სენტ–ეგზიუპერი ანტუან დე
გაზიარება

ღამის ფრენა 

ბატონ დიდიე დორას

1
თვითმფრინავის ქვეშ ბორცვების ქუფრი ჩრდილები უკვე იჭრებოდა მოახლოებულ საღამოს ოქროსფერ ბინდში. ველები თანაბარი, უშრეტი შუქით იწყებდნენ ნათებას. ამ მხარეში ისინი ისეთივე ხელგაშლით აბნევენ თავიანთ ოქროს, როგორც ზამთრის მიწურულში იციან ხოლმე თოვლის ქათქათა სითეთრის შენარჩუნება კარგა ხნით.
პილოტი ფაბიენი, რომელსაც უკიდურესი სამხრეთიდან, პატაგონიიდან ბუენოს-აირესში მოჰყავდა საფოსტო თვითმფრინავი, საღამოს მოახლოებას იმავე ნიშნებით ხვდებოდა, რითაც წყალი ნავსადგურში — მყუდროებით, გალურსულ ღრუბლებზე ოდნავ გამოსახული ნაოჭებით. ფაბიენი თითქოს რაღაც უსაზღვრო, სამშვიდობო რეიდზე გამოდიოდა.
ამ ღრმა მდუმარებაში ზოგჯერ ისიც კი ეჩვენებოდა, თითქოს მწყემსი იყო და დინჯად სეირნობდა. პატაგონიელი მწყემსები ხომ გულდინჯად დააბოტებენ ერთი ჯოგიდან მეორემდე; ფაბიენიც ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდა, — ის ამ პატარა ქალაქების მწყემსი იყო. ყოველ ორ საათში სულ ახალ-ახალ დასახლებებს ხვდებოდა. ისინი თითქოს წყლის დასალევად გამოსულიყვნენ მდინარის ნაპირას, ან ბალახს ძოვდნენ ბარში.
ზოგჯერ ასეულ კილომეტრზე გადაჭიმული, ზღვაზე უფრო უკაცრიელი სტეპების გადავლის შემდეგ, ფაბიენი რომელიმე განმარტოებულ ფერმას გადაუფრენდა და ეჩვენებოდა, თითქოს ფერმა მის შესახვედრად მოცურავდა პრერიათა ტალღებზე და მხრებით ადამიანთა ცხოვრების ტვირთი მოჰქონდა. მაშინ ფაბიენი იმ ხომალდს ფრთების რხევით ესალმებოდა.

`სან-ხულიანი გამოჩნდა; ათ წუთში დაშვებას დავიწყებთ~.
ბორტრადისტმა ეს ცნობა ყველა პოსტს გადასცა ხაზზე.
მაგელანის სრუტიდან ბუენოს-აირესამდე, ორი ათას ხუთასი კილომეტრის მანძილზე ჯაჭვივით გადაჭიმულა ერთმანეთის მსგავსი დასაფრენი მოედნები. მაგრამ ამ აეროდრომის  იქით ღამე იწყება. აფრიკაშიც ასეა, ყოველ უკან მოტოვებულ სოფელს შეუცნობი სამყარო ესაზღვრება.
რადისტმა მფრინავს ბარათი გადასცა.
`ირგვლივ ჭექა-ქუხილია, ჩემს ყურთსაცვამებში გამუდმებით განმუხტვა ხდება. სან-ხულიანში ხომ არ გავათიოთ?~ 
ფაბიენს გაეღიმა: ცა აკვარიუმის წყალივით მშვიდი იყო, წინ ყველა აეროპორტი იტყობინებოდა: `ცა მოწმენდილია, უქარო ამინდია~. მან უპასუხა:
— განვაგრძოთ გზა.
რადისტი კი იმაზე ფიქრობდა, რომ სადღაც შორს, ნაყოფში ჩაბუდებული მატლივით განაბულიყო ავდარი. თითქოს მშვენიერი ღამე ჩანდა, მაგრამ აქა-იქ ლპობა ეპარებოდა. და რადისტს გულს უმღვრევდა აზრი, რომ იმ წყვდიადში უნდა ჩაძირულიყო, რომელიც უკვე გახრწნას იწყებდა.
სან-ხულიანს რომ მიუახლოვდნენ, ფაბიენმა გაზს უკლო. დაღლილობა იგრძნო. ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებას საამოს ხდის — სახლები, პატარა კაფეები, ხეივნები, — მისკენ მოიწევდნენ და თანდათან დიდდებოდნენ. ის ჰგავდა სარდალს, რომელიც ბრძოლის შემდეგ, საღამო ხანს დაპყრობილი მხარის მიწებს გადახედავს და იქ ადამიანთა პატარა ბედნიერებას შენიშნავს. ფაბიენს მოუნდა საჭურველი შემოეხსნა, საკუთარი მოქანცული სხეულის სიმძიმე შეეგრძნო, — წვალებაშიც ხომ არის თავისებური სიხარული! — და გადაქცეულიყო ჩვეულებრივ კაცად, რომელიც თავისი ფანჯრიდან ჭვრეტს მარად უცვლელ პეიზაჟს. მაშინ ფაბიენი ამ პაწაწინა ქალაქზე შეაჩერებდა თავის არჩევანს. და რაკი აირჩევდა, მის შემთხვევითს არსებობას განუსჯელად შეურიგდებოდა, და შეიყვარებდა კიდეც. ასეთი ქალაქი სიყვარულივით გაჯადოებს, გაშოშმინებს. ფაბიენი აქ დიდი ხნით მოიწადინებდა დასახლებას, ინატრებდა აქ მიეღო მარადისობის თავისი წილი: ასე ეგონა, რომ ეს ძველ კედლებში მომწყვდეული ბაღები თითქოს სადღაც, ფაბიენის ცხოვრების მიღმა არსებობდნენ მარადიულად. ქალაქი კი ეკიპაჟის შესახვედრად გულგაშლილი მოისწრაფოდა. ფაბიენი ფიქრობდა მეგობრობაზე, ალერსიან ქალიშვილებზე, თეთრსუფრაგადაფარებულ მაგიდასთან გატარებულ მყუდრო წუთებზე, — ყველაფერზე, რასაც ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა საუკუნოდ. პაწაწინა ქალაქი კი ამასობაში უკვე თვითმფრინავის ფრთებს გაუსწორდა და გამოაჩინა თავისი ბაღების საიდუმლო, რასაც ახლა მათი გალავნები ვეღარ ფარავდნენ. მაგრამ როგორც კი მიწაზე დაეშვა, ფაბიენი მიხვდა, რომ ქვებზე ზანტად მოღოღიალე რამდენიმე კაცის გარდა, სრულიად არაფერი დაუნახავს. ქალაქი თავისი უმოძრაობით საკუთარ ვნებათა საიდუმლოებას მალავდა უცხო თვალისგან, არავისთვის ემეტებოდა ალერსი. მისი გული რომ მოგეგო, ყოველგვარ საქმეს უნდა განდგომოდი.

ათწუთიანი შესვენების შემდეგ ფაბიენმა გზა განაგრძო. სან-ხულიანისკენ მიბრუნდა, გახედა. ახლა ეს მხოლოდ ერთი მუჭა ელექტრონის ჩირაღდნები იყო, შემდეგ ერთ ბღუჯა ვარსკვლავებად იქცა, მერე უკანასკნელად ჩაუკრეს თვალი და მტვრად გაიფანტნენ.

`ხელსაწყოებს ვეღარ ვხედავ, შუქი უნდა ავანთო~.
ფაბიენი კონტაქტებს შეეხო. კაბინის წითელი ნათურების შუქი ბინდბუნდის მოცისფრო ციალში ითქვიფებოდა და ციფერბლატის ისრებს ვეღარ ანათებდა. მან ნათურასთან მიიტანა ხელი, მაგრამ თითებს ფერი არ შეცვლიათ.
`ძალიან ადრეა~.
ღამე კი მრუმე კვამლის ბოლქვებივით მოიწევდა და ხეობებს ავსებდა. თვალი მათ დაბლობებისაგან ვეღარ არჩევდა. სოფლებში სინათლეები ინთებოდა და სიბნელეში მათი თანავარსკვლავედნი თითქოს ერთმანეთს ეხმიანებოდნენ. ფაბიენი სოფლების შუქს თვითმფრინავის შუქის ციმციმით პასუხობდა. უსაზღვრო ღამისკენ პირმიბრუნებული ყოველი სახლი თავის ვარსკვლავს ანთებდა და ღამეს შუქს ჰფენდა, ვით შუქურა ზღვას. ყოველივე, რაც ადამიანის ცხოვრებას გადაფარებოდა, უკვე ბრწყინავდა. ფაბიენს გული სიხარულით ევსებოდა, რადგან ამჯერად ღამის სიბნელეში ისე შესრიალდა, როგორც ხომალდი შედის რეიდში, — ლივლივით და ნარნარით.
იგი ხელსაწყოს დაფაზე დაიხარა. ფოსფორის ისრები ნელ-ნელა ინთებოდა. ერთმანეთის მიყოლებით შეამოწმა ხელსაწყოს ჩვენება და კმაყოფილი დარჩა. ისიც შენიშნა, რომ ცაში მკვიდრად იჯდა. თითები ფოლადის ლონჟერონს* (* ლონჟერონი — თვითმფრინავის ფრთის გაყოლებაზე სიმაგრისათვის დატანებული ძელი (მთარგმნ. შენიშვნა).) შეახო და ლითონში სიცოცხლის ფეთქვა იგრძნო. ლითონი არ თრთოდა, — იგი ცოცხლობდა. ძრავის ხუთასი ცხენის ძალამ ნივთიერების წიაღში დენი წარმოქმნა და ცივი ლითონი ხავერდოვან სხეულად აქცია. პილოტმა კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ ეს თავბრუსხვევა და ზარხოში კი არ იყო, არამედ ცოცხალი სხეულის იდუმალი მოძრაობა.
ახლა, რაკი ფაბიენმა საკუთარი სამყარო შეიქმნა, შეეძლო მოხერხებულად მოკალათებულიყო.
ფაბიენმა ელექტროგამანაწილებელ დაფაზე დააკაკუნა. ყველა კონტაქტი სათითაოდ შეამოწმა, ადგილზე შესწორდა, საზურგეს უკეთ მიეყრდნო და შეეცადა მაგრად დამჯდარიყო, რომ კარგად ეგრძნო პატარა რყევაც კი იმ ხუთი ტონა ლითონისა, რომელიც მერხევ ღამეს ზურგზე ჰქონდა მოკიდებული. სათადარიგო ნათურა შეამოწმა, ადგილზე მოათავსა, ხელი გაუშვა და ისევ მოკიდა. რაკი იგრძნო, არ სრიალებდა, ისევ გაუშვა ხელი, და კვლავ შეახო. ყოველი სახელური და ბერკეტი მოსინჯა, რათა დარწმუნებულიყო, რომ უცბად და ზუსტად შეეძლო მათთვის ხელის ჩავლება; ასე უნდოდა გაევარჯიშებინა თითები სიბნელეში სამოქმედოდ. ბოლოს, როცა თითები გაეჩვივნენ, ნათურის ანთება გაბედა. კაბინა მაშინვე ზუსტმა ხელსაწყოებმა დაამშვენა. ახლა შეეძლო მხოლოდ ციფერბლატების საშუალებით ეთვალთვალა, როგორ იჭრებოდა თვითმფრინავი ღამის წყვდიადში. და რაკი არც აღარაფერი ციმციმებდა, არც ირყეოდა, არც ძაგძაგებდა, ვინაიდან გიროსკოპიც,* (* გიროსკოპი — მბრუნავი ხელსაწყო, რომელიც ყოველგვარ მდგომარეობაში მდგრადობას ინარჩუნებს.) ალტიმეტრიც** (** ალტიმეტრი — მიწის ზედაპირზე სიმაღლის საზომი ხელსაწყო. იხმარება თვითმფრინავში.) და ძრავის რეჟიმიც სტაბილური იყო, ოდნავ გაიზმორა, სავარძლის ტყავის საზურგეს მიეყრდნო და იმ ღრმა ოცნებას მიღეცა, რასაც მფრინავი აუხდენელი იმედების სიტკბოებით განიცდის ხოლმე.

და ახლა, უკუნეთ ღამეში გუშაგად მყოფმა, შეიცნო, რომ ღამემ მას ადამიანის ბუნება გაუხსნა: მისი მოწოდებები, შეგნება, მღელვარება... აი, ის უბრალო ვარსკვლავი სიბნელეში — სახლია, და შიგ მარტოობას დაუსადგურებია. მეორეში კი სინათლე ჩაქრა: აქ მისი სიყვარული შეიკედლეს... ან იქნებ სევდა... ამ სახლმა შეწყვიტა გარე სამყაროსთვის ნიშნების გაგზავნა.
მაგიდებზე ხელებდაყრდნობილი გლეხები ლამპის ირგვლივ ჩამომსხდარან და გუნებაში იდუმალ ოცნებებს დაჰფოფინებენ. მათ ფიქრადაც არ მოსდით, თუ თავზე დამხობილი წყვდიადის სიღრმეში ასე შორს შეიძლება წავიდეს მათი სურვილები. მაგრამ ფაბიენს ესმის მათი, ესმის, როდესაც ათასი კილომეტრის გაფრენის შემდეგ იგრძნობს ხოლმე, უძირო სიღრმიდან ამოხეთქილი ტალღები როგორ არწევენ მის თვითმფრინავს, რომელშიც სიცოცხლე ფეთქავს. თითქოს ათი ომი გამოევლოს, ათი ჭექა-ქუხილისთვის გაეძლოს, ავდრის ღრუბლებში გაწოლილ მთვარის შუქის ბილიკებზე გამოცურებულიყოს, ისე გამოენთება და აი, გამარჯვებული, ბოლოს მიაღწევს ამ სინათლეებამდე. ადამიანებს კი ეგონათ, პატარა ლამპა მხოლოდ მათ უბადრუკ მაგიდას ანათებდა, მაგრამ მის შუქს აგერ, ოთხმოცი კილომეტრი გაურბენია და უკვე მოწოდებასავით შეხებია ვიღაცას, თითქოს ზღვაში დაკარგული უკაცრიელი კუნძულიდან მოღწეული სასოწარკვეთილი ძახილიაო.

2
და აი, სამი საფოსტო თვითმფრინავი — პატაგონიიდან, ჩილედან და პარაგვაიდან ბუენოს-აირესში ბრუნდებოდა, — სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ბუენოს-აირესში ფოსტით უნდა დაეტვირთათ თვითმფრინავი, რომელიც შუაღამისას ევროპაში გაფრინდებოდა.
ღამის წყვდიადში სამი პილოტი მიფრინავდა. სამივენი ფრენაზე ფიქრობდნენ, გეზი ქალაქისკენ აეღოთ და ისე აუჩქარებლად ეშვებოდნენ ავდრიანი თუ მშვიდი ციდან, როგორც გლეხები ჩამოდიან ხოლმე ნება-ნება მთიდან.
რივიერი, მთელი საჰაერო ქსელის უფროსი, ბუენოს-აირესის დასაფრენ ბაქანზე ბოლთას სცემდა. იგი ხმას არ იღებდა. დუმდა, რადგან ჯერ არც ერთი თვითმფრინავი არ მოსულიყო და ვიდრე ისინი დაეშვებოდნენ, ეს დღე საშიშროებას უქადდა. იმ წუთებში, როცა დეპეშებს იღებდა, რივიერს ისეთი განცდა ეუფლებოდა, თითქოს ბედისწერას რაღაც გამოგლიჯა, მოულოდნელი საფრთხე შეამცირა და ღამის წყვდიადიდან თვითმფრინავთა ეკიპაჟები ნაპირზე გამოიყვანა.
ერთი ხელქვეითი მიუახლოვდა და რადიოგრამა გადასცა.
— ჩილედან მომავალი საფოსტო იტყობინება, რომ ბუენოს-აირესის ელექტროსინათლეებს ხედავს.
— კეთილი.
სულ მალე რივიერი თვითმფრინავის გუგუნს გაიგონებს: აი, ღამე უკვე უბრუნებდა ერთ თვითმრინავს. ასე გამორიყავს ხოლმე ნაპირზე იდუმალებით აღსავსე ზღვის მიმოქცევა საუნჯეს, რომელსაც ესოდენ დიდხანს ანანავებდა. უფრო გვიან იმ ორ თვითმფრინავსაც დაუბრუნებს ღამე.
მაშინ დამთავრდება ეს დღე. მაშინ წავა ღამის ბრიგადა დასაძინებლად და მათ ახალი, დასვენებული ბრიგადა შეცვლის. მაგრამ რივიერი ვერ დაისვენებს: იგი ახლა ევროპის საფოსტო თვითმფრინავის მოლოდინში იქნება. ყოველთვის ასეა, ყოველთვის... ამ ძველმა მებრძოლმა პირველად იგრძნო, რომ დაიღალა, და გაოცდა. თვითმფრინავის მოსვლა მისთვის არასოდეს იქნება იმ გამარჯვების მსგავსი, რომელიც ომს ბოლოს უღებს და დასაბამს აძლევს სვებედნიერი მშიდობიანობის ხანას. ეს იქნება მარტოოდენ ერთი ნაბიჯი, რომელსაც სხვა ათასი მსგავსი ნაბიჯი მოჰყვება. რივიერს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს გაწვდილი ხელით მძიმე ტვირთი ეჭირა, ეჭირა დიდხანს, შეუსვენებლივ, არც ჰქონდა შესვენების იმედი. `ვბერდები~... ალბათ, მართლაც ბერდებოდა, რაკი მის სულს რაღაც სხვა საზრდოს მოთხოვნილება გასჩენოდა, გარდა მოქმედებისა. და გაუკვირდა, რომ ისეთ საკითხებზე ფიქრობდა, რაზეც უწინ არასოდეს შეუწუხებია თავი. სევდისმომგვრელი ხმაურით მოაწყდნენ სიკეთისა და სინაზის ტალღები ჩვეულებრივ რომ მუდამ თავს არიდებდა, — ტალღები სამუდამოდ დაკარგული ოკეანისა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არც ისე შორსაა~... დიახ, შეუმჩნევლად და ნება-ნება შეეპარა სიბერე, იმაზე ფიქრი, `დადგება დრო და...~ ფიქრი, ადამიანთა არსებობას რომ სიტკბოებას მატებს. თითქოსდა მართლაც, შეიძლება `დადგეს დრო~ და სადღაც, ცხოვრების დასასრულს იმ ნეტარ სიმშვიდეს მიაღწიო, რომელიც ასე ხშირად გესახება ოცნებაში! მაგრამ არ არსებობს სიმშვიდე. შესაძლებელია, არც გამარჯვება არსებობდეს. არ შეიძლება ყველა საფოსტო თვითმფრინავი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოფრინდეს...
რივიერი მოხუც მექანიკოს ლერუსთან შეჩერდა, იგი თვითმფრინავთან საქმიანობდა. ლერუც რივიერივით ორმოცი წელიწადი იყო მუშაობდა, ისიც მთელ თავის ძალ-ღონეს სამუშაოს ალევდა. როცა ლერუ შინ ბრუნდებოდა, საღამოს ათი საათი იქნებოდა ეს თუ შუაღამე, უცხო სამყაროში კი არ ხვდებოდა, შინ დაბრუნება მისთვის თავისი გარემოდან გაქცევა როდი იყო! რივიერმა ამ კუშტი სახის კაცს გაუღიმა, მექანიკოსმა კი ლურჯად მოლივლივე ღერძზე მიუთითა და უთხრა: `ძალიან მჭიდროდ იყო ჩამჯდარი და შევასწორე~. რივიერი ღერძზე დაიხარა, შემდეგ კვლავ თავის საქმეს დაუბრუნდა. `სახელოსნოებში უნდა გავაფრთხილო, რომ ღერძები უფრო თავისუფლად მიახრახნონ ხოლმე~. მან ლითონზე ნაფხაჭნი ხელით მოსინჯა და ისევ ლერუს მკაცრ, დაღარულ სახეს დააცქერდა. უცნაური კითხვა მოსწყდა ბაგეებიდან და გაიღიმა:
— ლერუ, მითხარით, ბევრი დრო გაქვთ დახარჯული სიყვარულზე თქვენს ცხოვრებაში?
— ო, სიყვარული?.. ბატონო დირექტორო, იცით...
— თქვენც, ჩემსავით, ალბათ, საამისოდ არასოდეს გეცალათ...
— დიახ, მართლაც, მგონი არ მეცალა...
რივიერმა ამ კაცის ხმას ყური მიუგდო და შეეცადა ამოეცნო, მის პასუხში რაიმე გესლი ხომ არ ერია. მაგრამ ამდაგვარი არაფერი შეუნიშნავს. ეს კაცი განვლილი ცხოვრების გზას რომ გახედავდა, დურგლის იმ მშვიდ კმაყოფილებას გრძნობდა, რომელიც ფიცარს მშვენივრად გააპრიალებს და იტყვის: `ესეც ასე, მზად არის!~
`ესეც ასე! — გაიფიქრა რივიერმა, — ჩემი ცხოვრებაც მზად არის!~
მან გადაიყარა სევდიანი ფიქრები, დაღლილობამ რომ მოჰგვარა და ანგარისკენ გასწია, — ჩილეს თვითმფრინავის გუგუნი ახლოვდებოდა.

3
ძრავის შორეულმა ხმამ თანდათან იმატა, გაძლიერდა. თვითმფრინავის დასაშვებად შუქი აანთეს. საჰაერო გზის წითელმა ნათურებმა მკაფიოდ გამოკვეთა ანგარის კონტურები, რადიოტელეგრაფის ანძები, კვადრატული მოედანი. ყველაფერმა სადღესასწაულო იერი მიიღო.
— აგერ ისიც!
პროჟექტორების სხივებით განათებული თვითმფრინავი უკვე მიწაზე მოგორავდა. ისე ბრწყინავდა, თითქოს სულ ახალიაო. ბოლოს ანგარის წინ შეჩერდა. მექანიკოსები და დამხმარე მუშები ფოსტის გადმოსაცლელად გაეშურნენ. პილოტი პელრენი კი ადგილიდან არ იძვროდა.
— ჰეი, რაღას უცდით, გამოდით!
რაღაც საიდუმლო საქმიანობით გართული პილოტი პასუხს არ იძლეოდა. ალბათ, ჯერ ისევ თვითმფრინავის გუგუნს უსმენდა, აქამდე ყურებში რომ ედგა. მან თავი ნელა გადაიქნია, წინ დაიხარა, ხელით რაღაც მოსინჯა. შემდეგ თავისი უფროსებისა და ამხანაგებისკენ მოტრიალდა და ისე დინჯად გადახედა, თითქოს თავის საკუთრებას რასმე ათვალიერებსო. გეგონებოდათ, პილოტი თვლიდა, ზომავდა და წონიდა მათ, თან ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი: მეგობრული დახვედრაც, ანგარის საზეიმო მორთულობაც, ეს მყარი ცემენტიც და ეს მოფუსფუსე ქალაქიც, შორს რომ მოჩანს, თავისი ქალებით და სითბოთი, — ყველაფერი პატიოსნად დაიმსახურა. ეს ხალხი ახლა თავისი ვეებერთელა ხელებით ქვეშევრდომებივით ეჭირა. თუ უნდოდა, შეეხებოდა, თუ მოინდომებდა, მათ ხმასაც გაიგონებდა, ანდა სულაც გალანძღავდა. იფიქრა კიდეც, გამოვლანძღავო, ასე რომ იყვნენ თავიანთ უსაფრთხოებაში დარწმუნებულნი, არხეინად იდგნენ და ტკბებოდნენ მთვარის ცქერით, მაგრამ ბოლოს გულმოწყალედ თქვა:
— სასმელი თქვენს ხარჯზე იყოს...
და თვითმფრინავიდან გამოვიდა.
იმ ხასიათზე იყო, რომ უნდოდა ეამბა, რა განიცადა ფრენის დროს.
— რომ იცოდეთ!..
მერე კი გაიფიქრა, ამით ყველაფერი ვთქვიო, და ტყავის კურტაკის გახდას შეუდგა.

