ორბელიანი ალექსანდრე
გაზიარება

უმანკო სისხლი 

ვინ იცის, რამდენი ამბავი მომხდარა ჩვენს ქვეყანაში, დიდი ანუ მცირე; მგონია, ერთი მცირედი ადგილი არ იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩვენს წინაპართ სისხლი არ დაეღვაროთ იმ ადგილზედ თავის მამულისთვის. ამაზედ ბევრი სათქმელია, მაგრამ ლაპარაკის გაუგძებლობისათვის ეს ვიკმაროთ და ამის შემდბომი წავიკითხოთ, ამ უმანკო სისხლის ამბავი.

ერთს ქართველის დიდის კაცის სახლში აღიზარდნენ სამნი ყმაწვილნი ქალები: საღმრთო, საერო წერილები დაასრულეს, კერვა ხელ-საქმეში განვითარდნენ, წყნარი, მშვიდობიანი ქცევა მიიღეს, უფროსების პატივის ცემა დაიხსოვეს, დედ-მამისა მორჩილება დაიმარხეს, კრძალული ყოფა-ცხოვრება შეიძინეს, თანასწორის პირებისათვის შესაფერი ზრდილობა ისწავლეს და დარბაზობის საუბარსაც უცხოდ მიმოხვრიდნენ, სადაც კი ადგილი ექნებოდათ უბნობისა. ერთის სიტყვით: მართებული ხასიათი დაიმკვიდრეს და ყოვლის კეთილის ზნეობით შეიმკნენ. აი ძველი სწავლა ჩვენი ქართველებისა. 

იმ ქალებს ერქვათ: ანა, ბარბარე და მართა. სამნივე იყვნენ მშვენიერები, სამნივე პირგვალნი, სამნივე შავ-თვალ-წარბანი, სამნივე ტანადობით სრულნი, მაგრამ ერთმანეთს კი არ გვანდნენ სახით. ანნა იყო იმ სახლის თავადის ქალი და ის ორნი იყვნენ იმისი აზნაურისა, რომელნიცა იმ თავადის ცოლმა გააზრდევინა თავის ქალთა სიყმაწვილითვე ერთად და დებისათვის სიყვარულით.

ამ ქალების გამდელი იყო მოხუცებული ფერია (სახელი), მშვიდობიანის სახის მქონე და სრულებით თეთრი თმიანი. ამ მოხუცებულს გამდელს თავის დროზედ მოეთხოვა ხარკი სოფლისა, იმანაც მისცა დამყუდროებულს გულით. 

იმ თოთხმეტ-თოთხმეტ წლის ქალებმა, თუმცა წესისამებრ თავიანთი მბზინვარე შავი ღულამბრები და გრძელი დალალები არ დაიშალეს თავიანთის ნაზის თითებითა, რადგანც ყმაწვილები იყვნენ, მაგარმ გულმოსაწყვლელის სიტყვებით დასტიროდნენ წყნარის მოთქმით და გულსაკლავათა ცრემლთა დააფრქვევდნენ თავიანთ მოჭირნახულეს ცხედარზედ, იმათ მაყურებლებს გული უდუღდებოდათ და შორიდამ ჰქვითინებდნენ იმათ.

იმის დასაფლავების შემდეგ, იმ ღამეს ის ქალები ისხდნენ თავიანთს ოთახებში შეწუხებულები, სადაც ამ დროს არავინ არ იყო და ამას ამბობდნენ:

ანნა: – ღმერთმა საუკუნო განსვენება მისცეს ჩვენს გამდელს ფერიას.

ბარბარე: – ოჰ, ჭეშმარიტად.

მართა: – ახ, რა კარგი რამ იყო. აბრაამის წიაღში განუსვენოს ღმერთმა.

ანნა: - ჩემო უსაყვარლესო დებო; იმისი სწავლა კარგათ გვახსოვს, ეს სოფელი კეთილისათვის არის დაარსებული ღვთისაგან, მაგრამ როგორღაც ბოროტად არის შეცვლილი; ამისთვის, იმისი სწავლისამებრ, გვმართებს ეხლანდელს მდგომარეობას მოვშორდეთ სოფლისასა და ღმერთსა შეუდგეთ.

მართა: - დიაღ კარგი იქნება, ჩემო სოცოცხლე დებო. 

ბარბარე: - მართლა, დიაღ კარგი იქნება, ჩემო მანუგეშებელო დებო მარამ სად და რომელს ადგილს შევიდეთ?

