სან!
სანმარენოში ახლა ბინდი დაბოდიალობს.
ამოიწურა უბეები ზღვამ და ქაფიდან,
ბაბუაწვერად მოისროლა ქაფი ქარაფზე.
მოგიბოდიშე, ვერ გირეკავ, მძიმე კვირაა,
გუშინ ბოდბეში შენზე ფიქრით ენთო კელია.
სან! ასე: თითებს დავალაგებ მღელვარე დუმილს...
ასანთით ხელში შენც მოგბეზრდა ქუჩაში დგომა.
მწამებს ვიღაცა გიჟობას და არც თვლის სათუოდ,
მოწმედ მეგობრებს მოიყოლებს (რა აქვს სათქმელი)...
სან! ხომ კარგია გაზაფხულზე ტრფობის ბარტყები?
სანამ ხეხილის სიქალწულე დაიბერტყება.
სან! ჩვენ ხომ ვიცით, საშიშია ადამიანი...
საჩვენოდ ერთმა ღრუბელმაც არ გადაიარა...
სან! \"მარენოში\" გელოდები დილის ათიდან,
სანმარენოში ახლა ბინდი დაბოდიალობს