პელრენი სევდამ მოიცვა, როცა მანქანა პირქუშ ინსპექტორთან და მდუმარე რივიერთან ერთად ბუენოს-აირესისაკენ მიაქროლებდა. რასაკვირველია, იმას რა სჯობს, როცა საღ-სალამათი სამშვიდობოს გამოდიხარ, ფეხქვეშ დედამიწას  იგრძნობ და ლაზათიანადაც შეიძლება შეიკურთხო. გული სიხარულით გევსება, მაგრამ მაინც, როცა განვლილს იგონებ, რაღაცნაირად ხდები.
ციკლონთან შებმა, რაც უნდა იყოს, მაინც რეალური საქმეა, ნაღდი. სულ სხვაა საგანთა სახე, როცა მათ თავი მარტო ეგულვით. პელრენმა გაიფიქრა: `მთლად ისე ხდება, როგორც აჯანყების დროს. ადამიანებს სახე ოდნავ უფითრდებათ, მაგრამ როგორ იცვლება ირგვლივ ყველაფერიო!~
თავს ძალა დაატანა და განცდილი გაიხსენა:
ანდების კორდილიერებზე მშვიდად მიფრინავდა. ზამთრის თოვლი მთელი თავისი სიმშვიდით დასწოლოდა მთებს. თოვლს სიმყუდროვე შეეტანა მთების მასივში, როგორც საუკუნეებს შეაქვთ მდუმარება ძველისძველ მკვდარ ციხე-დარბაზებში. თითქმის ორასი კილომეტრის მანძილზე ძეხორციელის ჭაჭანება არ იყო, არავითარი ნიშანწყალი სიცოცხლისა, არავითარი კვალი ადამიანის საქმიანობისა. მარტოოდენ ექვსი ათას მეტრზე ატყორცნილი პიტალო კლდეები მოჩანდა, მათი სწორ ნაოჭებად ძირს დაშვებული ქვის სამოსი და მრისხანე სიმშვიდე გამეფებულიყო ირგვლივ.
ეს მოხდა ტუპუნგატოს პიკთან.
პელრენი ფიქრს განაგრძობდა. დიახ, დიახ, სწორედ იქ გახდა იგი სასწაულის მოწმე.
თავდაპირველად არაფერი დაუნახავს. მხოლოდ შეწუხდა იმ ადამიანივით, რომელიც ფიქრობს მარტო ვარო, და უცებ იგრძნობს, რომ თურმე მარტო არ ყოფილა და ვიღაც მისჩერებია. ასე დაემართა პელრენსაც. თავად ვერ გაიგო, როგორ მოხდა ეს. იგრძნო, რომ თანდათან რისხვა მოეძალა. ეს იყო და ეს. საიდან მოვარდა ეს რისხვა?
ან როგორ მიხვდა, რომ რისხვას ანთხევდნენ ქვებიც და თოვლიც? თითქოს არაფერი მომხდარა. ქარიშხლის მომასწავებელი ერთი ღრუბელიც არ დაძრულა საიდანმე. მაგრამ აქვე, მის თვალწინ, ოდნავ განსხვავებული სხვა სამყარო იბადებოდა. რაღაც ენით უთქმელი გულისტკივილით დაჰყურებდა ეს კაცი მთის მწვერვალებს, ოდნავ შევერცხლილ ქედებსა და თხემებს, ასე მიამიტად რომ მოჩანდნენ. ყველაფერი ხორცს ისხამდა და ადამიანებივით ცოცხლდებოდა.
პელრენს ჯერ არ ჰქონდა დაწყებული ბრძოლა. ის მაგრად ჩაებღაუჭა შტურვალს. რაღაც ისეთი მზადდებოდა, რაც არ ესმოდა. გადასახტომად მომზადებული ნადირივით კუნთები დაჭიმა. მაგრამ ყველაფერი, რასაც თვალი სწვდებოდა, მშვიდად გამოიყურებოდა. დიახ, მშვიდად, მაგრამ ამ სიმშვიდეში რაღაც უცნაური ძლიერება იმალებოდა.
მერე ყველაფერი წამახვილდა. ქედები და მწვერვალები წაწვეტდნენ: თითქოს ქარის მაგარ მკერდს მიაპობდნენ გემის ცხვირივით. შემდეგ მოეჩვენა, რომ მთები მის გარშემო ვეებერთელა ხომალდებივით დატრიალდნენ და ბრძოლის დასაწყებად გაიშალნენ. მერე ჰაერში მტვერი ავარდა და ქარმა იალქანივით ააფრიალა თოვლზე დაბორიალებული მტვერი. უკან დასახევი გზა რომ მოესინჯა, პელრენმა მოიხედა და შეძრწუნდა: ზურგს უკან კორდილიერები თითქოს ერთიანად დაძრულიყვნენ ადგილიდან.
— დავიღუპე!
წინ ერთმა მწვერვალმა თოვლის ლავა ვულკანივით ამოანთხია, შემდეგ თოვლის შადრევანი ოდნავ მარჯვნივ, მეორე მწვერვალს გადაეფრქვა. ასე რიგრიგობით ინთებოდნენ მწვერვალები, გეგონებოდათ ვიღაც უხილავი მეჩირაღდნე უკიდებდა ცეცხლს. ჰაერში პირველი გრიგალი ავარდა და პილოტის გარშემო მთები შეტორტმანდნენ...
მძაფრი შეტაკება თითქმის არ ტოვებს კვალს: პელრენი თავს ძალას ატანდა, მაგრამ ის ძლიერი გრიგალი ვერ გაეხსენებინა, რამაც ჩიკორივით დაატრიალა თვითმფრინავი. ისღა ახსოვდა, როგორ გაშმაგებით ფართხალებდა ნაცრისფერ ალში.
ისევ ფიქრს მიეცა.
`ციკლონი კიდევ არაფერია. ცდილობ, საკუთარი ტყავი გადაარჩინო. მაგრამ სანამ დაიწყება! ან პირველი შეხვედრა...~
დარწმუნებული იყო, იმ შმაგ სახეს ათას სხვაში გამოარჩევდა, მაგრამ აღარც კი ახსოვდა...

რივიერი პელრენს უყურებდა. ოცი წუთის შემდეგ, როცა მანქანიდან გადმოვიდოდა, ქანცგაწყვეტილი, დამძიმებული ბრბოში გაერეოდა. შეიძლება გაიფიქროს: `რა საშინლად დავიღალე, რა უმადური ხელობააო!~ ცოლს კი ეტყვის: `ანდებზე ფრენას აქ ყოფნა მირჩევნიაო~. ან კიდევ რაიმე ამგვარს გადაულაპარაკებს. და მაინც, რასაც ადამიანი ასე ძლიერ ებღაუჭება, მისთვის აღარ ჰქონდა ფასი. უკვე ჩასწვდა ცხოვრების არარაობას. მან მხოლოდ რამდენიმე საათი დაჰყო დეკორაციების იქით და სულაც არ იყო დარწმუნებული, თუ კიდევ მოიპოვებდა უფლებას დაბრუნებულიყო ამ გაჩირაღდნებულ ქალაქში, თუ კიდევ ნახავდა ბავშვობის თუმცა მოსაწყენ, მაგრამ ესოდენ ძვირფას მეგობრებს. — ყველა თავის ადამიანურ წვრილმან გატაცებებს.
`ყოველ ბრბოში, — ფიქრობდა რივიერი, — არიან ადამიანები, რომლებიც არაფრით გამოირჩევიან, მაგრამ ისინი მშვენიერების მოციქულნი არიან და თვითონაც არ ესმით ეს. ოღონდ...~
რივიერს ეშინოდა ავიაციის ზოგიერთი თაყვანისმცემლისა. მათ არ ესმოდათ მფრინავის მძიმე ცხოვრების წმიდათაწმიდა აზრი. იმათი აღტაცებული შეძახილები ამახინჯებდნენ თავგადასავლის თვით არსს და აკნინებდნენ ადამიანს.  პელრენი კი უთუოდ სიდიადეს აღწევდა, რადგანაც ყველაზე უკეთ და სავსებით უბრალოდ შეეცნო, რა ფასი აქვს სამყაროს, თუ მას განსაზღვრული თვალსაზრისით შეხედავ, — იგი უხეშად და ზიზღით უკუაგდებდა მის მიმართ გამოხატულ უგვანო ქებას.
რივიერმა თავისებურად მიულოცა.
— როგორ დააღწიეთ თავი?..
მას მოსწონდა, რომ პელრენი თავის ხელობაზე უბრალოდ ლაპარაკობდა, ისე უბრალოდ, როგორც მჭედელი ლაპარაკობს თავის გრდემლზე.
პელრენი ლამის მობოდიშებით ამბობდა: `უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. არჩევანი აღარ მქონდა.~ ესეც არ იყოს, ვეღარაფერს ხედავდა, თოვლი თვალს სჭრიდა, მაგრამ ჰაერის მძვინვარე ნაკადმა იხსნა, როცა თვითმფრინავი შვიდი ათასი მეტრის სიმაღლეზე შეაგდო. `ვიდრე მთების ზემოთ მიმყავდა თვითმფრინავი, იძულებული ვიყავი მწვერვალთა გასწვრივ მეფრინაო~. მან ისიც თქვა, საჭირო იქნება  გიროსკოპის საჰაერო ჩამკეტს ადგილი შევუცვალოთ, თორემ თოვლით ივსებაო:  ყინულის გარსი უჩნდება, გასაგებია!..~
უფრო გვიან ჰაერის ახალმა ნაკადმა დაატრიალა პელრენი და სამი ათასი მეტრით ძირს ჩააგდო. ან კი, როგორ მოხდა, რომ კლდეებს არ დაეჯახა. თურმე უკვე ვაკეზე მიფრინავდა. `უეცრად შევნიშნე, რომ ჩემ ირგვლივ მოწმენდილი ცა იყო!~ და დასძინა: `ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს ბნელი მღვიმიდან გამოვედიო.~
— მენდოსაშიც ქარიშხალია?
— არა, როცა დავეშვი,  ცა მოწმენდილი იყო. არც ქარი ქროდა. მაგრამ ქარიშხალი ფეხდაფეხ მომდევდა.
იგი ქარიშხლის აღწერას მოჰყვა, `მაინც ძალიან უცნაური მეჩვენაო, — თქვა, — ქარიშხლის მწვერვალი სადღაც ძალიან მაღლა, თოვლის ღრუბლებში იკარგებოდა, ძირი კი ბარში მოგორავდა უზარმაზარი შავი ლავასავით და ერთიმეორის მიყოლებით ნთქავდა ქალაქებს. ჩემს დღეში ამის მსგავსი არაფერი მინახავსო~... მერე თითქოს რაღაც მოგონებამ შეიპყრო, პელრენი დადუმდა.
რივიერი ინსპექტორს მიუბრუნდა:
— ეს ციკლონია, წყნარი ოკეანიდან მოდის. ძალიან გვიან გაგვაფრთხილეს. თუმცა ციკლონები ანდებზე ვერასოდეს გადმოდიოდნენ. აბა, ვინ იფიქრებდა, თუ დღევანდელი ციკლონი გზას აღმოსავლეთისაკენ განაგრძობდა...
ინსპექტორი, რომელიც ამგვარ საკითხებში ვერ ერკვეოდა, რივიერს დაეთანხმა.

ინსპექტორს თითქოს რაღაც უნდოდა ეთქვა, პელრენს მიუბრუნდა, ყელზე ხვანჩი აუთამაშდა, მაგრამ ეტყობოდა გადაიფიქრა, აღარაფერი თქვა და მელანქოლიით შეპყრობილმა წინ დაიწყო ყურება.
ინსპექტორი თავის მელანქოლიას ბარგივით თან დაათრევდა. რივიერის გამოწვევით ის არგენტინაში რაღაც გაურკვეველი საქმეების მოსაგვარებლად იყო წინა დღით ჩამოსული. მას თავისი დიდრონი ხელები და ინსპექტორული ღირსება აწუხებდა და არ იცოდა, თავი როგორ დაეჭირა, მას არც აღტაცების გამოხატვის უფლება ჰქონდა, არც რაიმეს წარმოდგენის და არც მახვილგონიერების გამოჩენისა. თავისი თანამდებობა მხოლოდ იმის უფლებას აძლევდა, რომ პუნქტუალური ყოფილიყო. უფლება არ ჰქონდა მეგობრების წრეში ერთი-ორი ჭიქა ღვინო დაელია, ამხანაგებთან `შენობით~ ელაპარაკა, ეოხუნჯა, მხოლოდ მაშინ ექნებოდა ამის უფლება, თუ არარსებული შემთხვევის წყალობით იმავე აეროპორტში რომელიმე სხვა ინსპექტორს გადაეყრებოდა.
`მძიმე მოვალეობაა მსაჯულად ყოფნა~— ფიქრობდა თავისთვის.
უნდა ითქვას, რომ ეს კაცი არც მსჯელობდა, ის მხოლოდ თავს აქნევდა, უვიცი კაცი იყო და, როცა რამე არ იცოდა, თავს ნელა აკანტურებდა. ეს აშფოთებდა ყველას, ვისაც სინდისი სუფთა არ ჰქონდა, და აიძულებდა მათ ტექნიკური მოწყობილობისათვის წესიერად მოევლოთ. ეს კაცი არავის უყვარდა, ინსპექტორები სიყვარულისა და  სიამისთვის კი არ არიან შექმნილნი, არამედ პატაკების შესადგენად. მან უარი განაცხადა პატაკებში რაიმე ახალი მეთოდების, ან ტექნიკური გაუმჯობესების შეტანაზე, მას შემდეგ, რაც რივიერმა დაწერა: `ინსპექტორ რობინოს ვთხოვთ, მოგვაწოდოს პატაკები და არა პოემები. ინსპექტორ რობინოს მართებს მთელი თავისი ცოდნა გამოიყენოს იმისთვის, რომ პერსონალს გულმოდგინე მუშაობის სტიმული მისცესო.~ მას აქეთ იმითღა სულდგმულობდა, რომ ადამიანის სუსტი მხარეები აღმოეჩინა. ამის შემდეგ დაუწყო ინსპექტორმა დევნა ლოთიბაშ მექანიკოსს, აეროდრომის უფროსს, რომელიც სამსახურში ღამენათევი მოდიოდა, და ყველა იმ პილოტს, ვინც თვითმფრინავს უხეიროდ დასვამდა ბაქანზე.
რივიერი რობინოზე იტყოდა ხოლმე: `ჭკუა არ აწუხებს მაინცდამაინც, და ამითაც დიდ სამსახურს გვიწევსო~. რივიერის მიერ შემოღებული წესები ადამიანთა შესწავლის შედეგი იყო. რობინოს კი მხოლოდ წესები ჰქონდა შესწავლილი.
— რობინო, — უთხრა ერთხელ რივიერმა, — ყოველთვის, როცა თვითმფრინავი გაფრენას დააგვიანებს,  დამნაშავეს სიზუსტის პრემია არ უნდა მისცეთ.
— როგორ, მაშინაც, როცა დაგვიანება გარეშე პირობებზეა დამოკიდებული? მაშინაც, როცა ნისლი უშლის ხელს?
მაშინ რობინომ ერთგვარი სიამაყე იგრძნო იმის გამო, რომ ისეთი ძლიერი უფროსის ხელქვეითი იყო, რომელსაც უსამართლობისაც კი არ ეშინოდა. ასე თვითონ რობინოსაც გადაედებოდა რაღაც სიდიადე ესოდენ ყოვლისშემძლე ხელისუფლისაგან.
— თქვენ თვითმფრინავებს შვიდის თხუთმეტ წუთზე უშვებთ, — ეუბნებოდა მოგვიანებით აეროპორტის უფროსებს, — პრემიებს ვერ მოგცემთ.
— კი მაგრამ, ბატონო რობინო, ექვსის ნახევარზე ხომ ცხვირთან მიტანილ თითსაც ვერ დაინახავთ.
— კანონი კანონია!
— ბატონო რობინო, ნისლს ჩვენ ხომ ვერ გავფანტავთ?
რობინო საიდუმლოებით მოცულ იერს მიიღებდა და დუმდა. ის ხომ დირექციის წარმომადგენელი იყო. ყველა იმ აბუეტში მარტო მას ესმოდა, რომ ამინდის გაუმჯობესება ადამიანის დასჯით შეიძლებოდა მომხდარიყო.
`რაკი საერთოდ არა აქვს ფიქრის უნარი, — ამბობდა მასზე რივიერი, — მცდარი აზრებიც არ მოუვა თავში~.
თუ პილოტი მანქანას დააზიანებდა, თუნდაც ავარიაში არ მოხვედრილიყო, დანიშნულ პრემიას კარგავდა.
— თუ პილოტს ავარია ტყეზე გადაფრენის დროს მოუხდა? — იკითხა რობინომ.
— სულ ერთია, მაგას არა აქვს მნიშვნელობა.
რობინოც განუხრელად მისდევდა ამ მითითებას.
— ვწუხვარ, — ეუბნებოდა მოგვიანებით პილოტებს და თვითონვე  სიამოვნებდა საკუთარი სიტყვები, — დიდად ვწუხვარ,  მაგრამ კარგი იქნებოდა სადმე სხვაგან მოგეხდინათ ავარიები.
— ბატონო რობინო, ჩვენზე არ არის დამოკიდებული ადგილის არჩევა!
— კანონი კანონია!
`წესები და კანონები, — ფიქრობდა რივიერი, — რელიგიურ ადათ-ჩვეულებებს ჰგავს, რომლებიც, მართალია უაზროდ გვეჩვენებიან, მაგრამ ადამიანის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს~. რივიერისთვის სულ ერთი იყო, სამართლიანი იქნებოდა ადამიანთა თვალში თუ არა. შესაძლებელია, საერთოდ სიტყვებს `სამართლიანსა~ და `უსამართლოს~— არც კი ჰქონდა მისთვის რაიმე აზრი. პატარა ქალაქებში მოქალაქენი მთელი ღამე ფანჩატურების ირგვლივ დასეირნობენ, საიდანაც მუსიკა ისმის. რივიერი ფიქრობდა: `რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს, რა არის ამ ადამიანთა მიმართ სამართლიანი, და რა  უსამართლო. ესენი ხომ არ არსებობენ. ადამიანი მის თვალში ხელუხლებელი ცვილი იყო, რომლისგანაც რაღაც უნდა გამოძერწილიყო. ამ მასალისათვის საჭირო იყო სულის ჩადგმა და ნებისყოფით აღჭურვა. რივიერს თავისი სიმკაცრით ადამიანთა დაბეჩავება როდი უნდოდა, იგი ფიქრობდა ადამიანები საკუთარ თავზე აემაღლებინა. როცა ყოველ დაგვიანებაზე მათ სჯიდა, უსამართლოდ იქცეოდა, მაგრამ ამით ადამიანთა ნებისყოფას იქით მიმართავდა, რომ ყველა აეროდრომიდან თვითმფრინავი თავის დროზე აფრენილიყო. ის ქმნიდა ამ ნებისყოფას. როცა არახელსაყრელი ამინდი ადამიანებს დასასვენებლად იწვევდა, რივიერი მათ ამ სიხარულს უსპობდა. გამოდარებამდე დაძაბულად აცდევინებდა. და ყველას, — უკანასკნელ დამხმარე მუშასაც კი — ასეთი მოლოდინი გუნებაში ამცირებდა. ამიტომ, როგორც კი ცის ჯავშანი ოდნავ მაინც გაიხსნებოდა, ყველა თვითმფრინავისკენ გარბოდა: `ჩრდილოეთისკენ ცა გაიხსნა! ახლა კი გავწიოთ!~ რივიერის წყალობით თხუთმეტი ათასი კილომეტრის მანძილზე ფოსტის დროული მიწოდების კულტი მეფობდა.
რივიერი ხანდახან იტყოდა:
— ეს ადამიანები ბედნიერნი არიან იმიტომ, რომ თავიანთი საქმე უყვართ, საქმე კი იმიტომ უყვართ, რომ მე ვარ მკაცრი.
მართალია, ადამიანებს აწვალებდა, მაგრამ სიხარულსაც თვითონვე ანიჭებდა მათ: `ესენი ერთთავად დაძაბულები უნდა ამყოფო, — ფიქრობდა რივიერი, — ისეთი ცხოვრების მოლოდინში, რომელსაც ტანჯვაც მოსდევს და სიხარულიც. ეს არის ნამდვილი ცხოვრება~.

როცა ავტომანქანა ქალაქში შევიდა, რივიერმა მოითხოვა კომპანიის კანტორაში წაეყვანათ. პელრენთან მარტო დარჩენილმა რობინომ შეხედა და სალაპარაკოდ მოემზადა.

5.
რობინო იმ საღამოს სევდამ მოიცვა: ის იყო აღმოაჩინა, რაოდენ უფერული ჩანდა მისი პირადი ცხოვრება პელრენ-გამარჯვებულის ცხოვრებასთან შედარებით. აღმოაჩინა ისიც, რომ მას, რობინოს, მიუხედავად ინსპექტორის წოდებისა და უფლებებისა, ნაკლები ფასი ჰქონდა ამ ზეთით ხელებდასვრილ, ქანცგაწყვეტილ კაცთან შედარებით, მანქანის კუთხეში თვალდახუჭული რომ მიყუჟულიყო. პირველად განიცადა რობინომ აღტაცება და სურვილი დაებადა, გამოეთქვა ეს აღტაცება. განსაკუთრებით მეგობრობის წყურვილი აღეძრა. იგი მოქანცული იყო მგზავრობით, ყოველდღიური ხელმოცარული საქმეებით. ოდნავ სასაცილოდაც კი ეჩვენებოდა თავისი თავი. ამ საღამოს, როცა საწვავის საწყობს ამოწმებდა, ისე დაიბნა ანგარიშში, რომ იმ საწყობის გამგეს, ვისი დანაშაულში გამოჭერაც სწადდა, შეებრალა და თვითონვე დაუანგარიშა ყველაფერი. უფრო მეტიც, — განაცხადა `B—6~ ტიპის დგუში სწორად არ არის დაყენებულიო და `B—4~ ტიპის დგუშში აურია. ვერაგმა მექანიკოსებმა კი ოცი წუთის განმავლობაში ხმა არ ამოიღეს, ვიდრე იგი გულს მოიოხებდა ლანძღვით, `ეს უმეცრებაა, ამას არავითარი გამართლება არა აქვსო,~ — ეს კი საკუთარი თავის გინებას ნიშნავდა.
ესეც არ იყოს, სასტუმროში თავისი ოთახის შიში ჰქონდა. სადაც უნდა ყოფილიყო, ტულუზიდან ბუენოს-აირესამდე, მუშაობის შემდეგ მუდამ ამ ოთახში ბრუნდებოდა. რაღაც საიდუმლო საქმეებით დამძიმებული შიგ ჩაიკეტებოდა, ჩემოდნიდან მთელ დასტა ქაღალდებს ამოიღებდა... დინჯად გამოიყვანდა სიტყვა `პატაკს~ და რამდენიმე პწკარს რომ დაწერდა, ქაღალდს დახევდა. სიგიჟემდე სწადდა, კომპანია რაიმე დიდი განსაცდელისგან, ეხსნა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ...  კომპანიას არავითარი განსაცდელი არ ემუქრებოდა. დღემდე რობინომ მხოლოდ ერთი პატარა ხრახნის ჟანგმოკიდებული საცობი გადაარჩინა დაღუპვას. ჟანგს თითს ნელა უსვამდა და შუბლშეკრული უყურებდა აეროდრომის უფროსს, რომელმაც უპასუხა: `იმ დასაფრენ პუნქტს მიმართეთ, საიდანაც ეს თვითმფრინავი მოვიდა~... რობინოს ეჭვი შეეპარა თავისი როლის მნიშვნელობაში.
პელრენთან დაახლოების სურვილმა გააბედვინა ეთქვა:
— ჩემთან ერთად ხომ არ ისადილებთ? ერთი სული მაქვს ვინმეს გავესაუბრო... ისეთი მძიმე ხელობა მაქვს...
შემდეგ, პილოტის თვალში რომ არ დამდაბლებულიყო, დასძინა:
— იმხელა პასუხისმგებლობა მაკისრია.
ხელქვეითებს არ უყვარდათ რობინოს გარევა თავიანთ პირად ცხოვრებაში, ყოველი მათგანი ასე ფიქრობდა: `თუ თავისი პატაკის საკბილოს ჯერ ვერაფერს მიაგნო, როგორც კი მოშივდება, მაშინვე მე დამეძგერებაო.~
მაგრამ ამ საღამოს რობინოს მხოლოდ საკუთარი ჭირი აწუხებდა: მისი ნამდვილი საიდუმლოება ის იყო, რომ საშინელი, მტანჯველი ეგზემა ჰქონდა და ამ თემაზე უნდოდა დღეს ლაპარაკი. სურდა ვინმესთვის შეეცოდებინა თავი; რაკი ქედმაღლობით ვერ მოიპოვა ნუგეში, სურდა თავმდაბლობით მაინც გამოეწვია ვინმეს თანაგრძნობა. საფრანგეთში საყვარელი ქალი ჰყავდა, ვისაც დაბრუნებისას საინსპექციო მოღვაწობაზე ესაუბრებოდა, უნდოდა მოეხიბლა იგი და თავი მოეწონებინა. მაგრამ ისიც იცოდა, რომ ამ ქალს მაინცდამაინც გულზე არ ეხატა ინსპექტორი, და ახლა მასზე ლაპარაკით უნდოდა გული ეჯერებინა რობინოს.
— მაშ, ერთად ვსადილობთ, ხომ?
პელრენმა დიდსულოვნად მიიღო მიპატიჟება.

