ისნის ცისკარი
(ისტორიული მოთხრობა)
1
1795 წელს თუმცა ნესტიანი და გრილი გაზაფხული იყო, მაგრამ მაისის გასულს ჩამოცხა და სწრაფად ააშრო დედამიწა. ეს სიცხეები იყო მიზეზი, რომ საამ გოსტაშაბიშვილი განთიადზევე დაადგა ტფილისის გზას. მზეს ჯერ არ მოევლო, როდესაც აიარა თელეთის აღმართი და ქვაყრილთან ავიდა. აქ არა ცხელოდა, კოჯრის სიო სწვდებოდა, სასიამოვნო სიგრილესა ჰფენდა, მგზავრი შესდგა შესასვენებლად და გადახედა გამოვლილ გზას.
წინ ტაშირი გადაეშალა, რომელსაც ჩრდილოეთით და დასავლეთით კრწანის-კოჯრის კლდეები მოსჯროდნენ, სამხრეთით ალგეთი ჩამოუდიოდა, აღმოსავლეთით - მტკვარი. ტაშირის გარშემო მოსჩანდნენ კუმისი, ვაშლოვანი, ერტისი, ღოუბანი, ბორბალო, მარაბდა, და ძირს, ქვაყრილ დასწვრივ, თელეთი; ზედ ვაკეზე - წალახური, კოდა, ჭაობი და მუხათი. თელეთის თავქვე რომ თავდებოდა, ტაშირი უეცრად ძირს ეშვებოდა და ეს დაბლობი თითქმის სოფელ კოდამდის უწევდა; კოდის ვაკეს და ამ დაბლობს ჰყოფდა ასიოდე ადლის სიმაღლე დაღმართი - ”გადასახედავი”; დაბლობის დასავლეთი ნაწილი ეჭირა სოფელ კუმისს, რომელიც ჯაგნარი ტყით დაფარულ კლდეებს მიჰყრდნობოდა; აღმოსავლეთისაკენ მოკამკამებდა კუმისის ტბა. ოდესმე მთელი ეს ტაფობი ტბის საგუბარი უნდა ყოფილიყო. ტბის გადასწვრივ იწყებოდნენ იაღლუჯის ბორცვები და ასდევდნენ მტკვარს მარჯვნივ.
ამ ტაშირს სამი გზა სჭრიდა: ერთი შემოსდევდა იაღლუჯსა და მტკვარს შუა; მეორე შუაზე სჭრიდა ვაკეს, გადმოდიოდა კოდაზე და უერთდებოდა პირველ გზას სოღანლუხთან, შავნაბადას დასწვრივ, სადაც კრწანისის კლდეები აწყდებოდა; მესამე, საცალფეხო გზა, გაუვლიდა ძირს ბორბალო-ერტის-ვაშლოვანს, გადადიოდა კუმისის თავს, შემოსდევდა კოჯრის ხევს და ტაბახმელაზე დაეშვებოდა ძირს. კოდის გზას კუმისის ბოლოს ასცდებოდა ბილიკი, აუვლიდა თელეთს, ავიდოდა ქვაყრილთან, ჩაუვლიდა ,,ორსულ კლდეს” და წინანაურის წყაროსთან გადიოდა. მტკვრის პირის გზა და კოდისა უმთავრესი გზები იყვნენ სპარსეთიდან ტფილისში; მარტო ესენი ვარგოდნენ ჯარისა და ურმებისათვის.
თითქმის მთელი ეს სოფლებით სავსე ტაშირი შემუშავებული იყო, ვენახ-ბაღებით და ყანებით მოფენილი. მეტადრე მშვენიერი ბაღნარ-წალკოტები იყო გაშენებული ბორბალოს დასწვრივ, კოდასკენ; ამ ადგილს ”ნარგიზები” ერქვა. გადასახედავის ფერდობი მაღალი ჯაგნარით იყო დაფარული. კუმისის ხევს ჩასდევდა ტბამდის ჭალა. აღმოსავლეთიდანაც ჩამოსდევდა ტბისკენ ბუწკნარიანი ხევი რამ.
კარგა ხანი უყურა საამმა ამ ოფლით მორწყულ ტურფა არეს და ამოიოხრა:
- ცოდვა არ არის, ეს მშვენიერი მხარე მტერმა გაანადგუროს! ლამის დავრწმუნდე, რომ ბატონი ერეკლე დაძაბუნდა, გამჭრიახობა დაჰკარგა. წამოვიტყუებ მტერს და ტფილისამდის არ შევებმიო. მერე რომ ეს სურვილი ჩვენი დამღუპველია! საბარათიანო, მართალია, ყოველთვის პირში მისცემია მტერს, მაგრამ უბრძოლველად-კი არასოდეს! ეხლა ესეთია მეფის სურვილი. უნდა აოხრდეს საქართველოს ეს ბჭე... მეფე ხარ თვითმპყრობელი და გემორჩილებით, მაგრამ გახსოვდეს, რომ ხელმწიფობა გაქვს მოცემული უფლისაგან, რომელიც გამოიკითხავს საქმეთა შენთა და გამოიძიებს გულის სიტყვათა შენთა!..
2
სასტიკ სიცხეებს სწრაფად გაეხმო და გაეტრუსნა ტფილისის მიდამო. ქალაქი დაცალიერებულიყო: ბატონიშვილები, თავადობა და მოქალაქობა სულ სოფლად გაკრეფილიყვნენ. ქუჩა-მოედნები დაობლებულ-დაღონებული იდგნენ: ზურნა-დუდუკის ხმა ათასში ერთხელღა ისმოდა დუქან-ბაღებში, ქუჩებში ტახტრევანდით აღარავინ დაბრძანდებოდა, აღარც ვინ მოკაზმულ-შეიარაღებული მოაგელვებდა ბედაურს; ყაბახი ცარიელი იდგა, აღარავინ გროვდებოდა იქ გასართობ-სავარჯიშოდ; ხალისით სავსე სალაყბოც-კი გულჩათხრობილი გამოიყურებოდა, რადგან მეფის ოჯახობა გაესტუმრებინათ და სასახლე ჩაეკეტნათ. სიცხით დათენთილ ვაჭრებს პირდაღებული ეძინათ ფიშტაღ-დაზგაზე; ათასში ერთი მუშტარიღა მიიზლაზნებოდა იმათ დუქნებისაკენ მტვრიან ქუჩებზე. მხოლოდ საღამოობით აჟიჟინდებოდა ქალაქი, მაგრამ მაშინაც ტფილელები თავისებურად არ ატარებდნენ დროს დაირ-ნაღარით, თამაშით, სიმღერით, ან ზღაპარ-ისტორიების სმენით და შაირ-ლექსებში გაჯიბრებით. არა, ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდა, აღელვებული ბაასობდა, სალაპარაკო ისა ჰქონდათ, რომ შეძლებული ოჯახები მთლად გაიკრიფნენ ქალაქიდან და ქონებაც თან გაიტანეს, გაიხიზნენ.
- რა დაემართათ წლეულ, რომ ყველა სოფლად გასვლას ეშურება? სიცხე-პაპანაქება როდის არა ყოფილა, მაგრამ ესე კი არ დაცალიერებულა ქალაქი! - გაკვირვებული კითხულობდა ერთი.
- ეტყობა, აქ სხვა რამ ამბავია, თორემ ქონების გაზიდვა და სახლების ამოფიცვრა რაღა არის? - ამბობდა სხვა.
- ვაჭრები არიან შემკრთალნი და ხიზნავენ ყველაფერს, თორემ სახლიდან ჯერ არაფერიც არ წაუღიათ; ხაზინაც-კი ისევ სავსეა.
- ბატონი მეფის სახლობაც თურმე ისევ ჩამობრუნდება, როცა ცოტა აგრილდება. რომ საშიში იყოს რამე, გამოგვიცხადებდნენ, აიყარენითო.
- მანამ ერეკლე ცოცხალია, არაფრის შიში არ არის: არ დამარცხებულა ის, არც დამარცხდება!
- ზარაფი მიღუაც რომ დაფაცურდა! აბა თუ იმის ყუთში ერთი მუჭა გროშების მეტიღა ეყაროს! სადღა არის, პარკებით რომ ეწყო ოქრო-ვერცხლი?! ძველები ჩაუცვამს, მითომ-და საწყალი ვინმე ვარო.
- დადის მოვალეებში და ყველას აწუხებს, ფული დამიბრუნეთ, გავკოტრდიო. რა შვილია! ეტყობა, რამე იცის და თადარიგს იჭერს, თორემ იმისთანა მღვარსლავს რა გააკოტრებდა?
- ამბობენ, ყეინმა ერეკლეს კაცი გამოუგზავნა: ან რუსზე ხელი აიღე და მე დამიყონაღდი, ან შენ ქვეყანას წავახდენო. ერეკლეს თურმე გაეცინა. ძალად მეგობრობა ვის გაუგონია, მობრძანდიო.
- სწორედ მტრის შემოსევას ელიან, თორემ ეს ამოდენა იარაღის მზადება რა არის ან ციხე-გალავნებზე აჩქარებული მუშაობა?
მართლა-და ქალაქი რომ დაცარიელებული და მიყუჩებული იყო, ციხე-სიმაგრეებზე დიდძალი ხალხი მუშაობდა. მეტადრე ბევრი მუშა ედგა შაიტახტს, სადაც ზარბაზნები ელაგა, სეიდაბადის კარს, განჯის კარს, ციხის კარს და კოჯრის კარს, სადაც ეხლა აწყობდნენ ზარბაზნებს. მთელი დღე მუშების სიმღერა და ძახილი გაისმოდა. ურემი ურემზე მოდიოდა, მასალით დატვირთული. ნაბრძანები იყო, სწრაფად გაემაგრებინათ ეს ადგილები.
დიდი სამუშაო ჰქონდათ აგრეთვე მეხანჯლეებს დ აუარებელი იარაღი შეეკვეთნათ იმათთვის. სიონის ქუჩაზე ისხდნენ მაშინ ეს ხელოსნები და ამდღე ჩარხების ბზრიალი და ჩახი-ჩუხიღა ისმოდა. საქმე რომ აუარებელი ჰქონდათ, ისე გაყვინიზებულიყვნენ, რომ მუშტარს აბუჩად იგდებდნენ, ყურადღებას არ აქცევდნენ.
3
საღამოს ლოცვები ჯერ არ დარეკილიყო. როდესაც საამი მეხანჯლე ბურჯელის დუქანში შევიდა და ოსტატი იოთამე იკითხა. ქარგლებმა ახედ-დახედეს მოსულს, მაგრამ ხმაც არ გასცეს, ისევ განაგრძეს თავიანთი საქმე. მუშტარს ეუცხოვა ხელოსნების ესეთი ქცევა და რიხიანათ შეეკითხა:
- სად არის-მეთქი ოსტატი იოთამე?
ეხლა-კი დაუშვა უფროსმა ქარგალმა კვერი და გამოეხმაურა:
- რათა გნებავთ უსტაბაში? თუ იარაღის შეკვეთა გსურთ, ვერ ავიღებთ, ისეც ბევრი საქმე გვაქვს.
- შენ იმას გიბრძანებ, სად არას-მეთქი იოთამე? - შეუტია მოსულმა და უნებლიეთ წინ წადგა ფეხი.
ეს-კი აღარ მოეწონა ქარგალს. შეიკუმშა და მოკრძალებით მოახსენა: ოსტატი შეუძლოდ იყო, დღეს შინ დარჩაო. მუშტარი გამოტრიალდა და დახურულ ბაზრისაკენ გასწია.
- თითონვე უჭირს და თითონვე ბრაზდება! - ჩაილაპარაკა
ქარგალმა და ღონივრად მოიქნია კვერი.
- იცი, ოსტატო, ეგ საამ გოსტაშაბიშვილი იყო, მუხათის მებატონე: შარშან რომ დიდმა ოსტატმა სოფელში წამიყვანა, მაგათ ბაღში ბევრი ხილი ვჭამე, - უთხრა შეგირდმა, რომელიც ფუქსს უბერავდა.
- ბატონი საამ გოსტაშაბიშვილი! რატომ მაშინვე არა სთქვი,შე. . . ! - შეუკურთხა ქარგალმა და ჭკუა ასწავლა, წაუთაქა.
საამი დიდი ოსტატის ნაბატონარი იყო და უსტაბაშს ბევრჯერ ჩამოეგდო იმაზე ლაპარაკი, როგორც მის ხელში აზრდილ და ეხლა განთქმულ ვაჟკაცზე.
საამმა გაიარა დახურული ბაზარი, ჩაიარა მეიდანზე, გავიდა ძველ ხიდს. ხიდის ყურთან წმ. აბოს ნიშზე პირჯვარი გადისახა, ხატს ემთხვია და შეუდგა აღმართს. მეტეხის ციხესაც ამაგრებდნენ, თუმცა აქ ბევრი მუშა არ იდგა, რადგანაც ციხე თითონაც მიუდგომელი იყო. თანაც მტკვარ გაღმა, და მაშინდელი იარაღით სწორეთ შეუვალი. გზა გარს უვლიდა ციხეს. საამი მიდიოდა და თან თვალს არ აშორებდა სიმაგრეს; სიამოვნებასა გრძნობდა, რომ ესეთი დარაჯი ედგა თავს დედაქალაქს. ავიდა მაღლა და მტკვრის ხეობას გადახედა.
მტკვარს აქ ძალიან მაღალი კიდე აქვს. საამს აქედან ხელის გულივით გადაეშალა მიდამო, შურის ციხიდან დაწყებული სოღანლუღამდის. ამ მტკვრისა და კრწანისის შუა მომწყვდეულ ადგილს განიერი ბოლო მდინარისა და წინანაურის ხევის შუა აქვს, წვერი სოღანლუღისაკენ. აღმოსავლეთისაკენ მტკვარი თანდათან უახლოვდება კლდეს. ადგილი თანდათან ვიწროვდება და იქ, სადაც კლდე დააწყდება, საურმე გზაღა დარჩება მთისა და მდინარის შუა. ეს ვიწროები კარებია, საიდანაც შემოდის ტფილისში სპარსეთიდან მომავალი გზა, რომელიც ერთადერთი ფარსაგი გზაა ჯარის გამოსატარებლად მტკვრის მარჯვნივ, რადგან კლდე თუმცა ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ სალია, საშინლად დახრამული და შეუძლებელია იმაზე ლაშქრის გადაყვანა, თუ გზა მცირეოდნად მაინც არის გამაგრებული. კარგა ხანი იდგა აქ საამი და გულდასმით ათვალიერებდა ადგილმდებარეობას. ეტყობოდა, ამ თვალიერებამ კარგ გუნებაზე დააყენა ვაჟკაცი, რადგან მოღუშული სახე ნელ-ნელა გაუბრწყინდა და თვალებში სიხარული დაეტყო.
- სწორად ბრძნულად მოსაზრებული გეგმაა ქვეყნის დაცვისა! - გაიფიქრა იმან, - არწივის თვალი აქვს კურთხეულს. ჩვენ-კი ჯერ შეგვიგნია მისი განზრახვა და გვიკვირს, გვწყინს მისი ბრძანება. მართალია, მინამ მტერი მოვა აქ, ჩვენი სამოურაო კიდეც აოხრდება, მაგრამ განა არა სჯობს, მამულის ერთი ნაწილი დაზიანდეს, მტერს კი ბოლო მოეღოს, მინამ მთელი სამეფო გაოხრდეს? სწორედ რომ სხვაგან არსად არის ესეთი მარჯვე ადგილი ურიცხვი მტრის შესაგუბებლად, მის ამოსაღრჩობ-ამოსაშრობად. ან რა ძალიან ვწუხვართ: ხალხს გავხიზნავთ და ნადავლსაც ამ ვიწროებში დავაყრევინებთ!
საამმა გახედა კლდის წვერებს, რომლებიც მოსჯროდნენ და ზედ დაჰყურებდნენ ქალაქს. დახრილი მზის სხივები ეალერსებოდნენ იმათ და აბრწყინებდნენ.
- დავით ბატონიშვილისათვის უბრძანებია ქვაყრილის გამაგრება, ზარბაზნების დადგმა. თუ აჩქარდა თავისებურად და მარჯვედ დახვდა მტერს, არავის გადმოაწაწანებს ზევიდან: იქ ასი ათასი შეუძლიან შეიმაგროს და გადაჩეხოს. მთლად-კი უნდა შემოვიტყუოთ მტერი ამ ვიწროებში. აქ იმათ ჯარს საძრაობა არ ექნება, ვერ გაიშლება და იმათი მხრიდანაც იმაზე მეტი ვერ მიიღებს ბრძოლაში მო-ნაწილეობას, რამდენიც ჩვენი მხრივ; მაშინ გამარჯვება ჩვენია. ბატონიშვილიც შეიძლებს კლდის ბილიკებით ჩამოუშვას მეომრები და გვერდიდან შეუტიოს მებრძოლს. ვხედავ ბრწყინვალე აზრს ცხებულისას! ვგონებ მოამბეც აღარ გავუშვათ. ჩვენ ჯარს ზურგი ციხეზე ექნება მიყრდნობილი; თუ გარისხდა ღმერთი და ვიძლიენით, სიმაგრეს შევეფარებით; მტერი მაინც ბევრს ვერას გაიტანს ჩვენგან.
ასეთ დასკვნამდის მივიდა საამი ადგილ-მდებარეობის დათვალიერების დროს და იმედებით აივსო.
4
ეხლა ხომ მთლად დასახლებულია მტკვრის ნაპირი, მეტეხიდან დაწყებული გოგილოს აბანომდის. ისე, რომ ხევზე გადახედვა გინდათ, უნდა ვისიმე ეზოში შეხვიდეთ, ან ერთ-ერთ წუმპიან ბილიკს ჩაჰყვეთ მტკვრის პირამდის. მაშინ მდინარის ნაპირი ბევრგან იყო თავისუფალი, თუმცა მეტეხის ახლო მაშინაც მჭიდროდ ცხოვრობდნენ. მეხანჯლეების უსტაბაშს იოთამე ბურჯელს აქა ჰქონდა სახლი. სახლის კედელი ზედ კლდის პირზე იყო მოკიდებული და ისე მკვიდრად, რომ სალის დანგრევა უფრო საფიქრებელი იყო, მინამ ამ კედლისა. ოთხ დაბალ სვეტზე ებჯინა ფართო საჩეხი, რომელიც ზაფხულობით მშვენიერ საგრილობელს წარმოადგენდა: სიო არასოდეს არ აკლდა, მტკვრის გუგუნი ნანად მოისმოდა, თვალთ დასატკბობლად დიდებული სურათი იხატებოდა წინ. სახლის მარჯვნივ ბაღჩა იყო გაშენებული. ფიცრულით შემოზღუდული ეზო წინ ჰქონდა მოქცეული, მტკვრისკენ-კი არა, ქუჩის მხარეს.
საამი რომ მივიდა, იოთამე ბაღჩაში ჩუჩუნებდა. ქოშებზე იდგა, თავზე ლურჯი ხელცახოცი ეკრა, ახალუხი ეცვა ღილებჩახსნილი. ხელოსანი მიეგება სტუმარს, პატივცემით მოიკითხა, სახლში შეიწვია. საამმა ბაღჩაში ამჯობინა ყოფნა და სტუმარ-მასპინძელმა უნაბ ქვეშ მოიკეცეს ხალიჩაზე. ცოტა ხნის მუსაიფის შემდეგ საამმა უთხრა მისვლის მიზეზი.
- ჯარი უნდა შეიკრიბოს. ბატონ მეფეს უბრძანებია, საუკეთესო ვაჟკაცები დაარჩიეთ და იარაღს მიაქციეთ ყურადღებაო. სამოცამდის მეომარს გამოვიყვან ჩემ საყმოდან. ოცდახუთი მხედრის მოწყობილებაა საჭირო. დანარჩენს ზოგს თითონა აქვს იარაღი,ზოგს ჩემი ჯაბახანიდან დავურიგებ. საჭიროა თოფი, დამბაჩა, ხმალი და ხანჯალი. ეს უსათუოდ უნდა მომიმზადო.
- როდისთვის გვიბრძანებ, ბატონო?
- მარიამობისთვის პირველებში უნდა იყოს მზად.
- შევიძლებ თქვენთვის მაგ სამსახურს, თუმცა ბევრი საქმე-კი გვაქვს მოყრილი. მხოლოდ ნება გვიბოძეთ, ზოგი რამ ვიყიდო, სხვა რომ მე გავაკეთო.
- როგორც მოახერხებ, ოღონდ სანდო იარაღი-კი იყოს და თავის დროზე, - მიუგო საამმა და ჩააბარა ბეი.
ამის შემდეგ სტუმარმა წასვლა დააპირა, მაგრამ იოთამემ არ გაუშვა, ხილი შეაპატიჟა. შებრუნდა შინ მასპინძელი. სტუმარი მუთაქას დაეყრდნო და ოცნებას მიეცა. ხილი მოართვა სინით მასპინძლის ქალმა თინანომ. საამმა რომ ფეხის ხმა გაიგო, წამოჯდა, მაგრამ როცა შეხედა ქალს, ზეზე წამოდგა და ზრდილობიანად მიესალმა; მის ქცევას მოკრთალება დაეტყო, თან ქალს თვალი ვეღარ მოსწყვიტა. ქალი კიდეც მოტრიალდა, საამი-კი ჯერ ვერ გამორკვეულიყო, განცვიფრებული შეჰყურებდა მიმავალს. არც საკვირველი იყო ესა: მის წინ გაიარა ისნის ცისკარმა, მოსაჩვნებელმა სიმშვენივრემ.