ანნა: - ქ. თბილისის მახლობლად რომ ეკლესია არის მთაწმინდის შუაგულს მთაში, წ. დავითისა, იქ შევიდეთ; იმ ეკკლესიის მღვდელი და იმისი ცოლი მეტად კეთილები არიან ორნივე. მე დარწმუნებული ვარ, კარგათ მიგვიღებენ ის საწყალი უშვილოები.

მართა: - ბევრჯელ ვყოფილვართ ქალაქში. შარშანაც ხომ იქ ბრძანდებოდნენ შენი დედ-მამა, და ჩვენც იქ ვიყავით?ერთხელ რომ წავედით სამნივე ჩვენ, იმ წ.დავითის ეკლესიაში სალოცავად, მაშინ ეგ აზრი წარმომიდგა გონებაში, რაც ეხლა ჩვენ განზრახვა გვაქვს. 

ბარბარე: - როგორც იქნება იქამდი მივალთ, მაგრამ იმ მღვდელმა რომ გაგვამჟღავნოს?

ანნა: - რას გვიცნობს, ვინა ვართო? თუნდა გვიცნოს, მღვდლისთვის შეგვიწირავს თავი და მისთვის დიდათაც უნდა იამოს.

კარგად მოლაპარაკების და ვახშმის შემდეგ, როდესაც ფეხის ხმა მისწყდა კარზე, და ამ ჟამად იმათ ოთახში არავინ არ იყო, ამ დროს ღვთის სახელი ახსენეს, სამნივე მამაცურად წარმოდგნენ ფეხზედ, პური და ყველი ხელსახოცში შეახვიეს, კარებში გაიხედეს, ნახეს ყველას ეძინათ, გარდა იმისა, რომ თექვსმეტი დღის მთვარე იყურებოდა მოწმენდილი ზეციდგან და ვითომცა ტალახს სწევდა უმანკოთა იმათთვისა, გზა ეჩვენებინა.

ტრედები ბუდითგან გამოფრინდნენ და სასუფევლის კარებისკენ წასვლა ისწრაფეს. იმათ არც აბზარავის ფრინვლებისა ეშინოდა, არც მტაცებელის მხეცებისა.

გამოიარეს სახლის ეზო, - გაიარეს სოფლის ორღობე და დიდ შარას გზაზედ გავიდნენ მხნედ ის პატარა ფეხებიანი გაწყობილს წითელის წუღებით; ასე ჩქარა მიდიოდნენ უქოშონი, რომ კარგნი შიკრიკნიც ვერ მიჰყვებოდა იმათ. კარგი ის იყო, რომ გზა კარგათ იცოდნენ ქალაქისა და არც მგზავრი შეხვდათ ვინმე. 

გარიჟრაჟზე მცხეთის ხიდზე გავიდნენ; შარას გზაზე ვეღარ გაბედეს წასვლა მგზავრების შიშით და ამისთვის მაღალს მთასა შეუდგნენ იქვე ხიდის მოახლოვოდ მტკვართან; მინამ კარგათ ინათლებდა მთის წვერზედ ავიდნენ, და იქიდამ ქალაქის მთები დაინახეს დიდის სიამოვნით. ახლა მთა-მთა იარეს ტყის პირს,ქალაქი არ დაჰკარგოდათ თვალთაგან, და ბინდზე დიღმის ხეობაში შევიდნენ წყალის პირზე; ამ დროს მთვარეც ამოვიდა.

*მცირეს ხანს წყალის პირზე დასხდნენ, ცოტა დაისვენეს, პური იგემეს და მას უკან გზასვე შეუდგნენ. ახლა სწორეს გზაზე იარეს, შუაღამეზე ადრე მთაწმინდაში ავიდნენ; წ.დავითის ეკკლესიას თაყვანი სცეს, იქიდგან გამობრუნდნენ და მღვდლის სახლის კარი დაარაკუნეს.

იოსებ მღვდელსა და იმის ცოლს ანასტასიას ჯერ არ ეძინათ, ლოცვის წიგნი ხელში ეჭირათ და გულმხურვალედ ილოცვიდნენ. უდროო კარის დარაკუნება არც ერთს არ იამა, მაგრამ მაშინვე მივიდა მღვდელი, კარები გააღო და ანთებული წმინდა სანთელი გაანათა კარებში, შეხედა, იცნა სამნივე და გაკვირვებით ჰკითხა:

- ანნა, რა ამბავია ასე უდროოთ თქვენი მობრძანება? 

ცნობისათვის თუმცა დიდად შეკრთნენ ქალები, მაგრამ ანნამ თავიანთი განძრახვის ყოველივე უთხრა გადაწყვეტით. მღვდელსა და სახით საუცხოვოს იმის ტანწვრილს და ტანადს ცოლს თუმცა დიდად იამათ, მაგრამ კიდევაც შეშინდნენ.