6
როცა რივიერი ბუენოს-აირესის კანტორაში შევიდა, დაინახა, რომ თანამშრომლები თავიანთ მაგიდებთან თვლემდნენ. თავისი განუყრელი ქუდით და პალტოთი რივიერი იმ მარადიულ მოგზაურს ჰგავდა, ვისაც თითქმის არავინ ამჩნევს, იმდენად მცირე სივრცე უჭირავს. მისი პატარა ტანი, ჭაღარა თმა და უფერული ტანისამოსი კი ყოველგვარ გარემოს ეგუებოდა.
მაგრამ მის დანახვაზე ხალხმა გულმოდგინების მოზღვავება იგრძნო. აფორიაქდნენ მდივნები, კანტორის გამგე მაშინვე დავთრების ფურცვლას მოჰყვა, ააკაკუნეს საბეჭდი მანქანები.
ტელეფონისტმა აპარატი ჩართო და სქელ წიგნში ტელეგრამების რეგისტრაციას შეუდგა. რივიერი დაჯდა და კითხვა დაიწყო:
ჩილედან მოსულმა თვითმფრინავმა გამოცდას გაუძლო. თვალწინ დაუდგა ბედნიერად დასრულებული დღის მოვლენები, როცა ყველაფერი თავისთავად კარგად მიდის, როცა გავლილი აეროპორტები ზედიზედ აგზავნიან პატაკებს და ძუნწად აცნობებენ გამარჯვებათა შედეგებს. პატაგონიის საფოსტო თვითმფრინავიც სწრაფად მოიწევდა წინ, განაწესის დროსაც კი უსწრებდა, რადგან ზურგის ქარი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ უზარმაზარ ტალღებს ერეკებოდა.
— მეტეოროლოგიური ცნობა მომეცით.
ყველა აეროპორტი თავს იწონებდა უღრუბლო ამინდით, გამჭვირვალე ცითა და საამური ნიავით.  ამერიკას ოქროსფერი საღამო ეპარებოდა. რივიერს გულს უხარებდა ბუნების ასეთი გულუხვობა. ამ წუთში საფოსტო თვითმფრინავი სადღაც ღამეში იბრძოდა, მაგრამ გამარჯვების საუკეთესო შანსები მის ხელთ იყო.
რივიერმა რვეული გვერდზე გადადო.
— კარგია!
და კაბინეტიდან გავიდა, რათა თვალი გადაევლო, როგორ მუშაობდნენ ღამის გუშაგები, ფხიზლად რომ დარაჯობდნენ დედამიწის ნახევარს.

იგი ღია ფანჯრის წინ შეჩერდა და ღამის იდუმალებაში ჩაიძირა. ღამისა, რომელიც თავის ვეებრთელა თაღში მთელ ბუენოს-აირესს, მთელ ამერიკას იტევდა. არ გაჰკვირვებია, ასეთი სიდიადე რომ შეიგრძნო: ეს ცა უცხო ქვეყნის ცაა, მაგრამ რაკი საფოსტო თვითმფრინავი ჩილედან სანტ-იაგოში დაფრინავს, მთელ ამ ხაზზე, კიდით-კიდემდე ადამიანები ერთი უძირო გუმბათის მცხოვრებნი ყოფილან. აგერ, მოდის მეორე თვითმფრინავიც, რომლის გუგუნს რადისტები ხარბად იჭერენ ყურსაცვამებით, რომლის ქიმის შუქს წეღან  პატაგონიის მეთევზეებმაც მოჰკრეს თვალი. ცაში მყოფი თვითმფრინავის ჯავრი მარტოოდენ რივიერს როდი აწვა მძიმე ტვირთად, იგი თავისი მოტორის გუგუნით სევდით ავსებდა დიდსა და პატარა ქალაქებსაც.
დღევანდელი დაწმენდილი ღამით კმაყოფილი რივიერი წარსულ, აფორიაქებულ ღამეებს იგონებდა. ასეთ ღამეებში ხშირად მოსჩვენებია, რომ თვითმფრინავი უიმედოდაა ჩაძირული წყვდიადში და მისი ხსნა არსად ჩანს...…ასეთ დროს ბუენოს-აირესის რადიოსადგურს ჭექა-ქუხილში შერეული თვითმფრინავის დრტვინვა სწვდება. მყიფე ქანის ქვეშ მუსიკალური რადიოტალღის ოქროს ძარღვი იკარგება. რამხელა კაეშანია ღამის განსაცდელის შესახვედრად ბრმა ისარივით გატყორცნილი თვითმფრინავის მინორულ სიმღერაში!
`მორიგეობის დროს ინსპექტორის ადგილი კანტორაშიაო~— გაიფიქრა რივიერმა.
— რობინო მომიძებნეთ!
ამ დროს კი რობინო იმაზე ფიქრობდა, როგორ მოეპოვებინა პილოტის მეგობრობა. სასტუმროში ინსპექტორმა პელრენის თვალწინ თავისი ჩემოდანი გახსნა და იქიდან ის უმნიშვნელო საგნები ამოკრიფა, რომლებიც ინსპექტორებს სამყაროს დანარჩენ ნაწილთან აახლოებენ: რამდენიმე ცუდი გემოვნებით შეკერილი პერანგი, ტუალეტის ნესესერი და გამხდარი ქალის პორტრეტი, რომელიც ინსპექტორმა კედელზე მიაკრა. ასე თავმდაბლად ეუბნებოდა პელრენს აღსარებას თავის გაჭირვებაზე, ნაზ გრძნობებსა და მწუხარებაზე. თავის უბადრუკ ავლადიდებას რომ ალაგებდა, ამით პილოტს თავის სიღატაკეს აჩვენებდა, თავის მორალურ ტკივილს, თავის საპყრობილეს...
მაგრამ, როგორც ყველა ადამიანს, რობინოსაც ცხოვრებაში რაღაც პატარა იმედის სხივი ჰქონდა. ძალიან ნაზად ამოიღო ჩემოდნის ფსკერზე შენახული საგულდაგულოდ შეხვეული პატარა პარკი და დიდხანს ეალერსა, ვიდრე ხმას ამოიღებდა. შემდეგ, როგორც იყო, მოაცილა ხელები:
— ეს საჰარიდან ჩამოვიტანე...
და გაწითლდა, რომ გაბედა გულისნადების გამომჟღავნება, უამრავი უსიამოვნება აწუხებდა. ქორწინებამ არ გაუმართლა, ცხოვრება უნიათო ჰქონდა და ერთადერთ ნუგეშს პაწაწინა მოშავო კენჭები ჰგვრიდა, რომლებიც იდუმალ სამყაროში უხსნიდნენ გზას.
— ასეთი ქვები ხანდახან ბრაზილიაშიც გვხვდება, — თქვა მან და უფრო აელეწა სახე.
პელრენმა მხარზე ხელი მოუცაცუნა ამ ლეგენდარულ ატლანტიდაზე თავდახრილ ინსპექტორს... მას რაღაც მოკრძალებული გრძნობა დაეუფლა და უთხრა:
— გეოლოგია გყვარებიათ.
— ო, ეს ჩემი ერთადერთი გატაცებაა!
დედამიწის ზურგზე მხოლოდ ქვები იყო მისთვის რბილი.

როცა რობინოს კანტორაში დაუძახეს, გუნება წაუხდა, მაგრამ მალე თავი ისევ ღირსეულად დაიჭირა.
— უნდა დაგტოვოთ, ბ-ნ რივიერს დავჭირვებივარ რაღაც სერიოზულ საქმეზე.
კანტორაში რომ შევიდა, რივიერს აღარც ახსოვდა მისი არსებობა.  ჩაფიქრებული კედელზე გაკრულ რუკას მისჩერებოდა, რომელზეც წითელი ფანქრით იყო აღნიშნული კომპანიის ავიახაზების ქსელი. ინსპექტორი მის განკარგულებას უცდიდა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ რივიერს თავიც კი არ მოუბრუნებია, ისე ჰკითხა:
— რა აზრისა ხარ ამ რუკაზე, რობინო?
ოცნებათა სამყაროდან დაბრუნებული რივიერი ხანდახან თავის ხელქვეითებს ასეთ რებუსებს შესთავაზებდა ხოლმე. 
— ეს რუკა, ბატონო დირექტორო...
კაცმა რომ თქვას, ინსპექტორს ამ რუკაზე არც უფიქრია; მაგრამ ახლა შუბლშეკრული დააშტერდა და იგრძნო, რომ მთელ ევროპასა და ამერიკას ერთად `გაუწია…ზედამხედველობა.~ რივიერი კი ამასობაში თავისას ფიქრობდა: ეს ქსელი გარეგნულად საუცხოოა, მაგრამ საშიში. ბევრი ადამიანის, ბევრი ჭაბუკის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს ამ სილამაზეს. მას დიახაც ატყვია მკვიდრად ნაგები საგნის ღირსება, მაგრამ კიდევ რამდენ პრობლემას გვიქმნის!~ ხოლო რივიერისთვის ცხოვრებაში უმთავრესი — მიზანი იყო.
რობინო ისევ გვერდით ედგა დირექტორს და რუკას მიშტერებოდა. თანდათან გონს მოეგო ინსპექტორი. რივიერისგან სასიკეთოს არაფერს ელოდა.
ერთხელ სცადა გული მოელბო მისთვის და თავისი სულელური სატკივარი, სიცოცხლეს რომ უშხამავდა, დაწვრილებით აუწერა. რივიერმა დამცინავად მიუგო:
— ეგ ეგზემა ძილს კი გიფრთხობთ, მაგრამ სტიმულს აძლევს თქვენს აქტივობას.
რივიერის ამ გახუმრებაში დიდი ჭეშმარიტებაც იყო. რივიერს ჩეულებად ჰქონდა მტკიცება: `თუ უძილობისას მუსიკოსმა საუცხოო ნაწარმოები შექმნა, ეს საუცხოო უძილობა ყოფილა!~
ერთხელ ლერუზე მიუთითა და თქვა:
— რა დიდებული რამაა სიმახინჯე, იგი სიყვარულს ახლოს არ იკარებს...…
ვინ იცის, იქნებ ყველაფერი, რაც ლერუს ამაღლებდა და ადიდებდა, იმ ძნელბედობის წყალობა იყო, რამაც მისი ცხოვრება მხოლოდ შრომას დაუნათესავა.
— პელრენთან ძალიან ახლოს ხართ?
— ჰმ...
— მე არ გისაყვედურებთ.
რივიერი მობრუნდა და თავდახრილი პატარა ნაბიჯებით სიარულს მოჰყვა ოთახში. რობინო უკან დაედევნა. დირექტორს ტუჩებზე სევდიანი ღიმილი აუთამაშდა, რომლის მნიშვნელობას რობინო ვერ მიხვდა.
—  ოღონდ... ოღონდ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ უფროსი ხართ.
— დიახ, — მიუგო რობინომ.
რივიერმა გაიფიქრა, აი, ასე იკვრება ყოველ ღამე ცაში ახალი დრამის კვანძი. ადამიანის ნებისყოფის შესუსტებას შეიძლება მარცხი მოჰყვესო. და, შესაძლებელია, მძიმე ბრძოლებიც კი იყოს მოსალოდნელიო.
— თქვენ მუდამ უფროსის როლში უნდა იყოთ, — რივიერი თითქოს წონიდა ყოველ სიტყვას — შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უახლოეს ღამეს მაგ პილოტს სახიფათო გაფრენა უბრძანოთ: უნდა დაგემორჩილოთ.
— დიახ...
— შეიძლება ითქვას, თქვენს ხელთაა ადამიანების სიცოცხლე,  იმ ადამიანებისა, ვისი სიცოცხლეც თქვენსაზე მეტად ფასობს... — რივიერს თითქოს სიტყვა გაუწყდა, — დიახ, ეს უბრალო საქმე როდია.
რივიერი ისევ პატარა ნაბიჯებით დადიოდა ოთახში. ერთხანს რამდენიმე წუთით დადუმდა.
— თუ ეს პილოტები ისე გემორჩილებიან, როგორც მეგობარს, მაშინ გამოდის, რომ  მათ ატყუებთ, რადგანაც თქვენდათავად არავითარი უფლება არა გაქვთ, ადამიანებს მსხვერპლის გაღება მოსთხოვოთ.
— რასაკვირველია, არა...
— უკეთუ იმის იმედი აქვთ, აქაოდა ინსპექტორთან მეგობრობა მძიმე შრომისაგან გვიხსნისო, — მაშინაც გამოდის, რომ ატყუებთ. ისინი ვალდებულნი არიან, ყველა შემთხვევაში დაგემორჩილონ. აქ დაბრძანდით.
რივიერმა რობინოს თავისი მაგიდისაკენ ოდნავ ხელით უბიძგა.
— მე მინდა თქვენი ვალდებულებები მოგაგონოთ, რობინო. თუ დაიღალეთ, დახმარება ამ ადამიანებთან კი არ უნდა ეძიოთ. თქვენ უფროსი ხართ და თქვენი სისუსტე სასაცილოდ გამოჩნდება, წერეთ.
— მე...
— წერეთ: `ინსპექტორი რობინო პილოტ პელრენს ამა თუ ამ დანაშაულისთვის ამით და ამით  აჯარიმებს~. დანაშაული თვითონვე გამოიგონეთ.
— ბატონო დირექტორო!
— შეასრულეთ, რობინო, ისე იმოქმედეთ, თითქოს გაგეგოთ ჩემთვის. გიყვარდეთ თქვენი ხელქვეითნი, მაგრამ მათ ამაზე ნურაფერს ეტყვით.
გასაგებია, ამიერიდან რობინო უფრო დიდი გულმოდგინებით მოითხოვს, რომ საცობს ჟანგი არ მოედოს.
ხაზის ერთმა აეროდრომმა რადიოგრამა გადმოსცა:
`თვითმფრინავი გამოჩნდა. სიგნალს იძლევა: მოტორის რეჟიმი ეცემა, ვეშვები~.
— ახლა ერთი ნახევარი საათი მაინც დაიკარგება, — გაღიზიანდა რივიერი. ასე ხდება, როცა რკინიგზაზე სწრაფი მატარებელი უეცრად გაჩერდება, როცა წუთები ამაოდ გარბიან და ვეღარ ფარავენ დამორჩილებული ტრამალების თავიანთ წილს. ახლა კედლის საათის დიდი ისარი მკვდარ სივრცეს თვლიდა... მოვლენები კი... ვინ იცის, რამდენი მოვლენა შეიძლებოდა ჩატეულიყო ამ გაშლილ ფარგალში!
მტანჯველი მოლოდინი რომ დაეჯაბნა, რივიერი გარეთ გავიდა. ღამე ისეთი ცარიელი ეჩვენა, როგორც თეატრი უმსახიობებოდ. `რა უბრალოდ ცდება ასეთი ღამე!~ იგი ჭმუნვით შეჰყურებდა ვარსკლავებით შემკულ უღრუბლო ცას, ამ ღვთაებრივ სასიგნალო განათებას, მთვარეს შეჰყურებდა და ნანობდა, რომ ასე ტყუილუბრალოდ იხარჯებოდა ესოდენ თვალწარმტაცი ღამის საუნჯე.

მაგრამ, როგორც კი თვითმფრინავი მიწას მოსწყდა, რივიერის თვალში ღამე ისევ ამაღლებული და მომხიბლავი გახდა. მას თავის წიაღში სიცოცხლე მოჰქონდა. რივიერიც სწორედ იმ სიცოცხლეზე ზრუნავდა.
— ეკიპაჟს ჰკითხეთ, როგორი ამინდი შეხვდათ.
ათმა წამმა განვლო.
— შესანიშნავი.
ამას მოჰყვა რამდენიმე გავლილი ქალაქის სახელწოდება. რივიერის წარმოდგენაში კი ესენი ბრძოლით ძლეული ქალაქები იყვნენ.

7
ერთი საათის შემდეგ პატაგონიის საფოსტო თვითმფრინავის ბორტრადისტმა იგრძნო, თითქოს ვიღაც დაეჯახა და მსუბუქად ასწია მხრებით. გარშემო მიმოიხედა. მძიმე ღრუბლებს მოკაშკაშე ვარსკვლავთა შუქი დაეფარა. გადაიწია, მიწას ჩახედა. შეეცადა გაერჩია სოფლებში ანთებული ნათურები, ბალახში ჩამალულ ციცინათელებს რომ ჰგვანან, მაგრამ იმ შავ ბალახში არაფერი ბრწყინავდა. სევდიანად გაიფიქრა, მძიმე ღამე მელისო: წინ იყო — შეტევა, უკუქცევა, დაპყრობილი ტერიტორიები, რომლებიც უკანვე უნდა დააბრუნოს. მას არ ესმოდა პილოტის ტაქტიკა. ეჩვენებოდა, სულ მალე ისე დაეჯახებოდა ღამის წყვდიადს, როგორც ვეებერთელა კედელს.
ამ წუთში წინ, ჰორიზონტის გასწვრივ იგი სამჭედლოს ნაპერწკლების მსგავს ოდნავ შესამჩნევ ათინათებს ხედავდა. რადისტი ფაბიენს მხარზე ხელით შეეხო, მაგრამ პილოტი არ განძრეულა.
შორეული ჭექა-ქუხილის პირველი გრგვინვა უკვე უტევდა თვითმფრინავს, ლითონის მასა ოდნავ შეირხა და მთელი სიმძიმით რადისტს დააწვა. შემდეგ თითქოს ცაში გადნა, გალღვა. რამდენიმე წუთის განმავლობაში რადისტს ეგონა მარტო მიცურავდა ღამის წყვდიადში. იგი ორივე ხელით ფოლადის ლონჟერონებს ჩააფრინდა.
რადისტი მთელ სამყაროში ვეღარაფერს ხედავდა კაბინის წითელი ნათურის გარდა, და ჟრუანტელმა დაუარა, როცა წარმოიდგინა, რომ ამ გაუვალ წყვდიადში ერთადერთი მფარველის, პაწაწინა მაღაროს ფარნის ანაბარა უნდა დაშვებულიყო.
ვერ შებედა პილოტისთვის ეკითხა, რა გადაწყვეტილებას მიიღებო. ფოლადს ხელები მოუჭირა, ფაბიენისკენ წინ გადაიხარა და მის კეფას ჩააცქერდა.

სუსტ შუქზე მხოლოდ პილოტის თავი და უძრავი მხრები ისახებოდა. მძიმე სხეული ოდნავ მარცხნივ გადაეხარა. მართალია, ავდრისკენ მიბრუნებულ სახეზე ყოველი გრგვინვის დროს ელვის ნაკადი ეფინებოდა, მაგრამ რადისტი ამას ვერ ხედავდა. ყველა გრძნობა, წარამარა რომ ეცვლებოდა ამ ჭექა-ქუხილისკენ მიპყრობილ სახეზე, — წყენა, ჯავრი, ნებისყოფა თუ რისხვა, — ყველა ნიშანი, რისი მიხედვითაც კი პილოტის ფერმკრთალი სახე პასუხობდა ჭექა-ქუხილს, გრგვინვას, რადისტისთვის უცნობი იყო.
მაგრამ იგი გუმანით ხვდებოდა იმ უძრავ ლანდში დაგროვილ ძლიერებას. აღტაცებული იყო ამ სიძლიერით, რომელიც წერას ატანილივით ჭექა-ქუხილისაკენ მიაქროლებდა, მაგრამ ამავე დროს მისი დამცველიც იყო. მას სჯეროდა, რომ ხელებმა, რომლებიც ღონივრად ჩასჭიდებიან საჭეს, უკვე მოდრიკეს ქარიშხალი, როგორც ველურ პირუტყვს მოუდრეკენ ხოლმე ქედს. ხოლო ამ მძლავრ მხრებში, უძრავად რომ გაშეშებულან, ენერგიის უდიდესი მარაგი იყო ჩაბუდებული.
რადისტმა გაიფიქრა, ბოლოს და ბოლოს მთელი პასუხისმგებლობა პილოტს ეკისრებაო. თითქოს ხანძარში მოხვედრილი დაოთხილი ცხენის გავაზე მჯდარიყოს, სიამოვნებით შეიგრძნო ის მატერიალური, მტკიცე, მყარი ძალა, რომელიც აგერ, იმ ერთ ადგილზე გაშეშებული ლანდისაგან გამოდიოდა.
მარცხნივ შუქურასავით სუსტად მოციმციმე ახალი ცეცხლის კერა აინთო.
რადისტს უნდოდა ხელით შეხებოდა ფაბიენის მხარს, გაეფრთხილებინა, მაგრამ პილოტმა უკვე აუჩქარებლად მოაბრუნა თავი და წუთით გაუსწორა თვალი ახალ მტერს. შემდეგ ისევ დინჯად დაუბრუნდა ძველ მდგომარეობას, მხრები კი კვლავ უძრავი გაუხდა, კვლავ ტყავის საზურგეს მიაყრდნო კეფა.

8
რივიერი გარეთ გავიდა. უნდოდა ცოტა გაევლო და დაეოკებინა მოუსვენრობის გრძნობა, ისევ რომ დაეუფლა. მან, ვისი ცხოვრებაც მხოლოდ მოქმედება იყო, დრამატიზმით სავსე მოქმედება, საოცარი სიძლიერით იგრძნო ამჯერად ეს დრამა როგორ უთმობდა ადგილს სხვა, მის პირად დრამას. მან გაიფიქრა: პატარა ქალაქებში მცხოვრები ობივატელების ყოფაშიც კი, საღამოობით ორკესტრის ფანჩატურებთან რომ ატარებენ დროს და ერთი შეხედვით მშვიდი გეჩვენება, ზოგჯერ ასეთი დრამებიც იმალებაო. ვინ იცის, იქნებ... საკუთარმა სატკივარმაც ბევრი რამ ასწავლა ცხოვრებაში. `თითქოს რაღაც სხვა სარკმლები გაიღო~ — ფიქრობდა ის.
მოგვიანებით, საღამოს თერთმეტი საათისათვის, როცა უკეთ იგრძნო თავი, ისევ კანტორისკენ გასწია. ნელი ნაბიჯით მიდიოდა და მხრებით მიარღვევდა კინოთეატრებთან თავმოყრილ ხალხს. ვარსკვლავებს ახედა ვიწრო ქუჩას რომ დასციმციმებდნენ და ცაში დნებოდნენ მოკაშკაშე რეკლამებისაგან ფერდაკარგულნი. მან გაიფიქრა: `ამაღამ ცაში ორი საფოსტო თვითმფრინავი მყავს და მთელი ცის პასუხისმგებელი მე ვარ. აგერ, ის შორეული ვარსკვლავი ნიშანს მაძლევს და მეძებს ამ ბრბოში. მიპოვა კიდეც. ამიტომაა, რომ თავს უცხოდ, ცოტა არ იყოს, ეულად ვგრძნობ~.
ერთი მუსიკალური ფრაზა გაახსენდა, — რამდენიმე ნოტი იმ სონატიდან, რომელიც გუშინ ამხანაგებთან ერთად მოისმინა. ამხანაგებმა მუსიკა ვერ გაიგეს.
— ასეთი ხელოვნება ადამიანს მოწყენილობას ჰგვრის. თქვენზეც მოსაწყენად მოქმედებს, ოღონდ ესაა, რომ არ გინდათ ამაში გამოტყდეთ.
— შესაძლებელია... — მიუგო მან.
იმ წუთშიც, როგორც ახლა, თავი მარტოსულად იგრძნო, მაგრამ უმალვე მიხვდა, რაოდენ ამდიდრებდა მის შინაგან სამყაროს ასეთი სიმარტოვე. მუსიკა რაღაცას ამცნობდა მას, მხოლოდ მას, ამ გონებაშეზღუდულ ადამიანთა შორის, სათუთად ანდობდა თავის რაღაც საიდუმლოს, სწორედ იმგვარად, როგორც ვარსკვლავი ანიშნებდა ახლა ამდენი ხალხის თავს ზემოთ. იგი მარტოოდენ მას ელაპარაკებოდა, მისთვის გასაგებ ენაზე.
ქვაფენილზე მიმავალ რივიერს ეჯახებოდნენ: `განა ღირს გულის მოსვლა? — გაიფიქრა მან. — მე ახლა ავადმყოფი ბავშვის მამას ვგავარ, რომელიც ხალხში ნელა მიაბიჯებს, გულით კი უდიდეს დარდს ატარებს~.
ადამიანებს დააკვირდა. შეეცადა, ეცნო ისეთნი, ვინც მასავით სათუთად ინახავდა თავისი გულის აღმოჩენას, თუ სიყვარულს. და იმაზე ფიქრობდა, რაოდენ ეულნი არიან შუქურათა მცველნიო.

