ქარით გიყურებ...
ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსკვლავივით
გისმენ, ხეებით გესაუბრები
და ნისლით ვცდილობ გაღიმებას,
ხოლო ზაფხულით გეფერები და მისი ღელვა
ფორმას იძენს შენი მღვივანი მკერდის გარშემო.
გაზაფხული და შემოდგომა
ჩვენს უცვლელ დროში ვერ შემოდიან,
მაგრამ ზამთარი ჩემი გულია,
გული, რომელიც თეთრად სკდება.
რომელიც ჯერ არ დანებებია უიმედობას.
და თუკი მოგვისწრო თოვლმა. მე ვიტყვი,
რომ გადარჩენა არასოდეს არ არის გვიან,
რადგანაც როცა ვამბობ ,,თოვლი"-
მე ვგულისხმობ მუდამ სიყვარულს...