იოანე
ვწევარ დედიშობილა.
თოჯინებს რომ ვაწვენდი ბავშვობაში
ზუსტად ისე.
მცივა.
ჩემთვის ლოგინი რომ გაეშალა
მოთიბა მთიბავმა ბალახი
ბალახი მოთიბა მთიბავმა
ციმ-ციმ მოაქვს მთიდან.
მოუსწრებს გზაში წვიმა.
დადგამს მთიბავი ზვინს
აფარებს სხეულს თავისას.
გააპობს ზურგს მისას ელია
მათრახივით გადაჭერილი ჭექა-ქუხილით-
ორად.
გაიფანტება ნათიბი მისი ურვა-წუხილით
სოფლად.
ვწევარ დედიშობილა.
თოჯინებს რომ ვაწვენდი ბავშვობაში
ზუსტად ისე.
მცივა.
გახეულ პირში მასხამენ ნახარშს-
ბალახისას.
\"ყოველმან ხემან,
რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი,
მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას\"
ვარ მიწა.
მიწა ვარ მე.
დალპება ფესვები ჩემი,
რადგანაც წამოვა ლავა და ღვარცოფი.
დალპება ფესვები ჩემი,
რადგანაც სოფელში აღარ იქნება აღარც ერთი ნაცნობი.
დავწვები ყოველღამ შენთან
დამპალი ფესვებით და მეგონება,
რომ ჩემი სხეულის ეკვატორი იმ ქალაქზე გადის,
სადაც შიმშილით კი არ დაიხოცნენ,
არამედ ჭიპლარით გადახლართული ქუჩები
ასეული წლებია,
საღებავის აიაზმას ისხამენ ტანზე
სუნამოდ.
მტკვარზე ძაძებით ჩავიდნენ
და აღარ დაბრუნებულან.…
ამოთხრილი კორპუსებიც
ჩამპალ საძირკველში
წყალ-წყალა ნაყოფს რომ იკავებენ
თმაგაშლილები-
დაიხრჩვნენ იქვე.
თავმოკვეთილი გდია იოანე.
ჩემთვის ლოგინი რომ გაეშალა
მოთიბა მთიბავმა ბალახი
ბალახი მოთიბა მთიბავმა
ციმ-ციმ ჩამოიტანა მთიდან.
დადგა მთიბავმა ზვინი,
შემომიკეცა საბანი გვერდულად-
მცივა.
გააპობს სხეულს მისას ელია
კისერზე მათრახივით გადაჭერილი ჭექაქუხილით-
ორად.
ვარ მიწა.
მიწა ვარ მე.
აიხსნება ყველა წყევლა და
იტვირთებს ზეკაცი ცოდვას ყველასას.
აიხსნება ყველა წყევლა და
დაილურსმნება ერთი სხეული ყველასთვის.
მივა ზეკაცი მთიბავთან ელიას მთაზე
და ეტყვის:
-განმბანე მამაო...
მტკვარზე ძაძებით ჩავიდნენ
და დგანან დედიშობილა..