მაჭავარიანი მუხრან
გაზიარება

* * * რომ არ ამეღო ხელში წიგნი 

რომ არ ამეღო ხელში წიგნი, 
თოხი მჭეროდა . 
რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან . 
რომ მეთოხნა და შემესარა მხოლოდ ვენახი . 
დიდი ქალაქი
რომ არ მენახა ! - 

მეყოლებოდა ახლა ხარები . 
შემოდგომაზე მთიდან შეშას ჩამოვიტანდი . 
არ ვიქნებოდი აღარც ღარიბი , 
აღარც მდიდარი . 

ცოლი ყოველდღე თიხის კეცებს გაახურებდა , 
ცივ სოხანეზე 
გადმოდგამდა ლობიოს ქოთნით . 
მეყვარებოდა როგორც მიყვარს მინდვრიდ ყურება - 
აიზლაზნება 
მინდვრებიდან 
როდესაც ორთქლი . 

პარასკეობით საჩხერეში გავყიდდი სიმინდს , 
მეუღლეს ჩემსას 
ჩითის კაბას ვუყიდდი იმით . 

სოფლის სკოლაში ორი ბავშვი - 
ჩემიც ივლიდა ; 
ბიჭს ალბათ ვანო ერქმეოდა , 
გოგოს – ივლიტა , - 
რომ არ ამეღო ხელში წიგნი , 
თოხი მჭეროდა . 
რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან .

??????