რივიერს კანტორაში გამეფებულმა სიჩუმემ სიამოვნება მოჰგვარა. ყველა ოთახი რიგრიგობით ნელი ნაბიჯით ჩამოიარა, — მხოლოდ მისი ნაბიჯების ხმა ისმოდა ცარიელ შენობაში. საბეჭდ მანქანებს შალითები ეფინათ და ეძინათ. დაკეტილ დიდ კარადებში საქაღალდეები მწყობრ მწკრივებად ელაგა. ათი წლის გამოცდილება და შრომა ინახებოდა შიგ! უეცრად მოეჩვენა, რომ ერთი დიდი ბანკის სარდაფშია, სადაც ურიცხვი სიმდიდრეა თავმოყრილი. იმაზე ფიქრობდა, რომ ყოველი უწყისი ოქროზე გაცილებით მეტ სიმდიდრეს მოიცავდა — ცოცხალ ძალას, თუმცა ეს ძალა ისეთივე მთვლემარე იყო, როგორც ბანკის სარდაფების ოქრო.
ახლა ერთ ოთახში მორიგე მდივანს შეხვდება, ამ დროს ეს ერთადერთი ფხიზელი კაცია აქ, ეს ადამიანი იმისთვის მუშაობს, რომ სიცოცხლე გრძელდებოდეს, რომ გრძელდებოდეს ადამიანის ნებისყოფის დაძაბვა, რომ არსად, ერთი აეროდრომიდან მეორემდე, ტულუზიდან მოყოლებული ბუენოს-აირესამდე, არასოდეს გაწყდეს ჯაჭვი.
`და ამ კაცს ფიქრადაც არ მოსდის საკუთარი სიდიადე~.
ამ წუთში საფოსტო თვითმფრინავები სადღაც იბრძვიან. ღამის ფრენა ავადმყოფობის მსგავსად ხანგრძლივია. თვითმფრინავს ისეთივე სიფხიზლე სჭირდება, როგორც ავადმყოფს სასთუმალთან. შველა სჭირდება ადამიანებს, იმათ, ვინც ხელებით, მუხლებით, მკერდით უტევს ღამის წყვდიადს, ვინც პირისპირ ებრძვის მას, და ვისთვისაც ქვეყანაზე არაფერი არსებობს, არაფერი, გარდა მერხევი, უხილავი სტიქიისა. ბრმად, მარტოოდენ საკუთარი ხელების ძალით უნდა დააღწიონ თავი სტიქიას ისე, როგორც ზღვის მორევს.
რა შემზარავია, რომ შეიძლება ზოგჯერ თავს გამოუტყდე: `ხელებს შუქზე გავხედე, რომ დამენახაო~. წითელ შუქში ხელების მხოლოდ ხავერდოვნება მოჩანს, თითქოს გასამჟღავნებელ ხსნარში გქონდეს ჩაყოფილი. ის, რაც სამყაროდან შემოგრჩა, უნდა გადაარჩინო.
რივიერი საექსპლოატაციო განყოფილების კარს მიაწვა. ოთახს ერთადერთი ნათურა ანათებდა და კუთხეში ნათელ ლაქასავით მოჩანდა. საბეჭდი მანქანის ტაკატუკი რაღაც საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებდა სიჩუმეს, თუმცა არ არღვევდა მას. დროდადრო ტელეფონის ზარი თრთოდა ჰაერში. მაშინ მორიგე მდივანი ადგილიდან ადგებოდა და ამ დაჟინებული, სევდისმომგვრელი ძახილისკენ მიემართებოდა. მორიგე მილს იღებდა და ის უხილავი მღელვარებაც იფანტებოდა; ჩაბნელებულ კუთხეში წყნარი საუბარი იმართებოდა, შემდეგ ადამიანი ისევ თავის მაგიდას უბრუნდებოდა გულდინჯად. მარტოობის გამომხატველი მისი ნამძინარევი სახე რაღაც ამოუხსნელ საიდუმლოებას ფარავდა. ვინ იცის, რა საშიშროებას გვამცნობს გარედან, ღამის წყვდიადიდან შემოვარდნილი ზარის ყოველი წკარუნი, როცა ჰაერში ორი საფოსტო თვითმფრინავია! რივიერმა გაიფიქრა დეპეშაზე, რომელიც ერთ მშვენიერ საღამოს თავზარს დასცემს ლამპის გარშემო შემოკრებილ ოჯახს; როცა რამდენიმე მტანჯველად გაჭიანურებული წუთის განმავლობაში ოჯახის მამა შემაძრწუნებელ საიდუმლოს არ გაამხელს. მას მხოლოდ სახეზე გადაურბენს  მსუბუქი ტალღა, მშვიდი და წყნარი, ასე რომ არ ჰგავს მისაშველებლად აღმომხდარ ძახილს.
რივიერსაც მუდამ ამ ყვირილის მოგუდული გამოძახილი ესმოდა ტელეფონის ზარის ყრუ წკარუნში. მარტო რომ იყო, მორიგე ნელა მოძრაობდა და ორ ტალღაში მოქცეულ ქანცგამოლეულ მოცურავეს ჰგავდა. როცა იგი ბნელი კუთხიდან ისევ ლამპისაკენ წამოვიდოდა, თითქოს წყლის ზედაპირზე ამოტივტივებული მოცურავე იყო, და მისი ყოველი მოძრაობა რაღაც იდუმალი ამბებით დამძიმებული ეჩვენებოდა რივიერს.
— იჯექით. მე მივალ.
რივიერმა ყურმილი აიღო და ღამის სამყაროს გუგუნი შემოესმა.
— ლაპარაკობს რივიერი.
ჯერ სუსტი შხუილი გაისმა, შემდეგ გარკვეული ხმა:
— რადიოსადგურთან გაკავშირებთ.
ისევ შხუილი, გადართული კონტაქტების ტკაცუნი და სხვა ხმა:
— ლაპარაკობს რადიოსადგური. გადმოგცემთ დეპეშებს.
რივიერი თავის ქნევით იწერდა დეპეშებს.
— შემდეგ... შემდეგ...
მნიშვნელოვანი არაფერი იყო. ყოველდღიურ სამსახურებრივ ცნობებს გადმოსცემდნენ. რიო-დე-ჟანეირო განმარტებებს თხოულობდა, მონტევიდეო ამინდზე ლაპარაკობდა, მენდოსა კი ტექნიკურ მოწყობილობაზე. ჩვეული, ყოველდღიური ამბები ისმოდა ტელეფონში.
— თვითმფრინავები?
— ცუდი ამინდია, თვითმფრინავების ხმა არ გვესმის.
— გასაგებია.
აქ მოწმენდილი, ვარსკვლავებით მოჭედილი ღამეა, — ფიქრობდა რივიერი, — რადისტებს კი შორეული ჭექა-ქუხილის სუნთქვა აღმოუჩენიათ~.
— ნახვამდის. 
რივიერი წამოდგა. მდივანი მიუახლოვდა. 
— ქაღალდებია ხელმოსაწერი, ბატონო დირექტორო...
— კეთილი.

რივიერმა უცებ მეგობრული სითბო იგრძნო ამ კაცის მიმართ, ვინც მასავით ეწეოდა დღევანდელი ღამის ჭაპანს. `ჩემი თანამებრძოლია, — გაიფიქრა, — თვითონ კი ალბათ, ვერასდროს გაიგებს, რაოდენ მჭიდროდ გვაკავშირებს ეს ღამის თევა~.

9
როდესაც რივიერი ხელში ქაღალდის დასტით საკუთარ კაბინეტში შევიდა, უეცრად მარჯვენა გვერდში მძაფრი ტკივილი იგრძნო, რაც უკვე რამდენიმე კვირა იყო აწუხებდა.
`ვერ არის კარგად საქმე~.
იგი ერთხანს კედელს მიეყრდნო.
`ესღა მაკლდა~.
შემდეგ სავარძლამდე მიაღწია.
და აი, უკვე მერამდენედ იგრძნო ამ ბებერმა ლომმა, რომ ხელფეხი შეკრული აქვს. საშინელმა კაეშანმა მოიცვა.
`ამოდენა შრომა და ასეთი დასასრული! ორმოცდაათი წლისა ვარ. ამ ორმოცდაათი წლის მანძილზე პირამდე ვავსებდი ჩემს ცხოვრებას. საკუთარ თავს ვაყალიბებდი, ვიბრძოდი, ვცვლიდი მოვლენათა მსვლელობას, ახლა კი აი, რით ვიქცევ თავს, რით ვივსებ ცხოვრებას, რა მთიშავს გარეშე სამყაროსგან... პირდაპირ უაზრობაა!
ოფლი მოიწმინდა, ცოტა შეიცადა, ვიდრე ტკივილი შეუნელდებოდა, შემდეგ მუშაობას შეუდგა.
აუჩქარებლად ფურცლავდა ქაღალდებს, `301 ძრავის დაშლის დროს ბუენოს-აირესში შემჩნეულია... დამნაშავე  გადაიხდის სასტიკ ჯარიმას~.
ხელი მოაწერა.
`წინააღმდეგ ინსტრუქციებისა ფლორიანოპოლისის დასაფრენ ბაქანზე...~
ხელი მოაწერა.
`დისციპლინარული წესით შეცვლილი იქნას აეროდრომის უფროსი რიშარი, რომელიც...~
ხელი მოაწერა.
ტკივილი გვერდში ოდნავ გაუყუჩდა, მაგრამ არ მოეშვა; ეს ტკივილი რაღაც ახალი რამ იყო, რაც სიცოცხლეს ახალ აზრს ანიჭებდა და რივიერს აიძულებდა თავის თავზე ეზრუნა, ეფიქრა სიმწრის გრძნობით.
`სამართლიანი ვარ, თუ უსამართლო, — არ ვიცი. როცა ვურტყამ, ავარიებიც ნაკლებად ხდება. პასუხისმგებლობა ავარიებზე ადამიანს კი არა, რაღაც ბნელ ძალას აკისრია, რომელსაც ვერ ალაგმავ, თუ ეს ხალხი არ მოთოკე. მე რომ ყოველთვის სამართლიანობა გამოვიჩინო, ყოველი ღამის ფრენა სიკვდილთან თამაში იქნება~.
მოსაზრებათა ამ გზას მეტად ჯიუტად დაადგა და ერთგვარი დაღლილობა დაეუფლა. შემდეგ გაიფიქრა გულმოწყალების გამოჩენაც არ იქნებაო ცუდი. ფიქრში წასულმა კვლავ ქაღალდებს დაუწყო ფურცვლა.
`...რაც შეეხება რობლეს, ის დღეიდან უკვე აღარ ირიცხება ჩვენი პერსონალის შემადგენლობაში...~
რივიერს კეთილი ბერიკაცი მოაგონდა. გაახსენდა მასთან საუბარი წინა ღამით:
— მაგალითია. კარგი მაგალითია სხვებისთვის.
— კი მაგრამ, ბატონო, ეს ხომ ერთხელ მოხდა, მხოლოდ ერთხელ. მე კი მთელი ჩემი სიცოცხლეა ვმუშაობ!
— ეს კარგი გაკვეთილი იქნება.
— დიახ, მაგრამ, აგერ ესეც ნახეთ, ბატონო!
რობლემ გაცვეთილი საფულედან ძველი გაზეთის დაკეცილი ფურცელი ამოიღო, რომელზეც თვითმფრინავთან იყო გადაღებული ახალგაზრდობაში.
რივიერი ხედავს, როგორ აცახცახდა მის ბებრულ ხელებში ეს გულუბრყვილო დასტური ძველი დიდებისა...
— ეს 1910 წელს მოხდა, ბატონო... მე ავაწყვე არგენტინის პირველი თვითმფრინავი, ავიაციაში 1910 წლიდან ვმსახურობ... უკვე ოცი წელია, ბატონო! ან კი, როგორ მოგიბრუნდათ ენა... ახალგაზრდები! ახალგაზრდები ხომ სასაცილოდ ამიგდებენ საამქროში!.. იცით, როგორ გამამასხარავებენ?
— ეგ საქმეს არ ეხება.
— შვილები, ბატონო, მე შვილები მყავს!
— აკი გითხარით, დამხმარე მუშის ადგილზე გადაგიყვანთ-მეთქი.
— კი მაგრამ, ჩემი ღირსება, ბატონო. ადვილი სათქმელია, ოცი წელიწადი იმუშაოს ავიაციაში ჩემისთანა ძველმა მუშაკმა და უცბად...
— დამხმარე მუშის ადგილზე იმუშავებთ.
— არ მინდა, ბატონო დირექტორო, უარს ვამბობ.
მოხუცს ხელები აუცახცახდა, რივიერი კი თვალს არიდებდა ამ დაღარულ, დაჯირჯვებულ, საუცხოო ხელებს.
— დამხმარე მუშის ადგილი...
— არა, ბატონო, არა... — მე მინდა გითხრათ...
— შეგიძლიათ წახვიდეთ.
რივიერმა გაიფიქრა, სამსახურიდან ასე სასტიკად ეს კაცი კი არა, ბოროტება მოვხსენი, რომელზეც ის, შესაძლებელია, პასუხს არც აგებს, მაგრამ რომლის იარაღიც გახდაო.
იმიტომ, რომ მოვლენები თვითონვე უნდა მართო და ისინიც დაგემორჩილებიან, შენ კი ქმნი. შენ უნდა შექმნა ადამიანები, ეს ბეჩავი არსებანი, ან არადა სამუშაოდან გადააყენო, თუკი ბოროტების იარაღად იქცნენ.
`მე მინდა გითხრათ...~
ნეტავ რისი თქმა უნდოდა იმ საცოდავ ბერიკაცს? რომ სიბერეში ერთადერთი სიხარული მოუსპეს? რომ მისთვის თვითმფრინავის ლითონზე დარტყმული ხელსაწყოს ხმაც კი ძვირფასია?... და, ესეც არ იყოს, ცხოვრებაც ხომ საჭიროა როგორმე?
`საშინლად დავიქანცე~ — ფიქრობდა რივიერი. მას ერთბაშად ალმური მოედო თავით ფეხებამდე. ქაღალდზე თითს უკაკუნებდა და ფიქრობდა: `როგორ მიყვარდა ამ ჩემი ძველი თანამშრომლის სახე~, — და თითქოს ისევ თვალწინ დაუდგა მისი ხელები. ცხადად წარმოუდგა, როგორი თრთოლვით მიიტანა ერთმანეთთან თითები. საკმარისი იყო ეთქვა: `კარგი, კარგი, დარჩითო~, და მაშინვე სიხარულის ტალღა გადაურბენდა იმ ბებერ ხელებს. რივიერი ოცნებაში წავიდა: და ეს ის სიხარული იქნებოდა, რომელიც სახეზე კი არა, მოხუცი მუშის ხელებზე გამოიხატებოდა. დედამიწის ზურგზე ეს ყველაზე წარმტაცი სიხარული იქნებოდაო, — გაიფიქრა რივიერმა.
`დავხიო ქაღალდი?~ — რივიერს თვალწინ წარმოუდგა მოხუცის ოჯახი, როგორ დაბრუნდებოდა ის საღამოს შინ, წარმოუდგა მისი მოკრძალებული სიამაყე.
— რაო, გტოვებენ? — ჰკითხავენ და ისიც მიუგებს:
— ოღონდაც, ოღონდაც! პირველი თვითმფრინავი არგენტინაში ხომ მე ავაწყვე!
საამქროში ახალგაზრდებიც აღარ დასცინებენ, ისევ დაუბრუნდება ძველი პატივი. `მაშ დავხიო?~
ტელეფონმა დარეკა, რივერმა ყურმილი აიღო.
ხანგრძლივი დუმილი, შემდეგ რეზონანსი და მოგუგუნე სიღრმე, ქარი და სივრცე რომ აძლევს ადამიანის ხმას.
ბოლოს და ბოლოს გააგონეს:
— ლაპარაკობს აეროდრომი, ვინ არის აპარატთან?
— რივიერი.
— ბატონო დირექტორო, ექვსას ორმოცდამეათე ასაფრენ ბილიკზეა.
— კეთილი.
— როგორც იქნა, ყველაფერი გავამზადეთ, მაგრამ უკანასკნელ წუთში ელექტროგანათების შეკეთება მოგვიხდა, კონტაქტები იყო დაზიანებული.
— კარგი. ვისი გაკეთებულია ელექტროგანათების მონტაჟი?
— შევამოწმებთ. თუ ნებას მოგვცემთ, სასტიკ ზომებს მივიღებთ, ელექტრონის დაზიანება ქიმზე სერიოზულ საშიშროებას ქმნის!
— რა თქმა უნდა.
რივიერი ფიქრობდა: `ბოროტებას, სადაც არ უნდა ნახო იგი, თუ მაშინვე არ ამოძირკვავ, უსათუოდ სინათლეც დაიჩრდილება. როცა ბოროტების აღმოფხვრის საშუალება გაქვს და არ ებრძვი, —  ნამდვილ ბოროტებას სჩადიხარ, არა, უნდა გამოვეთხოვოთ რობლეს~.
მდივანი ვერაფერს ამჩნევდა და გამუდმებით აკაკუნებდა მანქანაზე.
— რას ბეჭდავთ?
— ორი კვირის ანგარიშს.
— რატომ აქამდის მზად არ არის?
— მე...
— უნდა გადავსინჯოთ ეგ საკითხები.
`საოცარია, როგორ იმარჯვებენ მოვლენები, როგორ იჩენს თავს ვეებერთელა ბნელი ძალა, ძალა, რომელიც უსიერი ტყეების სიმშვიდეს არღვევს, იზრდება, ძლიერდება, ყველგან დუღს და გადმოდის, სადაც კი `დიადი საქმე იწყება~. რივიერი იმაზე ფიქრობდა, როგორ ამსხვრევენ ხანდახან დიდ ტაძრებს პაწაწინა ლიანები.
`დიადი საქმე...~
იგი ცდილობდა, თავი დაერწმუნებინა: `ეს ადამიანები ყველა მიყვარს, მათ როდი ვებრძვი... მე იმ ბოროტებას ვებრძვი, რომელიც მათი შემწეობით მოქმედებს...~
მის გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა და სტკიოდა.
`არ ვიცი, კარგია თუ არა, რასაც ვაკეთებ. არაფერი გამეგება, არც ადამიანის სიცოცხლის ნამდვილი ფასისა, არც სამართლიანობისა, არც მწუხარებისა. არც ის ვიცი კარგად, რაში მდგომარეობს ადამიანის სიხარული! არ  ვიცი ფასი მოცახცახე ხელისა... არ ვიცი ფასი არც შებრალებისა, არც ალერსისა~.
იგი ოცნებაში წავიდა:
ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე... ყოველი ადამიანი ისე გამოდის მდგომარეობიდან, როგორც ემარჯვება...… მაგრამ მოიპოვო უფლება მარადიულობაზე, შემოქმედებაზე, — საკუთარი მიწიერი სხეულის სანაცვლოდ...~
ერთხანს დაფიქრდა. შემდეგ დარეკა:
— ევროპის საფოსტოს პილოტს დაურეკეთ, გაფრენამდე ჩემთან შემოვიდეს.
და გაიფიქრა:
`არ არის საჭირო ამ საფოსტო თვითმფრინავმა ისევ ტყუილუბრალოდ გააკეთოს ნახევარწრე. თუ ჩემი კაცები არ შევაფუცხუნე, მუდამ ექნებათ ღამის შიში~.

10
პილოტის ცოლი ტელეფონის წკარუნმა გააღვიძა. ქმარს გადახედა და გაიფიქრა:
— ცოტას კიდევ დავაცდი, იძინოს.
ქალი ტკბებოდა კაცის შიშველი მკერდის ცქერით, მკვიდრად შეკრულ ლამაზ ხომალდს აგონებდა იგი. კაცს მყუდრო ლოგინში ისე ეძინა, როგორც ხომალდს  ნავსადგურში, და რომ არაფერს გაეკრთო მისი ძილი, ქალი თითებით უსწორებდა თეთრეულის ნაოჭებს, თითქოს ლანდებს უფანტავსო, თითქოს წყლის მსუბუქ ლივლივს უნელებსო. იგი ეფერებოდა ლოგინს, ასე მხოლოდ ღვთაებრივი ხელის შეხება აშოშმინებს ხოლმე ზღვას.
ქალი ადგა, ფანჯარა გამოაღო და სახე ნიავს მიუშვირა. სახლი მთელ ბუენოს-აირესს გადაჰყურებდა. მეზობელ სახლში ცეკვავდნენ, ქარს ნაწყვეტ-ნაწყვეტი მელოდიები მოჰქონდა. სწორედ გართობისა და დასვენების დრო იყო. ქალაქს ადამიანები ასი ათას ციხე-სიმაგრეში გამოეკეტა. ირგვლივ ყველაფერში მყუდროება და სიმშვიდე იგრძნობოდა. მაგრამ ქალს ეჩვენებოდა, საცაა დაიყვირებენ: `იარაღთანო!~ და ამ ძახილზე მხოლოდ ერთადერთი ადამიანი, მისი ქმარი წამოხტებოდა. კაცს ისევ ეძინა, მისი ძილი კი იმ ჯარისკაცის მშფოთვარე ძილს ჰგავდა, რომელიც ხვალ ბრძოლის ველზე უნდა გასულიყო. მთვლემარე ქალაქი ვერ იცავდა მას: როცა ეს ჭაბუკი ღმერთკაცი ბუღჩამდგარ ქალაქს გადაუფრენდა, მისი ჩირაღდნები საცოდავად მბჟუტავნი მოეჩვენებოდა. ცოლი დასცქეროდა ქმრის მძლავრ ხელებს, რომლებიც ერთ საათში ევროპის საფოსტო თვითმფრინავის ბედს ჩაიბარებენ. ეს კი იმას ნიშნავს, თუნდაც მთელი ქალაქის ბედ-იღბალი მიენდოთ მისთვის. მან შინაგანი მღელვარება იგრძნო. მილიონთა შორის ეს  ერთადერთი კაცი იყო მოწოდებული ამ უცნაური მსხვერპლის გასაღებად. ქალი დარდმა მოიცვა. ქმარი წავიდოდა, მისი ალერსიც ვერ დააკავებდა. მერე როგორ ელაციცებოდა, თავს დასტრიალებდა, ეფერებოდა და თურმე თავისთვის კი არა, ამაღამდელი ღამისთვის, რომელიც სულ მალე მოსტაცებდა მის თავს. მოსტაცებდა ბრძოლის, მღელვარებისა და გამარჯვებისათვის. ქალი კი ამას ვერასოდეს შეიტყობდა. მან როგორღაც მოახერხა და შეიჩვია ეს მოალერსე ხელები, მათი ჭეშმარიტი საქმიანობა კი ქალისთვის ბნელით მოცული დარჩა. ცოლი კარგად იცნობდა ამ კაცის ღიმილს, იცოდა მზრუნველი მიჯნურის ამაგი, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, რაოდენ მრისხანე იყო ხოლმე იგი ავდრისა და ჭექა-ქუხილის დროს. ქალი მას მუსიკის, სიყვარულის, ყვავილების ნაზ ბორკილებს ადებდა, ის კი ყოველი გაფრენისას გლეჯდა ამ ბორკილებს და თითქოს სრულიადაც არ ნანობდა ამას.
მფრინავმა თვალები გაახილა.
— რომელი საათია?
— შუადღე გადავიდა.
— ამინდი?
— არ ვიცი...
ქმარი წამოდგა, გაიზმორა, ნელი ნაბიჯით ფანჯარას მიუახლოვდა.
— დღეს ისე არ შემცივა. საით ქრის ქარი?
— ისე მეკითხები, თითქოს ბევრი გამეგებოდეს...
კაცი დაიხარა:
— სამხრეთისაა. ჩინებულია, სულ ცოტა, ბრაზილიამდე მაინც გამყვება ეს ქარი.
შემდეგ მთვარესაც მოჰკრა თვალი და მდიდარი ვარო, გაიფიქრა. მერე მზერა ქვემოთ, ქალაქზე გადაიტანა. ქალაქი არ მოეჩვენა სიამის მომგვრელი, ნათელი და თბილი. უკვე ხედავდა, როგორ მტვერივით ფანტავდა ქარი მისი ჩირაღდნების უსარგებლო შუქს.
— რაზე დაფიქრებულხარ?
ის ფიქრობდა, ვაითუ პორტო-ალეგროსთან ნისლს შევეყაროო.
— ვიცი, როგორ ავუხვიო გვერდი, ჩემი საკუთარი ტაქტიკა მაქვს.
კაცი ისევ ფანჯარაში იყურებოდა დახრილი და ისე ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, როგორც ზღვაში გადასახტომად გამზადებული შიშველი კაცი.
— თითქოს სულაც არ გწყდება გული, რომ მიდიხარ... რამდენი დღით მიფრინავ?
— რვა, ან იქნებ ათი დღითაც, — თვითონაც არ იცოდა. გული სწყდებოდეს? არა, რად უნდა სწყდებოდეს გული? აი, დაიწყება ველები, ქალაქები, მთები... იგი ხომ მათ დასაპყრობად მიდიოდა! ის თავისუფალია! ერთი საათიც არ გავა და მთელ ბუენოს-აირესს ხელში მოიგდებს, მერე კი უკან მოიტოვებს. მამაკაცს გაეღიმა.
— ჰმ, ამ ქალაქს... ძალიან ჩქარა მოვიტოვებ უკან. რა სჯობია ღამით ფრენას! ჩართავ გაზს, პირს სამხრეთისკენ იზამ და ათი წამიც არ გავა, რომ მთელი პეიზაჟი თავდაყირა დადგება, შენ კი ჩრდილოეთისკენ გაფრინდები. ქვემოთ ქალაქი ზღვის ფსკერივით გამოჩნდება.
ქალმა გაიფიქრა, რამდენ რამეზე უნდა თქვას უარი დამპყრობელმაო.
— განა შენი სახლი არ გიყვარს?
— მიყვარს ჩემი სახლი...
მაგრამ ცოლი გრძნობდა, რომ ქმარი უკვე შორს იყო მისგან. მისი ფართო მხრები უკვე ცის თაღში იჭრებოდნენ. ქალმა ცას შეხედა.
— კარგი დარი შეგესწრო, გზა ვარსკვლავებითა გაქვს მოკირწყლული.
კაცმა გაიცინა.
— მართალია.
ქალმა მხარზე ხელი დაადო. თბილმა კანმა გული აუჩქროლა:
ნუთუ ამ სხეულს საშიშროება ემუქრება?..
— ვიცი, ძლიერი ხარ, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი!
— რა თქმა უნდა, გავფრთხილდები...
და ისევ გაეცინა.
კაცმა ჩაცმა დაიწყო. ასეთი დღესასწაულისთვის ძალზე უხეშ ჯვალოს ირჩევდა, უმძიმეს ტყავეულს იცვამდა. გლეხივით იმოსებოდა და რაც უფრო იმატებდა ტანსაცმელს და მძიმდებოდა კაცი, მით უფრო ტკბებოდა ქალი მისი ცქერით. ქამრის ბალთაც შეუკრა, ჩექმების ჩაცმაშიც მიეხმარა.
— ეს ჩექმები მიჭერს.
— აი, მეორე...
— თასმა მომეცი რამე, სათადარიგო ლამპის მისამაგრებლად.
ქალმა ქმარი შეათვალიერა. საკუთარი ხელით შეუსწორა საჭურველი: ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.
— რა ლამაზი ხარ!
თვალი შეავლო, კაცი გულდასმით ივარცხნიდა თმას.
— ვარსკვლავებისთვის ირთვები?
— იმიტომ ვირთვები, რომ თავი ბებრად არ ვიგრძნო.
— ვეჭვიანობ...
კაცმა კვლავ გაიცინა, ცოლს გადაეხვია და მძიმე ტანისამოსზე მიიკრა. მერე ბავშვივით ხელში აიტაცა და სიცილით ლოგინზე დააწვინა:
— იძინე!
შემდეგ კარი გაიხურა, ქუჩაში გავიდა და სიბნელისგან სახეშეცვლილ ბრბოში ღამის დასაპყრობად პირველი ნაბიჯი გადადგა. ქალი შინ დარჩა. სევდიანად შეჰყურებდა ყვავილებს, წიგნებს, მთელ ამ ნეტარ სამყაროს, რომელიც მისი ქმრისთვის მხოლოდ ზღვის ფსკერი იყო და სხვა არაფერი. 

