შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

გიგო მაღალაშვილი 

"განაპირას დავინახე შავი ჩოხებით შემოსილი 
ახალგაზრდა ცხენოსნები. ესენი იყვნენ საპატიო
მცველები. თეთრ ცხენზე იჯდა იმათი მეთაური. 
ვინ არის, ვფიქრობდი, ეს უცნობი ნაცნობი და, 
უცებ გაიელვა ჩემს წინ მუდამ მხიარულმა 
მოცინარმა გიგო მაღალაშვილის ფართო, 
ფეროვანმა სახემ. ღმერთო ჩემო, როგორ 
გაფითრებულა, როგორ გამოუცვლია
 მწუხარებას, რა ძნელი საცნობი გამხდარა 
მისი  შეწუხებული სახე. ტირის?"


ეს სიტყვები მცხოვან მწერალ ქალს ნინო ნაკაშიძეს ეკუთვნის... 
მაგრამ ვინ არის ვერაგულად მოკლული ილია ჭავჭავაძის საპატიო მცველთა რაზმის მეთაური, თეთრ ცხენზე მჯდომი, "მუდამ მხიარული და მოცინარი", იმ მძიმე დღეებში კი "ძნელად საცნობ და შეწუხებული" გიგო მაღალაშვილი?
მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა. ბევრმა წყალმა ჩაიარა და ილიას ბევრი თანამედროვე გაიყოლა თან. 
მუდამ მხიარული და მოცინარი გიგო მაღალაშვილი კი აი ახლა ჩემ წინ ზის, თვის მოგონებათა რვეულს ნელ-ნელა ფურცლავს და დაფიქრებით ამბობს: "იმ დღეს მთელი საქართველო ტიროდა". 
გარდასულ დღეთა ამ ცოცხალ მატიანეს ბევრი საყურადღებო რამ შეუნახავს შთამომავლობისათვის, იგი მომსწრეა დიმიტრი ყიფიანის დასაფლავებისა. 
მაშინ გიგო ათიოდე წლის ბავშვი იყო, მაგრამ მის მეხსიერებაში დღმდე ნათლად ჩარჩენილა მეფის მთავრობის პოლიციის მიერ გზაშეკრული სამგლოვიარი პროცესია. ახლაც თვალწინ უდგას ჩოხოსანი ვაჟკაცები, რომლებმა გოლოვინის პროსპექტზე გაშიშვლებული ხმლებით გაუკაფეს გზა "მთრის ურჩი რაინდის" დიმიტრი ყიფიანის კუბოს, პროტესტის ნიშნად მთავრობის სასახლის წინ გაატარეს და ღირსეულად მიაბარეს მთაწმინდის საუკუნო სამკვიდროს. 
იგი დაესწრო აკაკის დასაფლავებას, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, ილიას დაკრძალვისთანა არაფერი ახსოვს. იგი იხსენეს კავკასიის მთავარმართებლის გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის ნათქვამს: "ასეთი დაკრძალვა არც ერთ მეფეს არ ღირსებია" - და ღიმილით უმატებს: განა შეიძლებოდა, ხალხს ასეთი ალალი გულით რომლიმე მეფე დაეტირებინა? მაშინ ხომ ქართველეობამ თავისი მოამაგე და ნამდვილი მამა დაკარგაო! 
ილიას მკვლელობის დღეებში გიგო მაღალაშვილი ოცდაათი წლის ახალგაზრდა იყო და გაზეთ "ისრის" რედაქციაში მუშაობდა. მას კარგად ახოვს ამ საშინელი ამბით გამოწვეული საყოველთაო შეშფოთება და დაბნეულობა, სტამბის მუშების წამოძახილი: "ჩვენი ილია მოუკლავთ"... ნინო და ილია ნაკაშიძეებსის, გიორგი ლასხიშვილის, ილია აგლაძის, იაკობ გოგებაშვილის და რედაქციაში იმ დღეს შეკრებილი სხვა ქართველი მწერლებისა და მოღვაწეებსი დაღონებული სახეები. 