ბუნება სცდილობს განახორციელოს ქალში უმთავრესად სიმშვენივრე. ის ისწრაფვის ზედმიწევნით გამოსახოს მასში ეს უცვალებელი დარგი ღვთაებრივი არსებისა. ამისთვის არის, რომ ისე ვეთაყვანებით ქალთა მშვენებას: ღვთაებადა ვსახავთ მშვენიერს, რადგან თვით ღმერთია მასში ერთმხრივ განხორციელებულ-გამოთქმული. მაგრამ ბუნების ესეთი ლტოლვილება ადვილად ვერ ახწევს თავის მიზანს, ბუნება ყოველთვის ვერა ჰქმნის ქვეყნიურ მძიმე და ბნელ ნივთიერებისაგან ზეციურ ნათლის შესაბამ სახეს. შემოქმედებითი ძალა მხოლოდ ხანდისხან ეწევა სავსებით თავის სურვილს და მაშინ ღირსგვყოფს ვიხილოთ ქვეყნად ღვთაებრივი ელვარება. ისტორიაში აღნიშნულია ამისთანა მაგალითები; ცხოვრებაშიაც შეხვდება კაცი ამისთანა ნიმუშებს. ამ ათიოდე წლის წინად სცხოვრობდა ამისთანა ქალი ტფილისში, წყაროს უბანში. უბრალო ხალხის შვილი იყო. ის რომ საზოგადოებაში გამოსული ყოფილიყო, ხალხი ფარვანასავით შვმოევლებოდა თავს. მაინც ბევრნი მიდიოდნენ ქალის სანახავად, თუმცა ადვილი არ იყო მისი თვალის მოკვრა, რადგან ერთობ მოკრთალებული ხასიათი ჰქონდა და ათასში ერთხელ გამოდგებოდა ქუჩის კარებზე. ამისთანა იშვიათი მოვლენათაგანი იყო თინანოც. თუმცა ჯერ არ გავსილ-გაბადრულიყო თხუთმეტი წლისა, მაგრამ არამც თუ მხოლოდ ისანში, მთელ ქალაქში იყო მოფენილი მისი სიმშვენივრის ხმა. საათნავა მოეხიბლა იმის სიტურფეს და თინანოზე გამოღებულ მის ლექსებს უბან-უბან დამღეროდნენ; იმან დაარქვა ქალს ისნის ცისკარი. თინანოს განსაცვიფრებელი სილამაზე იმაში მდგომარეობდა, რომ: გამჭვირვალე სხეული შეჰმოსოდა, სხიოსანი. ქალი მაშინვე მიხვდა, რა ძლიერი შთაბეჭდილება იქონია ახალგაზრდა მებატონეზე და შერცხვა, მის ბროლის სახეს სისხლი მოადგა და ააგზნო.
- ჩემი ქალი გახლდათ, თინანო, - მოახსენა იოთამემ.
- მშვენიერებაა! - გულწრფელად წარმოსთქვა საამმა, - რატომ არ მინახავს აქამდის?
- ვერა ნახავდით, ბატონო, რადგან სოფლად არ მომყვანდა და შინაც იშვიათად მყვანდა: იასე დეკანოზი ზრდიდა ცხრა წლიდან, ნათესავად მოხვდება დედის მხრივ.
- მაშ ნასწავლიც იქნება.
- მოძღვარი ძალიან უქებს სწავლას; ჩემ შვილს ეფრემს არ ჩამოუვარდებაო.
ყმაწვილკაცს ისევ თინანოზე უნდოდა სიტყვის განგრძობა, მაგრამ თავი შეიმაგრა. ხილი იხილეს, უბრალო მსხალი საამს შაქარლამაზე უტკბესი ეჩვენა.
5
საამი მეორე დღესვე უნდა დაბრუნებულიყო სოფელში, რადგან საქმე გაარიგა და სიცხე-პაპანაქებაში ქალაქში დარჩენა ვერაფერი სასიამოვნო იყო. მაგრამ არამც თუ მეორე დღეს ვერ წავიდა, ერთი კვირაც მეტი მოუხდა ტფილისში ყოფნა. მხლებელი დარწმუნებული იყო, რომ მეორე დღეს გაუდგებოდნენ გზას და დილაადრიანვე შეკაზმა ცხენები. ბატონს რომ მოახსენა, ცხენები მზად გახლავსთო, იმან გაკვირვებით შეხედა მსახურს.
- ვინ გიბრძანა შეკაზმეო? ჯერ სავაჭრო არ მიყიდნია, არსაით მივმდგარ-მოვმდგარვარ და წავიდე?! მოხსენ ცხენებს!
მსახური ერთხანს პირდაღებული შესცქეროდა ბატონს, მერე გაბრუნდა ბრძანების ასასრულებლად.
- ნეტა იცოდეს კაცმა, რა აქვს სავაჭრო? ან თითქო ამ ქალაქ-დღეში ბაზარში გასვლას ვეღარ მოვასწრობდიო და გზადაგზა ვერ ვიყიდით, თუ რამე გვინდა? ან რა უნდა გვინდოდეს? სახლი ისეც სავსეა ყოველივე ღვთის მოწყალებით, - ფიქრობდა მსახური.
საამი დარჩა იმ დღეს ქალაქში, მაგრამ სავაჭრო არც-კი მოჰგონებია. მთელი დღე აღელვებული იყო: შადი-გადიოდა, ერთ ალაგას ვერ ისვენებდა, წესიერად ვერ ისადილა, სადილს უკან არ დაიძინა; უმიზეზოდ ჯავრობდა, ხან მეტის-მეტად ტკბებოდა და მხლებელს ელაზღანდარებოდა. მსახური გააკვირვა ბატონის ამნაირმა ქცევამ და დაუდგრომლობამ, მაგრამ რას შებედავდა. მზე ჯერ არც-კი იყო გადახრილი, როცა ბატონი გამოეწყო და ულვაშის გრეხით გავიდა შინიდან. მხლებელი შებრუნდა და დაეგდო იატაკზე გაღეღილი, მაგრამ სიგრილეს ნაჩვევი მაინც ოფლში ცურავდა, შამფურივით ბრუნავდა.
- ნეტა რაღას აკეთებს ამ ჯოჯოხეთ ქალაქში ის დალოცვილისშვილი? ხომ მორჩი საქმეს და წადი, რაღა! ცხენიან-კაციანად რაზე გვხარშამ და სულს გვიხუთამ! მაგრამ ბატონი ბატონია, თუნდ ჭკვიანი იყოს, თუნდ სულელი: იმის ფიქრებს და ჟინიანობას კაცი ადვილად ვერ მოუვლის თავს. მერე როგორ უცნაურად იქცევა! თითქო უკბინა რამემ, ზედ გულზე უკბინაო.
- კარგა ხანია, ქალაქში არა ვყოფილვარ, - ფიქრობდა საამი, - დავათვალიერო მაინც აქაურობა, თვალს წყალი დავალევინო; მინდა კიდეც დანამდვილებით ვიცოდე აქაური ქუჩა-მეიდნები და ადგილ-მდებარეობა, რადგან ბრძოლა აქ უნდა მოხდეს და საჭიროა ზედმიწევნით ახსოვდეს ადამიანს ყველაფერი.
საამმა აღმა ჰქნა პირი, გაიარა მტკვრის კარი და წყალს გადაადგა. აქ დაუწყო თვალიერება არაგვის ხიდის ბურჯებს, რომლების გარშემო წყალი დუღდა და ქაფდებოდა.
- მკვიდრად ჩაყრილი ქვა, - გაიფიქრა იმან, - კიდევ უმაგრდება ზვირთების დენას, იმათი ჩამყრელის მარჯვენა-კი, მძლავრ ნუგზარ ერისთავის მარჯვენა, დამიწებულია.
გაიარა გარეთუბანი და ავიდა ყაბახზე. ასპარეზი ეხლა ცარიელი იდგა, ქვეითა თალარზე მტრედები შემომსხდარიყვნენ. მოაგონდა, რამდენი ხალხი ზიმზიმებდა აქ იმ დღესასწაულში, როდესაც იმან პირველივე შეტყორცნით გადმოაგდო თალარიდან ვერცხლის თასი. თვით ერეკლემ უქო მაშინ სიმარჯვე. ომს რომ გადიყრის ბატონი მეფე, კიდევ გაჰმართავს აქ დღესასწაულს. მაშინ საამი თინანოს სახელზე გავა მეიდანს. როგორი შურით შეხედავენ ბანოვანნი, როდესაც საამი ცალ მუხლზე დაყრდნობილი მიართმევს თინანოს ჯილდოდ აღებულს თასს!.. ახ, როგორ ანგელოზებრ დახრის თინანო თავის სამოთხე თვალებს! მე ვიცი, სიმშვენიერეს დაუწუნებენ! ავიდა ქაშუეთთან, შემობრუნდა, გახდა ხევს, ქართლის კარით შევიდა ქალაქშივე და სიონისკენ გასწია.
დახურულ ბაზარზე რომ მიდიოდა, არაჩვეულებრივი მოძრაობა შენიშნა. ბაზრის ბიჭები მოედნისაკენ გარბოდნენ, ზოგი ოსტატიც დაედევნა უკან. საამმაც ააჩქარა ფეხი. მეიდანზე ხალხს მოეყარა თავი. შუა ხალხში თეთრი ყოჩი ეჭირათ. მაღალი ცხვარი იყო, გრძელ რქიანი, ქოჩორი ენდროთი ჰქონდა შეღებილი. ყელზე ეჟვანი ება. ქერით დაეთროთ, თვალები აჰრეოდა, ხალხს ეტანებოდა.ხიდის ყურიდან სხვა ჯგუფები გამოჩნდა, რომელსაც წინ თათარი მოუძღოდა ქურთული ლეგა ყოჩით. ეს უფრო დიდი ცხვარი იყო. რქები უკანა ჰქონდა გადატანილი და მერე წინ შემოგრეხილი; რქების წვერები დაეხერხათ. გააკეთეს წრე. გადგნენ ყოჩები. ქართული უფრო მეტ მანძილს აკეთებდა და ფიცხობდა. ისეთი ჭახუნი მოისმა, გეგონებოდათ, ტვინი შეანთხიეს ერთმანეთსაო. მესამე დაჯახებაზე თეთრს ერთობ მაღალი კამარა მოუვიდა და მოპირდაპირეს რქები დაბლა მოარტყა. ყოჩი დაბორიალდა, ნესტოდან სისხლი წასკდა. მეორე მხრიდან ყიჟინა დასცეს, მაგრამ გამწარებული თეთრი მაშინვე გამოფხიზლდა და ისეთი სისწრაფით, ისეთი ძლიერებით ეჯახა მეორეს, რომ უკანა ფეხზე დაზნიქა ის და გაამრუდა, მარჯვნივ მიხარა. აღარც აცადა: იქვე ახლო გაუკეთა კამარა, დაჰკრა მძლავრად ალმაცრივ, დასცა ძირს ლეგა და ზედ შედგა. თათარი რომ აქამდის ჩაკუნტებული შეჰყურებდა ბრძოლას, ეხლა წამოხტა, იძრო დანა და უნდოდა ჩაეკრა თეთრისთვის. მაგრამ ხელი ჰკრეს, წრიდან გააგდეს.
საამმა ისევ განაგრძო გზა. მივიდა ლეღვის ხევთან და აბანოებისკენ შეჰყვა.
- კარგი იქნებოდა, ბარემ მებანა. მაგრამ ჯერ დარჩეს; ხვალ წამოვალ განთიადისას, ბიჭსაც წამოვიყოლებ, - იფიქრა და უნდოდა სეიდაბათზე გასულიყო, მაგრამ უნებლიეთ პირი იბრუნა, ისნის ხიდზე გავიდა, მეტეხს აუარა, გუშინდელ ადგილიდან გადახედა მტკვარს, დასათვალიერებელი აღარა აღმოჩნდა-რა. ჩაჰყვა ქვემოთ იოთამეს სახლისკენ.
- ხომ ამოველ და ბარემ წმ. ბარბარეში ვილოცავ; კიდეც დავათვალიერებ, რამდენად მარჯვე იქნება მტრის შეყენება, თუ იმან მტკვარზე გამოსვლა მოისურვა ან კახეთის ხიდით, ან სოღანლუღის ფონით.
თინანოანთ სახლის წინ ფეხი დააწყნარა და ბევრი ათვალიერა ეზო-ყურე, მაგრამ ვერავინ შენიშნა. მხოლოდ დათვიამ იცნო გუშინდელი სტუმარი, კუდის ქნევით მოეგება. საამს უამა ძაღლის ნახვა, მისი მეგობრულად მიგებება და ხელი დაუსვა ჭკვიან ცხოველს.
6
როდესაც საამი დაბრუნდა წმ. ბარბარედან და თინანოანთ სახლ წინ ამოიარა, მზე ახალი ჩასული იყო. ეზოს კარი ღია დახვდა. იოთამე ალაყაფის კარებთან იჯდა. ბაღჩაში პირისფერმა კაბამ გაიელვა. საამს უცნაურად აუძგერდა გული. ოსტატი წამოხტა, მხიარულად მიეგება.
- აქათ სადა ბრძანებულხართ, ბატონო?
- წმ. ბარბარეში ვილოცე და მტკვრის ნაპირიც დავათვალიერე იმ მხარეს.
- დაიღლებოდით, ბატონო, შემობრძანდით.
- არა, გმადლობ: გვიანღა არის.
- რას მიბრძანებთ! მობრძანდით, ბატონო! საათნავაც უნდა მოვიდეს, დამპირდა: მოგეხსენებათ, მეგობარია ჩემი. მცირე ვახშამი გავშალოთ ბახჩაში. მობრძანდი, შენი ჭირიმე, ნუ იუკადრისებ ჩემ ოჯახს!
- ნუ იტყვი მაგას! სასიამოვნოა პატივცემულ ადამიანთან დროს გატარება. საათნავას სიმღერა ხომ, დიდი ხანია, არ გამიგონია, აღარ დავმტკბარვარ მისი ჰანგებით.
ვახშამმა მხიარულად ჩაიარა. მოსალოდნელ ომზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ამ ამბავმა ააღელვა მომღერალი, ეშხზე მოიყვანა და რამდენიმე საგმირო ლექსი იმღერა. მერე სააშიკო ხმები ითქვა. ღვინო რომ შეუჯდათ, ხუმრობითაც ბევრი იხუმრეს. მელექსემ მოხერხებული ხმებით ია-ვარდი გადააყარა გაშლილ სუფრას. საამისთვის მხოლოდ ის აჩრდილებდა ვახშამს, რომ ქალი იმათთან არ იჯდა. დუქნის ბიჭი რომ ხელზე ემსახურებოდა სტუმრებს, თინანო სარისტას აძლევდა, თვალყურს ადევნებდა. მხოლოდ როცა საათნავა მღეროდა, ქალი აღარ შორდებოდა სუფრას და აღზნებული თვალებით შეჰყურებდა მგოსანს. მთვარის შუქზე სავსებით ისახებოდა მისი ჰაეროვანი მშვენება; ხშირი თმის კულულები სხივებივით მოსჯროდნენ სპეტაკ სახეს; უმანკოება იხატებოდა მის თითქო ოდნავ გაკვირვებულ თვალებში. საამი განიმსჭვალა სურვილით, უნდოდა თვალი არ მოეწყვიტა ქალისთვის, მაგრამ გაბედვით ვერ უმზერდა: ეხათრებოდა, ეკრძალებოდა შეემჩნევინებინა გრძნობა.
- აფსუს, რომ კეთილშობილთაგანი არ არის, თორემ ამ ანგელოზს სამეფო ტახტის დამშვენება შეუძლიან, - ფიქრობდა საამი.
მთვარე ჩაესვენა, როცა სტუმრები გამოეთხოვნენ მასპინძელს. საამი აღტაცებაში მოეყვანა თინანოს და ისე ძლიერ უთქვამდა მისთვის გული, რომ თავის შემაგრება უძნელდებოდა. მისი გონება ეხლაც თინანოს უმზერდა, მხოლოდ იმასა ჰხედავდა, იმას ეტრფოდეალერსებოდა; სხვა ყველაფერი ბნელს ჩაენთქა მისი აზრისათვის.
სირაჯხანაზე დაბრუნდა. ქუჩის თავში, მიკიტნის დუქნის წინ, ორი კაცი შეექცეოდა. ერთს მოკლე ახალუხი ეცვა, ნაოჭად ასხმული, განიერ შარვალზე მწვანე ყანაოზის სათავე ეკერა, ტყავის ქამარზე ვერცხლის ბალთები და წოწოლა ღილები ესხა; მაღალყელიანი ჩუსტები ეცვა. ღილებჩახსნილ ახალუხიდან წითელი მოვის პერანგი უჩანდა. წვერი მოეშვა. ბდღვრიალა თვალები და ჯიღა წარბები საშიშ იერს აძლევდნენ მის სახეს. მეორე უფრო ახალგაზრდა იყო, მომცრო ტანისა. თეთრ ჩოხაზე შალის სარტყელი ერტყა, ფოჩებიანი; საცვეთ-ქალამნები ემოსა. თეთრი წამწამით მოზღუდული წითელი თვალები აცაბაცა დაურბოდნენ. საამმა რომ ჩამოიარა, მოქეიფეებმა ყურები სცქვიტეს.
- ბიჭო, ტიტიბ! ეს ის თავადიშვილი არ არის, წეღან რომ მეიდანზე დაგვისხლტა ხელიდან?
- ის არის! სადა ყოფილა?
- ერთი კიდევა ვცადოთ! მაშინვე მოუჩხრეკდი მაგას ჯიბეებს, თუ ი თათარს უდროვოდ არ ეძრო დანა.
- არა, ყოჩმაც ცუდ დროს გვიმტყუნა! - სთქვა შავწვერამ და წამოხტა.
ღამის ოსტატები აედევნენ საამს. ჩოხიანი კედელ-კედელ მიცურავდა, მეორე შუა ქუჩაზე მიდიოდა. სირაჯხანის თავქვე რომ ჩაათავეს და ჯვარედინ გზაზე მივიდნენ, შავ-წვერა გადუდგა მგზავრს და სალამი მისცა:
- ბატონს გაუმარჯოს!
- გაგიმარჯოს! - მიუგო საამმა და გზა განაგრძო. ავაზაკი წინ გადაეღობა და უბრძანა ჯიბეები ეჩვენებინა.
საამი გამოერკვა ოცნებას. შეეძლო იქვე გაეგმირა კაცი, მაგრამ იარაღის ხმარება აზრადაც არ მოსვლია; მხოლოდ გაიკვირვა იმ კაცის კადნიერება. ავაზაკმა ხელი სტაცა საყელოში. ვაჟკაცმა ნახა, რომ ავაზაკი აღარ ხუმრობდა, სარმა გამოჰკრა, ანაზდეულად დასცა ძირს თავხედი და გულზე მუხლი დააბჯინა. ამ დროს მეორე ამხანაგი მიეპარა საამს უკანიდან, იძრო საცვეთიდან ბებუთი და დასცა. საამი წამოხტა, ხმალი იშიშვლა, მაგრამ ჯიბგირმა ერთი თავი დაღუნა და ისე გაქანდა რიყისაკენ, როგორც შურდულის ქვა. წაქცეულმაც იდროვა, სიბნელეში მიიმალა.
ეხლა-კი გული მიეცა ასასს, რომელიც მიწოლილიყო კომბლით ხელში და თავი მოემძინარებინა: მიეშველა დაჭრილს. საამს უნდოდა, ბინაზე წასულიყო, მაგრამ რადგან დიდი მანძილი იყო იქამდის, სისხლი-კი თქრიალით გასდიოდა, იოთამეს სახლსვე მიატანა. ძალიან კარგიცა ჰქმნა, რადგან დუქანში აბა ვინ მოუვლიდა იმას? ასასმა მიაცილა სახლამდის.
7
ამ უსიამოვნო შემთხვევამ შეაწუხა იოთამე. დაჭრილი თავის დას სიდონიას და ქალს ჩააბარა. თითონ-კი ძამნა ბაჯიაშვილთან წავიდა, რომელიც განთქმული ექიმი იყო მაშინ. დოსტაქარმა ჭრილობა რო გასინჯა, მაშინვე ირმის თასმა მოუჭირა ზევით, იარას პირი უყო დაგამოწოვა; გამოავლო წამალი რამ და იქვე მომზადებულ მალამოთი შეუხვია.
- დროზე მოვასწარი! თითონ ჭრილობა თქვენისთანა ვაჟკაცისათვის არაფერია, მაგრამ ბებუთი მოწამლული ყოფილა, - უთხრა ექიმმა.
საამმა მოისურვა თავის ბინაზე წასვლა, მაგრამ არც სახლის პატრონმა, არც ექიმმა არ გაუშვეს, რადგან მოვლა ეჭირვებოდა და იქ ხელს ვერავინ შეუწყობდა.
- ესეც რომ არ იყოს, - უთხრა ექიმმა, - ეხლა თქვენი დაძვრა შეუძლებელია: იარა დაიჟღლება, ჰავას აიღებს და გაარჯლდება. ერთი კვირის შემდეგ შეიძლებთ ცხენზე ჯდომას, პირდაპირ შინ წაბრძანდებით.
- მანამდინ-კი ჩემი სასურველი სტუმარი უნდა ბრძანდებოდეთ! გთხოვო, ისე გულდინჯათ იყოთ ჩემს ოჯახში, როგორც საკუთარ სახლში, - შესთხოვა მასპინძელმა.