11
რივიერმა მფრინავი მიიღო.
— უკანასკნელ რეისზე რაღაც უცნაურ ხრიკებს აკეთებდით. წრე შემოუარეთ, მეტეოცნობები კი მშვენიერი იყო და პირდაპირ შეგეძლოთ გეფრინათ. შეგეშინდათ?
პილოტმა მოულოდნელ შეკითხვაზე ხმა ვერ ამოიღო, ნელა მოისრისა ხელები. შემდეგ თავი ასწია და რივიერს თვალებში შეხედა.
— დიახ!
სადღაც, გულის სიღრმეში რივიერს შეებრალა ეს მამაცი ვაჟკაცი, შიშის გრძნობას რომ აეტანა.
პილოტმა სცადა თავი გაემართლებინა:
— ვეღარაფერს ვხედავდი. მართალია, რადიო აცხადებდა... შეიძლება უფრო შორს... მაგრამ ქიმის ნათურა უკვე ჩასაქრობად ბჟუტავდა, საკუთრ ხელებსაც ვეღარ ვარჩევდი. სათავო შუქის ჩართვა მინდოდა, რომ ფრთა მაინც დამენახა, მაგრამ სრულ წყვდიადში ვიყავი. ასე მეგონა, ვეებერთელა ორმოს ფსკერზე მოვექეცი და თავს ვეღარაფრით დავაღწევდი. თან ძრავამაც დაიწყო ვიბრირება.
— არა.
— როგორ არა?
— არა. ჩვენ გავსინჯეთ და სრულ წესრიგში აღმოჩნდა. მაგრამ, როცა ადამიანს ეშინია, ეჩვენება, რომ ძრავა ვიბრირებს.
— როგორ არ შეგეშინდება! მთები თითქოს მკერდზე მაწვებოდნენ. როცა სიმაღლის აღება მოვინდომე, საშინელ გრიგალში მოვხვდი. თქვენც ხომ იცით, რა არის გრიგალი, როცა ისედაც ვერაფერს არჩევ... და თანაც ეს გრიგალი... იმის მაგივრად, რომ მაღლა ავსულიყავი, პირიქით, ასი მეტრი დავკარგე და ვეღარც გიროსკოპს ვხედავდი, ვეღარც მანომეტრებს.* (* მანომეტრი — ხელსაწყო, რომლითაც იზომება ჰაერის, ორთქლის, გაზის და სითხის წნევა დახურულ სივრცეებში.) მერე მომეჩვენა, რომ ძრავის რეჟიმი ეცემა, რომ გადახურდა, ზეთი ძირს იწევს... და ეს ყველაფერი საშინელ სიბნელეში... თითქოს რაღაც სენმა დამჯაბნა. ჰოდა, როცა განათებული ქალაქი დავინახე, გულზე მომეშვა!
— მეტისმეტად მდიდარი ფანტაზია გქონიათ. წადით.
პილოტი გავიდა.

რივიერი სავარძელში ჩაეფლო და ხელი შევერცხლილ თმაზე გადაისვა.
`ჩემს ბიჭებში ეს ყველაზე მამაცია. იმ საღამოს ძალიან ივაჟკაცა, მაგრამ შიშისაგან უნდა განვკურნო...~
შემდეგ წუთიერი სისუსტის ცთუნება იგრძნო: `საკმარისია სიბრალული გამოიჩინო და ადამიანებს შეუყვარდები. მე არც არავის ვიბრალებ და არც სიბრალულს ვიმჩნევ. კარგი კი იქნებოდა ადამიანებთან მეგობრულ და თბილ დამოკიდებულებაში ვყოფილიყავი! ექიმს, მაგალითად, მისი ხელობა ამის საშუალებას აძლევს, მე კი თავად უნდა გავუკვლიო გზა მოვლენებს, თავად უნდა ვჭედო ადამიანები, რათა შემდეგ მათ წარმართონ მოვლენები. როცა საღამოობით კაბინეტში ვზივარ და წინ საგზაო ფურცლები დასტებად მიწყვია, მტკივნეულად ვგრძნობ ამ დაუწერელ კანონს. საკმარისია ყურადღება შევანელო და ერთხელ მოწესრიგებული მოვლენები თავის ნებაზე მივუშვა, რომ მაშინვე ავარიას ავარია მოჰყვება. ასე მგონია, მარტო ჩემი ნებისყოფა იფარავს თვითმფრინავს დამსხვრევისაგან, გრიგალს გზაზე ეღობება და აკავებს. ხანდახან თვითონაც მაკვირვებს საკუთარი ყოვლისშემძლეობის ძალა~.
რივიერმა კვლავ განაგრძო ფიქრი:
`ეს გასაგებიც უნდა იყოს. მებაღეც ასე განუწყვეტლივ იბრძვის თავის გაზონებზე. განა ადამიანის მძიმე ხელი მიწაში უკანვე არ აბრუნებს ბუნების წიაღში მარადიულად მთვლემარე ველურ პირველყოფილ ტყეს!~
რივიერმა ფიქრი პილოტზე გადაიტანა:
`არ მინდა შიში ჰქონდეს. მაგრამ მას კი არ ვესხმი თავს, არამედ იმ წინააღმდეგობის საწყისს მის არსებაში, რაც ადამიანს უცნობი მოვლენის წინაშე აქვავებს. თუ ყური ვათხოვე, შევიბრალე, სერიოზულად შევხედე მის შიშს, დაიჯერებს, რომ რაღაც იდუმალ სამყაროში იყო, მას კი სწორედ ამ იდუმალების ეშინია. ადამიანები იმ ბნელ ორმოში უნდა ჩავიდნენ და ამოსვლისას აღიარონ, იქ ვერაფერი ვნახეთ იდუმალიო. ეს კაცი, რაც შეიძლება ღრმად უნდა ჩასწვდეს ღამეს, მის სისქეში ისე შეიჭრას, რომ პატარა მაღაროს ლამპაც კი არ ეჭიროს ხელში,  ის პატარა ლამპა, მხოლოდ ხელებსა და თვითმფრინავის ფრთას რომ ანათებს. მან თავისი ფართო მხრებით ის უცნობი, იდუმალი ძალა უნდა მოიშოროს.
რივიერსა და მის პილოტებს გულის სიღრმეში ძმობის რაღაც იდუმალი ჯაჭვი მაინც აკავშირებდა. ისინი ერთი წრთობის ადამიანები იყვნენ, გამარჯვების ერთი სურვილი დაუფლებოდათ. მაგრამ რივიერს ღამის დასაპყრობად წარმოებული სხვა ბრძოლებიც ახსოვდა.
ოფიციალურ წრეებში ღამის პირქუშ სამფლობელოს ისეთი შიშით შეჰყურებდნენ, როგორც ფეხშეუდგმელ უსიერ ტევრს. მათი აზრით ეკიპაჟის ქროლა ქარტეხილებსა და ნისლში საათში ორასი კილომეტრის სიჩქარით და ყველა იმ ფიზიკურ სიძნელეთა დაძლევა, რომლებიც ღამეს თან ახლავს, მხოლოდ სამხედრო ავიაციისთვის დასაშვები ავანტიურა იყო; აეროდრომიდან უღრუბლო ღამეში აფრინდები, დაბომბავ და იმავე ღამეს იმავე აეროდრომზე დაეშვები. ღამის რეგულარული რეისები კი მუდამ მარცხის მომტანია.
`ჩვენთვის ღამით ფრენა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, — მიუგებდა ხოლმე რივიერი, — რადგან ყოველ ღამე დღის განმავლობაში მოგებულ იმ დროს ვკარგავთ, რაც ურიპატესობას გვაძლევს რკინიგზასა და გემთან შედარებით~.
რივიერი გულისტკივილით უსმენდა ასეთ საუბარს: ეს საქმის ფინანსური მხარეო, ეს უსაფრთხოებაო, ეს საზოგადოებრივი აზრიო... `საზოგადოებრივი აზრი... — პასუხობდა რივიერი, — ეს აზრი შენ თავად უნდა შექმნა~. და ფიქრობდა: `რამდენი დრო იკარგება ტყუილად!.. და მაინც არის ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რაც სძლევს ყოველივე ამას. ყოველივე ცოცხალი თავის გზაზე ყველაფერს ანგრევს, რათა იცოცხლოს, ხოლო რომ იცოცხლოს, თავის კანონებს ქმნის. ეს უცილობელი ჭეშმარიტებაა!~
რივიერმა არ იცოდა, როდის და როგორ დაეუფლებოდა სამოქალაქო ავიაცია ღამის ფრენას, მაგრამ მას ესმოდა, რომ ახლავე იყო საჭირო მზადება ამ გარდუვალი გადაწყვეტილების მისაღებად.
მას გაახსენდა, როგორ იჯდა მწვანე სუფრაგადაფარებულ მაგიდასთან, მუშტზე დაეყრდნო ნიკაპი და საკუთარი ძალის საოცარი გრძნობით უსმენდა გაუთავებელ საწინააღმდეგო მოსაზრებებს. მას ეჩვენებოდა, რომ ეს მოსაზრებები უაზროა და ცხოვრების მიერ უარყოფილი. იგი გრძნობდა, როგორ ემატებოდა ძალა, ძლიერდებოდა. `ჩემი საბუთები უდავოა. გამარჯვება ჩემს მხარეზე იქნება, — ფიქრობდა რივიერი, — ეს არის მოვლენათა ბუნებრივი მსვლელობა~.
როცა ყოველგვარი რისკის ასაცილებლად, რაღაც თავდებობას ან გადაწყვეტილების მიღებას სთხოვდნენ, ის პასუხობდა:
— კანონებს გამოცდილების საფუძველზე გამოიმუშავებენ, კანონების შეცნობა არასოდეს უსწრებს გამოცდილებას.
მთელი ერთი ხანგრძლივი წელიწადი იბრძოლა რივიერმა, და თავისას მიაღწია. ზოგი ამბობდა, ამას თავისი რწმენის შედეგად მიაღწიაო. ზოგიც ირწმუნებოდა, შეუპოვრობის, ყოვლისშემმუსვრელი დათვური ძალის წყალობითო. თვითონ კი ფიქრობდა, იმიტომ მივაღწიე ამდენს, რომ სწორი გეზი ავიღეო.
მაგრამ რაოდენი სიფრთხილე დასჭირდა თავდაპირველად! თვითმფრინავები აეროდრომიდან გათენებამდე ერთი საათით ადრე გადიოდნენ და მხოლოდ მზის ჩასვლიდან ერთი საათის შემდეგ ბრუნდებოდნენ. საფოსტო თვითმფრინავების გაგზავნა ღამით მან მხოლოდ მაშინ გაბედა, როცა ერთგვარი გამოცდილება მიიღო. ახლა კი აღარც თანამოაზრეები ჰყავს, მსჯავრდადებულიც არის და მარტოდმარტო იბრძვის.
რივიერმა დარეკა, რომ თვითმფრინავებიდან მიღებული უკანასკნელი ცნობები გაეგო.

12
ამასობაში პატაგონიის საფოსტო თვითმფრინავი თითქმის მიადგა ქარიშხალს. პილოტმა ფაბიენმა გადაწყვიტა არ შემოევლო ირგვლივ, მიხვდა, რომ ავდარს დიდი სივრცე მოეცვა. ელვის ხაზი შორს აღწევდა სიღრმეში და ღრუბელთა ციხე-სიმაგრეებს აშუქებდა. გადაწყვიტა, ავდრის ღრუბლების ქვეშ გაევლო, და თუ ვერ მოახერხებდა, მხოლოდ მაშინ მობრუნებულიყო უკან.
ალტიმეტრს დააკვირდა: ათას შვიდასი მეტრის სიმაღლეზე იყო. ბერკეტებს ხელისგულები დააჭირა, რომ დაშვება დაეწყო. ძრავა მაშინვე ძლიერ ვიბრირებას მოჰყვა, თვითმფრინავი შეირყა. ფაბიენმა თვალზომით შეასწორა დაშვების კუთხე, შემდეგ რუკაზე ბორცვების სიმაღლე შეამოწმა. ხუთასი მეტრი ყოფილა მათი სიმაღლე. მთებისგან დაშორებული მანძილი რომ შეენარჩუნებინა, შვიდას მეტრზე გადაწყვიტა ფრენა.
თითქოს მთელ თავის სარჩო-საბადებელს ბანქოში გადადიოდა, ისე სწირავდა ფაბიენი სიმაღლეს.
თვითმფრინავი ჰაერის მორევში მოხვდა და უფრო ძლიერად შეირყა. ფაბიენმა იგრძნო, რომ რაღაც უხილავი ზვავი ემუქრებოდა. თითქოს სიზმარშიაო, წარმოიდგინა, რომ თვითმფრინავი შემოაბრუნა და ასი ათასი მნათობის სამყაროში დაბრუნდა... მაგრამ ერთი გრადუსითაც არ შეუცვლია გეზი.
ფაბიენი თავის შანსებს წონიდა... შესაძლებელია ავდარი მარტო ამ ადგილას იყოს. უახლოესი აეროპორტი ტრილიუ ხომ იტყობინებოდა, ცა სამ მეოთხედზეაო მოღრუბლული. ესე იგი, სულ რაღაც ოცი წუთი უნდა გაუმკლავდეს ამ შავი ბეტონის მასას. პილოტი მაინც წუხდა. მარცხნივ, ქარისკენ გადაზნექილი ცდილობდა მკრთალი ციმციმი გაერჩია, უკუნ ღამესაც რომ არღვევს ხოლმე. მაგრამ ახლა პატარა შუქიც არსად ჩანდა. რაღაც ოდნავი ცვლილება იყო სქელ, ღრმა სიბნელეში. დაღლილი თვალები თუ ატყუებდა?
რადისტის მიერ გადმოცემული ბარათი გაშალა:
`სადა ვართ?~ — კითხულობდა ის.
ოღონდ ეს სცოდნოდა, ქვეყანაზე ყველაფერს დათმობდა.
`არ ვიცი, კომპასის მიხედვით პირდაპირ ავდრისკენ მივდივართ~.
ისევ გადაიხარა. მას არ ასვენებდა ძრავაზე ცეცხლის თაიგულივით მიკრული ალის კონა. ალი იმდენად იყო გაცრეცილი, მთვარის შუქიც კი გააქრობდა, რომ მოხვედროდა, მაგრამ ამ არარაობაში მთელ ხილვად სამყაროს ნთქავდა. კიდევ შეხედა. ქარი მჭიდროდ წნავდა ანთებული კელაპტრების მსგავს ალის ენებს.
ფაბიენი გიროსკოპისა და კომპასის შესამოწმებლად ყოველ ოცდაათ წამში ხელსაწყოებზე იხრებოდა. ვეღარ გადაეწყვიტა წითელი ნათურების ანთება, რომლებიც კარგა ხანს სჭრიდნენ თვალს, მაგრამ კაბინის ფოსფორიანი ციფერბლატები ვარსკვლავებისებრ მკრთალ შუქს ღვრიდნენ გარშემო. აქ, ამ ისრებსა და ციფრებს შორის პილოტი უშიშროების რაღაც მაცდურ გრძნობას განიცდიდა, როგორც გემის კაიუტაში განიცდის ადამიანი, როცა გემბანზე ტალღები გადარბიან. ასეთივე საბედისწერო სისწრაფით იწევდა თვითმფრინავისკენ ღამე და თან მოჰქონდა კლდეები, ნამსხვრევები, ბორცვები...
`სადა ვართ?” — კითხვა გაუმეორა რადისტმა.
ფაბიენი თითქოს ისევ გონს მოეგო, მარცხნივ გადაიხარა და კუნთები დაძაბა. უკვე აღარ იცოდა, რამდენი დრო, ან რამდენი ძალ-ღონე დასჭირდებოდა ამ მძიმე უღლისაგან გასათავისუფლებლად. თანდათან რწმენაც ეკარგებოდა, თუ ოდესმე თავს დააღწევდა და ახლა თავისი ბედი ამ პატარა, ბინძურ დაჭმუჭნილ ქაღალდის ნაჭერს მიანდო, რომელსაც აგერ უკვე მეათასეჯერ შლიდა და ჩასცქეროდა, რათა შიგ რაიმე იმედი ამოეკითხა. `ტრილიუ, ცის სამი მეოთხედი ღრუბლებითაა დაფარული, სუსტი ქარი დასავლეთიდან უბერავს~. თუ ტრილიუს ცა სამი მეოთხედითაა დაბურული, მაშინ ღრუბელთა ნაფლეთებში ქალაქის სხივს რასმე დაიჭერს. ოღონდ, თუ...
იმედის ამ ნაპერწკალმა ხალისი შემატა ფაბიენს, რომ გზა განეგრძო წინ, მაგრამ ეჭვი არ ასვენებდა. როგორც იქნა, რადისტს დიდი გაჭირვებით დაუწერა: `მეეჭვება, შევძლებ თუ არა ავდრის გარღვევას. გამიგეთ, ჩვენ უკან ცა ისევ მოწმენდილია თუ არა~.
პასუხმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო:
`კომოდორო გადმოსცემს: დაბრუნება შეუძლებელია. ქარიშხალი მძვინვარებს~.
ფაბიენი მიხვდა: უჩვეულო ქარტეხილს გეზი ეცვალა და ახლა ზღვისკენ დაძრულიყო. ვიდრე ქალაქებს მიაღწევდა, ციკლონი დაატყდებოდა თავს.

`სან-ანტონიოში იკითხეთ ამინდი~.
`სან-ანტონიო მიპასუხებს: დასავლეთის ქარი მოიწევს. დასავლეთით — ქარიშხალია. ცა ერთიანად ღრუბლებითაა დაფარული. სან-ანტონიოდან ცუდად ისმის. მეც ცუდად მესმის. ალბათ, მალე ანტენის მოხსნა მომიწევს — განმუხტვა მიშლის. მობრუნებას ხომ არ ფიქრობთ? როგორი გეგმა გაქვთ?~
`ცოტა ხანს მომეშვით, იკითხეთ ამინდი ბაია-ბლანკაში...~
`ბაია-ბლანკა მიპასუხებს: ოც წუთში ბაია-ბლანკაზე დასავლეთიდან მძაფრი ქარიშხალია მოსალოდნელიო~.

`ტრილიუში იკითხეთ ამინდი~.
`ტრილიუ მიპასუხებს: დასავლეთიდან გრიგალი გვიახლოვდება წამში ოცდაათი მეტრის სიჩქარით. კოკისპირული წვიმაა~.
`ბუენოს-აირესს გადაეცით: ყოველი მხრიდან ჩაკეტილი ვართ, ქარიშხალი ათას კილომეტრზეა გაშლილი. სრულებით ვერაფერს ვხედავთ. რა ვიღონოთ?~

უნაპირო და უსავანო იყო პილოტისთვის ეს ღამე. რადგან იგი არც აეროპორტისკენ აჩვენებდა გეზს, არც განთიადის იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა. ვერც ერთ აეროპორტამდე ვერ მიაღწევდა, — საათსა და ორმოც წუთში ბენზინიც გათავდებოდა. ადრე თუ გვიან იძულებული გახდებიან ასევე ბრმად გადაეშვან უფსკრულში.
განთიადამდე მაინც გაძლონ როგორმე...
ფაბიენი განთიადზე ისე ოცნებობდა, როგორც ოქროსქვიშიან ზღვის სანაპიროზე, სადაც ეს საშინელი ღამე გარიყავს. საფრთხეში ჩავარდნილი თვითმფრინავის ქვემოთ წარმტაცი ველები გადაიშლებოდნენ. მშვიდობიანი დედამიწა თავის მიძინებულ ფერმებს, თავის ჯოგებსა და ბორცვებს მათ შესახვედრად გამოფენდა. ყველა საგანი, ამ წყვდიადში რომ ტრიალებს, თვალის დახამხამებაში თავის ადგილს მონახავდა. როგორ გაეშურებოდა დღის სინათლის შესახვედრად, შესაძლებელი რომ იყოს!
ფაბიენმა გაიფიქრა: `მომწყვდეული ვარ, — კარგად თუ ავად, გათენებამდე ყველაფერი ამ უკუნ ღამეში გადაწყდებაო~.
დიახ, ასე იქნება... მაგრამ რამდენჯერ ყოფილა, რომ რიჟრაჟს მისთვის ტკივილები მოუშუშებია...
ახლა კი არაფერს არგებს აღმოსავლეთისკენ ცქერა, იქით, სადაც მზე ცხოვრობს: თვითმფრინავსა და მზეს შორის უძირო უფსკრული გაწოლილა, რასაც ვეღარ დააღწევს თავს.

