თუნდაც მომეჩვენე
რადგან ყოველი დღე ქუხს და იღრინება,
თვალმა გააბოტა ფიქრთა ნაგუბარი
სევდა, ვიღაცისთვის მეტიც ვეღირები,
ვიდრე არსებობა, მაგრამ ახლა უფრო,
ახლა მეტისმეტად მწყინს და მენანება
ის დრო, ჩემო ძმაო, ცა რომ ვაფერადეთ,
ახლა სულებივით ქარში ნანაობენ,
მერე დასვრილ ხელებს მიწა შევაწმინდეთ,
მზერა მივაყუდეთ აღმართს საზურგეზე,
ყულფში გაეტია ღამე ,შერაცხადი,
ალბათ კიდევ რამდენ რამეს გვაუწყებენ
წლები, აფთრებივით ბედს რომ გვიჩეჩავენ,
ძმაო, არ დალეულს ვეძებ სადღეგრძელოს,
შენ რომ ჩემთან იყო...მითხარ სად გავჩერდე,
ანდა...შენსკენ გზები საით გავაგრძელო...
ვწვები ალიონის მხრებზე თავმიდებულს,
ასე უფლის ფეხებს ვკოცნი შეღამებით,
მერე ჩემო ძმაო, ვიწყებ თავმდაბლურად
შენზე საუბარს და როგორ მენატრები...
სადღაც შიგნით ახლა ხეზე მზე იზრდება,
ფიქრებგამოყრილი, ტოტებდალეწილი,
გარეთ იანვარმა ყინვით დაიზილა
სახე-საფეთქლები, შენც ხომ მემოწმები
როგორ ნელა დაგვდის ტანში ჟრუანტელი,
როგორ შევიკედლეთ სისხლში უჩვენობა,
სანამ დამაყრიდეს მიწის ფანტელები
მუჭით მისივე თავს, თუნდაც მომეჩვენე,
ოღონდ ჩემთან იყო, ოღონდ გიყურებდე,
ოღონდ...