მეტი გზა არა ჰქონდა საამს, უნდა დაჰმორჩილებოდა. პირველად ეხათრებოდა, ეჩოთირებოდა სხვის სახლში წოლა, მაგრამ მალე შეეჩვია, რადგან გულწრფელი პატივცემით და სიყვარულით ეპყრობოდნენ ყველანი. თინანოიანი იმიტომ-კი არ ექცეოდნენ ავადმყოფს ლმობიერად, რომ ის ბატონკაცი იყო და მისგან რამეს გამოელოდნენ, არამედ იმიტომ, რომ თითონ ოჯახი იყო გულღია, სტუმართმოყვარე და მოსიყვარულე. გაჭირვებული მტერიც რომ შეჰფარებოდათ, იმასაც არ მოაკლებდნენ ზრუნვას.
საამმა ცნობისმოყვარეობით დაუწყო მასპინძლის ოჯახს თვალიერება. ამგვარი მოწყობილი სახლი ახალი რამ იყო მისთვის და უცნობი. ჯერ იმან მიიქცია საამის ყურადღება, რომ აქ შრომა იყო პატივცემული, გაბატონებული. ოჯახის უფროსი ხომ დილიდან საღამომდის მუშაობდა. სახლშიაც მისი და სიდონია და ქალი თინანო დაუღალავად საქმობდნენ, დაუსვენებლივ ტრიალებდნენ, დღიურ ვარამს ებრძოდნენ. და ყველა ამას ასრულებდნენ უჩუმრად, როგორც რომელსამე აუცილებელ მოძრაობას, ადრიდანვე შეთვისებულს. მსახური არა ჰყვანდათ, დუქნის ბიჭს მოჰქონდა, რაც საჭირო იყო. სახლი მაინც ყოველთვის დალაგებულ-დასუფთავებული იდგა, სადილ-ვახშამი თავის დროზე მზადდებოდა, ყველა კუთხეში სისუფთავე სუფევდა, ყველაფერი დარეცხილ-დაქათქათებული იყო. ამასთანავე მობოშილი არავინ დადიოდა, ჩაცმულ-დახურულები ტრიალებდნენ. არამც თუ სახლის საკერავ-საქსოვი არ გაჰქონდათ კარზე, თითონვე ასწრებდნენ საბაზრო ხელსაქმის კეთებას. თანაც შრომას მთლად ვერ ჩაენთქა ისინი, რაღაცა მანქანებით კიდევ რჩებოდათ დრო გონება-გრძნობის სავარჯიშოდ. სახლში ჰქონდათ "ვეფხისტყაოსანი", "ქალ-ვაჟიანი", "ვისრამიანი", "ამირან-დარეჯანიანიანი", "ყარამანიანი" სურათებით, ზოგიერთი საეკლესიო წიგნი, კარაბადინი. ყველა ეს საუნჯე ხელუხლებლად არ იდო ყუთში. თინანომ მთლად იცოდა წიგნების შინაარსი,
"ვეფხისტყაოსანს"-ს ხომ ზეპირათაც კითხულობდა. გარდა ამისა, ოჯახში სასტიკად დაცულ უფროს-უმცროსობასთან მოთავსებულიყო ერთმანეთის გულითადი სიყვარული. ესეთი ოჯახი ახალი ხილი იყო-მეთქი საამისათვის, რადგან თუმცა იცნობდა მარად მშრომელ გლეხის ოჯახს, მაგრამ იქ შრომა ყოველთვის სამძიმო ტვირთად მიაჩნდათ, აუცილებელ სატანჯველად: გლეხი არ იყო ნამდვილი მესაკუთრე, არ იყო თავის ნაღვაწის პატრონი, მისი ოფლიც და ქონებაც ბატონს ეკუთვნოდა, მისი შრომა იყო ნაძალადევი და ამისათვის სამძიმო; შრომას იქ თანა სდევდა ავობა, ღრიალი, ლანძღვა და ცემა უმცროსისა თუ საქონლისა. თავად-აზნაურის ოჯახში კიდევ გაბატონებულიყო სიზარმაცე, და რაც უფრო დიდებული იყო ოჯახი, იმდენად მეტი იყო იქ უსაქმობა, ისე რომ ბატონკაცურად ცხოვრება და უქმად ყოფნა ერთიდაიგივე იყო; კეთილშობილთ ოჯახსაც არ ედგა საძირკვლად სათნოება, რადგან უქმობასაც, როგორც ნაძალადევ შრომას, არ შეეძლო სიმშვიდის და კეთილ-განწყობილების გაღვიძება. საამი იცნობდა კიდევ სამღვდელოების ოჯახს, მაგრამ იქ საკურთხებლად გაწვდილ მარჯვენაზე სიხარბის დაღი დაესვა ეშმაკს და წაებილწა.
იოთამეს სახლი რომ მოეწონა საამს, ეს იმ ოჯახის ხასიათიდან წარმომდინარებდა. მაგრამ საამი რომ აღტაცებაში მოიყვანა იმ ოჯახმა, ამას-კი სხვა სარჩული ჰქონდა: ამის მიზეზი თინანო იყო. ქალი ეხლა აღარ უფრთხოდა საამს, აღარ ეკრძალებოდა; ისე უყურებდა იმას, როგორც ავადმყოფს, სასიამოვნო ავადმყოფს, რომელსაც ხელის შეწყობა და მოვლა ეჭირვებოდა. თინანომ ისე შეიგნო ეს თავის მოვალეობა, ისე შეუწყო ხელი ავადმყოფს, ისე შეუწონა მის ხასიათს, რომ სენი გაუადვილა ვაჟკაცს. შეუდარებელი შემწე შეიქნა დოსტაქრისა.
- ეს ღვთისაგან დალოცვილი, - იტყოდა ხოლმე ექიმი, - ისე აზრიანად და მარჯვედ ირჯება, თითქო თავის დღენი ამ საქმეში გაუტარებიაო.
უფრო სასიამოვნო ის იყო, რომ ქალის სათნოებით სავსე წრფელ გულთან შეთხზილი იყო ხასიათის წრთვნილება. ქალის გუნებაში სიმხიარულე სჭარბობდა, აღტაცებული მხიარულება-კი არა, რომელიც გიჟმაჟობით გადაიქცევა ხოლმე, არამედ დინჯი სიმხიარულე, რომელსაც თანა სდევს ფიქრ-ნაღვლის ანგელოზი და ფრთას არ აშორებს. ზნე-ქცევის სიმარტივე-სიფაქიზეს ჩაცმა დახურვის სიმარტივე-სიფაქიზეც შეჰხამებოდა. დაცქრიალებდა ქალი, როგორც ნათლის ქულა რამ, ოჯახის ყოველ კუთხეს ასინათებდა, ყველას გულს ათბობ-აშუქებდა.
ამ ქართველი ხელოსნის ოჯახმა და მისმა შრომა-სიყვარულზე დამყარებულმა წყობილებამ ხომ ასიამოვნა ვაჟკაცი. თითონ საამმაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ოჯახზე. ბატონი ამ ხალხს წარმოდგენილი ჰყავდა, როგორც ნებიერი რამ სულდგმული, მბრძანებელი, ჟინიანი, თვითნება, რომელსაც ყველაფერში და ყოველგან მხოლოდ თავის თავი ახსოვს, რომელიც სხვისაგან მხოლოდ სამსახურსა და მონობას თხოულობს. საამი-კი არ აზიზობდა და სიმტკიცით იტანდა ტკივილებს, მისი გმინვა არავის გაუგონია; მერე სულ ფრთხილობდა, არავინ შეეწუხებინა გაუჭირებლივ, ხოლო მცირეოდენ სამსახურსაც-კი მადლობით იღებდა; ესე ექცეოდა ის არამც თუ მასპინძლის სახლობას, თავის მსახურსაც, რომელიც ბრიყულად მედიდურობდა, ყვინტყვინტებდა, თუმცა პატრონის ჩუმად-კი, რადგან დიდი შიში და ხათრი ჰქონდა ამ ლმობიერ ბატონისა.
- ამისთანა კეთილშობილ მებატონის ხელში ყმა უბედური არ არის, - გაიფიქრებდა ხოლმე იოთამე.
- სწორედ ბედნიერ ვარსკვლავზე იქნება დაბადებული ის ქალი, რომელიც ამ ვაჟკაცს შეხვდება, - ფიქრობდნენ ქალები.
თინანოს მით უფრო მოსწონდა თავის ზრდილი ავადმყოფი, რომ ჭრილობამ უფრო დაამშვენა ის: შავი წვერ-ულვაში მეტად ეშხიანად ეხვეოდა გარს მის აწ მკრთალ სახეს, შავ თვალებს თითქო უფრო უდიდრონებდნენ თვალ ქვეშ ჩამუქებული უბეები; ეს თვალები გულს სასიამოვნოდ უტოკებდნენ თინანოს, რადგან აღტაცება იხატებოდა იმათში, თუ ქალი მიუახლოვდებოდა ვაჟკაცს.
8
იმდენად მორჩა საამი, რომ შესძლო ცხენზე ჯდომა. ეხლა თუმცა შეეძლო წასულიყო სოფელში, მაგრამ კიდევ დარჩა ცოტახანი, თითქო აღარ მიუხაროდა შინ, გული დაჰბმოდა იქ. მაგრამ როდემდის? წასვლა საჭირო იყო, ხანის დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. უკანასკნელმა ვახშამმა მეტი ხანი გასტანა. საამი შესთვისებოდა სახლს, ოჯახის წევრებიც შესჩვეოდნენ იმას და გაყრა ეძნელებოდათ. ვახშამზე ისევ მოსალოდნელ ბრძოლის შესახებ ჩამოვარდა ლაპარაკი.
- ამოდენა ხალხი რომ იხიზნება, თქვენ როგორა ფიქრობთ ამაზე? - შეეკითხა იოთამე.
- კარგია, რომ ფრთხილობენ, თავდარიგს იჭერენ. მაგრამ ქალაქი თუ აოხრდა, განა სოფლები-კი ხელუხლებლები დარჩებიან? მტერი თარეშს დაიწყებს, უპატრონო სოფლებს გაანადგურებს.
- მაშ მე არ გავხიზნო სახლობა?
- უნდა გახიზნო, თუ სადმე მიუვალი ადგილი გეგულება. ესეთი ადგილი-კი მხოლოდ მთებია.
- ბატონ ერეკლეს რომ უბრძანებია, ქალაქამდის უნდა მოვიტყუო მტერი და აქ შევებრძოლოვო, უწუნებენ ამ განკარგულებას.
- ეგრე ფიქრობს, ვისაც საქმე არ ესმის. მეც არ მომწონდა მისი ბრძანება, მანამ საქმეს ჩავაკვირდებოდი; ეხლა-კი სხვა არის. როგორა გგონია, ანაზდად მომზადებული ჩვენი ჯარი გაუძლებს გაშლილ ადგილზე აღა-მაჰმად-ხანის უთვალავს და გაწვრთნილ ლაშქარს? ვერა! მაგრამ თუ ჩვენი ჯარი ესეთ სიმაგრეს მიჰყუდებს ზურგს, როგორც ტფილისია, მაშინ ერთი ასსა სძლევს.
- მართალსა ბრძანებთ! ცოდვა არის ერეკლეს ომის შესახებ აზრი დაუწუნონ, მაგრამ ათას ხმას ავრცელებენ.
- ბევრი მტერი ჰყავს ბატონს. შემოხიზნულ უცხო ტომებისას არას გეტყვით; იმათთვის საქართველო არ არის სამშობლო ტკბილი, ისინი პირად სარგებლობას მისდევენ და განსაცთელში სანდონი არცა ყოფილან, არც იქნებიან, მაგრამ მათი მტრობა და ვერაგობა ანგარიშში მოსატანი არ იქნებოდა, თუ იმათ ხელს არ უწყობდეს შინაური არეულობა: ბატონიშვილების ერთმანეთში მტრობა და მძლავრთა თავხედობა.
- სწორედ ეგევე ბრძანა იმ დღეს ჩემმა ოსტატმა და ღმერთს შესთხოვა, განსაცთელი აეცილებინა მეფისათვის, - სთქვა მორცხობით თინანომ.
- იასე დეკანოზი ჭკვიანი კაცია და იცის, როგორ სწარმოებს საქმე. დაიხსნას უფალმა მეფე და ქვეყანა განსაცთელისაგან!
- მე ესე მოვიფიქრე: თუ რამე საფასური გვაქვს, დავფლავ მიწაში, შევემზადები გასახიზნად და მოვიცდი, რადგან მეფე აქ იქნება და, მაშასადამე, ეს ადგილი ყველაზე ძლიერი ადგილია ეხლა. თუ გაჭირდება, თითონ ბატონი ერეკლე გვიბრძანებს, გაიხიზნენითო. მანამდის-კი ვიმუშავებ; სარგებლობაც რომ იქით იყოს, სწორედ ეხლა სჭირია ქვეყანას ჩემი ხელობა, - სთქვა იოთამემ.
- თუ გაჭირდა, მაშინ მე გაგხიზნავთ თქვენცა და იასე დეკანოზის სახლობასაც; ბირთვისის ციხეში აგიყვანთ.
- შენი იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა, ჩემო ბატონო!
- თუ თავი ხელთ მექნება, ხომ თითონ მე ვიცი, როგორც მოვიქცევი, თუ არა, ნიშანს მოგცემთ და ჩემი ყმები აასრულებენ ჩემ სურვილს; - ეს რომ სთქვა, ამოიღო ბეჭედი და თინანოს მიაწოდა. - დედი ჩემის სახსოვარია ეს ბეჭედი, ჩემთვის მთელ ქვეყანაზე უძვირფასესი; გთხოვთ, ჩემ სახსოვრად გქონდესთ ეს... ეს ნივთივე იქნება ის ნიშანი, რომელსაც მოგახსენებთ. გადააბრუნეთ, ამენდე, ამოჭრილია "თ” და "გ”: დედაჩემსაც თინათინი ერქვა.
ქალმა თითქმის უნებლიეთ გაიწოდა ხელი ძვირფას ბეჭდისაკენ და თან მამას შეხედა. იოთამე ერთ წამს შეფიქრდა და ნება დართო ქალს.
- მე ვილოცავ განსვენებული დედათქვენისათვის! - სთქვა აღტაცებით ქალმა და ნივთს მიუალერსა.
იოთამე შევიდა ოთახში და ცოტა ხანს უკან ხმალი გამოიტანა.მახვილი უბრალოდ იყო შემოსილი, ერთი ვერცხლის ბალთა არ ება. მიართო ნივთი საამს და მოახსენა:
- ეს მცირედი სახსოვარიც ჩემგან ინებეთ!
საამმა ჩამოართო ხმალი და რომ ამოიღო, თვალები გაუბრწყინდა, აეგზნო.
- ერთ ციხედა ღირს!
- იცანით! - სთქვა იოთამემ სიამოვნებით. მერე ჩამოართო საამს ხმალი და, რომ ეჩვენებინა მისი სიკეთე, თითქმის დაკეცა. ისევ გადასცა ნივთი ახალ პატრონს და ნაღვლიანადა სთქვა: - ოსტატი ვარ, დღეს ხელობაში წინ ვერვინ წამიდგება, მაგრამ მაგის მსგავსი მახვილის გაკეთება ვერ მოვახერხე. ჩააკვირდით! ფოლადის წმინდა ძაფისაგან არის შეთხუზული მთელი ხმალი, არკი ლაპლაპებს, ბუნდად ბრწყინავს, როგორც გველის კანი.
- ნეტა, ვისი ნაქონია ეს პატიოსანი იარაღი?!
- შემთხვევით ჩამივარდა ხელში. ზარაფ მიღუასთვის მიეყიდნა ერთ მეტივეს ვერცხლის ყაწიმები და ეგ ხმალი. ტყეში ვმუშაობდი და ხეებს რომ ვათვალიერებდი, მორზე დაყრდნობილი შეიარაღებული ოსმალი დავინახეო; შემეშინდა, გავიქეც; სხვა მხრიდან მოვუარე, კაცი ისევ იქ იყო, არ ინძრეოდა; მოვიმარჯვე ცული, ფეხაკრეფით მივეპარე, - მკვდარი ყოფილიყო. ეს ხმალი და ყაწიმები იმას ავყარეო, ეამბნა. მაშინვე ვიცანი ნივთი და ვიყიდე.
9
აბანოებიდან მეჩუსტეებისაკენ მისდევდა აღმართ-დაღმართი ქუჩა, რომელსაც მოკლე გზით გადმოჰყვანდა მეიდნის თავში. ამ ვიწრო ქუჩაზე მღებრები ისხდნენ. ზარაფ მიღუას აქა ჰქონდა სახლი. სამ-სართულიანი შენობა იყო; სარდაფს ორი ოთახი ედგა ერთმანეთზე, ისე რომ მთელი სახლი სამი ოთახი იყო ზედიზედ აშენებული. სახლის კედელში ისეთი ვიწრო კიბე ასდევდა, რომ კაცი კაცს გზას ვერ აუქცევდა. მთელი შენობა პაწაწინა კოშკს წარმოადგენდა. სახლს თარო-თახჩები და განჯინები ჰქონდა დატანებული. უბანი მჭიდროდ იყო დასახლებული, დილიდან საღამომდის ირეოდა ხალხი.
მაშინდელ დროში ზარაფხანა ბანკს წარმოადგენდა. ფულის დახურდავება და ამაში გროშების აღება სახელდახელო რამ იყო ზარაფისათვის. უმთავრესი მისი საქმე ის იყო, რომ ზარაფხანაში ფული შეჰქონდათ შესანახადაც და გასასესხებლადაც. ზარაფი ამ შეტანილ ფულს ათამაშებდა, აღებ-მიცემობდა. ზარაფსვე აბარებდნენ შესანახად ძვირფას ნივთებს, თუ საშიშროება მოითხოვდა. თუ ზარაფი ნდობას დაიმსახურებდა, მის ხელში დიდი ფული ტრიალებდა.
დუქანი მიღუას ბაზაზხანის ქიმში ჰქონდა, სიონისკენ. დიდი მდიდარი კაცი იყო, თუმცა არ იჩენდა სიმდიდრეს და ძუნწადა სცხოვრობდა. როცა ომიანობის ამბავი გავრცელდა, მაშინვე სარისტა დაიჭირა.
- ომიანობა გაჩნდება, დავიდარაბა... ვინ იცის, რა მოხდება! - ფიქრობდა ის. - ქალაქი ჯარით აივსება, ხმალი დატრიალდება, თასი მოკვდება, ბევრი დაიკარგება. მერე ვინღა გამინაღდოს ჩემი ფული? სჯობია, სარჩო შევაგროვო, ყველაფერი ანგარიშში მოვიყვანო და ისე დავხვდე არეულობას. რამდენიც უფრო მეტი ნაღდი გაქვს ხელში, იმდენი უფრო ძლიერი ხარ და უშიშარი ამისთანა გაჭირვების დროს. ესეც იქით იყოს, ჭკვიანი კაცი, თუ ნაღდი აქვს ხელში, ბევრ სახეირო საქმეს გააკეთებს ამისთანა დროს. რამდენი ძვირფასი ნივთი ან მამული გაიყიდება მაშინ ჩალის ფასად! როცა ჩხუბობენ, ტვინი აღარ რჩებათ თავში და ოქროს ბზესავით აპნევენ. მეომარი რომ ხმალს ატრიალებს, მოქალაქე ვერცხლს უნდა აპრიალებდეს.
მაშინ იყო რომ მიღუამ უბრალო ტანისამოსი ჩაიცვა, საზარაფო ყუთში ნაღდი შეამცირა; სესხით აღარავის არ აძლევდა, თუ არ დიდი გირაოთი, და მოვალეებში დაიწყო სიარული ფულის მოსაგროვებლად.
ამავე დროს სხვა დარდიც გაუცხოვლდა მიღუას და ღრღნიდა. საქმე ის არის, რომ ზარაფს ერთი პირი ცოლ-შვილი ამოეჭამნა; ამბობდნენ, სიძუნწით ამოაღრჩოვო, და სწუხდა, რომ მის აუარებელ ქონებას მემკვიდრე არა ჰყვანდა. გადაწყვიტა მეორე ცოლი შეერთო.
- რა მიჭირს? ჯერ ისევ ჭარმაგადა ვარ. რითი მჯობიან თავსუბუქი ჯეელები? თვალ-მარგალიტში ჩავსვამ ცოლ-შვილს... განა ცხონებულ თალალას-კი არ შეეძლო ოქროს ღილებიანი ქათიბი ჩაეცვა, ვერცხლის ქუსლებიან ქოშებზე შემდგარიყო და სულ ყაბლუფლავი ეჭამნა, მაგრამ ჭკვიანი იყო, ყაირათიანი. როგორ უხაროდა ხოლმე, როცა მოგებას შემოვიტანდი! არ დასცალდა საწყალს, დოვლათით გაეხარნა. ეჰ, ღვთის ნებაა ყველაფერი! განა ჩემ თალალას-კი არ ენანება ახლა, რომ ამოდენა შეძლებას პატრონი აღარა რჩება. რომ შეეძლოს ცხონებულს, ამომძახებდა: "მიღუჯან, ახლა რასა ზიხარ ეგრე და ცოლს არ ირთამ?! გინდა შენი ძმა სოსიას აჭალბუჭულები გაახარო! ერთი მემკვიდრე გაუჩინე ჩვენ ქონებასა. მაგრამ ახლა სადღა ვიშოვო თალალას საბადლო ქალი? არა, ვინ დამიჭერს ქალს, რომელი მოქალაქე გამიბედავს, ქალა არ მომცეს, მაგრამ ვაი თუ ვინმე ქარი შემომივარდეს სახლში!..