- დამკრძალავი კომისიის წევრმა ვალერიან გუნიამ, - იხსენებს გიგო მაღალაშვილი, - კომისიის სახელით დამავალა, შემედგინა საპატიო მცველთა რაზმი და საგურამოში გავმგზავრბულიყავით. მე სასწრაფოდ შევკრიბე ოცდახუთი საუკეთესო ცხენოსანი, რომლებსაც შავი ჩოხები ეცვათ. პირადად მე, როგორც მათ მეთაურს, თეთრი ჩოხა მეცვა... 
ვისმენ გიგო მაღალაშვილის მოგონებას და თვალწინ მიდგება საქართველოსთვის ესოდენ მძიმე დღე... 
ამ მცხეთის გზაზე, საგურამოსაკენ მიქრის შავჩოხიან ქართველთ მხედართა რაზმი. შავჩოხიანებს წინ თეთრ ცხენზე მჯდომი, თეთრჩოხიანი ვაჟკაცი მიუძღვის. მხედრების შეშფოთებულ და შეწუხებულ სახეებს შურისძიების წყურვილი დასთამაშებს, არავინ ხმას არ იღებს, მაგრამ ოცდახუთივე ერთ რამეს ფიქრობს, ერთ რამეს განიცდის... ახ, ნეტავ შეიძლებოდეს, ნეტავ შეიძლებოდეს... ოცდახუთივე გაიმეტებდა სიცოცხლეს ილიას გულისათვის, თავს გაწირავდა....
დუმილს არავინ არღვევს, არც ამ სიტყვებს ამბობს ვინმე. მაგრამ ოცდახუთივე ამას ფიქრობს... ხმას არავინ იღებს, მხოლოდ მტკვრის ხმაური ისმის ხელმარჯნვი, მტკვის ხმაური, რომელიც ეგზომ უყარდა ილიას. გუშინ მან თავის ეტლით ამ გზაზე გაიარა და ამ ხმაურს უსმენდა. რა იცოდა, თუ უკანასკნელად უსმენდა! 
ხმას არავინ იღებს, მხოლოდ ხანდახან რაზმის მეთაური გიგო მაღალაშვილი კისერს უკან მოიბრუნებს და ოცდახუთი მხედრის გულისპასუხად ამოიგმინებს: 
გვიანღა არის, გვიან... 
აი წიწამური... 
აქ მოჰკლეს ილია. 
ოცდახუთივე ცხენიდან ჩამოხტება, ქუდს იხდის... 
"აქ შეწყდა საყვარელი ილიას მაჯისცემა, ყვლამ ერთად მოვიხარეთ მუხლი"... 
ცხენოსანთა რაზმი საგურამოში შედის. ილიას ეზოში, რომელიც პოეტის შტაგონების სავანე იყო, რომელსაც მრავალი მხიარული დღე ახოვს, ახლა გლოვის ზარი დგას. 
აგერ ილიას ცხედარი. ილიას შუბლი... 
რა ხელმა გაიმეტა ეს შუბლი ტყვიისათვის! ყველა ცრემლს აფრქვევს. 
ამ საერთო გლოვაში, მოწყენილ სახეებს შორის, მარმარილოს ქანდკებასავით მოჩანს ეკატერინე გაბაშვილის მწუხარე სახე... 
გიგო მაღალაშვილი წამით შეჩერდა, ღრმად სუნთქავს. მღელვარება მეც მიპყრობს. რა დღეები იყო... იმ დღეებში ვაჟა-ფშაველამ მართალია იმედიანად წამოიძახა: "ვერ მოჰკლესო", მაგრამ ცოცხლად დარჩენილთა გულისწუხილი ღრმა ამოოხვრით გამოხატა: 
"ჩვენ რა ვქნათ, ჩვენა, ცოცხლებმაო".
