კინო
“შენი ჩანაცვამი, გუბეშენასვამი,
გზაგამონაცვალი ქოშებით დავალ”. ნ.ს
შენ, ვისაც გეგონა ცხოვრება ფარდაა
და მზერას მიწისქვეშ განძივით მალავდი
_ გამოდი!
ნახე, ამოვთხარე მიწიდან ნათქვამი,
უთქმელი, ან თუნდაც სათქმელი სიტყვები,
ფეხქვეშ დაგიყარე და ახლა გიბრძანებ:
_ დადექი შიშველი!
ერთხელ უნდა შეძლო ამხელა დუმილის იმ მთამდე ატანა,
სადაც გამუდმებით იკარგებიან და ეძებენ სახელებს.
შენ, ვისაც სამხრეზე ვარსკვლავი გიბრწყინავს და ღიმილს იკავებ:
_ შიგნით ჩაიხედე.
და მთელი ცხოვრება, თავს რომ იტყუებენ, იმათი არ მჯერა.
და ამ ცხოვრებაში არაფერს ნანობენ, არ მჯერა იმათი,
რომ მთელი ცხოვრება სხვისი ბრალი არის დილემა, სასჯელი
მე კვლავ გასაყართან... მოხრილი ხერხემლით ღირსებას მივათრევ.
და გზასაც აწუხებს ჩემივე ფიქრების სიშავე, სიბნელე,
და მერე სხეულზე ვერნანახ ქალაქებს ნახშირით ვიხაზავ
და მთელი ცხოვრება ისე მონაცვლეობს სიფხიზლე, ვიბრმავებ
თვალებს და ქუჩაში გიტოვებ ამ სიტყვებს, ცარიელს, ცალხაზას.
შენ, ვისაც გგონია ცხოვრება კინოა
და ამ სიუჟეტის მთავარი გმირი ხარ
_ გამოდი!
ნახე, არ მჭირდება კითხვაზე პასუხი,
ტიტრებიც სწრაფ-სწრაფად, უჩემოდ გარბიან
არც შენი დუმილი არ არის მთისხელა,
_ გამოდი სანგრიდან!
ასე დამენახე, სრულიად შიშველი, მძიმე და ცოდვილი
სამოსი, ქარიან ამინდს რომ გიფარავს, აჩუქე ნაცნობებს.
შენ, ვისაც სამხრეზე ვარსკვლავი გიბრწყინავს და ღიმილს იკავებ:
_თუ სცოდავ, შესცოდე!
და მთელი ცხოვრება როლებს რომ ირგებენ, არ მჯერა იმათი.
თუ გინდა მოკალი, სიტყვით ან უსიტყვოდ, მე ასეთს მიგიღებ.
და მთელი ცხოვრება ცხვირში პიტნასავით ნატენი სიმართლე,
ჯაგლაგი ცხენივით გდია შარაზე და ვაბიჯებთ აღვირზე.
და მთელი ცხოვრება, წმინდანებს რომ ჰგვანან, იმათი არ მჯერა.
და სანამ აქ ვდგავარ, ფეხზე და ცოცხალი, მინდა, რომ მხედავდე.
არ ვიტყვი არაფერს, რადგან, ეს ტყუილი იქნება ამ ჯერზე
და მერე ტბასავით მომწვდება მუხლამდე, წელამდე, მხრებამდე.
შენ, ვისაც გეგონა ცხოვრება ფარდაა
და მზერას მიწისქვეშ განძივით მალავდი_
განარცხებ.