მიღუას გასაჭირი ეხლა ეს იყო, და თავის მოვალეებში რომ დადიოდა ან ნაცნობებში, ეს აზრი ჩრდილივით თანა სდევდა, ამ დღე თავს დასტრიალებდა, ჩასჩურჩულებდა, მოსვენებას არ აძლევდა აი, ეხლა იოთამესთან რომ მიდიოდა ვალის გასანაღდებლად, თან ის აზრი მისდევდა:
იმ დღეს მკითხავმა რა კარგად გაიგო ჩემი დარდები! მითხრა, საძებარს იქ იპოვი, სადაც არ ელიო: თუმცა სიძნელე გხვდება წინ, მაგრამ შენი მარჯვენიდან რაღაც ძალა გამომდინარებს და იმითი სძლევო; ბოლოს, შენ გიერთდება, არ ვიცი, დიდი რამ ზინეთი თუ სხვა გულის სისრულეო. ჩემ ყისმათზე ამბობდა, რაღა! ნეტა, ვინ იქნება? ჩემ მარჯვენას ფული უჭირავს და ალბად ის ძალა დაინახა ხელის გულზე, - ფიქრობდა ზარაფი.
იოთამე გზაში შეხვდა. მიღუამ იქვე სთხოვა ფული. ზეინკალს ჰქონდა ნაღდი, დაჰპირდა გასწორებას, წაიყვანა, უანგარიშა, ჩააბარა, თამასუქი დაახევინა. მერე იოთამემ უამბო საამის სტუმრობა, რომ მალე უნდა მომხდარიყო დიდძალი მტრის დასხმა. ამაზე რომ ლაპარაკობდნენ, ეზოს კარი გაიღო და ქალები შემოვიდნენ.
მიესალმნენ სტუმარს. როდესაც მიღუამ თინანო ნახა, ძალიან მოეწონა.
- ეს თინანო არ არის, შენი ქალი?
- ის არის!
- რას წარმოვიდგენდი, პატარა თინანო ამოდენა გაიზდებოდა და ესე გაიფურჩქნებოდა! თვალში ჩინი ჰქონია საათნავას რომ ლექსი უთქვამს ამაზე. მართლა, რომ ცისკარია, მნათობლად აღმომხდარი! - სთქვა მიღუამ და ისეთმა აზრმა დაჰკრა თავში ელვასავით, რომ თითონვე შეკრთა.
- "რა ქალია! - ფიქრობდა ზარაფი გზადაგზა, - სწორედ ბაჯაღლოა. ბედი გაქვს რაღა, მიღუ! შენ ოქროს ტახტზე სწორედ მაგისთანა ვარსკვლავი უნდა დაბრწყინდეს. მერე ეგ ქალი იოთამეს მემკვიდრეა და მისი ქონებაც მე დამრჩება. მაგრამ ძალიან ნორჩია ჩემი თინანო, მე-კი თმაც გამითეთრდა. ეჰ, თმას რა ჭკუა აქვს! ჩემი ოქროების სხივზე ჩემი თმაც ყორნის ბოლოსავით იბჭყვრიალებს. რა უშნოდ ვიყავ ჩაცმული! ერთი კიდევ ვნახამ და...”
10
ჯერ წირვები არ დარეკილიყო, როცა მიღუა ირთვებოდა, საუკეთესო ტანისამოსს იცვამდა: ბურნუთის ფერი განიერი შარვალი, ყოშებიანი ახალუხი, შავ მაუდის კაბაზე ფოჩებიანი სარტყელი, ხარაზის წაღები ყელზე სოსან ტყავ-წაკრული. ჩამოიცვა თავზე ბუხრის წოწოლა ქუდი და ჩაიხედა სარკეში. თითქმის მოეწონა თავისი თავი. მხოლოდ ის არ ესიამოვნა, რომ ახლად მოპარსული პირის კანი გაფხეკილ საქალამნეს დაჰგვანებოდა.
- მაშ ვერა ვარ პატივსადები მოქალაქე? შნოთიც-რა მიჭირს! მაგრამ ნეტა ე თვალები რათ მეწირპლება? - სთქვა და ლურჯი ხელსახოცი გამოისვა კილოებში. - ამბობენ, კილოდაბმული თვალი სიძუნწის ნიშანიაო. სიძუნწისა-კი არა, ჭკუის ნიშანია; თუ - რა, მე, უპოვარ-უშოვარმა კაცმა, როგორ შევიძინე ამოდენა სიმდიდრე?! აკი გეუბნები, ჩემი სიმშვენივრე - ჩემი ჭკუა და უნარია-მეთქი.
გასწია ზარაფმა ისნისაკენ. იოთამეს გაუკვირდა მიღუას მისვლა, ყურები ცქვიტა, ვნახოთ, რა უნდა ამ კაცს, რადგან ეს უსაქმოდ არსად წავა და მერე ესე მორთულიო!.. არაფერი-კი არ შეამჩნევინა, გულღია დაუხვდა. ლაპარაკში სადილობამაც მოატანა და რაღას გაუშვებდნენ სტუმარს. ქალებიც იქვე დატრიალებდნენ, აზრადაც არ მოსვლიათ მორიდებოდნენ ნაცნობ ბერიკაცს. ყარყარა თინანო რომ დაცქრიალებდა, მიღუას პირში ნერწყვი მოსდიოდა და თან გაბედულობა ეკარგებოდა, იმედი ერყეოდა.
- ახ, ნეტა შეიძლებოდეს ჯეელობის ყიდვა! ჩემ ნახევარ ქონებას მივცემდი, ვინც ახალგაზრდობას დამიბრუნებდა, - ფიქრობდა ზარაფი.
სადილზე ბერიკაცმა ლაპარაკს უმატა, გამხიარულდა, აღტაცებაში მოვიდა. ათასი რამ ამბავი სთქვა, ბევრი იოხუნჯა, იკლიკანტური სადღეგრძელოები დალია. აცინა ქალები. გამოთხოვებისას იოთამეს გადაეხვია, ქალებს ხუმრობით ხელზე აკოცა.
- ვინა სთქვა, მიღუა გატყდაო? ნახეთ, რამდენი შნო გამოვიჩინე! რა უხდება სიცილი ჩემ თინანოს! ოხაი! ის რომ ბაგეს გახლეჩდა, ისე მინათდებოდა გული, თითქო ზინეთით სავსე ზანდუკი ავხადე-მეთქი. ბედი ჩემკენ არის. ჯიბეცარიელმა ჯეელებმა რა იციან მაგისთანა საუნჯის ყადრი! - ფიქრობდა შეზარხოშებული ზარაფი და თავისთავად იღიმებოდა.
მიღუამ მეორე დღესვე დაუძახა განთქმულ მაჭანკალ ფეფენას.
- იცი, ფეფენჯან, ისეთი საქმე მომიგონია შენთვის, რომ თავის დღეში ისეთი რამ არ გაგეკეთებინოს, სიზმრადაც არ მოგჩვენებოდეს.
- რა იქნება იმისთანა, რომ გამაკვირვოს? ბატონიშვილები მსაქმობენ და ისიც არ მიკვირს. ძვირფას ნივთს შეაგულებდი სადმე...
- მერე რა ძვირფასია! მთელი ქალაქის ფასია. მინდა მთელი ჩემი დოვლათი ფიანდაზად გავუშალო იმას.
- ჰოო? ეგ სხვა არის! მერე, ვინ არის ის ბედნიერ ეტლზე დაბადებული მნათობი?..
- სწორედ რომ მნათობია, აღმოსავლეთის ვარსკვლავი, ისნის ცისკარი.
- იოთამეანთ თინანო?! უი, დამიდგა თვალი!
- თვალი დაგიდგა! რა თითს იფარებ ტუჩებზე? სწორედ ჩვენი იოთამეს ქალი.
- ერთი მითხარ, თუ ღმერთი გწამს, რა შენი ფანდია ისეთი ნორჩი ვინმე, გამოუცდელი?
- ხნიანი და გამოცდილიც შენა ხარ, მოდი, შეგირთამ! ის თუ ნორჩია და სილამაზით განთქმული, მე დარბაისელი ვარ და სიმდიდრით განთქმული. გეუბნები, ჩემ ოქროს ტახტზე მარტო იმისთანა მთვარეს შეშვენის ჯდომა.
- ძნელი საქმეა.
- არა მეთქი! გუშინ იქ ვიყავ სადილად. ძალიან გაეხარდათ ჩემი მისვლა; ბევრი ვიმხიარულეთ. ფულს, იცოდე, პატივცემა და სიყვარული სდევს თანა.
- ახლა მამა და მამიდაც რომ დაგთანხმდნენ, იასე დეკანოზი არ დაგთანხმდება, იმის გაზრდილია თინანო. არც ქალი გაგიჟდება ვგონებ, შენთვის.
- ყბას ნუ მადგამ, ნავსო! ისევ სჯობია, ხამფერა დავსაქმო.
- დასაქმე! - სთქვა ფეფენამ და ჩადრს წამოავლო ხელი.
- დაიცა, ადამიანო! რა ფხუკიანი რამ გახდი ამ ბოლო დროს! შენისთანა ენამოქარგულმა რომ ეს საქმე ვერ მოაგვარო, დასაჯერებელი არ არის. ახლა იმისთვის ინაზები, მეტი მომცესო. ჰა, ხუთი თუმანიც შენი გასამრჯელო იყოს.
- რა ბრძანებაა! ხუთ თუმნად იმისთანა მზეთუნახავი ჩაიგდო ხელში! ათ ნაკლებ არ შეიძლება. ორი თუმანი ეხლავ და რვაც, როცა საქმე საქმეზე მოვა.
სასიძომ ჩინჩი დაიწყო, მაგრამ მაჭანკალი გაკერპდა და თავის სიტყვაზე გაატარა ის. როცა მიღუამ ესეთ გამოცდილ ადამიანს ჩაუგდო ხელში საქმე, დამშვიდდა. ფულით გალაღებულს აქამდის ყველა სურვილი უსრულდებოდა და ახლაც დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა, ოქროს გასაღებით შესძლებდა სამოთხის კარის გაღებას.
- ახალი სული შემოვა სახლში, გამოუცდელი; ხალხიც აირევა. ეს ნაცნობი, ეს მოყვრებიო; ახლა ომიანობა, ერთმანეთის ჟლეტა, - ფიქრობდა მიღუა და ფუსფუსებდა.
ზევით ოთახში გადაჭედილი ყუთი ედგა, ქვევით ოთახში სკივრი ჰქონდა თახჩაში შედგმული; ამ ზანდუკებს ზედაც არ შეხედა. დააღო კლიტით დაკეტალო განჯინები და სარქველ-დაფარებული ქოთნები გადმოალაგა; ზოგში ცერცვი ეყარა ზევიდან, ზოგში ლობიო, სხვაში ბუმბული და, ვინ იცის, კიდევ რა. რომ წამოაპირქვავა ჭურჭელი, სულ ოქრო-ვერცხლი წამოიბნა, ფული და ნივთებივე გამოალაგა სხვადასხვა კუნჭულებიდან და ჭერიდან. ეს ხაზინა სულ ერთ პარკში მოაქცია და სარდაფში ჩაიტანა. სარდაფს ქვემო ოთახიდან ჰქონდა ჩასავალი. ბნელოდა, რადგან ერთადერთი ფანჯარა რკინებით იყო გამაგრებული და ფიცრით ამოჭედილი. ხარახურა ეყარა. მიალაგა ერთი კუთხე და თხრა დაიწყო. თითქმის არშინზე ამოაჩინა საძირკველი და მერე ქვების გამოლაგება დაიწყო კედლიდან. რკინის ყუთი გამოჩნდა. ყუთი რომ გააღო, სანთლის შუქზე ზინეთმა ლაპლაპი დაიწყო.
- მარტო ცხონებულმა თალალამ იცოდა ეს სალარო. როგორ უხაროდა, როცა ვაჩვენებდი! ჩემ სულსაც-კი ვანდობდი იმას. თინანოჯან! როცა შენც თალალასავით ისწავლი ყადრ-ყაიმათს, გიჩვენებ ამ ზინეთს და მაშინ თუნდ ხამის კაბა გეცვას, ხანის ცოლსაც არ დაუკრავ თავს.
ჩაუმატა ჩამოტანილი საუნჯე, დაკეტა ყუთი, ამოაშენა, მიაყარა მიწა, დატკეპნა და მტვრიანი რაგინდარა მიაწყო.
- იყავ აქ უშიშრად! როცა დამშვიდდება ქვეყანა, ისევ ნახავ მზეს, მზესავით დაიწყებ ბრწყინვას და ჩემ ახალ ცოლ-შვილს გაახარებ.
ამოვიდა ზევით, ახადა სკივრი. ქალის ტანისამოსით იყო სავსე. ამოალაგა გასამზევებლად და თან ზუზუნებდა, იწირპლებოდა:
- როგორ უფრთხილდებოდა კურთხეული! ყაირათი იცოდა. ეხლა ისევ გამოდგება ყველაფერი, ახლის ყიდვა აღარ დამჭირდება; ვერ-კი დაადგება კარგად. ჩემი თინანო წერწეტია, ის-კი დაბალი იყო და სრული. მაგრამ რა უშავს, გადააკეთებს, სიგანიდან ამოიღებს, სიგძეს მისცემს.
გააღო გადაჭედილი ყუთიც. შიგ დავთრები ეწყო და ხელის ყუთით ცოტაოდენი ფული.
- თუ აიკლეს სახლი, ამ ყუთს გასტეხენ. ვეტყვი, ეს არის მეთქი ჩემი ავლა-დიდება.
მიღუამ დიდი ხანია სახლი დაალაგ-დააწყნარა. აგერ მესამე დღე იყო, რაც მაჭანკალი გაგზავნა იმან, ამბავი-კი არაფერი ისმოდა. მოუსვენრად იყო სასიძო, ჯავრობდა. ბოლოს მოვიდა ფეფენა, მაგრამ ცუდი ამბავი მოუტანა:
- ყველას გამოვუცხადე სახლში შენი სურვილი. იოთამე ერთი გაშტერდა და მერე თქვა: მოძღვარმა იცის, მე უიმისოდ საქმის დამჭერი არა ვარო. ქალი ჯერ გაჰკვირდა, ვერ გაეგო, რას ვეუბნებოდი, მერე ტირილი დაიწყო და თან ი თავადიშვილის ბეჭედი რომ აქვს. იმას იხუტებდა გულში.
- ყურუმსაღო! რატომ არ უთხარ, თუ მაგისთანა ბეჭედს თუნდ ერთ ყუთს მოგართმევს-თქო.
- ვუთხარ, მაშ. მაგისთანები ვუთხარ! ახლა სიდონიამ რომ გაიგო, მომყო პირი და ისე დამცოფა. შენი ორი თუმნის წყალი ვეღარ გამრეცხს.
- თინანოს ამზდელმა რაღა თქვა? იყავ იასე დეკანოზთან?
- სწორედ იმისთვის დავიგვიანე, რომ ისიცა ვნახე. ესე თქვა, თინანო უოქროვოთაც საკმაოდ ბრწყინავსო.
- ისე გავუხდი საქმეს, თავიანთი ხორცი ვაგლეჯინო კბილით! სულ ვიხვეწიებ, ჯერ ვერ მიცნობენ! - ყვიროდა ბერიკაცი და გამწარებული დარბოდა ოთახში.
ფეფენამ კრინტი აღარ დასძრა; ნელ-ნელა მიიწია კარებისაკენ და გაჰქრა.
11
მოიწია ქართველებზე უსაზომო რისხვა: გატყდა სატახტო ქალაქი; აიკლეს, დაანგრიეს, დაწვეს, ააოხრეს, შეაგინეს საქართველოს დედა-ქალაქი და ცრემლი ადინეს ივერიის მეოხ-მფარველ დედასა ღვთისა. ხალხი გაშტერდა, დაიბნა, განადგურდა. დამარცხებამ-კი არ მოსწყვიტა ხალხს წელი: დამარცხება და გამარჯვება ძმები არიან; ბრძოლაში გამოწვრთნილმა ქართველებმა კარგად იცოდნენ ეს და ერთი ომის წაგებით გულს არ გაიტეხდნენ; ერს გული მოუკლა იმან, რომ ღალატი შეამჩნია. მერე რა დროს? როცა უძლიერესი მტერი ედგა კარს. მერე ვის? თითონ ამაგდარ მეფის შვილებს, იმ ოჯახს, რომელიც დადგენილი იყო მამულის ჭირისუფლად, რომლისათვისაც ქართველობას ჩაებარებინა თავისი ბედ-იღბალი, რომელიც პირველად თითონ უნდა შესწირვიყო სამშობლოს... ღალატმა აიმაღლა თავისი ბილწი ქედი ერეკლეს ოჯახიდან, იმ ერეკლესი, რომელმაც უზომო ღვაწლი დასდო საქართველოს, რომელმაც უზომო სისხლი დასთხია მამულის აღსადგენ-ასაღორძინებლად, იმ ერეკლესი, რომელიც სიცოცხლითვე გმირად დასახა ქართველობამ, რომელსაც თაყვანსა სცემდა ქართველობა... თუ უცხოებმა, მძლავრი მტრისაგან წაქეზებულ-მოსყიდულმა უცხოებმა, ხელი შეუწყეს თვით მეფის შვილების და წარჩინებულების ღალატს, აქ რა იყო გასაკვირველი ან მოულოდნელი?! აკი თითონ მეფესაც ამ ამბავმა დასწყვიტა გული.თორემ ჯერ სად იყო ის ძლეული, როდესაც საქართველოს საუკეთესო შვილნი ისევ ფეხზე იდგნენ შეიარაღებულნი, შებოჭილ ლომებივით კბილთა ღრჭენით გასცქეროდნენ ხოჯა-ხანის ბანაკს ტფილისის ნანგრევებზე, საითაც არ უშვებდნენ მათ მუხანათი მეთაურნი... ამ შემთხვევაში ხალხის გული და ერეკლესი ერთნაირად გრძნობდა, ერთიდაიგივე ვარამი სწამლავდა მათ გულს, რადგან ერეკლე განხორციელება იყო ქართველთა გულისა და განუწყვეტელი კავშირი არსებობდა მათ შორის.
ბევრ ოჯახს მოეღო მაშინ საცხოვრებელი, მრავალს მოჰგლიჯეს ნამუსის საბურველი, ბევრი სიცოცხლით სავსე არსება მოსხლეს, ბევრი აატირეს. იასე დეკანოზი არ გავიდა ქალაქიდან და როცა ყიზილბაშები დაეცნენ მის სახლს, უშიშრად დახვდა წინ. მისმა საპატიო შეხედულებამ და სპარსულის ცოდნამ მიიქცია იმათ უფროსის ყურადღება, რომელიც მოუძღოდა ძლევამოსილ ჯარის ბრბოს და იმის დახმარებით თითონაც გადარჩა სიკვდილს, თავის სახლობაც გადაარჩინა. იმის ოჯახთან ერთად გადარჩა მისი აღზრდილი თინანოც. მიღუამ რომ გაიგო, მტერი შემოვიდა ქალაქშიო, გააღო სახლის კარები და პურმარილით ხელში მიეგება ყიზილბაშებს. მაგრამ დაუპატიჟებელმა სტუმრებმა ხარხარით გადაქელეს გულღია მასპინძელი და რამდენიმე წამის შემდეგ ნაბუარაღა გამოდიოდა მისი სახლის კარ-ფანჯრიდან. მიღუა მაინც ჰმადლობდა ღმერთს, რომ ცოცხალი გადარჩა.
ყიზილბაშებმა გატეხეს ტფილისი ენკენისთვის თერთმეტს. სამი დღე არბევდნენ ქალაქს და თავიანთი სიმძლავრე იმითი დაათავეს, რომ ბევრი სამღვდელოთაგანი მტკვარში გადაჩეხეს. ამის შემდეგ დაწყნარდა მტერი, ყეინმა ბრძანება გასცა, ქალაქის მცხოვრებლებს ნუღარ შეაწუხებთო, და ამ ბრძანებამ მოქმედება იქონია აღვირწახსნილ მეომრებზე, რადგან ყველამ იცოდა, რა ახლო სდევდა მის ბრძანებას ხმალი. გაიარა პირველმა თავზარდამცემმა შიშმა; ქალაქი ნელ-ნელ დაშოშმინდა, რამდენადაც-კი შეიძლება დაწყნარდეს განადგურებული, მტრის ბანაკად გადაქცეული ქალაქი. გადარჩენილებს ცხოვრება უნდოდათ და ქალაქის ძარღვმა ისევ დაიწყო ფეთქა, თუმცა სუსტად და უსწორ-მასწოროდ. დუქნები დაიღო აქა-იქ. სცდილობდნენ სოფლებიდანაც დაეწყო ისევ დენა სანოვაგის მომტან ხალხს, რადგან ძალიან უჭირებდათ საქმეს საჭმელ-სასმელის უპოვნელობა.