თუმც აკაკიმ იმ მძიმე წუთებში ქართველ ერს სიმშვიდისაკენ მოუწოდა, მაგრამ საკუთარი მღელვარება ვერ დაჰფარა და ამოიკვნესა: 
"ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობასაო".
მაგრამ არანაკლებ განცადა ილიას ტრაგედიის გამოსჭვივის  მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იროდიონ ევდოშვილის იმ სიტყვაში, რომელიც მან წარმოთქვა სოფელ წიწამურთან, მკვლელობის ადგილას, ზედ შუა გზაზე, სადაც ჯერ ისევ შავად მოჩანდა პოეტის სახლი, სადაც საგურამოს თავზე გადმოკიდებული უშველებელი შავი დროშის შრიალი სვეტიცხოველის  მგლოვიარე ზართა ხმას ერთვოდა. 
ამ მოკლე, მაგრამ გულით ნათქვამ სიტყვაში გონება მძლავრ ბანს ეუბნება პოეტის აღელვებულ გულს, გამანადგურებელ ნაღველს სცვლის მრისხანება, ჭეშმარიტი სახელი ერქმევათ ილიას მკვლელებს. 
ახლა ეს სიტყვა  გიგოს ხელში თრთის: მესმის ნაწვეტ-ნაწყვეტი ფრაზები: 
"ქართველებო, აი, ამ ადგილას დახუჭა თვალები ქართველების დიდებულმა მწერალმა თვალები; აქ ამოიკვნესა უკანასკნელად მისმა გულმა; ამ ადგილიდამ უკანასკნელად შეჰხედა ილიამთავის სამშობლოს ცას... როგორი მადლიერიც იქნებოდა ის ამ დროს თავისი ერისა - ამაზე მეტია ლაპარკი... ვერაგმა ხელმა იგი წაგვართვა ყველას, მთელს ქართველობას! მან განგმირა მთელი საქართველოს მამა-მოძღვარი! 
წეღან ერთმა მოლაპარაკემ სთქვა: იმ ადგილს, სადაც ილია მოჰკლეს, უნდა ავაგოთ ძეგლი იმის სადიდებლად, მის სამახსოვროდაც. ეს ძალიან კარგი იდეაა. იყოს აქ ძეგლი ილიას სადიდებლად. მაგრამ აქვ, იმის გვერდზე აღვმართოთ ჩვენ სხვა ბოძიც, ბოძი სამარცხვინო, და ზედ დავაწეროთ: "აქ მოჰკლეს ილია, დიდი მოძღვარი და საქართველოს მგოსანი!" 
ძმებო! ყველა თქვენგანს ჰყოლია მამა, რომელიც გაცმევდათ - როცა გციოდათ, გაჭმევდათ - როცა გშიოდათ.. ეხლა დაბერდა ის, მაშ მიუშვირეთ თოფი და გაუგმირეთ გული! 
რომელია თქვენში ამ საქმის ჩამდენი, რომელი აიღებდა საკუთარ მამაზე ხელს? არავინ?!
მაშ რა ვუწოდოთ იმ კაცს, რომელიც ასე მოიქცევა, რომელიც ჩვენ წაგვართმევს ჩვენს სულიერ აღმზრდელს, ჩვენს სულიერს მასაზრდოებელს? 
დაუძახებთ თქვენ მას იუდას თუ არა? 
ხ ა ლ ხ ი ს   ხ მ ა: იუდაა, იუდა!
იყოს წყეული თუ არა?...
ხ ა ლ ხ ი ს   ხ მ ა: "იყოს წყეული, იყოს წყეული!..."
ეს ხომ ჭეშმარიტი ანათემაა... იგი თავისი ადამიანური მღელვარებით შეაძრწუნებდა თვით მოსყიდულ მკვლელებსაც კი... 
მკვლელებს.... 
იქნებ იქვე იდგნენ ისინი?...
ჰყავდათ თუ არა ქართველი ხალხის წიაღში ილიას მკვლელებს წინაპარი, ჰყავდათ თუ არა შთამომავალი... არა. არ გინდა დაიჯერო... 