13
— ასუნსიონის საფოსტო თვითმფრინავი კარგად მოფრინავს. ორ საათში აქ იქნება. სამაგიეროდ პატაგონიისა მეტისმეტად იგვიანებს. ეტყობა უჭირს.
— დიახ, ბატონო რივიერ.
— ნუღარ დავუცდით, ევროპის თვითმფრინავი მანამდე გავუშვათ. როგორც კი ასუნსიონის თვითმფრინავი მოფრინდება, განკარგულებას მიიღებთ. მზად იყავით.
რივიერი ისევ ჩრდილოეთის აეროპორტებიდან მიღებულ დეპეშებს კითხულობდა. დეპეშები ევროპის საფოსტო თვითმფრინავს მთვარის გზას უხსნიდა: `ცა მოწმენდილია,  სავსე მთვარეა სავსე. ქარი არ ქრის~. სხივმოფენილ ცაზე ზღვის ვერცხლისფერ ტალღებში მოლივლივე შავი ტყეებით შექოჩრილი ბრაზილიის მთები და ტყეებია გამოკვეთილი. მათ მთვარის სხივები განუწყვეტლივ აწვიმს და ფერს არ უცვლის. კუნძულები ისევე შავია, ვით გემის ნამსხვრევები ზღვაში, და ეს მთვარე მთელ გზაზე, მთვარე, ეს შუქდაუშრეტელი სხივთა ჩანჩქერი...
თუ რივიერმა გაფრენის განკარგულება გასცა, ევროპის საფოსტო თვითმფრინავის ეკიპაჟი მსუბუქ, მოლივლივე ნათების ურყევ სამყაროში შევა. სამყაროში, სადაც არაფერი დაარღვევს წონასწორობას ბნელ მასებსა და სინათლეს შორის, სამყაროში, სადაც ის მსუბუქი ნიავის ქროლვაც კი ვერ მოაღწევს, რომელიც საკმარისია ოდნავ გაძლიერდეს და მთელ ცას რამდენიმე საათში ქუფრი ღრუბლებით დაფარავს.
რივიერი უყურებდა ამ ნათებას და მაინც ყოყმანობდა აკრძალული ნაკვეთის საზღვართან შეჩერებული ოქროსმაძიებელივით. ის, რაც ამჟამად სამხრეთით ხდებოდა, ერთგვარ ბრალდებად ჟღერდა რივიერის, — ღამის ფრენის ერთადერთი მომხრის მიმართ. პატაგონიაში მომხდარი კატასტროფა იმდენად გაამაგრებდა მის მოწინააღმდეგეთა მორალურ პოზიციებს, რომ მისი რწმენა შეიძლება უძლური აღმოჩენილიყო. მაგრამ რივიერი მაინც თავის აზრს ადგა, დრამა შეიძლებოდა მომხდარიყო რაიმე ერთი შეცდომის შედეგად და იგი ერთი, კერძო შემთხვევის ფაქტი იქნებოდა, მეტი არაფერი. `შესაძლებელია, დასავლეთის მხარეს სათვალთვალო პოსტების დაყენება იყოს საჭირო... ამას უნდა დავუფიქრდეთ~. განაგრძობდა ფიქრს: `მე ჩემი დამაჯერებელი საბუთები მაქვს. პირიქით, ამიერიდან უბედურ შემთხვევათა მიზეზები შემცირდება, რაკი ერთი მიზეზი უკვე ცხადი გახდა~. მარცხი აკაჟებს ძლიერებს. სამწუხაროდ ადამიანებთან ისეთ თამაშში ებმები, როცა საგანთა ჭეშმარიტ აზრს ნაკლებად უწევ ანგარიშს. მოიგებ თუ წააგებ, ეს აშკარად გარეშე მიზეზებზეა დამოკიდებული. მოჩვენებითი წაგება კი ხელ-ფეხს გიკრავს.  

რივიერმა დარეკა.
— ბაია-ბლანკადან კიდევ არ არის რადიოგრამა?
— არ არის.
— ტელეფონით გამომიძახეთ აეროდრომი.
ხუთი წუთის შემდეგ იკითხა:
— რატომ არაფერს მატყობინებთ?
— თვითმფრინავის ხმა არ ისმის.
— დუმს?
— არ ვიცი, გარშემო საშინელი გრგვინვაა. კიდეც რომ გადმოგვცეს რამე, ვერ გავიგონებთ.
— ტრილიუს თუ ესმის მისი?
— ტრილიუს ჩვენ თვითონ ვერ ვისმენთ.
— ტელეფონით დაუკავშირდით.
— ვცადეთ. ხაზია დაზიანებული.
— თქვენთან როგორი დარია?
— საშიშროებას გვიქადის. დასავლეთისა და სამხრეთისაკენ ელვა-ქუხილია, ჰაერი დახუთულია.
— ქარია?
— ჯერ სუსტია, მაგრამ ეს მხოლოდ ათ წუთს გასტანს. ელჭექი სწრაფად გვიახლოვდება.
დუმილი.
— ბაია-ბლანკა! გესმით ჩემი ხმა? კეთილი. დამირეკეთ ათი წუთის შემდეგ.
რივიერმა სამხრეთის აეროპორტებიდან მიღებული დეპეშების ფურცვლა დაიწყო. ყველა ერთსა და იმავეს იტყობინებოდა: თვითმფრინავი დუმს. ზოგი აეროპორტი სულ აღარ პასუხობდა ბუენოს-აირესს და რუკაზე იზრდებოდა მუნჯი რაიონების ლაქა, სადაც პატარა ქალაქებზე უკვე ციკლონი მძვინვარებდა, სადაც ყველა კარი მაგრად იყო ჩაკეტილი, სადაც ჩაბნელებულ ქუჩებში ყოველი სახლი სამყაროსაგან გარიყული და ხომალდივით მიტოვებული იყო სიბნელეში... მარტოოდენ დილა მოუტანდა მათ ხსნას.
რუკაზე დახრილი რივიერი იმედს არ კარგავდა, რომ სადმე მოწმენდილი ცის ერთ პატარა თავშესაფარს აღმოაჩენდა. ამინდის გასაგებად მან ტელეგრაფით ოცდაათზე მეტი პროვინციის ქალაქების პოლიციებს მიმართა. პასუხებს უკვე აწვდიდნენ. ორი ათასი კილომეტრის მანძილზე მდებარე ყველა რადიოსადგურმა ბრძანება მიიღო, როგორც კი რომელიმე მათგანი თვითმფრინავის მოწოდების ნიშანს დაიჭერდა, მაშინვე ოცდაათი წამის განმავლობაში ეს ბუენოს-აირესისთვის ეცნობებინა. ის კი, თავის მხრივ, ფაბიენს გადასცემდა, სად შეეფარებინა თავი.
ღამის პირველ საათზე კანტორაში გამოძახებული მოსამსახურეები მოვიდნენ. რაღაც საიდუმლო გზებით გაეგოთ, შესაძლებელია ღამის ფრენა შეწყდეს და თვით ევროპის თვითმფრინავიც ამიერიდან მხოლოდ განთიადისას გაფრინდეს ხოლმეო. ჩურჩულით საუბრობდნენ ისინი ფაბიენზე, ციკლონზე, განსაკუთრებით რივიერზე. გრძნობდნენ, რომ ის იქვე იყო, სულ ახლოს, ჭექა-ქუხილით, — ბუნების ამ მტრული დამოკიდებულებით განადგურებული.
უეცრად ყველა დადუმდა. კარებში რივიერი გამოჩნდა. — ეს მარადიული მოგზაური, თავისი პალტოთი და თვალებზე ჩამოფხატული ქუდით. იგი კანტორის გამგეს აუჩქარებელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
— უკვე ორის ათი წუთია, ევროპის საფოსტო თვითმფრინავის საბუთები წესრიგშია თუ არა?
— მე... მე ვფიქრობდი...
— ფიქრი კი არა, საქმე უნდა აკეთოთ.
იგი ზურგზე ხელებშემოწყობილი შეტრიალდა და ნელი ნაბიჯით გაემართა ღია ფანჯრისაკენ.
ერთი თანამშრომელი მიუახლოვდა:
— ბატონო დირექტორო, ძალიან ცოტა პასუხი მივიღეთ. იტყობინებიან, შიგნითა რაიონებში ბევრი ტელეგრაფის ხაზია დაწყვეტილიო.
— კარგი.
რივიერი უძრავად იდგა და ღამეს გასცქეროდა.
ამდაგვარად, ყოველ ახალ ცნობას თვითმფრინავისთვის მუქარა მოჰქონდა. ყოველი ქალაქი, თუკი კავშირგაბმულობა შეწყვეტილი არ იყო და საშუალება ჰქონდა ბუენოს-აირესისთვის ეპასუხა, ციკლონის შემმუსვრელ მსვლელობას აღწერდა. `ქარიშხალი მატერიკის შუაგულიდან, კორდილიერებიდან მოდის. ის ზღვისკენ მოემართება და გზაზე ყველაფერს ანადგურებს~.
რივიერს ეჩვენებოდა, რომ ვარსკვლავები მეტისმეტად ბრწყინავდნენ, ჰაერში კი ნესტი იყო გამჯდარი. რა საოცარი ღამეა! ღამე სწრაფად იხრწნებოდა, იხრწნებოდა შრეებად, როგორც გარედან მშვენიერი შესახედაობის ნაყოფი იხრწნება ხოლმე. ბუენოს-აირესს ისევ მეფურად დაჰყურებდნენ გუნდ-გუნდი მნათობნი, მაგრამ იქ მხოლოდ ოაზისი იყო, ისიც წუთიერი. ესეც არ იყოს, იგი თვითმფრინავისთვის მიუწვდომელი პორტი იყო. მძვინვარე ქარი ალპობდა მრისხანე ღამეს, ღამეს ძნელად დასაპყრობს.
სადღაც, ღამის უფსკრულებში თვითმფრინავი დაკარგულიყო, მის ქიმზე კი უსასოო ადამიანები ბორგავდნენ.

14
ფაბიენის ცოლმა დარეკა.
მისი დაბრუნების ყოველ ღამეს ქალი თვითმფრინავის ფრენის დროს ანგარიშობდა: `აი, ახლა ტრილიუდან გამოფრინდა~... მერე ჩაეძინებოდა. ცოტა ხნის შემდეგ იტყოდა: `ახლა, ალბათ, სან-ანტონიოს უახლოვდება და მის ჩირაღდნებსაც ხედავს~... მაშინ კი ლოგინიდან წამოდგებოდა, ფარდას გადასწევდა და ცას შეათვალიერებდა. `ეს ღრუბლები ხელს უშლიან~...  ხანდახან ღრუბლებში მთვარე მწყემსივით მიმოდიოდა. მაშინ ქალი, გულდამშვიდებული მთვარისა და ვარსკვლავების ხილვით, იმით, რომ მის ქმარს გარს ერტყა ასიათასობით არსება, ისევ წვებოდა ლოგინში. ღამის პირველი საათისათვის მუდამ გრძნობდა ქმრის მოახლოებას. `შორს აღარ უნდა იყოს, უკვე ბუენოს-აირესს უნდა ხედავდეს~. ქალი ისევ ადგებოდა და საუზმეს უმზადებდა, ყავას ადუღებდა: `იქ, მაღლა ხომ საშინლად ცივა~. ქმარს მუდამ ისე ხვდებოდა, თითქოს თოვლიანი მთიდან ყოფილიყო ჩამოსული: `ხომ არ გაიყინე?~ `არა, რად გავიყინებოდი~! `მაინც გათბი ცოტათი~... ორის თხუთმეტ წუთზე ყველაფერი მზად ჰქონდა და დარეკავდა ხოლმე.
დღესაც ჩვეულებისამებრ, იკითხა:
— უკვე ჩამოფრინდა ფაბიენი? 
მდივანი, რომელსაც მილი ეჭირა, შეცბუნდა:
— ვინ ლაპარაკობს?
— სიმონა ფაბიენი.
— აა, ერთი წუთით...
მდივანმა თვითონ ვერ გაბედა პასუხი და მილი ბიუროს გამგეს გადასცა.
— ვინ არის ტელეფონთან?
— სიმონა ფაბიენი.
— აა!.. რას მიბრძანებთ, ქალბატონო?
— ჩემი ქმარი თუ ჩამოფრინდა?
კითხვას გაუგებარი დუმილი მოჰყვა, მერე მოკლედ უპასუხეს:
— არა.
— იგვიანებს?
— დიახ...
ისევ დუმილი.
— დიახ, იგვიანებს.
— ოხ!
ეს ოხვრა დაკოდილი სხეულიდან მოდიოდა. დაგვიანება არაფერია... არაფერია... მაგრამ თუ მეტისმეტად გაჭიანურდა...
— რომელ საათზე უნდა იყოს აქ?
— რომელ საათზე უნდა იყოს? ჩვენ... ჩვენ არ ვიცით.
ქალის წინ ახლა ყრუ კედელი აღიმართა. მას მხოლოდ საკუთარი კითხვების გამოძახილი ესმოდა.
— გთხოვთ, მიპასუხოთ, ამჟამად სად იმყოფება?
— სად იმყოფება? მოითმინეთ...
ამ ადამიანთა უმოქმედობაზე გული უწუხდა. იქ, იმ კედელს უკან რაღაც გაუგებარი ხდებოდა.
როგორც იყო, უპასუხეს:
— კომოდოროდან ცრამეტ საათსა და ოცდაათ წუთზე გამოფრინდა.
— მას შემდეგ?
— მას შემდეგ?.. მას შემდეგ ძალიან იგვიანებს... ძალიან იგვიანებს უამინდობის გამო...
— ჰო, უამინდობის გამო...
როგორი უსამართლობაა! რა ცბიერია ის მთვარე, ასე უქმად რომ დაკიდულა ბუენოს-აირესზე! ახალგაზრდა ქალს უცებ გაახსენდა, რომ კომოდოროდან ტრილიუმდე სულ ორი საათის საფრენი მანძილი იყო.
— ნუთუ ტრილიუმდე ჩამოფრენას ექვსი საათი მოუნდა?! კი მაგრამ, რადიოგრამებს ხომ გზავნის, რას იტყობინება?
— რას იტყობინება? ასეთ დარში... თქვენც ხომ გესმით, ბუნებრივია,ასეთ დარში რადიოგრამები ვერ აღწევს.
— ასეთ დარში!..
— მოდით, ასე გადავწყვიტოთ, ქალბატონო, როგორც კი რამეს გავიგებთ, მაშინვე დაგირეკავთ.
— ეჰ, თქვენ არაფერი იცით...
— ნახვამდის, ქალბატონო...
— მოიცათ, მოიცათ, დირექტორთან დამალაპარაკეთ!
— ბატონ დირექტორს არა სცალია, ქალბატონო, თათბირი აქვს...
— მაგას მნიშვნელობა არა აქვს, არა აქვს მნიშვნელობა! უნდა ველაპარაკო!
ბიუროს უფროსმა შუბლზე ოფლი მოიწმინდა:
— ერთი წუთით მადროვეთ...
მან რივიერის კაბინეტის კარი შეაღო:
— ქალბატონ ფაბიენს უნდა თქვენთან ლაპარაკი.
`აი, სწორედ ამისი მეშინოდა~ — გაუელვა რივიერს. დრამაში ემოციური ელემენტები იჩენდნენ თავს. ჯერ გაიფიქრა, თავიდან მოეცილებინა, — დედებსა და ცოლებს ხომ არ უშვებენ საოპერაციო ოთახში! როცა გემი იღუპება, მაშინაც ცდილობენ არ აჰყვნენ გრძნობათა ღელვას, ქალებს არ იხმარიებენ ხალხის გადასარჩენად... მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა:
— დამაკავშირეთ ფაბიენის მეუღლესთან.
როცა შორიდან მომავალი სუსტი, აცახცახებული ხმა შემოესმა, მიხვდა, რომ სიმართლეს ვერ იტყოდა. ერთმანეთთან შებმა ორივესთვის უნაყოფო იქნებოდა, სრულიად ამაო ცდა, ან რა აზრი ჰქონდა!
— ქალბატონო, გთხოვთ, დამშვიდდეთ! ჩვენ ისეთ საქმიანობას ვეწევით, რომ ხშირად გვიხდება ცნობების ხანგრძლივად ლოდინი.
რივიერი იმ ზღვართან იდგა, რომლის იქითაც წარმოიშობა არამცთუ ერთი კერძო ადამიანის პრობლემა, არამედ თვით მოქმედების პრობლემა. ახლა რივიერს უპირისპირდებოდა არა ფაბიენის ცოლი, არამედ ცხოვრების სრულიად სხვა ცნება. მას მხოლოდ ის შეეძლო, რომ ესმინა ამ შორეული, სუსტი ხმისთვის, ამ სიმღერისთვის, ესოდენ სევდიანი და მტრული რომ იყო, რამეთუ არც მოქმედებას და არც პირად ბედნიერებას არ შეუძლია რაიმე დათმოს: ისინი ერთმანეთში ვერ რიგდებიან. ეს ქალიც ერთგვარი აბსოლუტური სამყაროს სახელით ლაპარაკობდა, მისი ვალდებულებების და მისი უფლებების სახელით. სამყაროსი, სადაც საღამოობით მაგიდას ანთებული ლამპა დასცქერის, სადაც სხეული სხეულს უხმობს, სადაც ბინადრობენ იმედები, ალერსი, მოგონებები. ეს ქალი თავის საკუთრებას მოითხოვდა, და ის მართალი იყო. თავის მხრივ რივიერიც მართალი იყო. მაგრამ მას არ შეეძლო რამე დაეპირისპირებინა ამ ქალის სიმართლისათვის. ბეჩავი ოჯახური ლამპის შუქზე საკუთარი სიმართლე მას რაღაც ენით აუწერელ არაადამიანურობად წარმოუდგებოდა...
— ქალბატონო...
ქალი აღარ უსმენდა. რივიერს მოეჩვენა, რომ ქალმა თავისი სუსტი მუშტების ძალა ერთიანად დახარჯა ამ ყრუ კედელთან ბრძოლაში და პირდაპირ მის ფეხქვეშ დაეცა.

ერთხელ, როცა რივიერი და ერთი ინჟინერი ხიდის მშენებლობაზე დასახიჩრებულ მუშას დასცქეროდნენ, ინჟინერმა უთხრა: `განა ეს ხიდი იმად ღირს, რომ მისი გულისთვის ადამიანის სახე დამახინჯდეს?~ არც ერთი გლეხი, რომლისთვისაც ეს გზა და ეს ხიდი შენდება, არ დათანხმდებოდა ვინმეს ასე საშინლად დასახიჩრებოდა სახე, მას კი ხიდის წყალობით გზა შემოკლებოდა. მაგრამ ხიდები მაინც შენდება... ინჟინერმა დასძინა: `საზოგადოებრივი სარგებლიანობა ინდივიდუალურ სარგებლიანობათა ჯამისგან შედგება, სხვა არაფრით  შეიძლება იყოს გამართლებული~. `და მაინც, — ცოტა დააყოვნა პასუხი რივიერმა, — მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია, ჩვენ ყოველთვის ისე ვიქცევით, თითქოს ამაზე უფრო ძვირფასი რამ კიდევ არსებობდეს... კი მაგრამ, რა არის იგი?~
ახლა, როცა ფაბიენის ეკიპაჟზე ფიქრობდა, გული ეკუმშებოდა რივიერს. ყოველგვარი მოღვაწეობა, — ხიდების აშენებაც კი, ვიღაცის ბედნიერებას ამსხვრევს, და მას არ შეეძლო თავის თავისთვის არ ეკითხა: `და ყოველივე ეს რისთვის?~
`იმ ადამიანებს, — ფიქრობდა ის, რომლებიც დღეს დასაღუპავად არიან განწირულნი, შეეძლოთ ბედნიერად ეცხოვრათ~. ის ხედავდა საღამოს ლამპების ოქროს საკურთხევლის წინაშე დახრილ სახეებს. `რისი გულისთვის მოვაცილე ეს ხალხი ოჯახურ მყუდროებას?~ რისი გულისთვის გამოსტაცა მან ეს ადამიანები პირადი ბედნიერების სამყაროს, განა ჩვენი უპირველესი მოვალეობა ის არ არის, რომ ამ ბედნიერებას თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ? ახლა კი ის თვითონ არღვევს მას. მაგრამ ადრე თუ გვიან, ერთ მშვენიერ დღეს საკურთხევლები ხომ უნდა გამქრალიყვნენ უდაბნოს მირაჟებივით? სიბერე და სიკვდილი მათ უფრო ულმობლად დაამსხვრევდა, ვიდრე რივიერი ამსხვრევს. იქნებ არსებობს სხვა რაღაც უფრო მყარი, და სწორედ ის მოითხოვს ხსნას? იქნებ რივიერიც ადამიანის სწორედ ამ ნაწილის გულისთვის იღვწის? ასე რომ არ იყოს, მის მოღვაწეობას ხომ აზრი არ ექნებოდა?
`სიყვარული, მხოლოდ სიყვარული, — რა გამოუვალი მდგომარეობაა~, რივიერს ბუნდოვანი გრძნობა ჰქონდა, რომ არსებობდა კიდევ რაღაც სხვა მოვალეობა, უფრო მაღალი, ვიდრე ვალდებულება სიყვარულისა. უფრო სწორად, ესეც სინაზეს ეხებოდა. მაგრამ სრულიად განსხვავაებული იყო, ერთი წინადადება მოაგონდა: `საქმე ის არის, მათ უკვდავება მისცე...~ სად წაიკითხა ეს? `საკუთარ თავში ვერ პოვებ უკვდავებას~. მას ეზმანა პერუელ ინკთა მიერ სწორკუთხა ქვებისგან მთის მწვერვალზე აგებული მზის ღვთაების ტაძარი. ეს ქვები რომ არ ყოფილიყო, რა დარჩებოდა იმ ყოვლისშემძლე ცივილიზაციისაგან, სინდისის ქენჯნასავით ამ ქვების სიმძიმით რომ აწვება თანამედროვე ადამიანს? `რა შეუბრალებელმა აუცილებლობამ თუ საოცარმა სიყვარულმა აიძულა უძველესი ხალხების ბელადი, რომ თავის ქვეშევრდომთა ბრბოს მთის მწვერვალზე ააგებინა ეს ტაძარი და ამით თავისთვის სამარადისო ძეგლი დაიმკვიდრა~. თითქოს ისევ სიზმარივით გაიელვეს მის თვალწინ პატარა ქალაქების მცხოვრებლებმა, რომლებიც საღამოობით ორკესტრის ფანჩატურებთან იყრიდნენ თავს...… `ასეთი ბედნიერება ცხენის კაზმულობას ჰგავს~, — გაიფიქრა მან. თუ ძველი დროის ხალხთა ბელადი არავითარ სიბრალულს არ გრძნობდა ადამიანთა ტანჯვის  მიმართ, უსათუოდ უსაზღვრო სიბრალულით იქნებოდა გამსჭვალული ადამიანის სიკვდილის მიმართ... არა ცალკეული ადამიანების სიკვდილისა, არამედ იგი გულმოწყალე იქნებოდა მთელი ადამიანური მოდგმის მიმართ, რომლის ხვედრი ქვიშის ოკეანეში გაქრობაა. ამიტომ აიძულებდა თავის ხალხს თუნდაც ქვები აღემართათ, ოღონდ ისეთი, რომელთაც უდაბნო ვერ მოერეოდა.