გამოჰყო თავი მიღუამაც. მიიხედ-მოიხედა, ტანტალი დაიწყო. მიჰყო ხელი თავის საქმეს. აუარებელი სამკალი დახვდა: ნადავლი საქონელი ბზის ფასად გადიოდა. სახლში კიდევ იპოვა ცოტაოდენა ნაღდი და იმის ჯადოქარმა თითებმა სწრაფად დაუწყეს ზრდა იმ თანხას. უფრო მეტ შნოს გამოიჩენდა ზარაფი და დიდ სიმდიდრეს შეიძენდა, მაგრამ თრთოდა, ყოველწამს თავდასხმას ელოდდა ავაზაკებისაგან, რომლებიც მაინც დათარეშობდნენ ქალაქის ქუჩებში. ეს შიში იყო იმის მიზეზი, რომ მიღუამ ძლიერ მფარველს ვისმე დაუწყო ძებნა; კიდეც ამოირჩია მფარველად სელიმ-ხანი და მოახერა იმასთან გაცნობა.
ფეფენაც გამოძვრა სოროდან. მიავლ-მოავლო თვალი, სუნი იკრა, ალღო აართო ამ დომხალივით არეულ ხალხს და მიჰყო ხელი ამღვრეულ წყალში თევზის ჭერას. მაჭანკალი იყო, თავის ხელობით უნდა ეცხოვრნა, მაგრამ თათრებს ჯვარს ხომ ვერ დასწერდა, ცოლების შოვნას ხომ ვერ შეუდგებოდა იმათთვის და სცდილობდა დროებით მეუღლეები მოეძებნა ამ მოსხეპილ ვაჟკაცებისთვის ფეფენა მიმინოსავით ათვალიერებდა ხელსაყრელ მასალას გადარჩენილ ხალხში და მარჯვედა ჰყიდდა ნებითა თუ უნებლიეთ. ამ ნადირობაში მღებრების ქუჩამდისაც მიაღწია და აქ მიღუას დანახვაზე ბრწყინვალე აზრი მოუვიდა თავში.
- მიღუჯან, რა მიამა შენი ნახვა! მადლობა ღმერთს, მშვიდობით გადარჩენილხარ!
- გმადლობთ, შენ ხომ ეშმაკებსაც დაუძვრები ხელიდან!
- კიდევ ხომ არ მიწყრები? მაშინ შენგანაც გავილანძღე, იმათთაგანაც გათახსირებული დავრჩი. ეხლა გიჩვენებ, რომ ფეფენა ბიაბროდ გახდას არავის შეარჩენს.
- მაშ გასალანძღი არ იყავ, ფეფენ? ოცი თეთრი მინალთუნი ჩაგითვალე ხელში, შენ-კი ერთი ბისტისაც არა გააკეთე-რა.
- შენზე არ ვამბობ, შენი მოვალე ვარ, თუმცა ათი თუმნისაცა მლანძღეს მაშინ. ეჰ, რაც იყო, იყო! მე იოთამეაანთზე ვლაპარაკობ. ეხლა ჩემკენ არის ბედი, იმათი სული ჩემ ხელშია.
- როგორ, ფეფენჯან? ქალაქშია თინანო? თანახმა გახდა?
- შენ კიდევ შენსას გაიძახი! თანახმა-კი არა, ისე უნდა გაუხადოთ საქმე. თავის ხორცს იგლეჯდეს კბილით, მუხლის თავით გვეხვეწებოდეს! ხომ გახსოვს, როგორ ემუქრებოდი?
- მახსოვს მაშ! მაგრამ ეხლა როგორ უნდა ჩავიგდოთ ხელში!?
- იშტა გაქვს? როგორ უნდა ჩავიგდოთ ხელში!? ჩემი დაპირებული რვა თუმანი?
- ყურუმსაღო! ჯერ ორი თუმნისა რა გაგიკეთებია, რომ ახლა კიდევ რვა მოგცე!
- რას ჯავრობ? მე ჩემი ვეცადე მაშინ და თუ ვერ გავასაღე დახავსებული საქონელი, რა ჩემი ბრალია! ეხლა სულ სხვაა-მეთქი.
- მერე, ვინ მომცა ხელად ფული!.. ხომ ხედავ, ამიკლეს!
- მშვიდობით! სხვა ვინმე თინანოს ერთ ნახვაში მომცემს სამ მაგოდენას.
- კარგი, მამა გიცხონდა, იმის ჯავრს ნუ ჩამაყოლებ და თუნდა ყმად დაგისახლდები.
- შენ ჩემი რვა თუმანი მომე, რა ჭირად მინდა შენი ყმობა! ფეფენამ ჩაიდო ფული ჯიბეში. მერე მიუბრუნდა მიღუას:
- კარგად დაიხსომე: შენი თინანო ქალაქშია, იასე დეკანოზისას; ხელზე საამისეული ბეჭედი უკეთია. გესმის?
- მესმის!
- გახსოვდეს, მიღუაჯან, ბეჭედი რომ გადმოატრიალო, თვალზე ორი ასოა ამოჭრილი "თ" და "გ" თინანო გოსტაშაბიშვილისა, რაღა! ყური დამიგდე! საამი ეხლა იმ ჯარების უფროსთაგანია, რომლებსაც მეფე ერეკლე თავს უყრის ერთად, რომ ყეინს გზა შეუკრას და ქალაქში მოიმწყვდიოს. თინანოს კავშირი აქვს ყეინის მოღალატეებთან. ის ბეჭედი ნიშანია იმათ შორის. მიხვდი?
- მივხვდი!
- ეხლა ეს საიდუმლო რომ იცი, ან თინანო შენ უნდა წამოგყვეს ცოლად. ან შენი მოვალეობა უნდა აასრულო და აცნობო ღალატის ამბავი ყეინს.
- ტარტაროზი ხარ!
12
ფეფენა გატუსტუსდა ჩადრ-აკაპიწებული, თან ბოროტად იღიმებოდა:
- არა, თქვე კაი ადამიანებო. გალანძღვას რაღას მემართლებოდით? არ მიეციო ქალი, ძალიან კარგი ქენიო, მაგრამ ვერ იტყოდით, თუ, ფეფენაჯან, თითონ შენ იცი, რა შეუფერებელია მიღუა ჩვენი თინანოსთვის; მოდი, ერთი ყინულზე გააცურე ი ქოფაკი, რომ არც მწვადი დასწო, არც შამფური; აი, ესეც შენი ფეხის ქირა. ააჰა, მორჩა და გათავდა! თორემ ძაღლთან რომ მაბამდით პატიოსან მანდილოსანს, რა გეგონათ!
- მავნეა, ნამდვილი შეითანი! მთლად ხელში მომცა თინანოანი, თავებ დააყრევინებენ, თუ გაუგეს, მაინც ისე არ ევარგება საქმის მოხერხება, როგორც ფეფენა ამბობს: დაშინებით ის მე არ წამომყვება და ტყუილად ავაზაკად გამოვალ, ან რა შნო ექნება ძალის-ძალად წამოყვანილ ცოლს?! - ამბობდა მიღუა და ფიქრობდა. სხვა გზას ეძებდა. - ესე სჯობია. - მოიფიქრა ბოლოს: - ამ ამბავს მე სელიმ-ხანთან მივიტან, საიდუმლოდ; ის ყველას დაატუსაღებს; მე ჩავალ შუაში, ვიპატიებ ქალს ან გამოვისყიდი, თუ გაჭირდა; დამხსნელად გამოვალ. იქიდან პირდაპირ ჩემ სახლში წამოვიყვან. მაგრამ თინანოს სილამაზემ რომ თვალი მოსტაცოს სელიმს და ქალი თავისთვის მოინდომოს... ახი იქნება! შე კაი ქალო. გეუბნებიან, თუ მობრძანდი, ოქროს ტახტი გამიმზადებია შენთვის, დაბრძანდი! რაღას ჯიუტობ? - ამბობდა მიღუა და ემზადებოდა.
ზარაფმა აარჩია საუკეთესოდ შემკული ხანჯალი და წავიდა. სელიმ-ხანი მაშინ გიორგი ბატონიშვილის სასახლეში ცხოვრობდა, წმ. გიორგის ეკლესიის გვერდზე, დიდი სახლის გადასწვრივ. ტფილისი რომ ააოხრეს, ბატონიშვილის მეგობარმა განჯის ხანმა არც დაანგრევინა ეს სასახლე. სელიმი აქ დაბინავდა. მოგეხსენებათ, რომ უმთავრესი ბანაკი ყიზილბაშებმა სოღანლუღში დაჰკრეს, თითონ ტფილისში-კი რამდენიმე ადგილი დაიჭირეს ჯარებით. ხანი შინაურულად დახვდა, პერანგის ამარა. მიღუამ მდაბლად დაუკრა თავი ზღვენი მიართო.
- ვინ იცის, რომელ ვაჟკაცს აჰყარე, ბრძოლის ველზე დაცემულს...
- რა ბრძანებაა! გირაოში დამრჩა. ზარაფი გახლავარ, ისევ ჩემ ხელობას მივდევ; ცოტა რამ ხურდა ჩამრჩა ჯიბეში, იმას ვატრიალებ.
- სხვა რა ახალი ამბავი იცი? ხალხი რას ფიქრობს?
- ყეინის მზესა ფიცულობს, მისგან ქვეყნის დამშვიდებას ელის.
- შენ რომ დაგიჯეროს კაცმა, ქართველებს გაჰხარებიათ ჩვენი შემოსვლა და დაჰვიწყებიათ ერეკლე.
- ერეკლეც უყვარდათ, სანამ შეეძლო ქვეყნის დაფარვა. ეხლა-კი სხვა არის.
- თუ სხვაა, მაშ რატომ არ მოჰყავთ შეპყრობილი მეფე ყეინთან?
- ეგეც მალე იქნება ღვთის მადლით!
- ოღონდაც, თუ ერეკლე მეფეს ბევრი ჰყავს შენისთანა ერთგულები! - სთქვა ხანმა და შუბლი შეიკრა.
მიღუას არ ეამა ხანის ესეთი საუბარი და დაეჩქარა გაეცხადებინა მისვლის მიზეზი, რომ მოეგო სარდლის გული და თავის სურვილიც გაეხორციელებინა.
- ერეკლეს ერთგულები ვიყავით, სანამ მეფე იყო. ეხლა განგებამ მოჰგლიჯა იმას გვირგვინი და ბრწყინვალე ყეინს მისცა ის. ჩვენი ვალია, ამას იქით ყეინს ვემსასუროთ.
- მარტო სიტყვით! თორემ რატომ აქამდის არ ვიცით, სად არიან ან ერეკლე მეფე, ან ის ჯარები, რომლებიც ჯერ არ ამოგვიწყვეტია?
- საქმითაც, ბატონო! სწორედ მაგისთვის გხლებივართ, - თქვა ზარაფმა და მონას შეხედა.
- ახალი იცი რამე? - ჰკითხა ხანმა ცნობისმოყვარეობით და ანიშნა მონას გასულიყო.
- ღალატს აპირებენ ქალაქში. იასე ღვდლის სახლი დაუდვიათ ბინად. მეხანჯლეების უსტაბაშის ქალი სცხოვრობს იასესას და იმ ქალს კავშირი აქვს საამ გოსტაშაბიშვილთან, რომელიც საბარათიანო ლაშქრის სარდალი გახლავსთ. ქალის მამას დიდძალი იარაღი გაუგზავნია იმ ლაშქარში. მოგეხსენებათ, ის ჯარი უვნებლად გადარჩა.
- მართალია, იმ ჯარმაც ვერ მიიღო ბრძოლაში მონაწილეობა და გადარჩა ამოჟლეტას. მოღალატეებმა ისე მოუხერხეს ერეკლეს, რომ უჯაროდ დასტოვეს ბრძოლის დროს. ეს სწორედ ჩვენი ყისმათი იქნებოდა, თუ მეფეს თავი არ დაეხწია; ეხლია-კი, როცა ერეკლე თავისუფალია, სწორედ აქ არის ჩვენი საფრთხე: იმას შეუძლიან ისარგებლოს იმ ხელუხლებელ ჯარებით, - სთქვა ხანმა და მიუბრუნდა მთხრობელს: - რითი ამტკიცებ შენ ნათქვამს?
- იმითი ვამტკიცებ, რომ ქალს ხელზე უკეთია საამის ბეჭედი, რომლის ქვაზე ამოჭრილია ასოები "თ” და "გ” და რომელიც ნიშნად არის შეთქმულებისაგან მიცემული; კიდევ იმით, რომ თითონ საამს ზეინკლის სახლში არჩენდა ჭრილობისაგან ექიმი ბაჯიაშვილი; კიდევ იმით, რომ დიდძალი იარაღი გაგზავნეს საამის ჯარში.
- ჰმ! - ჩაიხმაურა ხანმა და დაფქრდა.
- მე ჩემი მოვალეობა ამისრულებია, ყველაფერი მომიხსენებია და ღმერთმა ქნას, მაცთურს არ დაებრმავებინოს საწყლები და გამართლდნენ. მაინც და მაინც წინათვე გთხოვთ, ის ქალი მე მაპატიოთ, რადგან იმას შეთქმულებისა არა გაეგება-რა და მოტყუებით ჩაითრევდნენ საქმეში. იმის წონა ვერცხლს მოგართმევთ ზღვნად - ეუბნებოდა მიღუა და თან თავს უკრავდა.
მაგრამ ხანი ეხლა ყურს აღარ უგდებდა ჯაშუშს, სხვაზე ფიქრობდა. შემოჰკრა ტაში. მონები შემოვიდნენ. ხანმა უბრძანა, ტანისამოსი მიერთმიათ მისთვის.
13
როგორც ყეინის წარჩინებული სარდალი და მასთან დაახლოვებული, სელიმ-ხანი ყოველდღე ეახლებოდა შაჰინ-შაჰს ბრძანების მისაღებად. ეხლაც იქით გაემგზავრა, თან იმას ფიქრობდა, მოეხსნებინა ყველაფერი, რაც უამბო მთხრობელმა, თუ ჯერ გამოეკვლია საქმე და მერე ეცნობინებინა. იმ აზრს დაადგა, ყველაფერი ეხლავე ეამბნა, რადგან ეშინოდა, იქნება, შაჰმა კიდეც იცის ეს საქმე და თავხედობა იქნება დავუმალოვო. იმისთვის ეშინოდა, რომ აღა-მაჰმდ-ხანს ძნელად გამოეპარებოდა რამე და კარისკაცები ბევრჯელ გაკვირვებულნი რჩებოდნენ, ნეტა ისეთი რა თილისმა აქვს, რომ ყველაფერს იგებსო.
- უამბობ, გავიგებ, რა გუნებაზეა ყეინი, რა აზრზე დგა და ისე მოვაგვარებ საქმეს, - იფიქრა ხანმა.
ყეინი აივანში ბრძანდებოდა. ხალიჩაზე იჯდა, ბალიშზე დაყრდნობილი გაჰყურებდა მთებს. ვერც-კი შეამჩნია სელიმ-ხანის შესვლა და მისი სალამი. სხვა რამ ფიქრს გაეტაცნა ირანის მფლობელი. სხვა ჭმუნვა ესახებოდა ჭკვიან თვალებში. ბოლოს მოეგო თავს მიაქცია ყურადღება კარისკაცებს. ყეინი არ ააღელვა ამბავმა.
- გამოიძიე. თუ ტყუილი გამოდგეს, დამსმენს თავი გააგდებინე! - ბრძანა შაჰმა და ისევ ჩაფიქრდა.
შეჰბედეს, ჰკითხეს ჭმუნვის მიზეზი.
- ხომ ჰხედავთ იმ ბუმბერაზ მთებს, კავკასიის მწვერვალებს? ეხლა იქ იმყოფება ის არწივი, რომელიც მე დავაფრთხე ბუდიდან: იმ მთების ბატონია ის.
- გვიბრძანე, მძლეთა მძლეო!
- მიუწდომელია! ძალა არ გამოდგადგება იქ... იმ მთების იქით საშინელი ვეშაპი ბუდობს. საზარლად იზრდება, ძლიერდება. ირანის ლომს მხოლოდ ამ მთების არწივთან ერთად შეუძლიან იმ ვეშაპთან ბრძოლა; თუ არა, სპარსეთსაც დაამცირებს, დასჩაგრავს, ჩანთქავს. მაგრამ აქ ყველა მოუჯადოებია იმ გრძნეულს! - ამბობდა წინათგრძნობით გატაცებული ხელმწიფე და რაღაც ჩვენებიდან ვერ გამორჩეულიყო.
მეორე დღეს სელიმ-ხანს მიჰგვარეს დასმენილები და თითონ გამოჰკითხა საქმე. დაპატიმრებულებმა ყველაფერი გულახდით უამბეს, რადგან დასაფარიც არა ჰქონდათ-რა. როცა ფეფენამ მარილიანად მოუთხრო თავის მაჭანკლობის ამბავი, ხანმა ღიმილი ვეღარ შეიკავა.
- მეფეთ-მეფე მოწყალე თვალით უყურებს დამონავებულ ქართველებს, თორემ ყველას თავებს დაგაყრევინებდით. მიპატიებია! გაგანთავისუფლებთ ყველას, მხოლოდ ჯერ-ჯერობით ვერ გამოვუშვებ ვერც ამბის მომტანს, ვერც იმ ქალს, რომელსაც სარდლის ბეჭედი აღმოაჩნდა.
ამ სიტყვებზე ქალს ფერი ეცვალა. იოთამემ ტირილი დაიწყო, იასე მღვდელი ერთ წუთს შეყოყმანდა, მერე წადგა და მტკიცედ მოახსენა:
- არა მსურს თავისუფლება, სანამ საქმეს არ გამოიკვლევთ. გაუშვით ქალი, მე დავრჩები აქ!
- გეშინიან, რომ ეგ ყველაფერს გაამჟღავნებს და გინდა, განსაცდელი აიცდინო? ვერავინ დაგიფარავთ, თუ დამნაშავეები აღმოჩნდებით, თუ არა - ხელს ვერავინ შეგახებთ: ვსეთია ყეენის ნება. გაიყვანეთ! - მიუბრუნდა მსახურებს.
ამ ბრძანებაზე მამამ გულში ჩაიკრა ქალი.
მოძღვარმა გადასახა ჯვარი და თავზე აკოცა ცრემლმორეულმა.
- გფარვიდეს ანგელოზი უფლისა და გამცნოს სულმა წმინდამა, ვითარ ანუ რასა იტყოდე. გახსოვდეს, შვილო ტკბილო, წმ. მოწამე ქეთევან!
ქალს გული ამოუჯდა; უკვდავების წყარო მარგალიტის ნამებად გადმოდუღდა გიშრის ღარებზე და ეპკურ-ესხურა ბროლ-ლალის არე-მარეს.
მიღუამ ნახა, რომ საქმე სახიფათოდ დატრიალდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა ხანს: თრთოდა, ცოცავდა, კალთებს უკოცნიდა, თავს ახეთქებდა - განთავისუფლებას ევედრებოდა. ხანს ზიზღი მოჰგვარა კაცის ამგვარმა სულმდაბლობამ და ქოშის წვერი წაჰკრა სახეში. გაათრიეს.
თინანო მარტო დაიხელთა სელიმმა. დიდხანს უმზერდა გაკვირვებული. ამგვარი სიმშვენიერე ჯერ არ ენახა. უკვირდა ქალის ნათლით შემოსილი სხეული. მისმა ნაწნავებმა, რომლებიც კულულებად მოფუშულიყვნენ და სხივებად ეხვეოდნენ ნაზ სახეს, მოაჯადოვეს ვაჟკაცი, მიიზიდეს; უნებლიეთ ხელი შეახო ქალის თმას. თინანო გადახტა უკან. კედელს აეკრა.
- მშვენიერებავ! არ გენანება შენი თავი?
ქალი შიშით თრთოდა, ხმას არ იღებდა. კაცს შეეცოდა ნაზი არსება, თავი შეიმაგრა, უკან დადგა.
- იქნება არ იცი, რა სასჯელი მოგელის ხელმწიფის ღალატისათვის? შეეკითხა ხანი და ხმაში ლმობიერება დაეტყო.
ქალი ააგზნო საზიზღარმა სიტყვამ; გასწორდა წელში, გაბედვით შეხედა მტარვალს:
- არ მიღალატნია მეფისათვის. თორემ ლუკმა-ლუკმა დასაგლეჯი ვიქნებოდი!
- დიდებული ყეენია თქვენი მეფე და მის წინააღმდეგ გიპირებიათ შეთქმულება.
- არავითარი შეთქმულება არ გვიპარიბია! არც საჭიროა ჩემისთანების დახმარება: საქართველოს კიდევ ჰყვანან თავდადებულნი.
- ერთი იმათგანი საამ გოსტაშაბიშვილიც არის, რომელსაც თავის საყვარელიც - ვერ დაუხსნია ტყვეობიდან.
- სტყუი, უსჯულო! საამს ერთადერთი სატრფო ჰყავს ტყვეობაში -თავისი სამშობლო; მე მხოლოდ მავედრებელი ვარ, მიენიჭოს მას გამარჯვება.
ისე დაშვენდა ქალს აღელვება, რომ მტარვალს სისხლი აუქოჩქოჩდა; წამოხტა, მიუახლოვდა.
ძალიან გიყვარს შენი ქვეყანა? გაგანთავისუფლებ, ყველა სურვილებს აგისრულებ, გესმის? ყველა სურვილებს! - ჩასჩურჩულა ვნებით გამსჭვალულმა ვაჟკაცმა და მძლავრათ მოჰხვია მკლავები.
- თავს მოვიკლავ! შეჰკივლა ქალმა და ჩაიკეცა.
