ჯავახიშვილი კატო
გაზიარება

მარცხნივ 

აქეთა მხარეს არა... იქით... 
მარცხენა მხარეს, 
შემომაკარი დახორკლილი ხელისგულები. 
იქნებ ცოცხალმა არტახებმა დააგუბონ ეს კალაპოტი- 
გაჟონა ისევ. 
ვეღარ აკავებს ამ დინებას ჩემი სხეული. 
ეს რძით სავსე მდინარეები ჩამოსდით ხეებს 
გადავსებული ჯიქნებიდან, 
როგორც ცრემლები... 
ჩამოიწურე... ჩამო, ჩამო.. ჩამოიწურე. 
იქით კი არა.. აქეთ, აქეთ... 
მარცხენა მხარეს. 
ეს დოლაბივით 
თუ ტრიალებს წუთისოფელი, 
ან თვით დოლაბი გატრიალებს შენივ წისქვილზე. 
ინგრევა ყველა გოდოლი და 
აქვე გზისპირას 
ზის უშნო კაცი 
კაცი ზის 
და 
სველ ბელტებს ყლაპავს. 
ჩამოფქვა უკვე, 
ქვაღორღები და ბილიკები. 
ჩამოფქვა უკვე, 
მინდვრები და ზღვის ნაპირები. 
ჩამოფქვა უკვე ჩემი, შენი, მათი შვილები. 
ააგუნდავა, მოზილა 
და... 

იყო დრო, როცა 
სასთუმალთან ამაყად იდექ. 
წარბაწეული 
გართხმულ სხეულს გადმოჰყურებდი. 
იცოდი შენი ნაშიერი უნდა მეშობა, 
რომ მერე ერთით გამრავლებულ კაცობრიობას 
ერთი ხმიადი ამოეღო შენი თონიდან. 
ჩემი ლოგინი 
სათონე შენი. 
გადაიწიე და ვეღარ ჩაწვდი 
და მერე ნაცრად ქცეულ კოცონთან 
თეთრი სიჩუმე აგროვებდა პურის ნამცეცებს 
მიწაშემხმარი, ხორკლიანი ხელისგულებით. 

აქეთა მხარეს არა...იქით... 
მარცხენა მხარეს. 
ჩამომიწურე...ჩამო, ჩამო...ჩამომიწურე. 
ვეღარ აკავებს ამ დინებას ჩემი სხეული 
ეს რძით სავსე მდინარეები ჩამოსდით ხეებს- 
როგორც ცრემლები. 
თონეში ცეცხლი გააღვივე 
ჩემი ან სხვისი, 
თონეში პური ჩააკარი 
ჩემი ან სხვისი, 
თონიდან კუტი ამოიღე 
ჩემი ან სხვისი- 
გულზე დანა-მე 
გულზე დამისვი, 
ძუძუმოჭრილი სხეულიდან 
ტკივილი რომ ვაწოვო პირმშოს. 


ზის უშნო კაცი 
კაცი ზის და 
სველ ბელტებს ყლაპავს.

??????