არა! ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას...
არა! ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას!
ხვალაც ამოვა ის დიდი, მღელვარე მზე
და გულის სარქველს აგილოკავს ცხელი ბაგეებით.
ნუთუ გგონია უკანასკნელ სიყვარულსაც
ასე იოლად გადაურჩები?
შენ აქ ვალს იხდი, მაგრამ დღისით,
შემოდგომის ნაღვლიან წვიმაში
დაინახავ, რომ ხეებს უცნაურად ეცვლებათ ფერი
და შეგაშფოთებს შემოდგომის წვიმის სიცივე.
არა, ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას,
თუ ღმერთმა მოგისაჯა, რომ შენს სულში,
როგორც სანაგვე ყუთში,
იყრებოდეს მთელი დღის ჩენჩო.
ღამით ხომ ფრჩხილებივით იზრდებიან ტკივილები.
შენ წახვსლ ტანჯვის ბილიკებით,
ხოლო შენს სახეს გადაფარავს ღიმილის მტვერი,
ღიმილის მტვერი გადაფარავს შენს მწარე ღამეს
და დაობებულ სიზმარიდან გადმოაბიჯებ.
შენ ის კარი ხარ-გრიგალი რომ
აქეთ-იქით კედლებს ახეთქებს,
შენ ის კარი ხარ-სუყველას რომ შეუძლია
გასვლა-გამოსვლა,
შენ ის კარი ხარ-
სამუდამოდ ღია და ცივი.