თავდავიწყებული ვაჟკაცი შესდგა ერთ წამს ამ სასოწარკვეთილ კივილზე. ამავე დროს გაისმა კარების რაკუნი. ხანმა იძრო ხანჯალი და ვეფხვივით გადახტა, რომ გაეგმირა თავხედი, მაგრამ უცბად დაუშვა მახვილი: ყეინის ბრძანება გადმოსცეს, დაუყოვნებლივ ჰხლებოდა.
ყეენი აღელვებულა დაჰხვდა სელიმს.
- ეხლავე შეჰკრიბე რაზმი და გადი სათარეშოდ. სამი დღე მომიცია ვადა. საგძალი შეაგროვ; მსურს დაუყოვნებლივ დავბრუნდე სპარსეთს. თუ ქართველების ჯარი ნახო, თუნდაც მცირე, არ შეებრძოლო. გამოტრიალდი! - უბრძანა შაჰმა.
სელიმ-ხანი ძალიან გააკვირვა ყეინის ბრძანებამ. მაშინვე ფეხზე დააყენა რაზმი. მთლად შეჭურვილი და გზად გამზადებული შებრუნდა თინანოსთან.
- ნუ გეშინიან, თვალთა ნათელო! გამოგცადე; მეგონა იმდენად გიყვარს მამული, რომ თავს შესწირავდი იმას.
- სანატრელია, ვემსხვერპლო ქვეყანას; მაგრამ, იცოდე, საქართველო მხოლოდ პატიოსან მსხვერპლს შეიწირავს... თავს მოვიკლავ! ხელთა მაქვს, ავისრულო სურვილი.
სელიმი ერთხანს აღტაცებით უყურებდა თავის ტყვეს, მერე უთხრა:
- არ გაბედო! აჰა, ჩემი ვაჟკაცური სიტყვა: ნუ გეშინიან ნურაფრისა!
სარდალმა ჩააბარა ქალი საჭურისს და უბრძანა თვალისჩინივით გაფრთხილებოდა.
14
საამ გოსტაშაბიშვილი დაბრუნდა სოფელში. მოართვეს შეკვეთილი იარაღიც. ეხლა მას შეეძლო, თავისი რაზმი საუკეთესოდ შეიარაღებული გამოეყვანა. დროც იყო: შინ სარდლის ბრძანება დახვდა. დაუყოვნებლად მისულიყო მთელი თავისი რაზმით მარაბდას. როცა საამი მივიდა დანიშნულ ადგილას, თითქმის მთელი სადროშო დახვდა შეკრებილი. ჯარი ალგეთის პირას იყო დაბანაკებული, ქოთიშში, რადგან თუმცა ჯერ ისევ ძალიან ცხელოდა დაბლა, მაგრამ მდინარე ერთობ საჭირო იყო ამოდენა ხალხისთვის. რაზმების წინამძღვრები-კი ზევით დაბინავებულიყვნენ, მარაბდაში, ზაალ ბარათაშვილისას და სისხლის ღვრის მოლოდინში წითელ ალგეთისპირულით იკლავდნენ ჟინს. საამმა თავის რაზმისთვის ალაჩოყები დიდ ჭანდართან გააკეთებინა, ალგეთის პირას, და თითონაც ამ ხის ქვეშ დაიდგა კარავი.
სადროშოს ლაშქარი თითქმის მთლად იყო-მეთქი შეკრებილი, აკლდა მხოლოდ თრიალეთის რაზმი, რომელიც აქამდისაც უნდა მოსულიყო, მაგრამ ჯერ ამბავიც არ ისმოდა. მეტი ლოდინი აღარ შეიძლებოდა; სარდალმა გადასწყვიტა, მეორედ გაეგზავნათ კაცი და აეშურებინათ ხალხის შეყრა. ბრძანების აღმასრულებლად საამი ამოირჩია.
- შენისთანა სანდო და მოხერხებული არავინა მყავს, შენ უნდა წახვიდე თრიალეთში რაზმის ასაჩქარებლად; რაც უფრო სწრაფად იმგზავრებ, ისა სჯობია: უეცრად რომ ბრძანება მოვიდეს, პირშავად შევრჩები ბატონ მეფეს, ნაკლები კაცი მეყოლება.
სარდლის მოსაზრებით ამ ბრძანების ასრულებას მოასწრებდა საამი, რადგან ხოჯა-ხანისა ჯერ სწორედ არა ისმოდა-რა.
- ალბათ, ჯერ არეზს არ გამოსულა მტერი, თორემ გავიგებდით და ბრძანებაც მოგვივიდოდა ჯარის მოძრაობის შესახებ, - ფიქრობდა სარდალი და თითებზე ითვლიდა, რამდენი ხანი მოუნდებოდა საამი წასვლა-მოსვლას.
დათანხმდა საამი. მხოლოდ პირობა დასდეს: მოუვიდოდა თუ არა მეფის ბრძანება, მაშინვე კაცი უნდა ეფრინა საამისკენ, რომ ის დროზე მოჰშველებოდა თავის რაზმს.
კარგა ხანი მოუნდა საამი დავალებულ საქმის გამოწყობას, რადგან დიდი მანძილი და სახიფათო ადგილი ჰქონდა მოსავლელი. მაგრამ ისეთ მოწყობილ და ახოვან რაზმს წამოუძღვა წინ, სწორედ სასიამოვნო სანახავი იყო.
დაბრუნებული საამი იმან გააკვირვა, რომ ლაშქარი ფარცხისში ნახა დაბანაკებული; თანაც ბანაკი აბნეული იყო, ჯარი განახევრებულიყო, დაქსაქსულიყო. ამასთანავე ისეთი ამბები გაიგონა, რომ იმის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა.
- ჯარი დავწიეთ აქეთ, არ გვინდოდა შევჩეხებიყავით ყეინის ურიცხვ ლაშქარს, რომელიც მოაბნელებდა არემარეს. ალგეთს რომ გამოვიდნენ, ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთი მტკვრის პირ-პირ წავიდა, მეორემ კოდის გზაზე გადმოქელა სოფლები.
- მაშ მტერმა ისე გადმოიარა ჩვენი მხარე, რომ ვერაფერი ვერ ავნეთ?
- რას ვავნებდით, როცა ბრძანება არა მიგვიღია-რა! საომრად მომზადებულ ჯარს განსაცთელში ხომ ვერ ჩავაგდებდით ჩვენი ნებით!.. მხოლოდ კოდაზე დავეცით ღამე ყიზილბაშებს ერთი სამოციოდე კაცით, ზოგი რამ ბარგი წავართვით და ათიოდე ტყვე მოვსხლიტეთ.
- მაინც ვერაფერი გამიგია ამ საქმისა.
- რა დიდი გაგება უნდა! რევაზ ანდრონიკაშვილის კაცმა ხომ გიორგი ბატონიშვილის განკარგულება მოიტანა: ჯარი არ დასძრათ, ეს ჩემი ნებაა პატივსადები მიზეზების გამო და როცა დრო მოვა, მე თითონ გიბრძანებთო. ჩვენც ველოდით. ესეთივე ბრძანება მისვლიყოთ საგარეჯოს მოურავს გიორგი ჩოლაყაშვილს და ქიზიყის მოურავს ზაქარია ანდრონიკაშვილს; იმათი ჯარებიც არ ახლდა მეფეს.
- მერე?
- მერე და ჩვენი უბედურება! ყეინი ტფილისს მოადგა. ერეკლე შეებრძოლა ხუთიათასიოდე კაცით და, ხომ იცით, იმისი ამბავი, ხმალ-და-ხმალ გაეპო იმოდენა სპა, ყეინის კარავს დაჰპირდაპირებოდა. თურმე შეკრთა ყიზილბაში და ყეინიც შეფიქრიანდა.
- ვახ, სად ვიყავ!
- ახლა შიგ ქალაქში ამოსჩენოდა ბატონს მოღალატეები და მტრის ჯარს კოჯრის გზით შესძღოლოდნენ.
- ბატონი? ბატონი ერეკლე?
- ძალით გაეყვანათ ომიდან, არაგვისკენ გაეტაცნათ.
- მადლობა ღმერთს, მთლად არ დავღუპულვართ! მაშ გაოხრდა, გაოხრდა ქალაქი?
- მთლად დაუწვავთ და დაუნგრევიათ.
- ჩვენი მხრიდან არავინ ედგა რაღა ერეკლეს მხარში?
- როგორ არა, ზაალ ორბელიანი იყო იქ თავის რაზმით: ყიზილბაშები რომ დაინახა, აღარავის გაუგონა და პირდაპირ ეახლა ერეკლეს. ათიოდე კაციღა გადარჩენილა იმის ხალხიდან. თურმე თითონაც დაჭრილია და მეფეს ახლავს თან. ნეტა ჩვენც ურჩობაზე დაგვედო თავი!
ჩამოვარდა სიჩუმე. ისხდნენ დაღონებულნი, თითქო ცხედარი უდევთ წინაო. მაინც ძვირფას მკვდარსა გლოვობდნენ: გული მოჰკვდომოდა საქართველოს.
ისევ საამმა დაარღვია სიჩუმე:
- დიდი უბედურება დაგვტეხია თავს, რისხვით მოტრიალებულა ჩვენზე ცის ბორბალი, მე კი არაფერი ვიცოდი! მე რომ ვყოფილიყავ...
- ყოველ წუთს მოველოდით ბრძანებას, რომ კაცი გამოგვეგზავნა და ნამდვილი შეგვეტყობინებინა შენთვის, ამიტომ...
- მაგაზე არ მოგახსენებთ. მე რომ ვყოფილიყავ-მეთქი თქვენ ადგილას, კაცს გავგზავნიდი ბატონიშვილთან და თითონ მეფესთანაც: იქნება გამოგზავნეს ბრძანება. მაგრამ რამე მიზეზით ვერ მოაღწია ჩვენამდის.
- რა ბრძანებაა! განჯას რომ მოვიდა ყიზილბაში, კაცი ვაახელით ბატონიშვილს და შემოეთვალნა, მზად იყავით, ბრძანებას ელოდეთო. გვინდოდა, ახლა თითონ ბატონისთვის შეგვეტყობინებინა, მაგრამ ისე გრიგალივით წამოვიდა მტერი, რომ ვეღარა მოვახერხეთ-რა.
- იცით რას გავბედავ? ან მთლად დაბნეულან ჩვენი წინამძღვრები, ან ღალატია აქ, საზიზღარი ღალატი თვით ბატონიშვილისა და იმის მახლობელთაგან! ხომ ისეც სისხლს უშრობდნენ მოხუც გმირს!
- ყველას გულში გვქონდა ეგ.
- მტერს რომ უკან დავდევნებოდით, დიდ სამსახურს გავუწევდით ბატონს მეფეს: სოღანლუღიდან შევუტევდით, ჩვენები გაიგებდნენ, საბარათიანო ლაშქარი მოაწვაო, შავარდნის ფრთებს შეისხამდნენ. ჩვენამდის გამოაპობდნენ ლაშქარს.
შემდეგ იმაზე დაიწყეს ბჭობა, რა უნდა ექნათ ეხლა, რა გზას უნდა დასდგომოდნენ. დაასკვნეს, მეფისათვის ეცნობებინათ როგორმე თავიანთი მდგომარეობა და პირდაპირ იმისგან მიეღოთ განკარგულება. რადგან სწორედ არ იცოდნენ, სად ბრძანდებოდა ეხლა მეფე, ამისათვის უმჯობესად სცნეს ტფილისში შეეპარებინათ კაცი, გაეგო ქალაქის მდგომარეობა და იქიდან ეღონათ ღონე რამ. თითონ საამმა იკისრა ამ საქმის შესრულება. მეო, სთქვა იმან, აქ დამდგომი მაინც არა ვარ, ქვეყნის საქმეც და ჩემი პირადი მოვალეობაც მიწვევს ტფილისში და უთუოდ უნდა წავიდეო.
15
საამს გათვალისწინებული ჰქონდა, რა ძნელ საქმეს შეუდგა, იცოდა, თუ ჩაუვარდებოდა ხელში ყიზილბაშებს, სიკვდილს ვერ გადარჩებოდა, და ამისათვის ყოველივე გულდასმით მოიფიქრა.
- ქალაქში უნდა წავიდე, - უბრძანა თავის მოურავს, - დიდი სიფრთხილე მმართებს და ვამჯობინე სანოვაგის გამყიდველ გლეხად მოვირთო. თან ლექსოსა და ვანოს წავიყვან. ხვალვე გავუდგები გზას. ყველაფერი მოამზადე. აი, ეს წიგნიც; თუ რამე უბედურება შემემთხვა, აბრამ მოძღვარს მიართვი და იმან გახსნას: ჩემი ანდერძია შიგ მოხსენებული.
- ბატონი ბრძანდებით! მაგრამ არა სჯობია. თითონ მე გიახლოთ? იქნებ გამოიყენოთ ჩემი გამოცდილება.
- არა, გიორგი, შენ აქ იქნები საჭირო, რო მაშინვე აასრულო ბრძანება, თუ რამე შემოვთვალე.
შინ რომ სარისტა დაიჭირა საამმა, მერე კოდაზე გადავიდა მკითხავთან. მაშინ აქ ალთუნაანთ მარეხა მკითხაობდა, რომელმაც მთელ საქართველოში გაითქვა სახელი თავის გულთმისნობით. ყიზილბაშების გავლის დროს მარეხა თავის კერას არ მოსცილებია; მთელ სოფელში ეს ერთი ადამიანი დახვდა თათარს.
- რახან ვაჟკაცებს ლეჩაქი დაუხურავთ და ომს გაურბიან, მაშ ვიღა უნდა დახვდნენ მტერს წინ, თუ არ დედაკაცები? - ამბობდა ბებერი.
მკითხავი კარებ წინ იჯდა ძაძით მოსილი. არც ფეხზე წამოუდგა საამს არც მიესალმა.
- რა დაგმართია, მარეხი, ვეღარ მიცან საამი?
- ვეღარ; შენ ბატონი საამი არ უნდა იყო: ის მტერს არ დაემალებოდა, სისხლის ღვრის დროს სანთლით საძებნელი არ გახდებოდა.
- ძაძა რაღად შეგიმოსია; განა მოგიკლეს ვინმე ი უსჯულოებმა?
- მომიკლეს! საქართველოს გული მომიკლეს და იმაზე ვზივარ მგლოვიარედ. ალბათ, ჯერ არ გაგიგია ეს. რომ წვერი მოგიპარსავს, სადღესასწაულოდ მოკაზმულხარ.
- კარგი, ბებერო, დაწყნარდი, ჭკვიანი ადამიანი ხარ და ვერ მიმხვდარხარ, რა ცეცხლი ტრიალებს ჩემ გულში! - უთხრა საამმა წყენით.
- ახლა რა გინდა ჩემგან?
- შემომხედე და გაიგე! ხომ გულთმისანი ხარ!
დედაკაცმა თვალი თვალში გაუყარა საამს. თვალების ავზარი გამომეტყველება მოურბილდა. სახლში შეიწვია. ამოიღო მიწიდან ვერცხლის თასი, აავსო წყლით და შიგ ალმასის ბეჭედი ჩააგდო.
- იჯექ ეგრე გაუნძრევლათ, ბეჭედს თვალი არ მოაშორო, შენი საგონებელი იფიქრე!
დედაკაცმა დაიწყო სახლში სიარული, ყველა კუთხე დაათვალიერა, ყველა კედელს ხელი ახლო. შემდეგ მიუახლოვდა საამს, რამდენჯერმე ჩამოუტარა ხელი ჰაერში თვალებ წინ და უბრძანა, თვალი თვალში გაეყარნა იმისთვის. საამმა ჩახედა ბებერს შავ თვალებში, რომლებიც ეხლა გველის თვალებით ბრწყინავდნენ, ისარს უყრიდნენ, გონებას უტანჯავდნენ - და შეზარა.
- ტფი... ილ... ისი უპა... ტრონო... ნოდ აო... ოხ... აოხრ...და... გაი... ჟლი... ლიტ... ნენ... თი... ნა... ანო... საყვა... რელი...ტყვე... ეობ... აში... ტყვეობაშია... ბეჭ... ედი... - ამბობდა ნაწყვეტ-ნაწყვეტად მკითხავი და თან ისე ებრძოდა გონებას, რომ ჭირის ოფლი დაასხა; ბოლოს მთლად გაუჭირდა, ჩაჩუმდა, გარინდდა, თითქოს ჩაეძინაო.
საამი იჯდა განცვიფრებული და ვერ გამორკვეულიყო. ან როგორ არ გაოცებულიყო, როცა მარჩიელმა მისი გულის პასუხი გაიგო. ის საიდუმლო, რომელიც სტანჯავდა საამს; სახელიც კი ამოიკიოხა, მის გულზე დაწერილი სატრფოს სახელი. მკითხავი მოვიდა ცნობას, გამოერკვა.
- ესე არ გამჭირებია გულის პასუხის გაგება, - სთქვა იმან, - მფარველი ანგელოზი ახლო აღარა მყავს, განშორდა უსჯულოთაგან შელახულ ადგილებს და ისე მკაფიოდ აღარ მესმის მისი ხმა. წადი, შვილო, აასრულე შენი განზრახვა, მოსწმინდე შენი წილი ცრემლი ატირებულ სამშობლოს. წმიდა გიორგი მუხათისა გიძღოდეს წინ!
დაადგნენ ქალაქის გზას. დაგლეჯილ ჩოხებში იყვნენ გამოხვეულნი, ჩაჩები ეხურათ; დატვირთულ ცხენებს მიერეკებოდნენ. ასცდნენ ნარგიზებს, გაუარეს ბორბალ-ერტის-ვაშლოვანს, თავს გადაუარეს კუმისს, აჰყვნენ მარჯვნივ კოჯრის ხევს და ტაბახმელ- ოქროყანის გზით დაეშვნენ ძირს. ჩუმად მიდიოდნენ. ათასში ერთხელ თუ გადაუგდებდნენ ერთმანეთს სიტყვას. საამი დარდიანად იყო, რადგან მძიმე საქვეყნო საქმე ეტვირთნა და საკუთარი ჯავრიც ტვინს უღრღნიდა: თინანოს ამბავი არ იცოდა, გული ეტანჯებოდა.
- არ მეგონა, თუ ესე ძვირფასი შეიქმნებოდა ჩემთვის თინანო, ფიქრობდა საამი. -- ყოველჟამს თანა მდევს მისი ნათელი სახე. განუშორებელი გახდა ჩემი გონებიდან. ვინ იცის, რა გაჭირვებაშია? იქნებ ფიქრობს, სიტყვას უღალატა, აღთქმა დაივიწყაო; იქნება იმასაცა ფიქრობს, მოღალატეებში ურევია, მეფის ბრძანებას ეურჩა, ჯარი არ მოაშველაო...
ამ აზრმა გული ატკინა ვაჟკაცს და თავი ვეღარ შეიმაგრა, მხლებლებს გაუზიარა ფიქრი:
- ასე მგონია, რომ ქალაქში მარტო თათრებისაგან არ მოგველის შიში, ჩვენებსაც უნდა ვუფთხილდეთ.
- ეგ როგორღა იქნება, ბატონო?
- ეცოდინებათ, რომ ჯარი არ მიაშველეს ბატონს და გამწარებულები იქნებიან; შეიძლება მოღალატეები ვეგონოთ.
- მართალსა ბრძანებ ბატონო, - მიუგო ერთმა.
- მტრის სისხლით უნდა მოვიბანოთ ეგეთი ეჭვი, - სთქვა მეორემ.
როცა ტაბახმელას თავქვეებიდან ტფილისი დაინახა საამმა გული, მძლავრად აუტოკ-აუჩქროლდა. ეხლა მიხვდა, რა საუნჯე დაეტოვებინა ქალაქში. დაიწყო თვალიერება, უნდოდა მოეაზრნა თინანოანთ სახლი.
- ვაი თუ ტყვედ წაიყვანეს უმწეო ქალი ან მოკლეს, ან... - აქ ისეთმა ფიქრმა გაუელვა თავში, რომ სიმწვავით გველივით დაიკლაკნა.
ჩასცდნენ ოქროყანას. ციხეს რომ გადახედა საამმა და ზედ ყეინის დროშა დაინახა, ბოღმით ცრემლები წამოსცვივდა.
16
ტყუილად ათვალიერებდა საამი იოთამეს სახლს, ამაოდ ეძებდა. თუნდა ეპოვნა ის ნანგრევებში და გონების თვალით განეჭვრიტა, მაინც ვეღარ დაინახავდა იქ თავის ბედის ვარსკვლავს, რადგან იმ მნათობის ბრწყინვალებას მოეხიბლნა და მიეზიდნა შირვან-დევი, რომელიც თავს ევლებოდა მას, ეშხით თვრებოდა, ჩანთქმას ჰლამოდა; ვეღარ დაინახავდა იქ თავის თინანოს, რადგან ის დატყვევებული ჰყვანდა შაქ-შირვანის ხანს სელიმს, რომელიც თითონაც დატყვევებულიყო მზე-ქალის ეშხით.
