ლეონიძე გიორგი
გაზიარება

მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა 

მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა 
ნუშის ნაფერთალი, 
ცას ვარსკვლავი ანათებდა, 
ვით კამეჩის თვალი. 

მოფრიალე მანდილებით 
მოფრინავდა ქარი, 
ქალაქს ქარი მოარბევდა ― 
მთათა სერასკარი! 

ქარი სტამბოლს მიდიოდა ― 
ქაჯავეთის ქაჯი. 
ცას ღრუბელი დაეყარა 
თეთრი, როგორც ყაჭი. 

ღამე იყო გათეული 
მეეზოვის ქურქით 
და სარკმელთან კამათელი 
კალმახური ზურგით ― 

ბზრიალებდა, ყალყზე იდგა, 
ვით ყაბახის ცხენი... 
(სად ლპებოდა ბეჭდიანი, 
ვაჲ, მანანას ხელი?). 

― მართლა იყო ქარიშხალი? 
― არა, ყავრის ქარი! 
წყნარი იყო მტრედივითა, 
თბილი, როგორც კვარი. 

აღარავის აღარ ჰქონდა 
გული ნამტკივარი; 
ყვავილებით, ზიზილებით 
მოშხრუოდა მტკვარი... 

და მახათის ტიტველ მთიდან 
ყვითლად მობაბანე, 
საღვინით და შოთის პურით 
მზე დაადგა ბანებს. 

ჩაქრა ყველა ვარსკვლავები, 
ვით ალმასის თვალი, 
ქარმა ქალაქს დაუშინა 
ნუშის ნაფერთალი. 

იღვიძებდნენ პოეტები 
გამომშრალი პირით, 
იღვიძებდა მემწვანილე 
გიშერთვალა ვირით, 

იღვიძებდნენ საზანდრები 
ქვეყნის სადიდებლად, 
შევარდენმა შეისროლა 
ცაში ოქროს წკეპლა. 

თბილისი კი ― ისუნთქავდა 
მზის შუქს გამაკურნელს 
და ჰყნოსავდა ლექსებისა 
და ტარხუნის სურნელს! 

??????