშებმა ჯერ იწყეს უსიამოვნო გაბმული წივილი, თითქო რამდენიმე მწერი ერთმანეთს თავიანთ მწუხარებას უცხადებსო; შემდეგ გაისმა უფრო მხიარული ტკაცატკუცი და ბოლოს გაძლიერდა ცეცხლი. ლაპლაპა ალმა მარდად შემოურბინა შეშებს გარშემო და დააწყებინა სასიამოვნო გუგუნი. სპეტაკი, ნათელი მოწითალო ალი ცეცხლისა ხან ნაზის რხევით მიჰქროდა მაღლა - მაღლა, ხანაც, უცებ კეკლუცად თავსა ღუნავდა, შეშებში ძვრებოდა, იყუჟებოდა, თითქო ემალება ვისმეო; მერმე ისევ დაიგუგუნებდა, ნაპერწკლების სროლით მარდად ზემოთ ამოვარდებოდა და ნელის ქანაობით, მოხდენილის მიხვრა - მოხვრით ბანის გვირგვინამდე შეილაპლაპებდა ხოლმე. ავრცელებდა თავის გარშემო სულის ჩამდგმელ სითბო - სინათლეს და ჩვენს დაწყლულებულს გულს სწორედ მალამოდ ედებოდა. დიდება შენდა, ღმერთო! რამდენჯერ მინახავს ანთებული ცეცხლი, ამაზე უფრო დიდი, გაძლიერებული! მაგრამ ამნაირად კი არას დროს არა მჩვენებია... ეს დალოცვილი სწორედ სულიერ არსებასა ჰგავდა! რომ ვუცქეროდი, ასე მეგონა: ეს ცეცხლის ალი სწორედ ჩვენ გვეთამაშება - მეთქი; ხედავს ჩვენს დაღონებას, დარდსა და ვარამს და თავის ცელქურის ხტუნაობით, ალერსიანი მოძრაობით უნდა გაგვართოს, გულიდან სევდა მოგვაშოროს - მეთქი, აკურთხოს ღმერთმა შენი გამჩენი, შენი პირველი მამგონი!! ოჰ, ოჰ, ოჰ!... რა დათბა!! აი ეხლა კი კარგად მესმის ის სიტყვები, რომლებიც ერთხელ როდისღაც ვიღაცა იმერელს წარმოუთქვამს: „ღმერთმა ნურც სააქაოს და ნურც საიქიოს ნუ მომაკლოს ცეცხლიო“. მე და ჩემმა ღმერთმა, კარგათ უთქვამს იმ სულით განათლებულსა! ცეცხლის სითბო - სინათლეზე უკეთესი განა კიდევ იქნება რამე ან სააქაოს ან საიქიოს!..
სამფეხა სკამები და კუნძის დიდი ნაჭრები შემოვუმწკრივეთ გარშემო ცეცხლსა და ჩვენც სიამოვნებით შემოვუსხედით მას. ცოტა ხნის შემდეგ გაყინულმა მუხლებმა, ძვალმა და რბილმა იგრძნეს გამოცოცხლებული ძალა სითბოსი. სველმა ტანისამოსმა იწყო გაშრობა; ყოველ ჩვენგანს უხვად ასდიოდა ორთქლი, რის გამოც რაღაც, არაამქვეყნიურ სულდგმულებს ვემსგავსებოდით. პატარა მიხაც კი ამ ორთქლში ისე გამოჩნდა, თითქო ძველი აღთქმის მეუფე, ღრუბლებსა და ბურუსში გახვეული, ამ ქვეყნად ჩამობრძანებულაო. სითბომ მიატანა კედლებსა და ჭერამდისინაც და, რადგან სახლი და ყოველი ნივთეულ - ავეჯეულობა, რომელიც კი ამ სახლში ელაგა, სველი იყო, ამიტომ ყოველ მათგანს უხვად ასიოდა ორთქლი. მთელი დარბაზი ამნაირად ორთქლით გაიბურა, ისე რომ, ცეცხლის ალიც კი ისეთი მოლაპლაპე აღარა სჩანდა, როგორიც წეღან იყო. როცა წინ შეგვაშრა ტანისამოსი, მოვბრუვდით მაშინ და ახლა ზურგი მივუშვირეთ გაძლიერებულ ცეცხლსა. ამნაირად დავიშრეთ ტანისამოსი, დავთბით, რის გამო გულის დარდიც ცოტათი ჩანელდა, შესუსტდა. მხოლოდ ეხლა მოგვაგონდა, რომ დღეს დილიდან საღამომდისინ პურუჭმელები ვიყავით. შიმშილმა გაიღვიძა და თავის ერთგულ მოსამსახურეს, კუჭს, დიდის მრისხანებით შემოუტია. ძალუა ელისაბედმა მოიტანა ცეცხლა პირას პურებდალაგებული ხონჩა, თან მოაყოლა ამას ტაფა, ერბო და ათი კვერცხი. ზედადგარზე გამოსჭიმა ტაფა და შიგ ორი კოვზი ერბო ჩასდო. საჩქაროზე გათქვიფა კვერცხები და ჩაუშვა ადუღებულ ერბოში. ერთ წამს ერბოკვერცხი მზად იყო: ლამაზი, დაბრაწული, ურმის თვალივით მრგვალი და გაღვივებულ ცომივით მსუქნად აბურცული. ჩუმად, ხმის ამოუღებლლივ, ვჭამეთ ვახშამი და შემდეგ უგემურად მივეყარენით აქა - იქ დასაძინებლად.