15
კრიჭაშეკრული ფაბიენი ქაღალდის ფურცელს შლის... იქნებ, ამ ოთხად მოკეცილმა ბარათმა მოუტანოს ხსნა...
`ბუენოს-აირესთან კავშირის დაჭერა შეუძლებელია. უკვე ვეღარ ვმუშაობ გასაღებით, თითებში ნაპერწკლები მცემს~.
გულმოსული ფაბიენი შეეცადა პასუხი მიეწერა, მაგრამ როგორც კი ბერკეტებს ხელი უშვა,  ძლიერმა ტალღამ დაუარა სხეულში: ჰაერის მორევმა აიტაცა თავისი ხუთი ტონა ლითონიანად და მაგრად შეანჯღრია.
ვერაფერი დაწერა.
ისევ ჩაეჭიდა ფაბიენი საჭეს და დააცხრო ჰაერის ტალღები.
პილოტი მძიმედ სუნთქავდა. თუ რადისტმა ელვის შიშით ანტენა ჩამოხსნა, მიწაზე დაშვებისას ცხვირ-პირს ამოუჟეჟავს. ერთი კი ეღირსოთ დაშვება! რადაც უნდა დაჯდეს, ბუენოს-აირესს უნდა დაუკავშირდნენ: თითქოს შეიძლება ათას ხუთასი კილომეტრით დაშორებული ბუენოს-აირესიდან ამ უფსკრულში თოკი გადმოუგდოს ვინმემ... სინათლე მაინც გამოჩნდეს სადმე, ერთი პატარა მოციმციმე შუქი რომელიმე ფუნდუკისა. ის სუსტი ციმციმიც კი ახლა შუქურასავით მიაგნებინებდა მიწას. ხმა მაინც შეესმას რამე იმ სამყაროდან, რომელიც უკვე აღარ არსებობს მისთვის. პილოტმა მუშტი ასწია და კაბინის მოწითალო შუქში გაიქნია, რათა იმ კაცისთვის, უკან რომ იჯდა, მათი მდგომარეობის მთელი ტრაგიკული სიმართლე გაეგებინებინა. მაგრამ ცარიელ სივრცეში თავჩაკიდულ, დამარხული ქალაქებისკენ, უსიცოცხლო ჩირაღდნებისკენ გადახრილ რადისტს მისი აღარაფერი ესმოდა.
ფაბიენი ყოველნაირ რჩევას ყურად იღებდა, ოღონდ საიდანმე თანაგრძნობის ძახილი გაეგონა. ის ფიქრობდა: `რომ მითხრან, შემოუარეო, შემოვუვლიდი...~ სადღაც ხომ არსებობენ უშფოთველი მიწები, რომლებიც მშვიდად გაწოლილან მთვარის ვეებერთელა ჩრდილქვეშ, და იქ თამამად ფრენენ მისი ამხანაგები, რადგან იციან, რა არის მათ ქვემოთ; მიფრინავენ, როგორც თავიანთ საქმეში მეცნიერებივით განსწავლულნი და ძლიერნი; ყვავილებივით მშვენიერი ლამპების შუქით დაცულნი, თავდახრილნი დასცქერიან ნაცნობ მიწებს რუკებზე... ფაბიენისთვის კი არაფერია ცნობილი, გარდა ჰაერის მორევებისა და შმაგი ღამისა, რომელიც მთიდან მოვარდნილი ზვავის სიჩქარით შავ ნიაღვრებს გზავნის მის წინააღმდეგ. ხომ არ შეიძლება მარტო მიატოვონ ორი ადამიანი ამ ქარბორბალასა და ცეცხლის კორიანტელში! უსათუოდ რაიმე განკარგულებას მიიღებს ფაბიენი: `ორას ორმოცი კურსია...~ ისიც აიღებს კურსს ორას ორმოცით... მაგრამ ამ წუთში მარტოა.
ახლა მოეჩვენა, რომ თვითონ მატერიალური სამყაროც დრტვინავს. ყოველ ჩაყვინთვაზე ძრავა ისე ძლიერად ვიბრირებს, რომ მთელი თვითმფრინავი მრისხანედ ძაგძაგებს. ფაბიენი უკანასკნელ ძალებს იკრებს მანქანის დასაოკებლად. თავი კაბინაში აქვს ჩარგული და გიროსკოპს დასცქერის. მისი თვალი უკვე ვეღარ ასხვავებს ერთმანეთისაგან ცისა და მიწის მასას. ყოველივე უკუნშია ჩაფლული და ერთმანეთში არეული, როგორც სამყაროს პირველყოფილ წყვდიადში. ხელსაწყოთა ისრების რყევამ კი იმატა. და თვალის დევნებაც გაძნელდა. მათი მაჩვენებლებით შემცდარი პილოტი დაიბნა, მიმართულება ვერ განსაზღვრა, სიმაღლე დაკარგა და სულ უფრო და უფრო ღრმად შეიჭრა ღამის წყვდიადში.
ალტიმეტრი ხუთას მეტრს აჩვენებდა. ეს სწორედ მთების სიმაღლეა. ფაბიენს მოეჩვენა, თითქოს მთები თავბრუდამხვევ ტალღებად მოგორავდნენ მისი თვითმფრინავისაკენ. ეს მიწის გოროხები, რომელთაგან, ყველაზე უმცირესსაც კი შეუძლია თვითმფრინავი ნამსხვრევებად აქციოს, თავიანთი საბრჯენებიდან მოწყვეტილან, მოშვებულან და მის გარშემო მთვრალებივით ტრიალებენ. უცნაურ ფერხულში ჩაბმული მთები თანდათან წრეს ამჭიდროებენ.
პილოტმა გადაწყვიტა, სადაც უნდა იყოს დავეშვები, თუნდაც მთლად დაიჩეჩქვოს თვითმფრინავიო. ბორცვებისთვის რომ თავი აერიდებინა, ერთადერთი გამაშუქებელი შუშხუნა გაუშვა ღამეში. შუშხუნამ იფეთქა, დაბზრიალდა, გლუვი ვაკე გააშუქა და ჩაქრა: ძირს ზღვა იყო.
ელვის სისწრაფით გაიფიქრა ფაბიენმა: `დავიღუპე. ორმოც გრადუსზედაც კი რომ შევასწორო, დინება წამიღებს. ეს ციკლონია. მიწა სადღაა?~
ფაბიენმა გეზი დასავლეთისკენ აიღო. გაიფიქრა: `შუშხუნა აღარ მაქვს, ახლა კი აშკარად დავიმტვრევი~. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. მისი ამხანაგი კი, უკან რომ ზის... `უსათუოდ მოხსნა ანტენა~. მაგრამ ფაბიენი ახლა აღარ ჯავრობდა ამაზე. საკმარისია ხელები შეუშვას და ამ ორი ადამიანის სიცოცხლე უსარგებლო მტვრად გაიფანტება. მას ხელებში ორი მოფართხალე გული უჭირავს: თავისი და მეგობრისა. და უეცრად საკუთარი ხელების შეეშინდა.
ჰაერის გრიგალი მძლავრად აწყდება თვითმფრინავს. საჭე ისე შეირყა, ლამის სამართავი სადენები დაწყვიტოს. ფაბიენი მთელი ძალ-ღონით საჭევარს ჩაეჭიდა და ერთი წუთითაც არ შეუშვა ხელი. და აი, უკვე ვეღარ გრძნობს საკუთარ ხელებს, ისე აქვს დაბუჟებული დაძაბულობისაგან. იფიქრა, თითებს ავამოძრავებო, რომ დარწმუნებულიყო, კიდევ ემორჩილებოდნენ, თუ არა. ხელებზე თითების მაგივრად რაღაც სხვა შეიგრძნო. დუნე, უგრძნობელი წანაზარდებით მთავრდებოდა მისი ხელები. გაიფიქრა: `თავს ძალა უნდა დავატანო და წარმოვიდგინო, რომ თითებს ვუჭერ!~... დარწმუნებული არ იყო, თუ ამ აზრმა მის თითებამდე მიაღწია. ახლა საჭის რყევას მხოლოდ მხრების ტკივილით გრძნობდა. `საჭე გამისხლტება, ხელები მომეშვება...~ მაგრამ ამ სიტყვებისა შეეშინდა, რადგან გაიფიქრა, ვაითუ ხელები რაღაც ფანტაზიის ამ ბნელ ძალას დაემორჩილონ, თითები სიბნელეში ნელა გაიხსნან და მართლაც მიღალატონო.
ფაბიენს კიდევ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება, კიდევ და კიდევ ცდიდა თავის ბედს: ბედისწერა ხომ არ არსებობს, როგორც რაღაც გარეშე ძალა, მაგრამ არსებობს ერთგვარი შინაგანი ბედისწერა: დგება წუთი, როცა ადამიანი უეცრად იგრძნობს, რა ადვილია მისი შებღალვა. აი, მაშინ თავბრუსხვევასავით დაგატრიალებენ შეცდომები...
სწორედ ერთ-ერთ ასეთ მომენტში, ზემოთ, საავდრო ღრუბლების ნასვრეტში, პირდაპირ მის თავზე რამდენიმე ვარსკვლავმა გაიბრწყინა, ხაფანგში ჩადებული სასიკვდილო სატყუარასავით.
მიხვდა მახე იყო: როცა ღრუბლებში სამ ვარსკვლავს ხედავ, მათკენ მიისწრაფვი, უკან ვეღარ ჩამოდიხარ და ისღა დაგრჩენია, ის ვარსკვლავები გამოღრღნა სათითაოდ...
მაგრამ ისე იყო მონატრებული სინათლეს, რომ მაღლა, ვარსკვლავებისაკენ გაექანა.

16
ფაბიენი მაღლა ავიდა და ვარსკვლავთა შუქზე უფრო ადვილად შეანელა რყევა. მნათობთა მკრთალი მაგნიტი იზიდავდა. პილოტი სინათლის დაუსრულებელი დევნით  მოიქანცა. ახლა სულ შეუმჩნეველ ციმციმსაც კი აღარ მოეშვებოდა. ერთი პატარა ფუნდუკის მკრთალი შუქიც კი ისეთ განძად მოეჩვენება, რომ მზად არის სიკვდილამდე ირგვლივ უტრიალოს ამ საოცნებო ნიშანს...
აკი მიექანება კიდეც ნათელი ველებისკენ.
ნელ-ნელა სპირალურად ადის ბნელ ჭაში, მის თავზე რომ გაიხსნა და ახლა ისევ იხურება. რაც უფრო მაღლა ადის ფაბიენი, იმდენად უფრო კარგავენ ღრუბლები ჭუჭყის ფერს, და სუფთა, თეთრი ტალღებივით მოცურავენ მის შესახვედრად. და აი, თავი დააღწია ფაბიენმა ღრუბლებს.
პილოტი საშინლად განცვიფრდა: ისეთი შუქი იდგა, თვალს სჭრიდა. რამდენიმე წუთით თვალები დახუჭა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ღამით ღრუბლები ასეთი თვალისმომჭრელნი იქნებოდნენ, მაგრამ სავსე მთვარესა და კაშკაშა თანავარსკვლავედებს ის ღრუბლები გამჭვირვალე ტალღებად გადაექცია.
თვითმფრინავი ერთი ნახტომით ღრუბლებიდან გამოძვრა და უჩვეულო მყუდროებაში აღმოჩნდა. არავითარი ფრთონა აღარ არწევდა. ის მყუდრო წყლებში შევიდა, როგორც ნავი, მოლოს რომ გასცდება. თითქოს ცის უცნობ კუთხეში ღუზა ჩაუშვა და მოჯადოებული კუნძულების ყურეში შეცურდა. თვითმფრინავს ქვემოთ კი ქარიშხალი მძვინვარებდა, იქ სამი ათასი მეტრის სისქის სულ სხვა სამყარო იყო, გამჭოლი ქარები ქროდა, წყლის ქარბორბალა, ელვა-ქუხილი მეფობდა, მაგრამ ეს სამყარო ვარსკვლავებისკენ ბროლისა და თოვლის სახით იყურებოდა.
ფაბიენს მოეჩვენა სამოთხის კარიბჭეს მივადექიო, ისეთი შუქი მოეფინა მის ხელებს, ტანისამოსს, თვითმფრინავის ფრთებს. ამ სინათლეს ვარსკვლავები როდი გზავნიდნენ, ის ქვემოდან სცემდა, გარშემო ეფინებოდა, მთელი იმ თეთრი მასიდან იღვრებოდა.
მის ქვემოთ მოცურავე ღრუბლებში მთვარიდან დაცემული თეთრი სიკაშკაშე ირეკლებოდა. მარჯვნივ და მარცხნივ მაღალი ღრუბლები ბრწყინავდნენ. ეკიპაჟი სინათლის რძისფერ ჭავლში ბანაობდა. ფაბიენი მოტრიალდა და დაინახა, ბორტრადისტს სახე უღიმოდა.
— გვეშველა! — ყვიროდა რადისტი.
მაგრამ ხმა თვითმფრინავის გუგუნში ჩაიძირა და მათი ერთადერთი კავშირი ღიმილი დარჩა.
`ნამდვილად ჭკუაზე შევცდი, — გაიფიქრა ფაბიენმა, — რა მაცინებს... ჩვენი საქმე წასულია~.
ათიათასობით ჯოჯოხეთურმა ძალამ მაინც შეუშვა ხელი, შემოხსნა ბორკილები, როგორც ტყვეს გაათავისუფლებენ და ყვავილნარში გაუშვებენ ცოტა ხნით სასეირნოდ.
`მეტისმეტი სილამაზეა~, — ფიქრობდა ფაბიენი და დაეხეტებოდა ამ უცხო სამყაროში, ძვირფას საუნჯესავით დაგროვილ ვარსკვლავთა შორის, სადაც მასა და მისი ამხანაგის გარდა არავინ ჭაჭანებდა სულიერი. ყველა ზღაპრის ავაზაკებივით ისინი ჩამწყვდეულნი იყვნენ ამ საგანძურში და ვერასოდეს გამოაღწევდნენ თავს. უზომოდ მდიდარნი, მაგრამ განწირულნი, რადგან ყინულოვან საბადოებში დაეხეტებოდნენ.

17
პატაგონიის აეროდრომის კომოდორო რივადავიას ერთ-ერთმა რადიოტელეგრაფისტმა მკვეთრად გაიქნია ხელი. ვინც იმ ღამეს იქ მორიგეობდა ყველა მიუახლოვდა და მისი მაგიდისკენ დაიხარა.
მათ გაკაშკაშებულ სუფთა ქაღალდზე დახარეს თავი. რადისტს ხელი ჯერ ისევ უკანკალებდა, თითებში ფანქარი უცახცახებდა. მას ვერა და ვერ გადაეწყვიტა ქაღალდზე გადაეტანა სანუკვარი ასოები. თითები უთრთოდა.
— ჭექა-ქუხილი?
რადისტმა თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია. განმუხტვის ტკაცუნი ხელს უშლიდა და არაფერი ესმოდა. შემდეგ რამდენიმე ნიშანი მოხაზა გაურკვევლად. მერე სიტყვები შეადგინა. ახლა ტექსტის გარჩევაც შეიძლება: `ჩამწყვდეულები ვართ ქარიშხალს ზემოთ სამი ათას რვაასზე. მივფრინავთ დასავლეთისკენ, პირდაპირ მატერიკის სიღრმეში, რადგან ქარიშხალმა ზღვისკენ წაგვიღო. ჩვენ ქვემოთ ცა ღრუბლებითაა შეკრული. არ ვიცით ისევ ზღვაზე მივფრინავთ თუ არა. შეგვატყობინეთ, რა მანძილზეა ქარიშხალი?~
ამ რადიოგრამის ბუენოს-აირესამდე გადაცემა ქარიშხლის გამო სადგურიდან სადგურამდე ჯაჭვისებურად მოუხდათ. ისე მოიწევდა ცნობა ღამეში, როგორც ჯიხურიდან ჯიხურზე ანთებული ცეცხლი.
ბუენოს-აირესმა უპასუხა:
— ქარიშხალმა მთელი მატერიკი მოიცვა. რამდენი დაგრჩათ ბენზინი?
— ნახევარი საათის სამყოფი.
ამ პასუხმაც მორიგედან მორიგემდე გადმოცემით მოაღწია ბუენოს-აირესში.
ეკიპაჟი განწირულია. ნახევარი საათიც არ გაივლის, რომ ციკლონში მოხვდება და მიწაზე დაენარცხება.

18
ფიქრმა წაიღო რივიერი. აღარ დარჩა იმედის ნატამალი: ეკიპაჟს სადღაც ღამე ჩანთქავს.
რივიერს ნათლად წარმოუდგა ერთი მოგონება, რომელმაც ბავშვობაში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე: ერთი ტბორიდან წყალი გამოუშვეს, რომ შიგ დამხრჩვალი კაცის გვამი ეპოვათ. ვერც ჩვენს მფრინავებს იპოვიან, ვიდრე დიდი ღამე არ გადაირეცხება დედამიწიდან, ვიდრე დღის სინათლეზე ისევ არ გამოჩნდება მისი ქვიშა, მისი ველები, მისი ყანები. შესაძლებელია, ერთ ოქროსფერ დილას  ყანაში მომუშავე გლეხებმა იპოვონ ბალახში მწოლიარე ორი არსება, ორი მძინარე ყრმასავით სახეზე აფარებული მუშტებით, მაგრამ ღამემ უკვე ჩაძირა ისინი.
რივიერი იმ ღამის სიღრმეში, როგორც ზღაპრულ ზღვებში ჩამარხულ საუნჯეზე ფიქრობს... ღამის ხეხილი განთიადს მოუთმენლად ელის თავისი ყვავილებით, ყვავილებით, რომელთაც ჯერ ვერ მოუსწრიათ გაშლა. ღამე მდიდარია, სავსეა სურნელებით, ჩაძინებული კრავებით და ყვავილებით, რომლებიც ჯერ არ შეფერილან.
განთიადის შესახვედრად ნელ-ნელა წამოდგება სავსე ჯეჯილი, ცვარდაპკურებული კორომები, გრილი მდელოები. მაგრამ იმ ბორცვებზე ახლა რომ უკვე ვეღარაფერს გავნებენ, იმ საძოვრებზე და იმ კრავებს შორის, მთელ კეთილგონიერ სამყაროში, ეს ორი ყრმა თითქოს ძილში იქნება წასული. და ხილვადი სამყაროს რაღაც ნაწილი სხვა სამყაროში გადაიღვრება.
რივიერმა ფიქრი ფაბიენის ხელებზე გადაიტანა, რომელთაც რამდენიმე წუთს კიდევ ეჭირებოდათ საჭე, საკუთარი ბედისწერის ბორბალი. ამ ხელებმა იცოდნენ ალერსი, ეს ხელები მიკარებისთანავე მკერდში მღელვარებას აღძრავდნენ, თითქოს ღვთის წყალობა იყო მათი შეხება. ეს ხელები იყო, რომ მიახლოებისთანავე გარდასახავდნენ სახეს, სასწაულმოქმედნი იყვნენ ისინი!
ახლა ფაბიენი ღამის ღრუბელთა ოკეანის საუცხოო ზედაპირზე დაცურავს. მათ ქვეშ კი მარადისობაა. მას მხარი ექცა თანავასკვლავედებში და იქ მარტო ცხოვრობს. ჯერ ისევ ხელში უჭირავს მთელი სამყარო და მკერდზე მიკრულს არწევს. ფაბიენი ხელს უჭერს საჭეს, სადაც მისი აზრით ადამიანური სიმდიდრის მთელი ტვირთია მოთავსებული, და სასოწარკვეთილს ერთი ვარსკვლავიდან მეორემდე უსარგებლო საუნჯე გადააქვს, რომელიც მალე ხელიდან გაუვარდება...
რივიერი ფიქრობდა, ალბათ, რომელიმე სადგურს კიდევ ესმისო ფაბიენის ხმა. ერთადერთი მუსიკალური ტალღა, მინორული ბგერები, რაც ფაბიენს კიდევ აკავშირებს სამყაროსთან. ეს არც ჩივილია, არც ყვირილი. არა, იგი ყველაზე სუფთა ხმაა, რომელიც კი ოდესმე სასოწარკვეთას წარმოუქმნია.

19
რობინომ რივიერის მარტოობა დაარღვია:
— ბატონო დირექტორო, მე ვიფიქრე... იქნებ, გვეცადა მაინც...
რობინოს არავითარი წინადადება არ ჰქონდა, მაგრამ უნდოდა თავისი კეთილი სურვილი რამენაირად გამოეხატა. იგი ბედნიერი იქნებოდა რაიმე გადაწყვეტილება მიეღო და მას რებუსის განმარტებასავით ეძებდა; მაგრამ ყოველთვის ისე მოხდებოდა ხოლმე, რომ რივიერი მის გადაწყვეტილებებს ყურს არ უგდებდა: `იცით, რობინო, ცხოვრებაში მზა გადაწყვეტილებები არ არსებობენ, — ცხოვრებაში არსებობენ მოძრავი ძალები. და ეს ძალები უნდა შექმნა, მაშინ გადაწყვეტილებებიც მოვა~. ამრიგად რობინო უნდა დასჯერებოდა იმას, რომ მექანიკოსთა შორის მამოძრავებელი ძალა იყო. საკმაოდ უბადრუკი ძალა, რომელიც მხოლოდ მილსაცობის ჭანჭიკებს თუ დაიცავდა ჟანგისაგან.
მაგრამ ამაღამდელი მოვლენების წინაშე რობინო უმწეო აღმოჩნდა. მისი ინსპექტორის წოდებას თურმე არავითარი ძალაუფლება არ ჰქონია არც ჭექა-ქუხილზე, არც იმ აჩრდილისებურ ეკიპაჟზე, რომელიც ახლა იმისთვის სრულიადაც აღარ იბრძოდა, აქაოდა ზუსტი მუშაობისთვის პრემია მივიღოო. ახლა ის ცდილობდა, თავიდან აეცდინა ის ერთადერთი ჯარიმა, რომელიც ინსპექტორ რობინოს მიერ დადებულ ყველა ჯარიმას გააუქმებდა, — სიკვდილს გაჰქცეოდა.
ამ წუთში კი რობინო კანტორაში უმიზნოდ დაყიალებდა, რადგან იგი არავის არაფერში სჭირდებოდა.
ფაბიენის ცოლმა ითხოვა, მისი მოსვლა რივიერისთვის ეუწყებინათ. შეშფოთებული ქალი მდივნების ოთახში უცდიდა მიღებას. დროდადრო მდივნები მალულად შეავლებდნენ ხოლმე თვალს. ეს უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა და შემკრთალი ქალი შიშით იყურებოდა გარშემო; აქ ყველაფერი მტრულად განწყობილი ეჩვენებოდა: ეს ადამიანებიც, რომლებიც თითქოს გვამებზე დააბიჯებდნენ და უშფოთველად განაგრძობდნენ მუშაობას. ეს საქაღალდეებიც, სადაც ადამიანის სიცოცხლისა და განცდებისაგან არაფერი დარჩენილა, გარდა ერთი პწკარი მშრალი ციფრებისა. ქალი ეძებდა ნიშნებს, რომლებიც ქმარზე ეტყოდნენ რასმე. შინ ყველაფერი მის არყოფნაზე ღაღადებდა: გადაშლილი ლოგინი, ყავის დასალევად გაშლილი სუფრა. ყვავილების თაიგული. აქ კი, მის არსებობაზე არაფერი მეტყველებდა. აქ ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა გულმოწყალებასაც, მეგობრობასაც, მოგონებებსაც. მის წინაშე ყველა ჩურჩულით ლაპარაკობდა და ერთადერთი სიტყვა, რომელმაც მის ყურამდე მოაღწია, ერთი მოხელის გინება იყო, დაჟინებით რაღაც ნუსხას რომ თხოულობდა: დინამომანქანების ნუსხა, დასწყევლოს ეშმაკმა, სანტოსში რომ გავგზავნეთ! ქალმა მას შეხედა და სახეზე უსაზღვრო განცვიფრება გამოესახა. შემდეგ თვალი კედელზე გადაიტანა, სადაც რუკა ეკიდა. ტუჩები ოდნავ უთრთოდა.
ქალი უხერხულობას გრძნობდა. თანდათან მიხვდა, რომ იგი ამ სამყაროსთვის მტრულად განწყობილი სიმართლის მღაღადებელი იყო. თითქმის ნანობდა კიდეც, რომ მოვიდა. აღარ იცოდა თავი სად წაეღო და შიშით, მეტისმეტად თვალში არავის ვეცეო, ცდილობდა არ დაეხველებინა, არ ეტირა. შიშველი ადამიანივით უხერხულად, უცხოსავით გრძნობდა თავს. მაგრამ ისეთი ძლიერი იყო მისი ჭეშმარიტება, რომ ისიც კი, ვინც ერთხელ შეავლებდა მის სახეს თვალს, ამ სიმართლეს ამოიკითხავდა. მშვენიერი ქალი იყო, იგი ადამიანებს ახსენებდა, რომ სადღაც ბედნიერების წმიდათაწმიდა სამყარო არსებობდა; ახსენებდა, რაოდენ მაღალი იყო ეს სამყარო, რომელსაც უნებურად ხელყოფს ყოველი მოქმედებისთვის თავგანწირული ადამიანი. როდესაც ქალმა იგრძნო, ყველა მიყურებსო, თვალები დახუჭა. ამით ადამიანებს შეახსენა, რაოდენ დიდი სიმშვიდის დარღვევა შეუძლიათ მათ უნებურად. 
რივიერმა ქალი მიიღო.
იგი აქ მოვიდა, რათა მოკრძალებით დაეცვა თავისი ყვავილები, სუფრაზე მოტანილი ყავა, თავისი ახალგაზრდა სხეული. ისევ ოდნავ აუცახცახდა ტუჩები, როცა ამ სხვა ოთახებზე უფრო ცივ ოთახში შევიდა. მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო საკუთარი სიმართლის თქმა ამ უცხო სამყაროში. ყველაფერი, რაც მასში ამხედრებულიყო, მისი მხურვალე, თითქმის ველური სიყვარული, მისი თავდადებული ერთგულება, — ყველაფერი თითქოს მომაბეზრებლად, ეგოისტურად გამოიყურებოდა აქ. გავიქცევიო, — გაიფიქრა.
— შეგაწუხეთ...
— სრულიადაც არა, ქალბატონო, — მიუგო რივიერმა, — მაგრამ უბედურება იმაშია, რომ თქვენცა და მეც ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია.
ქალმა ოდნავ შესამჩნევად აიჩეჩა მხრები და რივიერი მიხვდა ამ მოძრაობის აზრს: `მაშ რაღას მარგებს ის ლამპა, ის გაშლილი სუფრა და ყვავილები, შინ რომ მიცდის...~ ერთხელ ერთი ახალგაზრდა დედა გამოუტყდა რივიერს. `აქამდე ვერ შევჩვევივარ აზრს, რომ შვილი მომიკვდა... ამას ყოველ წუთში მაგონებს სასტიკი სინამდვილე: წამდაუწუმ ხან რა მომედება თვალში მისი ნივთებიდან, ხან რა... ღამით გავიღვიძებ და გულზე სინაზე შემომაწვება ხოლმე, სინაზე, რომელიც ამიერიდან ისევე აღარავის სჭირდება, როგორც ჩემი რძე~.
ხვალიდან ამ ქალისთვისაც დაიწყება ფაბიენის სიკვდილთან შერიგების გრძელი გზა. ამას ის ამიერიდან ყოველ ამაო მოქმედებაში, ყოველ საგანში დაინახავს. ფაბიენი ნელ-ნელა განშორდება თავის სახლს.
რივიერი უღრმეს სიბრალულს ფარავდა:
— ქალბატონო...
ახალგაზრდა ქალი თითქმის მორჩილი ღიმილით ბრუნდებოდა უკან, და ფიქრადაც არ მოსდიოდა, რაოდენი ძლიერება იყო მასში.
რივიერი მძიმედ ჩაეშვა სავარძელში.
`ეს ქალი მეხმარება იმის აღმოჩენაში, რასაც ვეძებ...~
იგი გონებადაბნეული უკაკუნებდა თითებს დასტებად დალაგებულ დეპეშებს, რომლებიც ჩრდილოეთის აეროდრომებიდან ამინდს იტყობინებოდნენ, და ფიქრობდა:
`ჩვენ არ მოვითხოვთ უკვდავებას, მაგრამ არც ის გვინდა, ვხედავდეთ, უეცრად როგორ კარგავენ თავიანთ აზრს მოქმედებები და საგნები. მაშინ აშკარად ჩანს სიცარიელე, გარს რომ გვარტყია...~
რივიერს თვალი დეპეშებისკენ წაუვიდა:
`აი, თურმე რა გზებით შემოდის ჩვენთან სიკვდილი. ამ ცნობების საშუალებით, რომელთაც უკვე დაკარგეს ყოველგვარი აზრი...~
რობინოს შეხედა. ამ გონებაშეზღუდულ, ამჟამად ყოვლად გამოუსადეგარ კაცსაც აღარ ჰქონდა ფასი.
რივიერმა უხეშად უთხრა:
— რაო, მე თვითონ ხომ არ უნდა გამოგიჩინოთ სამუშაო!
შემდეგ სამდივნოს კარს ჰკრა ხელი და იმწამსევ მისთვის ცხადი გახდა, რომ ფაბიენი დაკარგულიყო. თავზარი დასცა იმ ნიშნებმა, რომლებიც ქალბატონ ფაბიენს გამოჰპარვოდა. კედლის დიაგრამაზე ჩამოსაწერი მოწყობილობის სვეტში უკვე აღნიშნული იყო სააღრიცხვო ბარათი ღB—903  — ფაბიენის თვითმფრინავი.
ევროპის საფოსტო თვითმფრინავის საბუთების მომზადებაზე კანტორის მოხელეები ზანტად მუშაობდნენ, რადგან იცოდნენ, გაფრენა გვიანდებოდა. დასაფრენი მოედნიდან ტელეფონით დარეკეს, მოითხოვეს ინსტრუქცია იმ ბრიგადისთვის, რომლის მორიგეობას უკვე აღარ ჰქონდა მიზანი. ყველა სასიცოცხლო ფუნქცია თითქოს ერთ ადგილზე გაყინულიყო `აი, ეს არის სიკვდილი!~ — გაიფიქრა რივიერმა. მისი საქმიანობა ახლა ერთ პატარა იალქნიან ნავს ჰგავდა, ღია ოკეანეში უქაროდ ადგილიდან რომ ვერ იძვროდა.
მას რობინოს ხმა შემოესმა:
— ბატონო დირექტორო, თვენახევარი იქნება, რაც იქორწინეს...
—გასწით, იმუშავეთ.
რივიერი ისევ თავის მდივნებს შეჰყურებდა, მათ უკან კი დამხმარე მუშებს, მექანიკოსებს, პილოტებს ხედავდა. ხედავდა ყველას, ვინც მუშაობაში მშენებელი ადამიანის რწმენით ეხმარებოდა. მას გაახსენდა უძველესი პატარა ქალაქები, რომლთაც `კუნძულთა~ არსებობის გაგონებაზე ხომალდები ააგეს, რათა ისინი თავიანთი იმედებით დაეტვირთათ, რათა ადამიანებს დაენახათ, როგორ შლიდნენ იალქნებს ზღვაზე მათი იმედები. და აი, ყველა ეს ქალაქი გაიზარდა, ყველამ გააღწია თავი ვიწრო გარემოს, ყველას თავისუფლება მოუტანა ხომალდმა. `მიზანი, შესაძლებელია, თავისთავად არაფერს ამართლებდეს, მაგრამ მოქმედება სიკვდილს გვაშორებს. თავიანთი ხომალდის წყალობით ამ ადამიანებმა უკვდავება მოიპოვეს~.
რივიერიც განაგრძობს ბრძოლას სიკვდილის წინააღმდეგ, თუ დეპეშებს თავიანთ ჭეშმარიტ აზრს დაუბრუნებს, თუ მორიგე ბრიგადებს მათ მღელვარე მოუთმენლობას დაუბრუნებს, ხოლო პილოტებს — მათი დრამატიზმით აღსავსე მიზანს. როცა მისი საქმე კვლავ ისევე აივსება სიცოცხლით, როგორც გრილი ნიავი ავსებს ხომალდების იალქნებს გაშლილ ზღვაში.

