ჭავჭავაძე ილია
გაზიარება

სანთელი 

ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა, 
რომელიც წეღან უხვად ნათელსა 
ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა 
და თვალ-წინ ბნელსა განმინათლებდა; 
აწ მიწურვილა გასაქრობლადა, 
შანდლისა თავზე ძლივ-ძლივღა ბჟუტავს, 
ხან ჩაქრება და ხან მნათობლადა 
კვლავ შანდლიდამა წამოიხედავს... 
ებრძვის სიკვდილსა ჩემი სანთელი, 
მაგრამ მას, წყეულს, რა დაამარცხებს? 
ლაჟვარდად ქმნილი სუსტი ნათელი 
შანდლის ჯურღმულში თავსა ანარცხებს. 
აგერ ოთახსაც ჩრდილმან გადაჰკრა, 
კედლებზე ძლივს სცემს ბნელადა შუქი, 
აგერ სანთელიც შანდალში ჩაქრა... 
რა დამრჩა მისგან? — მწვარი პატრუქი. 
ეგრეთაც კაცი ძლიერი ჰქრება, 
რა ეწვევა მას სიკვდილი — მტერი; 
მშვენიერ არსის მაგიერ გვრჩება 
ერთი მუჭა-ღა გამხმარი მტვერი. 

16 დეკემბერი, 1857 წ. 
პეტერბურგი. 

??????