*

ბალდახინით მოასვენებენ თბილისისკენ ილიას ცხედარს. შავჩოხინი მხედრბი მდუმარედ მოსდევენ პროცესიას. 
"წიწამურს რომ მივუახლოვდით, ხალხი  აღელდა და წყევლა-კრულვას უთვლიდა ავაზაკებს, რომლებმაც ვერაგულად მოკლეს საუკეთესო შვილი საქართველოსი და დიდებული ადამიანი". 
სამგლოვიარო პროცესია თბილისისაკენ მიდის. პროცესიას ჯვრის მონასტერთან მცხეთის საზოგადოება ერთვის, მერე დიღმისა. შავი, მგლოვიარე, შურისძიებით აღელვებული მდინარე თბილისს უახლოვდება. 
უკანასკნელად შემოდის თბილისში ილია, დამწუხრებული ხალხის ნაკადი ერთვის და ერთვის პროცესიას. პოლიცია სადღაც მიმალულა, ხალხი თვითონ იცავს წესრიგს. პროცესიას ცნობილი მსახიობი ვალერიან გუნია ხელმძღვანელობს. 
"წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობიდან სიტყვა წარმოთქვა სახელოვანმა აკაკიმ... სამარისებურ სიჩუმეში გაისმოდა გრძნობამოწამლული, განადგურებული მოხუცი პოეტის ღაღადისი. ამის შემდეგ ილია მივასვენეთ სიონს ტაძარში. ნეშტი დავასვენეთ ტაძრის შუაგულში, მაგიდაზე". 
სამგლოვიარო ზარის ხმა თანდათან ძლიერდებოდა. ხალხი უკანასკნელად ეთხოვებოდა საყვარელ პოეტსა და დიდ მოამაგეს. 
მეორე დღეს დაიწყო დაკრძალვის შესრულების პროცესი. 
გვირგვინეი, ძაძები და გვირგვინები... 
"იმდენი გვირგვინი იყო, ჯერ ილიას ნეშტი სიონის ტაძრიდან არ გამოესვენებინათ, რომ პირველი გვირგვინის წამღებნი თითქმის მამადავითის მისადგომებთან იყვნენ მისულნი... 
მაგრამ განა მარტო ის გვირგვინები?...
რამდენიმე გვირგვინი შეიკონა მას შემდეგ თბილისისა თუ საქართველოს ყველა კუთხის ბაღებში, რამდნი ვარდი დაიკრიფა ილიას ნატყვიარ შუბლზე დასასვენებლად... 
ილიას სიკვდილიც კი დიდებული იყო. 
ასეთი, სიკვდილიც კი შეშურდათ მისთვის მტრებს. 
მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი" და ჩვენ თვალწინ თავისი სიდიდის წყალობით მკვდრეთით აღმდგარი. 
- ქართული ანდაზაა, - ამბობს გიგო მაღალაშვილი, - "მადლი და ცოდო შვილითშვილამდეო..." ილიას მადლი შთამომავლობას გადმოეცა და დაფასებულია. მტრის ცოდვა კი... მაგრამ, დავეხსნათ, ილია ვერ მოკლეს და ვერც მოკლავდნენ. ის თავის სამშობლოსთან ცოცხლობს და მასავით უკვდავია! 
გიხარია, როცა ჯერ კიდევ სულით ჭარმაგი და ტანით ახოვანი ოთხმოცი წლის მოხუცის ამ სიტყვებს უსმენ. გიხარია, რომ ეს კაცი კარგად და მხნედ არის. ის ხომ ილიას იცნობდა, მასთან უსაუბრია, თვალებში შეუხედავს, დამტკბარა მისი ლაპარაკით. ის ხომ ილიას მკვლელობის მომსწრეც არის, მისი დაფასების მოწმეც და ჩვენი დღეებისა და შრომის თანაზიარიც.

1957 წ. 

??????