20
კომოდორო რივადავიას აღარაფერი ესმის, მაგრამ მისგან ათასი კილომეტრით დაშორებული ბაია-ბლანკა ოცი წუთის შემდეგ მეორე ცნობას იჭერს:
`ვეშვებით, ღრუბლებში შევდივართ...~
შემდეგ რაღაც ბუნდოვანი ტექსტის ორი სიტყვა აღწევს ტრილიუს რადიოსადგურამდე:
`ვეღარაფერს ვარჩევთ...~
როცა მოკლე ტალღებია, ასე ხდება, — იქ შეიძლება დაიჭირო, აქ კი არაფერი ისმოდეს. მერე სრულიად უმიზეზოდ ყველაფერი იცვლება. და ეკიპაჟი, რომლის ადგილმდებარეობაც უცნობია, ისე წარმოუდგება ცოცხლებს, თითქოს დროისა და სივრცის გარეშე იმყოფებოდეს. რადიოსადგურების აპარატებთან თეთრ ფურცელზე გამოჩენილი მათი სიტყვები უკვე აჩრდილის ხელითაა დაწერილი და არა მათ მიერ.
ბენზინი თუ გაუთავდათ? ან იქნებ, პილოტმა გადაწყვიტა შებრძოლებოდა სტიქიას, გაეწირა თავი, ეცადა უავარიოდ დაშვებულიყო მიწაზე?
ბუენოს-აირესიდან ტრილიუში განკარგულება გაისმა:
`ჰკითხეთ ამის შესახებ~.

რადიოსადგურის სააპარატო განყოფილება ლაბორატორიას გავს: ნიკელი, სპილენძი, მანომეტრები, სადენთა მთელი ქსელი. თეთრხალათიანი მდუმარე რადისტები მაგიდებზე დახრილან, თითქოს ცდებს ატარებენ.
თავიანთი მგრძნობიარე თითებით მორიგე რადისტები ხელსაწყოებს მართავენ, მაგნიტურ ცას ზვერავენ, თითქოს ჯადოსნური ჯოხით ოქროს ძარღვს ჩხრეკდნენ.
— არ პასუხობს?
— არა.
იქნებ როგორმე მოახერხონ ხმის დაჭერა, — რაც სიცოცხლის ნიშანი იქნებოდა. თუ თვითმფრინავი და მისი ქიმის სინათლე ისევ ვარსკვლავებისკენ მიილტვიან, იქნებ, როგორმე გაიგონონ სიმღერა იმ ვარსკვლავისა...
წამი წამს მისდევს. მისდევენ წვეთ-წვეთად, როგორც სისხლი. ნეტავ თუ კვლავ გრძელდება ფრენა? თითოულ წამს იმედის პატარა ნატამალიც თან მიაქვს. და აი, გეჩვენება, თითქოს წარმავალ დროს გამანადგურებელი ძალა აქვს. დრო ოც საუკუნეს იმისთვის მიითვლის, რომ გრანიტში გზა გაიკვლიოს და ტაძარი ერთ მუჭა მტვრად აქციოს. ახლაც, ეს ნგრევის საუკუნეები თითოეულ წუთში იკრიბებიან და ეკიპაჟს საფრთხეს უქმნიან.
ყოველ წუთს რაღაც მიაქვს თან. მიაქვს ფაბიენის ხმა, მისი სიცილი, მისი ღიმილი. დუმილის უფლებები უფრო მეტ ძალას იძენს. იგი თანდათან მძიმდება, და ისე აწვება იმ ეკიპაჟს, როგორც ოკეანის სიმძიმე.
ვიღაცამ შენიშნა:
`საათი და ორმოცი წუთი გავიდა. ბენზინი გაუთავდათ.  შეუძლებელია ისევ მიფრინავდნენ~.
სიჩუმემ დაისადგურა ისევ.
მწარე გემომ გადაუარა ტუჩებს, როგორც მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ იცის. საოცარი რამ მოხდა, რაღაც საზიზღარი გრძნობის გამომწვევი. და ყველა ამ მონიკელებულსა და სპილენძის არტერიაში ისეთი სევდა გამოიხატა, როგორიც დანგრეულ ქარხნებზეა ხოლმე გამეფებული. მთელი ეს მოწყობილობა მძიმე, ზედმეტი, გამოუსადეგარი ჩანს მკვდარი ტოტების სიმძიმესავით.
მეტი რა გზაა, გათენებას უნდა ელოდო.
რამდენიმე საათში მთელი არგენტინა სიღრმიდან ამოცურდება დღის შესახვედრად. ადამიანები კი თავიანთ ადგილზე დარჩებიან და თითქოს ქვიშიან ნაპირზე დგანანო, ყურებას დაუწყებენ, როგორ გამოაქვთ ზღვიდან ნელ-ნელა ბადე, მაგრამ არავის ეცოდინება, შიგ რა არის მოხვედრილი...

რივიერი თავის ოთახში ისეთ სიცარიელეს გრძნობდა, როგორსაც უდიდესი უბედურების დროს  განიცდის ადამიანი, როცა ბედისწერა მას მოქმედების უნარს ართმევს. მთელი პოლიცია ფეხზე დააყენა. მეტი აღარაფერი ძალუძდა. უნდა ეცადათ.
მაგრამ წესრიგი თვით მიცვალებულის სახლშიაც კი უნდა იყოს. რივიერმა რობინოს ანიშნა:
— ჩრდილოეთის აეროდრომებს დეპეშები დაუგზავნეთ: მოსალოდნელია პატაგონიის საფოსტო თვითმფრინავის მნიშვნელოვანი დაგვიანება. ევროპის საფოსტო თვითმფრინავი მეტისმეტად რომ არ დავაყოვნოთ, პატაგონიის ფოსტას ევროპის შემდეგი თვითმფრინავით გავგზავნით.
ოდნავ მხრებში მოხრილი რივიერი მაგიდაზე დაიზნიქა. შემდეგ ძალა მოიკრიბა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი გაეხსენებინა... ო, დიახ! და რომ აღარ დავიწყებოდა, დაიძახა:
— რობინო!
— გისმენთ, ბატონო რივიერ.
— შეადგინეთ ბრძანების პროექტი. პილოტებს ეკრძალებათ ათას ცხრაასზე მეტი ბრუნვის გაკეთება. ძრავებს მიზიანებენ.
— კეთილი, ბატონო რივიერ.
რივიერი უფრო მოიხარა წელში. ძალიან მოუნდა მარტო ყოფნა.
— წადით, რობინო, წადით, გეთაყვა.
რობინოს შიშის ზარი მოჰგვარა აჩრდილთა წინაშე ამ თანასწორობამ.

21
ახლა რობინო მელანქოლიურად დაბორიალებდა კანტორის ოთახებში. კომპანიის ცხოვრება გაიყინა, ეტყობა, ღამის ორ საათზე მიმავალი საფოსტო თვითმფრინავის გაშვება გათენებამდე გადაიდებოდა. ჯერ ისევ მორიგეობდნენ დაღვრემილი მოხელეები, მაგრამ მათი მორიგეობა აღარ იყო საჭირო. ჩრდილოეთის აეროპორტებიდან ისევ მოდიოდა ცნობები ჩვეულებრივი წესით. მაგრამ ყველა ეს `მოწმენდილი ცა~, `სავსე მთვარე~ და `მშვიდი ამინდი~, ახლა მხოლოდ რაღაც მკვდარ სამეფოზე იძლეოდნენ წარმოდგენას. მთვარით განათებულ, ღორღიან უდაბნოზე...
რობინო უაზროდ ფურცლავდა ქაღალდების დასტას, რომელზეც ჩვეულებრივ, ბიუროს უფროსი მუშაობდა. მან შეამჩნია, რომ ეს კაცი მის წინ უტიფარი, მაგრამ პატივისმცემელი იერით იდგა და ელოდა, როდის დააბრუნებდნენ ქაღალდებს. მისი სახე თითქოს ეუბნებოდა რობინოს: ` როგორც გენებოთ, ჩემო ბატონო, მაგრამ ეს ქაღალდები ჩემია~. ხელქვეითის ასეთი საქციელი, ცოტა არ იყოს, ეჩოთირა ინსპექტორს, მაგრამ ვერაფერი უთხრა და დაბნეულმა საქაღალდე გაუწოდა. ბიუროს უფროსი მოტრიალდა და კეთილშობილი იერით თავის ადგილს დაუბრუნდა. `კარგი იყო ჯანდაბაში გამეგზავნა~. — გაიფიქრა რობინომ, მაგრამ ღირსეულად დაიჭირა თავი, ვითომდა არაფერიაო, ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო და დღევანდელ დრამაზე ფიქრს მიეცა. დღევანდელი დრამა რივიერის შერისხვასა და მთელი მისი პოლიტიკის დაცემას გამოიწვევდა. რობინო რივიერსა და ფაბიენს ერთად დასტიროდა.
შემდეგ თავის ოთახში მარტო მჯდომი რივიერი წარმოიდგინა, იგი თითქოს ეუბნებოდა: `ძმაოო...~ ჯერ არასოდეს ასე არ სჭირვებია ადამიანის თანაგრძნობა. რობინო მისდამი უდიდესი სიბრალულით განიმსჭვალა. გულში შეწყნარებისა და ნუგეშისცემის ბუნდოვან ფრაზებს თხზავდა. ერთი გრძნობა გაუჩნდა და საუცხოოდ ეჩვენა. მან კარზე წყნარად მიუკაკუნა. არავინ უპასუხა. რაკი დაკაკუნება და სიჩუმის დარღვევა მეტი ვეღარ გაბედა, კარი შეაღო. რივიერი იქ იყო. პირველად იყო, რომ რობინო ფეხაკრეფით კი არ შედიოდა რივიერთან, არამედ გაბედულად და თითქმის მეგობრულადაც კი. მან წარმოიდგინა, რომ სერჟანტია და ტყვიის სეტყვაში მისდევს თავის გენერალს, დამარცხების წუთებში ერთი ნაბიჯითაც არ შორდება მას და განდევნილს ძმობას უწევს. უნდოდა კიდეც ეთქვა რივიერისთვის: `რაც უნდა მოხდეს, მუდამ თქვენთან ვარო~.
თავდახრილი რივიერი საკუთარ ხელებს დასჩერებოდა და დუმდა. რობინო წინ დაუდგა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. ეს ლომი, თუნდაც წაქცეული, მოკრძალებას იწვევდა მასში. ინსპექტორი ამზადებდა აღტაცების სიტყვებს, რომლებიც მისი თავდადების გამომხატველნი იქნებოდნენ, მაგრამ როგორც კი თვალებს ასწევდა, წინ დახრილი თავი, ჭაღარა თმა ხვდებოდა და მწარედ, ო, როგორ მწარედ მოკუმული ტუჩები!
ბოლოს გაბედა და წამოიწყო:
— ბატონო დირექტორო...
რივიერმა თავი ასწია და შეხედა. ალბათ ვერც კი შეამჩნია რობინოს იქ ყოფნა, ისეთი ღრმა ფიქრებიდან, თითქოს ისეთი შორეული სამყაროდან დაბრუნდა. ვერასოდეს ვერავინ გაიგებს, რა ფიქრმა წაიღო, რა განცდებმა და როგორმა ურვამ მოიცვა მისი გული. კარგა ხანს შეჰყურებდა რივიერი რობინოს, თითქოს ის რაიმე ამბის ცოცხალი მოწმე ყოფილიყო. რობინომ უხერხულად იგრძნო თავი. რაც მეტს უყურებდა რივიერი, მით უფრო აშკარად ეხატებოდა ტუჩებზე რობინოსათვის გაუგებარი ერთგვარი ირონია. რაც მეტს უყურებდა რივიერი, მით უფრო წითლდებოდა რობინო და მით უფრო ეჩვენებოდა რივიერს, რომ რობინო თავისი ამაღელვებლად კეთილი, მაგრამ სამწუხაროდ დაუფიქრებელი განზრახვით, აქ ადამიანური სისულელის დასამოწმებლად იყო მოსული.
დაიბნა რობინო. რა სერჟანტი, რა გენერალი, რა ტყვიების სეტყვა, — ყოველივე უადგილო აღმოჩნდა. ვერ გაეგო, რა ხდებოდა. რივიერი თვალს არ აშორებდა. რობინომ უნებურად მდგომარეობაც კი შეიცვალა და მარცხენა ჯიბიდან ხელი ამოიღო. რივიერი ისევ მისჩერებოდა. მაშინ კი რობინომ დარცხვენით, თვითონაც არ იცოდა რატომ, წარმოთქვა:
— განკარგულების მისაღებად მოვედი.
რივიერმა საათი ამოიღო და უბრალოდ მიუგო:
— ახლა ორი საათია. ასუნსიონის საფოსტო თვითმფრინავი ორ საათსა და ათ წუთზე დაეშვება. განკარგულება გაეცით, ევროპის საფოსტო თვითმფრინავი ორ საათსა და თხუთმეტ წუთზე აფრინდეს.
და რობინომ კანტორაში საოცარი ახალი ამბავი გაავრცელა: ღამის ფრენა არ არის გაუქმებული. რობინო ბიუროს უფროსს მიუბრუნდა:
— ის საქაღალდე მომეცით, უნდა შევამოწმო.
როცა ბიუროს  უფროსმა საქაღალდე მიუტანა, უთხრა:
— დამიცადეთ.
ბიუროს უფროსმა ლოდინი დაუწყო.

22
ასუნსიონის საფოსტო თვითმფრინავმა სიგნალი მისცა, ვეშვებიო.
რივიერი ამ ღამის უმძიმეს საათებშიც კი განაგრძობდა ასუნსიონის თვითმფრინავის სვებედნიერი ფრენის თვალყურის დევნებას დეპეშების მიხედვით. ასეთი მარცხის დროს ეს მისთვის დიდი რევანში იყო, დიდი საბუთი მისი სიმართლისა. ეს ბედნიერად დასრულებული ფრენა დეპეშებით წინასწარმეტყველებდა სხვა ათას აგრეთვე ბედნიერ ფრენაზე. `ყოველ ღამით ხომ არ მძვინვარებს ციკლონები~. ესეც არ იყოს, რივიერი ფიქრობდა: `ერთხელ რომ გაიჭრება გზა, მისგან გადახვევა აღარ შეიძლებაო~.
პარაგვაის თვითმფრინავი ერთი აეროდრომიდან მეორემდე ისე მოცურავდა, თითქოს ჭრელ-ჭრელი ყვავილებით, დაბალ-დაბალი აგარაკებითა და მოჩუხჩუხე ნაკადულებით სავსე ბაღიდან გამოდიოდა. ციკლონი მას გზას არ უღობავდა, ვარსკვლავებს არ უჩრდილავდა. სამგზავრო პლედებში გახვეულ ცხრა მგზავრს შუბლი ფანჯრის მინაზე ჰქონდა მიდებული, როგორც სამკაულებით სავსე ვიტრინაზე იცის ზოგმა. არგენტინის პატარა ქალაქები ოქროს კრიალოსანივით იმარცვლებოდა ღამეში, თავზე კი ვარსკვლავთა ქალაქების მკრთალი ოქროს გუმბათი ეხურათ. წინ, პილოტს თავისი ხელებით ადამიანთა სიცოცხლის ფასდაუდებელი ტვირთი ეჭირა. მის დიდრონ, ფართოდ გაღებულ მწყემსის თვალებში მთვარის შუქი ირეკლებოდა. ბუენოს-აირესი ჰორიზონტზე უკვე ვარდისფერ ალს აფრქვევდა და ზღაპრული სკივრივით ძვირფასი ქვებით აელვარებას აპირებდა. რადისტი, — მისი თითები უკანასკნელ რადიოგრამებს აგზავნიდნენ, — დიდი სონატის ფინალური ხმების მსგავსად აკაკუნებდა ცაში მხიარულ სიმღერას, რომელიც რივიერს ასე კარგად ესმოდა, შემდეგ ანტენა მოხსნა, ოდნავ გაიზმორა, დაამთქნარა და გაიღიმა: დავეშვით!
მიწაზე რომ დასხდნენ, მფრინავმა ევროპის საფოსტოს პილოტი დაინახა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი თავის თვითმფრინავს მიყრდნობოდა:
— აქედან შენ უნდა წაიღო ფოსტა?
— ხო.

— პატაგონიელი უკვე მოფრინდა?
— აღარც ელიან. უგზო-უკვლოდ დაიკარგა. კარგი ამინდია?
— ჩინებული. მაშ ფაბიენი დაიკარგა?
ამაზე ლაპარაკი აღარ განაგრძეს. უდიდესი ძმობის გრძნობა ხელს უშლიდა მაღალი ფრაზების წარმოსათქმელად.
ევროპის თვითმფრინავს ასუნსიონის სატრანსპორტო ფოსტის ტომრებით ტვირთავდნენ. პილოტი ისევ უძრავად იდგა, თავი უკან გადაეგდო და კაბინაზე კეფამიყრდნობილი ვარსკვლავებს შესცქეროდა. გრძნობდა, როგორ იბადებოდა მასში უდიდესი ძლიერება და უზომო სიხარულმა აავსო მთელი მისი არსება.
— დატვირთეთ? — იკითხა ვიღაცის ხმამ, — აბა, მაშ კონტაქტი!
პილოტი ადგილიდან არ დაძრულა. ძრავა აამუშავეს. პილოტმა მხრებით იგრძნო, რომ თვითმფრინავი გაცოცხლდა. ამოდენა ლაპარაკის შემდეგ, — წავალთ, არ წავალთო, — როგორც იქნა, დამშვიდდა. პირი გააღო და მთვარის შუქზე მისმა კბილებმა მტაცებელი ცხოველის ეშვებივით გაიელვა.
— ფრხილად... ღამეა... ჰეი!
მფრინავს ამხანაგების რჩევა არ ესმოდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილს თავი უკან გადაეგდო, სახე ღრუბლების, მთების, მდინარეებისა და ზღვებისკენ მიემართა და უხმოდ იცინოდა. სიცილი არ ისმოდა, მაგრამ მთელ ტანში უვლიდა, როგორც ნიავი უვლის ხეს და არხევს. სიცილი სულ არ ისმოდა, მაგრამ ის ბევრად ძლიერი იყო ამ ღრუბლებზე, ამ მთებზე, ამ მდინარეებსა და ზღვებზე.
— რა მოგდის?
— იმ ჩერჩეტმა რივიერმა იფიქრა, რომ... რომ მეშინია!

23
ერთი წუთის შემდეგ პილოტი ბუენოს-აირესს გადაუფრენს, რივიერს კი, ისევ ბრძოლაში ჩაბმულს, მისი ხმის გაგონება სურს. მას სურს გაიგონოს, როგორ წარმოიშვება, დაიგრიალებს და მიწყდება ეს ხმა, ვით ვარსკვლავებში მიმავალი მრავალრიცხოვანი არმიის ნაბიჯები.
გულხელდაკრეფილმა რივიერმა ხელქვეითებს ჩაუარა, ფანჯარასთან შეჩერდა და სმენადქცეული ფიქრს მიეცა. მარტო ერთხელაც რომ აეკრძალა გაფრენა, ღამის ფრენის საქმე ერთიანად ჩაიფუშებოდა. მაგრამ მან დაასწრო იმ სუსტ ადამიანებს, რომლებიც ხვალ შეიძლება განდგომოდნენ და კიდევ ერთი ეკიპაჟი გაუშვა ღამეში.
გამარჯვება... მარცხი... ამ სიტყვებს არა აქვთ აზრი, ცხოვრება ამ სახეებზე მაღლა ვერ ადის. და უკვე ახალ სახეებს ამზადებს. გამარჯვება ხალხს ადუნებს. გამარჯვება მასში ახალ ძალებს აღვიძებს. რივიერის მარცხი შესაძლებელია საწინდარი გახდეს ჭეშმარიტი გამარჯვების მოახლოებისა. მხოლოდ მოვლენათა მოძრაობაა სათვალავში ჩასაგდები.
ხუთ წუთში რადისტები ყველა აეროდრომზე განგაშს ასტეხენ. მთელი თხუთმეტი ათასი კილომეტრის მანძილზე იგრძნობენ ცხოვრების გულისცემას. და ეს გადაწყვეტს ყველა პრობლემას.
უკვე ადის ცაში ორღანის მელოდია — თვითმფრინავი.
რივიერმა წყნარი ნაბიჯით ჩაუარა ხელქვეითებს, რომლებიც წელში მოიღუნენ მისი მკაცრი მზერისგან, და თავის სამუშაოს დაუბრუნდა. რივიერი უდიდესია, ძლევამოსილია, იგი მხრებით ეზიდება თავისი გამარჯვების მძიმე ტვირთს.

??????