ქუდბედი დაჰყოლოდა სელიმ-ხანს: ყოველთვის და ყველგან გამარჯვებული რჩებოდა, ყისმათისაგან დაჯილდოვებული. ტფილისის აღების დროსაც იმას გაუღიმა იღბალმა: იმისი ბაირაღი აფრიალდა პირველად ქალაქის გალავანზე. დიდებულმა ყეინმა შენიშნა ეს და პირს აკოცა, ლაშქრის წინ აკოცა პირს. ეხლაც იმავე იღბალმა სელიმს მიჰგვარა კარს ტფილისის უმშვენიერესი ასული, აღებულ ქალაქში იმასა ჰხვდა წილად უძვირფასესი საუნჯე. რა შურს აღძრავს დიდებულებში, როდესაც გურჯისტანიდან ამისთანა სხივოსანს არსებას ჩაიყვანს სპარსეთში! თინანო დედოფალი იქნება ჰარამ-ხანისა, იქნება მთელი სპარსეთისაც, ვინ იცის; სხვა ხათუმები მხოლოდ მოახლეები იქმნებიან კეკლუცისა. ისნის ცისკარს შეჰშვენის ირანის ცისკრობა, როგორც თვით სელიმს ბრწყინვალე... მაგრამ ჯერ არ მოწევნილა ჟამი. მგოსნები იქაც ააკვნესებენ თინანოსთვის სიმებს... თითონ მზექალა? ის დაჰმორჩილდება თავის ხვედრს, როცა ჰნახავს, რა სიმდიდრეში, რა პატივში, რა დიდებაში ჩავარდება. მთლადაც დაივიწყებს საქართველოს და ვიღაც საამს. როდესაც იგი, სელიმი, სიყვარულით გაათბ-გაანათებს მშვენიერის გაციებულ-ჩაბნელებულ გულს. და რომ ეხლავე ეგემნა თინანოს, რა მოსიყვარულე გმირის ტყვე შეიქმნა ის და რა ფუფუნებაში ყოფნა მოელოდა იმას, სელიმი წასვლის დროს ზრდილობიანად, ნამდვილ სპარსულ ზრდილობიანად, დაემშვიდობა ქალს; არც-კი მიუახლოვდა, რომ უდროვოდ არ შეემღვრია მისი ნაზი გრძნობები, თუმცა, - ღმერთო! - რა ძლიერა ჰსურდა ჩაჰკონებოდა იმ შემკრთალ - განცვიფრებულ ანგელოზს!
- ამზად! ჩემ სიცოცხლეს გაბარებ, გაუფრთხილდი! შენ იცი ჩემი გულის ამბავი! - უბრძანა საჭურისს.
თინანომ მადლობა იგრძნო თავის მპყრობელისადმი და ვაჟკაცი წინანდებურად შესაზარი აღარ ეჩვენა. ასეთია კაცის გული: თვით ბოროტებამაც რომ გცეს პატივი, იმაშიაც იპოვი კეთილ მხარეს.
ერთგულმა საჭურისმა უნაკლულოდ შეასრულა პატრონის ბრძანება. ქალი ბატონიშვილის ოთახში მოათავსა. მეორე სართულში იყო ეს ოთახი, მაღალი და ვრცელი. აღმოსავლეთით დიდ თახჩაში ძვირფასი შემკული ხატები ესვენა. ამ მხარესვე იყო მოთავსებული კოხტად ნაგები პატარა ბუხარი, რომლის თავს იდგა ზარის საათი. ჩრდილოეთით იდგა საწოლი ტახტი, მდიდრად მორთული და წითელი ხავერდით მოდებული; კედელზედაც წითელი ხავერდი იყო შეფენილი. ამ ტახტის წინ იდგა ხავერდ-ფენილი მაგიდა, რომელზედაც ეწყო საწერ-კალამი და ქაღალდი; შუაზე იდგა ხელის ყუთი, რომელიც ეხლა უძვირფასესი სამკაულით აევსოთ. დასავლეთით იდგა გრძელი ტახტი, ქეჩა-ხალიჩით მოფენილი, გარ-მოწყობილი მუთაქებით, რომლებსაც ნაქსოვი ფარჩა ჰქონდა გადაკრულა, იატაკი იყო დაგებული ერთი მთელი ოთახის ზომის ორხოთი; კუთხეებში იყო მიდგმული სპილენძის რგვალი მაგიდები. რომლებზედაც ათასი თვალწარმტაცი რამ ელაგა. რაც რამ უძვირფასესი აეღოთ დავლად, ყველაფერი მოიხმარა საჭურისმა ქალის სადგომის დასამშვენებლად, მაგრამ თანაც ისე გაამარტოვა, ისე გააცალკევა ქალი, როგორც ზღაპრული მზეთუნახავი.
თუმცა ღრმა ჭმუნვით იყო მოცული თინანოს გული, მაინც ქალი იყო ის, ახალგაზრდა ქალი, და როცა ნახა, რა დედოფლურად მოაწყეს ის მეფეების სადგომში, გაერთო, თითქო ჩრდილს მიეფარა მისი მწარე ხვედრი და მით უფრო ადვილად, რომ ეს სიმდიდრე ან სულ არ ენახა ქალს, ან სხვის ტანზე და სხვის ოჯახში მოეკრა გაკვრით თვალი.
ღირსიც იყო თინანო დიდებულ ცხოვრებისა, ცოდვა იყო მისი შვენება შესაფერად არ ყოფილიყო შემმკული: ჩამომავლობითაც შეშვენოდა ბრწყინვალე ყოფა. თინანო უბრალო ზეინკლის ქალი კი არა, თავადის ქალია, მდიდარ და სახელგანხთქმულ წარჩინებულისა, ეს ოთახი მისი საკუთარია, მოყვარულ მამისაგან მისთვის მიჩემებული. რა მშვენიერია ეს ვერცხლში ჩასმული, თვალ-მარგალიტით მოჭედილი პატარა სარკე; ბიძამ აჩუქა თინანოს ეს ნივთი, ომიდან რომ დაბრუნდა, მაშინ. განა არ იცოდით ესა?! ხომ ხედავთ სარკეში თინანოს ანგელოზებრივ სახეს, გარს რომ კულულები შემოხვევიან სხივებივით? ფერმკრთალი იმისთვის არის, რომ მთელი ღამე ძილი არ მოსვლია. პირველ ღამეს რომ ჩაიძინა და სიზმარი ნახა, სიხარულით გული აუტოკდა, იმ გულის ცემამ გამოაღვიძა ის. აღარ დაეძინა და აღარ! მერე იცით, ვინ ეჩვენა თინანოს? საამი! რა შვენოდა საგმირო მორთულობა, როგორ თრთოდა და ღელავდა მისი თეთრი რაში.
- აი, ჩემო სიცოცხლე, ხომ გაჩვენე საქმენი საგმირონი, ხომ მოვსპე მამულის მტერი, ჩემი ხელით მოვკვეთე თავი იმ უსჯულოს და ეხლა რაღა გვიშლის შეუღლებას? ღირს მყაო მოგეახლოვო, სიცოცხლე!
- განა აქამდის-კი ედგა რამე წინ ჩვენ კავშირს. გმირო თავდადებულო? რა აღუდგებოდა წინ სიყვარულის უძლეველ ძალას,მაგრამ სამშობლო რომ მტრის ხმალ ქვეშ ჰკვნესოდა. იმისთვის არ მოგეცი პასუხი.
- ეხლა, სასურველო?
- ეხლა, როდესაც ვნახე მტერი ძლეული, შენის მარჯვენით დათრგუნვილი, ეხლა...
ნაზად დახარა ქალმა წამწამთა ჯარი. მიხვდა გმირი. ჩაეკონა.
- ჩემო ყველავ! - ჩასჩურჩულებდა ვაჟკაცი და თვალებს უკოცნიდა.
- რა ტკბილია ის კოცნა! უკვდაების შეხებაა!
ნეტარების ნაპერწკალმა დაჰკრა ქალს თხემით ტერფამდის და დაბუგა.
- რად გამშორდი ეგრე ცივად. ჩემო იმედო? ნუ, ნუ მომეკარები! შენ, დიდებული გმირი ქვეყნისა, ბრწყინვალე თავადი. მე კი ხელოსნის ქალი. მხევალი შენი, ასული შენის ნაყმევისა... გულმა დამძლია და გავკადნიერდი, გავბედე გამესწორებინა თვალი შენი შარავანდედისათვის და დავისაჯე... მომხედე, მხოლოდ მომხედე, კიდევ დამანახვე ვაჟკაცური შენი სახე! ერთხელ, მხოლოდ ეხლა და... გაგშორდები, გავალ ქვეყნით, განდეგილთა სავანეში ვილოცავ შენთვის სიკვდილამდის.
- ნუ მეტყვი მაგას! მშვენიერება თვით უფალია უფლებათა,ხოლო შენ განხორცაელება ხარ მშვენიერებისა და უმაღლესი ქვეყნიურ დიდებულთა, მაგრამ... - თქვა საამმა და ძვირფას ნივთებს გადაავლო თვალი.
- უი, დამიდგა თვალი! ხომ არა გგონია, შენი თინანო ამეებით შეისყიდოს ვინმემ? სამოთხეზე ვერ გავცვლი ჩემ სიყვარულს, ქვეყნის სიყვარულს, ქვეყნის სიმდიდრე ჩალად მიმაჩნია უშენოდ... ძალა?! ძალას ვერვინ იხმარებს ჩემზე, რადგან სიკვდილი ხელთა მაქვს, - ამბობს თინანო და გულზე გაკეთებულ შანას უჩვენებს. - სიკვდილი მყავს აქ დატყვევებული, წუთზე გადამაფრენს ამ ქვეყნით და იქ მოგეგებები სპეტაკ-უმანკო, როგორც სხივი რამ.
- უიმე! - შესძახა ქალმა და ოცნებიდან გამოსულმა თრთოლა დაიწყო, როცა გაიღო კარი და მის წინ მოწიწებით წასდგა საჭურისი.
- მე ვარ, მზეთა-მზე, მონა და ფეხთა მტვერი შენი. რისთვისა კრთები? გმირთა-გმირი სელიმი დაბრუნდება ხვალ და მალე წავალთ გამარჯვებულნი სპარსეთში. იქა ჰნახავ, რა ბრწყინვალეა თქვენი მეუღლე.
- მიშველე, საამ! - შესძახა სასოწარკვეთილებით ქალმა და გადაესვენა.
- შორს არის შენი საამი, ვერ დაგიხსნის! ვეღარავინ გიხსნის შენ ჩვენი ხელიდან! - სთქვა გესლიანად მონამ და ვარდის წყალი აპკურა გულ-შემოყრილს.
17
სცდებოდა კაცთ არამსგავსი: საამი ახლო იყო, ძალიან ახლო.
მგზავრები ჩავიდნენ სოლოლაკის თავქვე. ქალაქის გზები თათრებს ჰქონდათ დაჭერილი და გარს შემოეხვივნენ. საამმა ანიშნა მხლებლებს, იმისკენ მიეწივნათ, რომ ერთად ემოქმედნათ, თუ საჭიროება მოითხოვდა. ყარაულმა გასინჯა მიტანილი სანოვაგე და ყეინის კარს გაგზავნა. აიღეს, ფასი უთქმელად ჩააბარეს. ამ პირველმა ნაბიჯმა გაამხნევა საამი.
- მეგონა დაგვატყვევებდნენ და. ნახო, როგორ პატიოსნად მოგვეპყრნენ! - ამბობდნენ მგზავრები. საამმა დააბინავა ცხენები, უბრძანა კაცებს, არსად წასულიყვნენ და გასწია ავლაბრისაკენ. გზა-გზა შენიშნა, რომ თათარი დამშვიდებით არ იდგა ქალაქში. ქუჩები სავსე იყო ურმებით, ჯორ-აქლემით, ცხენებით; მეტეხის ციხესთან ბარგს აბარგებდნენ.
- სათარეშოდ თუ აპირებენ გასვლას, - იფიქრა საამმა.
გული ძლიერ აუძგერდა, როცა თინანოანთ სახლს მიუახლოვდა. გაოხრებული დახვდა სახლი: გალავანი შემოერღვიათ, საჩეხი მოეგლიჯათ. ბაღჩა გადაეკაფათ, კარ-ფანჯარა მიელეწნათ. დაღონდა.შეიხედა ფანჯრებიდან - არავინა სჩანდა, ძაღლი დათვიაც-კი არ მიეგება. გულდაწყვეტილი საამი გამობრუნებას აპირებდა, როდესაც მეზობლის სახლიდან ძონძებში გახვეული დედაბერი ამოძვრა.
- რა გინდა, კაცო, ვის ეძებ?
- იოთამე მინდა, უსტაბაში იოთამე. აქ აღარა სცხოვრობს?
- შე კაი კაცო, და განა ადამიანის საცხოვრებელიღა არის ე ნანგრევები?!
- მაშ სად ვიპოვო? საჭირო საქმე მაქვს.
- რა ვიცი, სად იქნება? ვინ იცის, არის კიდევ სადმე ცოცხალი, თუ არა!
ამ ლაპარაკში დედაკაცი თანდათან უახლოვდებოდა საამს და აკვირდებოდა.
- კაცო, ვინ ხარ შენ? თითქო მეცნობიო.
- რაში გეკითხება ჩემი ვინაობა? - მიუგო საამმა და გამობრუნდა, რადგან ეშინოდა, არ მიცნას დედაკაცმა, არ გამცესო. ავადმყოფობის დროს მეზობლები ხშირად ხედავდნენ საამს და შეიძლებოდა ეცნო.
- იმ თავადიშვილსა ჰგავს, იოთამეანთ რომ მოარჩინეს, - ფიქრობდა დედაკაცი. დიდ იმედებს აძლევდა მაშინ საწყლებს, გაჭირვების დროს-კი დაიკარგა. დახე, როგორ ქურდულად დაძვრება!
საამი იასე მღვდლისას წამოვიდა. თუ გავიგებ რასმე ან ქვეყნის საქმისას, ან ჩემი დარდისას, სწორედ იქ გავიგებო, ფიქრობდა ის. იასეს სახლი არ იყო ისე გაოხრებული, როგორც იოთამესი. თითონ მოძღვარმა გამოხედა. შეხედა საამს და ელდა ეცა. მაშინვე შეიწვია, კარები ჩაკეტა.
- რისთვის გასჯილხარ, ბატონო, და განსაცდელში ჩაგიგდია თავი?
- დავალებული მაქვს გავიგო, სადა ბრძანდება ბატონი ერეკლე, ან რასა ფიქრობს და რას აპირებს.
- აქ სწორედ არავინ იცის ეგ. ის-კი ნამდვილია, რომ დროზე მოასწრო და გაეცალა მტერს; არაგვის ხეობისკენ წაბრძანდა.
- ნეტა როგორ აპირებს ქვეყნის შველას? ომგარდაუხდელი ჯარები მზადა გვყვანან.
- ქიზიყის ჯარიც მზადა ყოფილა, საგარეჯოსიც, მაგრამ შველის მაგივრად რევაზ ანდრონიკაშვილს იმ ჯარებით ჩვენი ხალხივე დაურბევია.
- ჩვენც გავიგეთ მაგ ავაზაკების ამბავი. ვერ მივმხვდარვართ, როგორ მოხდა, რომ შეკრებილი ჯარები თავის დროზე ვერ ეახლნენ მეფეს, არც ჩვენ მიგვიღია ბრძოლაში მონაწილეობა; ბრძანებას ველოდდით.
- მერე არ მოგსვლიათ ბატონის ბრძანება? მეფე ხომ კაცს კაცზე ჰგზავნიდა ყოველ მხარეს.
- არ მოგვსვლია! მაინც ახლა რა უნდა ეშველოს ქვეყანას?
- თათრის წასვლის შემდეგ გამოირკვევა ყველაფერი და შესაფერი მსჯავრი დაედება.
- განა გადის თათარი ქალაქიდან?!
- ხოჯა-ხანი მთლად იყრება ამ დღეებში, სპარსეთში მიემართება.
- ჩვენ ნაცნობებიდან ბევრი დაიღუპა?
- მთელი ქალაქი სისხლით მორწყეს და გადაბუგეს.
- იოთამე?
- დაიღუპა! სახლის აკლების დროს სიდონია ხანჯალზე ააგეს. შემდეგში თინანო წაიყვანეს ტყვედ და იოთამე შეშლილივით შეიქმნა; გავარდა, ერეკლეს უნდა მოვახსენო, შვილი დამიხსნასო.
- თინანო ტყვედ წაიყვანეს სად არის ეხლა? ცოცხალია?
- ცოცხალია, სელიმ-ხანსა ჰყავს ტყვედ, - უთხრა მოძღვარმა და უამბო ქალის დაპატიმრების ამბავი.
- მაშ უსჯულოს სათამაშო გამხდარა ქალი!..
- არასოდეს! თინანო ჩემი გაზრდილია და თავს მოიკლავს, შეურაცხყოფას-კი მოითმენს. კიდეც მოახერხებს, თუ თავის განწირვა დასჭირდა: შხამით შემზადებული აბი აქვს თან.
- უნდა დავიხსნა თინანო ან არ მინდა თავი ცოცხალი! - სთქვა საამმა და ზეზე წამოხტა.
იასემ შეხედა საამს და თვალები აეხილა. შეატყო, რა ძვირფასი გამხდარიყო მისი აღზრდილი ამ ვაჟკაცისათვის და გული უფრო ეტკინა, რომ ეს ბედი ვეღარ ეღირსებოდა ქალს.
- უთუოდ უნდა დავიხსნა! - განაგრძო საამმა. - დავეცემი სელიმ-ხანის სადგომს და მოვიტაცებ ქალს. ორი კაცი სხვა მყავს აქ. იარაღი უნდა გვიშოვოთ, უიარაღონი შემოვედით ქალაქში.
- დაბრძანდი, ბატონო, მოვიფიქროთ. იარაღის შოვნა შესაძლოა, მაგრამ თქვენი განზრახვის ასრულება შეუძლებელია: სელიმი გიორგი ბატონიშვილის სასახლეშია დაბინავებული, რომელიც დანგრევას და აკლებას ჯავათ-ხანმა გადაარჩინა. გარს ყარაული არტყია, ეზოში ათასი ხალხი ირევა. მართალია, თითონ სელიმი სათარეშოთ არის გასული, მაგრამ მაინც ბევრი მეომარი ახვევია სასახლეს და ძალიანაც ფრთხილობენ. ორი კაცით აბა რას გახდებით?!
- მაშ გამოვისყიდოთ! მთელ ჩემ ქონებას მივცემ.
- შეუძლებელია! სელიმი ისეც მდიდარია და ეხლა ხომ ყელამდის არის სავსე ნადავლით; ქალი ძალიან მოსწონს და არ გასცვლის ოქროში, არ დასთმობს.
მაინც დაასკვნეს ყოველ შემთხვევისთვის საამს დაეთვალიერებინა სასახლე. თუ შესაძლო იქნებოდა, ეზოშიც შესულიყო, რომ ის მაინც გაეგო, რომელ ოთახში ჰყვანდათ ქალი ჩაკეტილი.
საამი მიუახლოვდა სასახლეს და დაუწყო თვალიერება. ორთ-სართულიან სახლის ბანზე თეთრი დროშა იყო ამართული, რომელზედაც ოქროსფრად იყო სურათები გამოყვანილი. ფართო ეზოს მაღალი გალავანი ერტყა, ზევით სართულის ფანჯრები ჩაკეტილი იყო, ფარდა ჩამოფარებული. იგრძნო საამმა, რომ თინანო აქა ჰყვანდათ, მაგრამ რომელ ოთახში? საამი ცდილობდა განეჭვრიტა გონების თვალით მთელი სასახლე, დაენახა თავისი საუნჯე, მაგრამ ამაოდ. მაინც თვალი ვეღარ მოეწყვიტნა ფანჯრებისთვის, რომლებზედაც ეხლა კრთებოდნენ ჩამავალი მზის სხივები და იქნება თინანოს ეალერსებოდნენ. ვინ იცის, რამდენი ხანი იქნებოდა ესე ჭვრეტად გადაქცეული, თუ ქუჩაში ხმაურობა არ ატეხილიყო. გამოჩნდა თეთრ-ტაიჭოსანი მხედარი, რომელიც ჯარს მოუძღოდა წინ. წოწოლა ქუდი ეხურა; ჰინით შეღებილი წვერი მტვერს დაეფქვილა. ახოვანი რამ ვაჟკაცი სჩანდა. გამოეგებნენ სასახლიდან, მოწიწებით ჩამოართვეს ცხენი. ქუჩა ანჩხატამდის ხალხით აივსო.
18
საამმა რომ სელიმ-ხანის დაბრუნება ნახა, მოტყდა, მოიღვარსლა. ქაჯნი მოესწრნენ და ძნელად შესამართი საქმე შეუძლებელი შეიქნა. გამობრუნდა მჭმუნვარე, აზრშეხუთვილი. შეიარა იასესთან, ჟანგისფერი ედვა, ბოღმას ტვინი შეერყია, თვალები ამღვრეოდა. იასე მაშინვე მიხვდა, რომ ბოროტი რამ წაჰკიდებიყო ვაჟკაცს.
- დაბრუნდა სელიმ-ხანი. თინანო იმისია, თუ არ მოვსპე ის ჯალათი.
- შეუძლებელია! იმოდენა მხლებლებში ვერ მიატანთ სელიმამდის. თუნდაც მოჰკლათ, რა გამოვა? თინანო ისევ ტყვედ დარჩება და, იქნება, უარეს დღეშიც ჩავარდეს.
- მაშ ეწიოს მტარვალი გულის წადილს?!
- ვერ ეწევა-მეთქი! აკი მოგახსენე, თინანოს აქვს საშუალება აიცილოს შეურაცხყოფა. სელიმიც არა ჩქარობს, ცდილობს შეიჩვიოს ქალი, არ გაამწაროს, რადგან ეშინიან, თავი არ მოიკლასო.
- რაზმი რომ თან მახლდეს, პირდაპირ დავეცემოდი სასახლეს ეხლა-კი მირჩევნია მკვდარი ვიყო! - სთქვა საამმა და თავი ჩაჰკიდა.