V III
გათენდა დილა, დილა საოცნებო, მშვენიერი! მთელი ცა ძირის ძირობამდე ისე იყო მოწმენდილ - მოკრიალებული, რომ მცირეოდენი ღრუბლის ნაგლეჯიც კი არსად არა სჩანდა. ამ ცის უსაზღვრო, დაუსრულებელ გუმბათს, ისეთი კამკამა ლაჟვარდი ფერი დაჰკროდა, რომლის მსგავსი ჯერ, ამის მეტად, არსად არ მენახა. დიდებული მანათობელი ცისა და ქვეყნისა ბრწყინვალებით გადმოიცქირებოდა ამ ლურჯი ციდან და თავის უთვალავ ნათელ სხივებს უხვადა ჰფენდა ჰაერსა და დედამიწას. გრილი, გაზაფხულისებური, ჰაერი ისეთი მსუბუქი, ისეთი კამკამა წმინდა იყო, რომ იოტის ტოლა მტვრის ნამცეცსაც კი ვერსად ვერ შეამჩნევდით, ბევრიც რომ გეცქირათ აქეთ - იქითა. ამის გამო სივრცე - სიშორეს თითქო თავის ბუნება დაჰკარგოდა: დღის სავალზე ამართული კოშკი, ანუ სადღაც მთის წვეროებზე აშენებული ეკლესია ისე ლამაზათ, ცხადათ, გარკვევით გამოსჩანდა, გეგონებოდათ, აი აქვე ათიოდ ნაბიჯის იქით არიანო. მაგრამ ყველაზე უმშვენიერესად ამ დილით კავკასიონის მთები გეჩვენებოდათ. თითქმის მუდამ ნისლითა და ბურუსით მოცული მათი ქედები ამ დილით სრულიად განთავისუფლებუ- ლიყვნენ მათგან; ლაჟვარდ სივრცეში ამაყად აეღოთ თავები მაღლა, მაგრამ ამ სიამაყეში ჩვეულებრივის მრისხანების ნაცვლად გამოჰკრთოდა ტკბილი, კეთილი ასწლოვანი მოხუცის სიმშვიდე და ნაზი, მამაშვილური სიყვარული. ესე ბრწყინავდნენ, კაშკაშობდნენ მთელი ცა, ჰაერი, მთები. ხოლო მათ ქვეშ დაფენილი სოფლები, მინდორი და ვენახები წარმოადგენდნენ ამჟამად სრულიად სხვაგვარ სურათსა. რამდენადაც პირველნი აოცებდნენ ადამიანის თვალს თავიანთ სადღესასწაულო მორთულობით, იმდენათ უკანასკნელთა სრული აოხრება და გავერანება ავსებდა სევდა - ვარამით მნახველის გულსა. მთელი სხვადასხვაგვარი ბუნება სოფლისა, ყველაფერი, რაც მას ამშვენებს და ძალ - ღონეს აძლევს, დღეს უსულგულო, გასახრწნელად გამზადებულ ლეშს წააგავდა. ხოლო პატრონი ამისა, ბუნების მეუფედ წოდებული ადამიანი, სასოწარკვეთილებას წელში ოთხად მოეკაკვა და წყევლა - კრულვას უგზავნიდა ცასაცა და ქვეყანასაც, თავის გაჩენის დღესაცა. ეს მომღიმარი კეკლუცი ცა, ბრწყინვალე ცხოველმყოფელი მზე, სუფთა გაკრიალებული წმინდა ჰაერი მას კი არ ახარებდნენ, არამედ სიბრაზით ავსებდნენ, მწუხარებას უორკეცებდნენ. მათ იგი შესცქეროდა იმგვარისვე ზიზღით, როგორც ვუცქერით ხოლმე ურიცხვს ადამიანს, რომელსაც რაიმე საძაგლობა ჩაუდენია, მაგრამ თავი მაინც ამაყად უჭირავს და ლირფ სახეზე კმაყოფილების ღიმილი არ შორდება. ამიტომაც იგი თითქო განზრახ თვალს არიდებდა ტურფად მოელვარე ბუნებას და გაშტერებით ჩასცქეროდა თავის არსების შინაგან მდგომარეობას. აქ მთელი მისი სული და გული შავად დაბურულ საავდრო ღრუბლებს მოეცვათ. ამ ღრუბლებშიც ხშირად, ხშირად ისმოდა ჭექა - ქუხილი კვნესისა და გოდებისა, რომელთაც საზარელ ბანს აძლევდა ქარიშხალი სასოწარკვეთილებისა, ნიაღვარი ცრემლისა და ვაებისა. გუშინ თუ შრომა და მისი ნაყოფი დაისეტყვა, დღეს იგვემებოდა შემოქმედი ამ შრომისა, წყარო და საფუძველი მისი. მთელი სოფელი დამსგავსებოდა ერთ დიდს დარბაზს, რომელშიაც იდგა ცხედარი ძვირფასის განსვენებულისა. გლეხები ჩუმად გამოდიოდნენ სახლებიდან და ფეხაკრეფით, ჩუმათვე მიდიოდნენ საყდრის კარებისაკენ, სადაც იცოდა ხოლმე ხალხმა თავის მოყრა. მუშის სადილობის დრო იქნებოდა, როდესაც სათითაოდ და ნელ - ნელა მთელი სოფლის მაცხოვრებელნი აქ მოგროვდნენ; მოგროვდნენ, მაგრამ მუნჯებივით ისხდნენ ჩუმად. გადიოდა დრო და ხმას კი არავინ არ იღებდა. ვგონებ კიდევ დიდხანს ისხდებოდნენ ასე, თუ რომ ამ ხალხს თავს არ წამოსდგომოდა ოთხმოცი წლის მოხუცი, სოფლის გულშემატკივარი, კეთილშობილი სულით, სინდისით და არა მხოლოდ შთამომავლობით, აქაური მცხოვრებელი აზნაური იასე. როდესაც ეს მოხუცი სახლიდან გამოვიდა, სახე ღრმა მწუხარებითა ჰქონდა დაფარული; წელში ძალზე მოხრილი, ჯოხს ებჯინა. მოდიოდა ნელ - ნელა, თითქო მიწის ჩანგრევისა ეშინიაო; როდესაც ეკლესიას დაუახლოვდა, მან შენიშნა ხალხის ყოფნა იქ და მაშინათვე გადასხვაფერდა კაცი. მწუხარება გადაიყარა სახიდან, წელში გასწორდა, საიდანღაც მოეცა მუხლში ძალა და მარდად, მხნედ გასწია ხალხისაკენ. ორიოდე წამს შემდეგ მივიდა მათთან და მამა - შვილურის კილოთი მიესალმა:
- გამარჯვებათ, გამარჯვებათ, ძმებო, შვილებო, მეზობლებო!.. რას გაჩუმებულხართ, რას ჩაგიქინდრიათ უხეიროთ თავები? რა იყო, რა მოხდა ისეთი, რაც მრავალჯერ არ გვენახოს და არ გამოგვეცადოს? ,,ჭირსა შინა გამაგრება ისე უნდა, ვით ქვითკირსა“ - ო... -უთქვამს ჩვენს მამა - პაპას. ქვეყანა დიდია, ღმერთი მაღალია, ხელმწიფე მრავალ - მოწყალე! მხნედ იყავით და განძლიერდებითო, გვეუბნება მაცხოვარი. წლის სარჩო დაგვეღუპება, მაგრამ, მერე რაა? შიმშილით ვინ მომკვდარა საქრისტიანოში, რომ ჩვენ დავიხოცნეთ! შარშანდელი ჭირნახული მაქვს კიდევა, ზოგსაც სხვადასხვა სოფლებში შეგიგროვებთ, ახლა თქვენცა გყავთ იმ სხვა სოფლებში ნათესავები, ნათელ - მირონები... იმათგან ხელს მოინაცვლებთ. მაგრამ ეს გახსოვდეთ, შვილებო, რომ ეკლესიაზე, წირვა - ლოცვაზე ნუ აიღეთ ხელი. ლოცვა - ვედრება დიდი რამ არის... წეღან რომ აქ მოვედი, ყველანი დაღონებულ - დაძმარებულნი ისხედით. ამ ჩემმა ლაპარაკმა, გატყობთ, თითქო ჯავრი და ნაღველი შეგიმსუბუქათ... მე, აბა, რა ვარ? - ერთი გადახრწნეული მოხუცი, ცალი ფეხი სამარეში მიდგია და, თუ ჩემისთანა სუსტი კაცის ლაპარაკმა, ცოტა არა, მხნეობა მოგიმატათ, მაშ რა უნდა მოხდეს თქვენს სულსა და გულში, ყოვლად შემძლებელ, ცისა და ქვეყნის შემოქმედს რომ ელაპარაკოთ? ლოცვა, პირჯვრის წერა, ეკლესიაში სიარული - ღმერთთან ლაპარაკია... როცა ჯავრი რამ შემაწუხებს ხოლმე, მაშინვე აი, აქ მოვდივარ, ემაგ კარებიდან გულ - გახსნით დაველაპარაკები ხოლმე წმინდა გიორგის, და ისიც, ვენაცვალე მის მადლსა, მაშინვე მაცლის მწუხარების ტვირთსა... ღმერთმა კი დაგვიფაროს და, ვინ იცის, იქნება ეს სეტყვა ღვთისაგან მოვლენილი სასჯელიც არის!.. გამხნევდით, შვილო, ნუ გეშინიათ, იქონიეთ მუდამ ღვთისა და თქვენი მარჯვენის იმედი და მაშინ არა გაგიჭირდებათ - რა... - სთქვა ეს მოხუცებულმა, სასოებით გადიწერა პირჯვარი და შემდეგ დაბრუნდა სახლისაკენ.
ამ სასოებით სავსე გულის სიღრმიდან გადმოსულმა სიტყვებმა გასაოცარი გავლენა მოახდინეს ხალხზე. წამოიშალნენ ფეხზე, იწყეს ბაასი, ლაპარაკი. ამ ლაპარაკის დროს გამოითქვა, რომ მათ ყველაზე მომეტებულად აწუხებდათ სახელმწიფო ხარჯი. ამ საგანმა საზოგადოება ორად გაჰყო: რამდენიმე გლეხი თხოულობდა არზის დაწერას მთავრობასთან; უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ამის.
- რა საჭიროა მაგაზე ლაპარაკი, - იძახოდა უმრავლესობა, - მოვლენ და რომ დაინახავენ, რომ არა გვაბადია - რა, თავს დაგვანებებენ და უკანვე წავლენ...
ამგვარის სასოწარკვეთილებით ლაპარაკობდა მომეტებული ნაწილი გლეხობისა, მაგრამ ბოლოს მაინც ამათმა მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს: გადასწყვიტეს არზის მირთმევა. იმავე დღეს დააწერინეს ქაღალდი, მოაწერეს ხელი და გაგაზავნეს მაზრის უფროსთან. ამისთანავე ქაღალდი გაგზავნა ჯეროვანს ადგილს ჩვენის მხრის თავადაზნაურობამაც. პოლიციის ბოქაულმა დაიარა დასეტყვილი სოფლები, ნახა თავის თვალით მათი უბედურება და ამანაც შესაფერი მოხსენება მიართვა თავის მეუფროსეს. ამ ამბებმა ჩვენებურ ურწმუნო თომებზედაც კი მოახდინეს თავიანთი გავლენა. სოფელმა იწყო საიმედო მოლოდინით ცხოვრება. გავიდა ორი თვე და მესამე თვის დამდეგს მოვიდა ჩვენი არზის პასუხიცა. როდესაც ეს პასუხი ხალხს გამოეცხადა, ურწმუნო უმრავლესობამ თავის ქნევით და მწარის ღიმილით შეხედა არზის მომხრე მეზობლებს, რომელნიც თავჩაქინდრულნი იდგნენ და ისე იცქირებოდნენ აქეთ - იქით, თითქო ვერ მიმხვდარიყვნენ ამ პასუხის შინაარსსა. მთავრობის გადაწყვეტილებაში კი ძნელად მისახვედრი სრულიად არა იყო - რა. სულ ოციოდე ადვილად გასაგები სიტყვებით მთავრობა იწერებოდა შემდეგსა: ,,გამოეცხადოს ამა და ამ დასეტყვილი სოფლის მაცხოვრებელ გლეხებს, რო მათ ეძლევათ ნება წარმოადგინონ წელს სახელმწიფო ხარჯის მხოლოდ ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი შემოიტანონ მერმის, მაშინდელ ხარჯთან ერთად“.