ამ დროს მოისმა ძაღლის ყეფა და კარის რახუნი.
- მიხსენ მე, უფალო, მდევართა ჩემთაგან! - სთქვა ხუცესმა და გავიდა.
რომ შემობრუნდა, თან შეიარაღებული თათარი შემოიყვანა. საამმა ხანჯალს ხელი გაიკრა, მაგრამ უეცრად შესდგა.
- შტრაფილ-ბეგ!
- მე გახლავარ, ბატონო საამ!
- რა გინდა?
- თქვენი მშვიდობა! მეგობრად მოვსულვარ.
- კეთილი!
- გიახელით, რომ სამსახური გაგიწიოთ და გადაგიხადოთ თქვენი სიკეთე, - სთქვა შტრაფილმა და მიუბრუნდა იასეს: - ბატონმა საამმა სიკვდილს გადამარჩინა ერთხელ.
- საიდან გაიგე ჩემი აქ ყოფნა?
- სასახლეს რომ დასტრიალებდი, მაშინ დაგინახე. სელიმ-ხანის რაზმში ვარ; ბორჩალოდან სხვებთან ერთად მეც გამომიტაცეს მაშინვე გიცანი, მაგრამ ხმა არ გაგეცი, რომ სხვებსაც არ მიექციათ შენთვის ყურადღება; იქიდან აგყევი. უთუოდ ძნელი რამ საქმე გაქვთ და გთხოვთ, მენდოთ მეგობარს.
საამი ცოტა ყოყმანის შემდეგ მიენდო კაცს, - მეტი გზა არ იყო, - და უამბო თავისი გასაჭირი. შტრაფილმა მოისმინა ყველაფერი და აღუთქვა დახმარება. ახლა იმაზე დაიწყეს ბჭობა, როგორ უნდა მოეგვარებინათ საქმე და დაეხსნათ ქალი ტყვეობიდან. გამოირკვა, რომ ქალის მოტაცება ან გამოპარება, ან გამოსყიდვა შეუძლებელი იყო. ამ გარემოებამ ძალიან დააფიქრა მოთათბირენი მდუმარებდნენ. ბოლოს საამსვე მოუვიდა სახიფათო ფიქრი რამ:
- ქალი ხომ თან უნდა წაიყვანოს სელიმ-ხანმა და გზაზე განვათავისუფლებ! იქ ციხე -გალავანი მაინც არ ერტყმება გარს და პირდაპირ მივუხდები.
- როგორ, განა შესაძლოა ყეინის ძლევამოსილ ლაშქარს მიჰმართო? - გაიკვირვა შტრაფილმა.
- სხვა გზასა და იმედს ვერა ვხედავ. თუ წადილს ვერ შევისრულებ, სიკვდილს მაინც სასურველს მივხვდები; გაიგებს, რომ სიტყვა ავუსრულე, დამიტირებს.
- მხოლოდ თავგანწირულ კაცს შეუძლიან მოუვიდეს მაგისთანა აზრი, - სთქვა მღვდელმა.
- არც ეგრე შეუძლებელია ჩემი განზრახვის შესრულება! მომისმინეთ: ლაშქარი დაიმედებული გაუდგება გზას, გრძლად წავა, გაიძაბება; ტყვეებს ყეინთან ახლო არ ატარებენ და მაშ საუკეთესო ჯარიც მოშორებით იქნება. საქმე ეხლა ის არის, მარჯვე ადგილს დახვდეს კაცი და სწრაფად იმოქმედოს. რაზმი გაწვრთნილი მყავს,იმედი მაქვს.
ეხლა ეს რჩევა ჭკუაზე ახლო ეჩვენათ. გონების თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერეს გზა და უფრო ხერხიანათა სცნეს, მოეტაცნათ ქალი სადმე სოღანლუღიდან დაწყებული ვიდრე იაღლუჯამდის. თუ კუმისის კლდეებამდის უვნებლად მიაღწევდნენ, მაშინ დევნა საშიში აღარ იქნებოდა, რადგან საამმა კარგად იცოდა ამ კლდეების ყოველივე ბილიკი და ღრანტე-დარანი, იქ ადვილად აიცდენდა მდევარს. ისიც მოიფიქრეს, როგორ უნდა გაეგო საამს, რა ადგილას მოჰყვებოდნენ გზაზე სელიმის ტყვეები. ესე დაასკვნეს: შტრაფილ-ბეგს უნდა ედევნებინა თვალი და ქალაქიდან რომ ჯარი დაიძვრებოდა, ენახნა, რა ადგილას მოჰყვებოდა ტყვე. ეს ამბავი უნდა ეცნობინებინა იასესათვის და ისიც კაცს აფრენდა მოკლე გზით. გაგზავნილს ქვაყრილზე დახვდებოდა საამის კაცი და ბინამდის მიიყვანდა.
- ვეცდები არ მოვშორდე იმ ეტლს, რომელშიაც ქალი იჯდება. გახსოვდეს, რომ წითელ, ცხენზე ვზივარ და წითლები მაცვია. ვეცდები შემნიშნო და მაშინ მომყევი. ზედ მიგიყვან, - დაჰპირდა შტრაფილი.
- თუ საწადელი ამისრულდა, ძმად დაგსახავ.
- მე სიცოცხლე მომნიჭებია თქვენგან! ესეც არ იყოს, ყეინი მიდის, ჩვენ-კი ისევ მეზობლად ვრჩებით.
საჭიროდ დაინახეს ეცნობებინათ როგორმე ეს ამბავი ქალისათვისაც. მამა იასემ დასწერა ბარათი: სთხოვა, გული შეენახა, არა აეტეხნა-რა თავის თავისთვის. ჰქონებოდა სასოება იესოზე, რომელმაც შემუსრა თვით ბჭენი ჯოჯოხეთისანი და განათავისფლა სულნი მართალნი. სხვა ვერაფერი დასწერა, ეშინოდა წიგნი არავის ჩაჰვარდნოდა ხელში. შტრაფილმა აღუთქვა ეცნობებინა როგორმე ქალისთვის, რომ საამს თავი გადაუდვია მისთვის.
19
საამი იმ დღესვე გამოვიდა ქალაქიდან. შტრაფილ-ბეგმა თითონ მიაცილა სოლოლაკის კარებამდის, რომ დაბრკოლება რამ არ შემთხვეოდა. იმავე ღამეს ავიდა საამი ფარცხისს როდესაც აცნობა მეფის ამბავი, ქალაქის მდგომარეობა, ყეინის მზადება წასასვლელად, ძალიან გაუკვირდათ. ვერ გაეგოთ, რატომ თავისებურად არ მოქმედებდა ბატონი ერეკლე, რახან მშვიდობით გადარჩენილიყო; რატომ გრიგალივით გარს არ უვლიდა ქვეყანას, რატომ არწივივით თავს არ დასტრიალებდა მის ბუდეში ჩასახლებულ მტაცებელს!.. მით უფრო საკვირველი იყო მარად მხნე მეფისაგან ისეთი უზრუნველობა, რადგან იცოდა, რომ ქართველების უმთავრესი ძალა ფეხზევე იდგა, რომ მის საშველად გამზადებული იმერეთის ჯარი ჯერ ისევ თითქმის ხელუხლებელი იყო, რომ ლეკ-ჩერქეზთა ჯარიც მხოლოდ იმის მოწოდებას ელოდდა.
- ამოდენა ლაშქარი ფეხზეა, თითქმის ხელშეუხებელი და ხოჯა-ხანის მომწყვდევა აოხრებულ ტფილისში როგორ უძნელდება ბატონ ერეკლეს?! - ჰკვირობდნენ სარდლები.
ის აღარ იცოდნენ იმათ, რომ კრწანისის ველზე ბატონი სასიკვდილოდ დაიჭრა, რომ მას მკერდში მოხვდა ღალატის გესლით მოწამლული ისარი და გული გაუგმირა, მოუკლა, ხოლო უგულოდ თითონ ერეკლეც ვეღარ გმირობდა.
ვერც ის გაეგოთ, აღა-მაჰმად-ხანს რაღა დაჰმართოდა, რომ იყრებოდა მთელი თავისი ჯარით. იმან მარჯვედ ჩაიგდო ხელში დედაქალაქი და უმთავრესი სიმაგრე, მკერდზე მუხლი დაადგა მის ფეხქვეშ განრთხმულ საქართველოს და იმის მაგიერად, რომ ძლევა-მოსილი ლაშქრით გაევლო ქვეყანა კიდითი-კიდე და დაემონებინა, ის ერთ წუთს შედგა თავისივე გამარჯვებით დამთვრალ-გაბრუებული და ეხლა ირანისკენვე მიისწრაფვოდა; ვერ გაეგოთ, რომ მოაჯადოვა ეს გამოცდილი სარდალი, რომ ვერ მოეხერხებინა ესარგებლნა გამარჯვებით.
ის აღარ იცოდნენ იმათ, რომ კრწანისის ველზე გამარჯვებული კეისარი ჭკვიანი და გამოცდილი მეფე იყო, ჰხედავდა, რა შემთხვევითი იყო მისი გამარჯვება და რახან თითონ ერეკლე გაუშვა ხელიდან, დარწმუნებული იყო, რომ ეს მოხერხებული ფალავანი შეინძრეოდა, რასმე უცნაურს მოაგვარებდა, გამარჯვებულ ყეინს საარაკოდ გახდიდა.
საამმაც არ იცოდა, როგორ უნდა ახსნილიყო ყველა ეს ამბები. არც ეცალა ეფიქრნა ამაზედ, მისი გონება სხვა დარდებით იყო გამსჭვალული: მისი მზეთუნახავი შეეპყრა დევს, გატაცებას უპირებდა და უნდა ეზრუნა რამე; თუ ეხლავე ვერ უშველიდა, თუ ეხლავე ვერ გამოსტაცებდა ტყვეს, ქალი მისთვის საუკუნოდ იქნებოდა დაკარგული.
საამმა მაშინვე წამოიყვანა თავისი რაზმი, გადმოვიდა მუხათს, ამოირჩია ოცი საიმედო მხედარი და საუკეთესოდ შეაიარაღა ისინი. გაიგეს, საამმა მცირე რაზმი გამოაწყო, რაღასაც აპირებსო და მოვიდნენ მასთან: ერტელი იაია გაბაშვილი, ბორბალოელი ზაზა სოლოღაშვილი, ენაგეთელი თენგიზ ბარათაშვილი, წალახურიდან ელიზბარ ჯორაშვილი და კოდიდან ბიძინა ყაფლანიშვილი. ესენი სულ თავზე ხელაღებული ახალგაზრდობა იყო, სიმამაცედ გადაქცეული; სულ ხმალზე იყურებოდნენ, ყოველჟამს ბრძოლა სწყუროდათ, საუცხოვოდ იყვნენ შეიარაღებულნი და ისეთ რაშებზე ისხდნენ, კაცს თვალი ზედ დარჩებოდა.
მოვიდა ქალაქიდან კაცი და იასე მღვდლის წერილი მოართვა საამს. მოეწერნა, ყეინი ხვალ გავა ქალაქიდან, მზად იყავიო. საამი დაადგა გზას. ხუთმეტი რჩეული ცხენი წაიყვანეს მარქაფად სულ დაკაზმულები. ჩაიარეს გადასახედავი, ტბისკენ შეუხვიეს, ჩაჰყვნენ კუმისის ხევს და ხევშივე დაიდეს ბინა, ტბის ახლო. დაღამდა. ბრძანება გასცა საამმა, ცეცხლი არ დაენთოთ, ხმაურობა რომ არ აეტეხნათ. მოუარეს ცხენებს. დასხდნენ ვახშმათ. აქ საამმა დაწვრილებით უამბო ყველას, რასაც აპირებდა; ჩააგონა, რამდენ სიფრთხილეს, სიმარჯვეს და მამაცობას მოითხოვდა ეს მისი ცდა. მერე გადაარჩია კაცები და უბრძანა თავის მოურავს:
- ეს ათი კაცი, თხუთმეტი ცარიელი ცხენი აქ უნდა დარჩეს ხვალაც; შენთვის ჩამიბარებია ესენი. ცხენიან-კაციანად მზად უნდა იდგეთ. როცა დაბრუნებულნი აქამდის მოვაღწევთ, დაღლილ ცხენებიდან ამ დამზადებულ ცხენებზე გადავსხდებით. მაშინ ყველანი შევერთდებით, ყველანი დასვენებულ ცხენებზე ვისხდებით და მტერი ჩამოგვრჩება. თუ კუმისს მივაღწიეთ, კლდეებში გავიფანტებით და მდევარი ხელცარიელი დარჩება.
- არა სჯობია, ბატონო, ყველანი მივიდეთ მტერზე? - ჰკითხა მოურავმა.
- არა! მოსატაცებლად თხუთმეტიც ვეყოფით, საბრძოლველად
- კი ოცდახუთიც წვეთია ზღვაში, - მიუგო გაბაშვილმა.
- ცოტანი რომ ვიქნებით, უფრო არ მოგვაქცევენ ყურადღებას, ახლო მიგვიშვებენ, - დასძინა ჯორაშვილმა.
ირიჟრაჟა. წამოიშალა საამის რაზმი. თხუთმეტი კაცი იდგა დამზადებული. საამს ჭმუნვა ეტყობოდა, რადგან ქალაქიდან კაცი ჯერ არ მოსულიყო და დაწვრილებითი ცნობები არა ჰქონდა მიღებული; არ იცოდა, რომელ ადგილას იქნებოდა სელიმ-ხანის ჯარი ან ბარგი, რომ პირდაპირ იქით მიემართნა. მაგრამ ამ ხანში სწორეთ საამისაკენ იყო ბედი: მოვიდა მოამბეც.
- მე თითონა ვნახე, - მოახსენა იმან, - როგორ დაეწყო და გამოემართა ჯარი. ქალი ტახტრევანდით მოჰყავთ. იმედი მაქვს პირდაპირ მიგიყვანოთ. მოვკალ ბილიკებზე ცხენი.
გაემართნენ. გასცდნენ ტბას, გაჰყვნენ იქითა ხევს, მიუახლოვდნენ გზას და ჩამოხდნენ. ხევზე მოდებული ბუწკნარი ჰფარავდა ჩასაფრებულებს. დაუწყეს თვალიერება. ისე ჩანდა გზა, როგორც ხელის გულზე. მალე იჩინა თავი ლაშქარმა. მზის სხივებზე იარაღს ლაპლაპი გაჰქონდა. პირველი დასტები წყობისათ მიდიოდნენ. გუგუნი იდგა ჰაერში. გული აუტოკდათ გმირებს: ცხადად დაინახეს მთელი სიძნელე თითქმის შეუძლებლობა განზრახულ საქმისა და თითქო შეკრთნენ.
- ამ ლაშქარში თითონ ყეინი ბრძანდება. ხედავთ, როგორ ლაპლაპებენ რახტები და იარაღი, - სთქვა მოსულმა.
ცხენოსან ლაშქარს ქვეითი ჯარი მოსდევდა, გუნდ-გუნდად დაყოფილი, შიგადაშიგ ცხენები და აქლემები ირეოდნენ. აგერ გამოჩნდა თეთრი ბაირაღიც, რომლის ოქროს ბუშტზე მზის სხივები სხლტებოდ-კრთებოდნენ.
- სელიმ-ხანის ბაირაღი! - იცნო საამმა.
- დიაღ, იმის რაზმი გახლავთ; ამ გუნდშია ქალი, - სთქვა მოსულმა.
საამს ისე აუძგერდა გული, რომ უნებლიეთ მკერდზედ იტაცა ხელი.
- დროა, ძმებო! - მიუბრუნდა საამი ამხანაგებს. მერე დასწვდა, აიღო სამი თითით მიწა და შეჭამა: - ეს იყოს ჩვენთვის წმინდა საიდუმლო!
ყველამ აიღო მიწა და ღვთის სახელობაზე შეჭამა. გადაკოცნეს ერთმანეთი, შესხდნენ.
- მომბაძეთ! - შესძახა მხნეთ საამმა და გაემართა.
20
ჯგუფად და წყნარად მიდიოდნენ გმირები, რომ უფრო ნაკლებ მიექციათ ჯარის ყურადღება. ძალიან დაუახლოვდნენ მიმავალ ლაშქარს. საამი ჭვრეტად გადაიქცა. მოსულმა ანიშნა საამს და ერთ ჯგუფს დაუპირდაპირდნენ. ბრბოდან გამოათამაშა ტაიჭი წითლად შემოსილმა მხედარმა და გაექანა მიმავლებისაკენ, მაგრამ მალე უკან შეაბრუნა ბედაური. მოსხლიტა საამმაც ცხენი, მიჰყვა მხედარს და ზედ მიაწყდა ტახტრევანდს, რომელშიც თინანო იჯდა. შეიქნა ჩოჩქოლი. საამმა ჰკრა ტყვია წინ გადაგებებულ თათარს და ამოგლიჯა ქალი ჩარდახიდან.
- დამიხსენ, საამ! - ამოიკვნესა თინანომ და მიეჭდო მხედარს.
საამმა იშიშვლა ხმალი და გამოატრიალა ტაიჭი. დაცალეს სხვებმაც თოფები. უკან მოექცნენ წინამძღვარს. გრიგალივათ წამოვიდა მხედართა ჯგუფი. გონს მოსულმა ყიზილბაშებმა დასცეს ყიჟინა და წამოაყარეს ტყვია ამ ერთ მუჭა ხალხს, მაგრამ მხოლოდ ორი ჩამოაგდეს: ძალიან დაიფარა მხედარნი შერჩეულმა ჯავშანმა, შეიქნა დევნა. დიდძალი ცხენოსანი გამოეკიდა გმირებს, მაგრამ ისინი შერჩეულ ცხენებზე ისხდნენ და გამოასწრეს. თათრის მხრიდან ზოგიერთი მხედარი წინაურდებოდა, უახლოვდებოდა ქართველებს, მაგრამ ისინი მარჯვედ იბრუნებდნენ პირს და ტყვიით გადმოაგდებდნენ დაწინაურებულს. გამოსცდნენ ტბას. მიატანეს ჩასაფრებულებს. იმათ ადრევე შენიშნეს ამხანაგების მოქმედება და მზად დახვდნენ. მსწრაფლ დაიცვალეს ცხენები. ეხლა საქმე მოგებული იყო: ძალიან დაწინაურდა რაზმი. მიაღწიეს ვაჟკაცებმა კუმისის ღელეებს და სწრაფად გაიფანტნენ. გაუჩინარდნენ.
თოფის სროლამ და ყიჟინამ ყეინის ყურებამდის მიაღწია. მოახსენეს, რა ამბავი მოხდა. ბრძანა, ცოცხლები მომგვარეო თავხედები, დაბადების დღე შევანანოვო. მდევარი რომ ცარიელი დაბრუნდა, ყეინს მიწის ფერი დაედო, გესლიანათ გადახედა სელიმ-ხანს და ბრძანა:
- წაგებულ ომს უდრის ეს მარცხი!
1901 წ.
ის სახლი ახლაც შეგიძლიათ იაზროთ, თუ მირზოევისეულ ქარხანასთან გახვალთ და იქიდან შემოხედავთ ამ მხარეს; სვეტები ისევ დარჩენილა, თუმცა საჩეხი-კი აღარ არის ზედ წამომდგარი, რადგან სახლი უკან დაუწევიათ და ახალ გეგმაზე აუგიათ.
ბალღობისას გამიგონია ეს ლექსი. არ ვიცი, აქვს ვისმე ჩაწერილი, თუ ისიც დაიკარგა საათნავას ბევრ სხვა ლექსებთან ერთად. ვ.ბ.
ეს ის ეფრემი იყო ალექსიევი, რომელმაც მღვდლობაში, გიორგი მეფის დროს, ღვინისათვის სახმარ ჭურჭლის ქება დასწერა ლექსად. ვ.ბ.
ამ ბაჯიაშვილებს გვარად მოუდიოდათ ექიმობა. იმისი ჩამომავლები ეხლაც ექიმობდნენ. შეუდარებლები არიან გატეხილისა და ჭრილობის მორჩენაში. თითონ ძამნა ერეკლეს განთქმულ ექიმბაშს ივანე ყარაშვილს არ დაუვარდებოდა.
გლეხი დღესაც ისე ლანძღავს თავის საქონელს, თითქო სხვისა არისო ვ. ბ.
თურმე სულ ორმოცი წელიწადი არ იქნება მას აქეთ , რაც ეს ხაზინა იპოვნეს. მიღუასეული სახლი დაენგრიათ მაშინ ამოჩენილიყო. დიდი განგაში გამოეწვია ამ ზინეთის პოვნას.
გიორგი მეფის სუფრაჯი, მაშინ მთლად ახალგაზრდა მემკვიდრე.
ეს უშველებელი ჭანდარი დღესაც დგას მარაბდაში. კვირაძლობით სანთელს უნთებენ. რამდენიმე თხრობაა ხალხში დარჩენილი ამ ჭანდარზე. ზოგი ამბავი ხოჯა-ხანის დროსაც შეეხება.
კოდაზე ალთუნაანთ ოჯახიდან ისევე გამოუვლელად გამოდიოდნენ მკითხავები, როგორც ბარნაველების სახლიდან მღვდლები. არ არის დიდი ხანი, რაც ალთუნაანთ ოჯახიდანვე ჰქონდა განთქმული სახელი მკითხავ ნინოს. არ ვიცი, კოდელ ნინოს შემდეგ მოისპო იმ ოჯახიდან მისანი, თუ კიდევ არის.