რასაკვირველია, იმ ღამეს დიდი პატივი მიაპყრეს სამსავ. მეორე დღეს მღვდელი კათალიკოზთან წავიდა მოადრეოდ და ყოველივე მოახსენა, რომლებთანაც ორი ეკკლესიის დიაკონები დარჩნენ, ერთი ორმოცი წლისა და მეორე ორმოცდაათისა. ეს დიაკონები დიაღ უცხო მოსამსახურენი იყვნენ ეკლესიისა და მღვდლისა დიდი მორჩილნი. ორმოცის წლისას ერქო პეტრე და ორმოცდაათისას - თევდორე.

უკეთილესმა კათალიკოზმა რომ მოისმინა მღვდლისაგან, დიდად

მოიწონა, მაგრამ იქით ზევის მხარეს ბევრი აძებნინეს ის ქალები ანნას მშობლებმა; ბოლოს შეიტყვეს, როგორც იყო, და ქართლის მეფეს წიგნი მოართვეს. ამაში, ორი სამი დღე აღარ გამოვიდა, ანნასთან აბრძანდა მეფე; ამ დროს ეს ქალები ეკკლესიაში იყვნენ დაჩოქილნი ამბიონის წინ და გალობით ქებას შეასხავდნენ ღმერთსა. 

მეფე დიაღ ახლო ნათესავი იყო ანასი; ერთმანეთს რომ არ მოშორდებოდნენ ის ქალები, მოინდომა სამნივე გამოეყვანა და ანნა დედა-მამასთანვე დაებრუნებინა. ყოველს მეფის ბრძანებაზე დიაღ კრძალავით მოახსენებდნენ სამნივე და გადაწყვეტილი სიტყვით, რომ უთუოდ იქ უნდა დამკვიდრებულიყვნენ, ერთიმეორეს განუშორებლად. ვერას ჩაგონებით ვერ შეიძლო მეფემ იმათი გამოყვანა, ამისთვის მთაწმინდაში დაემკვიდრნენ ღვთის შვილებად. 

ერთი თვე აღარ გასულა, ქალაქში განითქვა: „ ხვალ სამი ქალი უნდა იკურთხნენო მოლოზნებად.“ ამაზედ მთელი ქალაქის მცხოვრებნი შეიძრნენ რაღაც საამოს ფიქრითა: ზოგი რას ამბობდა და ზოგი რასა. მეორეს დღეს მრავალნი ქალნი და კაცნი შეიყარნენ სიონთა ღვთისშობლის ეკლესიაში მოლოზნების კურთხევის საყურებლად. მცირე ხანს უკან ის ქალები მოიყვანეს და კათალიკოზის ხელით იკურთხნენ მოლოზნებად. როდესაც მოლოზნების კურთხევის დრო მოვიდა, კათალიკოზი ამბიონზე გამობრძანდა თავისის სამღვდელოთი, აქედგან მოლოზნები მივიდნენ და იმის წინ დაიჩოქეს; კათალიკოზმაც იმათ შავი მაზარები გადააფინა. მასუკან მოლოზნები მოჰყვნენ და ღმერთის მადლობას შესწირვიდნენ გალობითა. ამბიონიდგანაც კათალიკოზი და მისი სამღვდელონი მოსძახოდნენ - ზოგი თქმასა, ზოგი მოძახილსა, ზოგი ბანსა და უცხოდ შეწყობილს გალობას დიაღ მშვენიერად გალობდნენ. 

აქამდისინ ეკლესიაში მდგომნი სურვილის თვალით უყურებდნენ ამით; ახლა ამ სახეზედ და ამ გალობაზედ საერთო შესაბრალისი ქვითინი შეიქნა: იმ მოლოზნების დედა-მამებმა ხომ ვეღარ მოითმინეს, თითქმის გულშეწუხებულები გავიდნენ კარზე. ეგონათ, მომკვდარანო და ჩვენსა მკვდრებსა ვმარხამთო. რაღათა გავაგრძელო ლაპარაკი, მხიარული ტანისამოსებით შევიდნენ ის სამი ქალი ეკკლესიაში და მძიმის შავებით გამოვიდნენ ღვთის მადლობელნი გულმხიარულად.

ორი წელიწადი დიაღ მშვიდობიანს ცხოვრებაში იყვნენ ის ზეციური ქალები. ყოველთვის ღმერთს ევედრებოდნენ თავიანთი ქვეყნის ბედნიერებას და ხშირადცა შეჰგალობდნენ ზეციერებასა. მღვდელი თავის ცოლით დასტრფიალებდა იმ მოლოზნებს, როგორც საკუთარ დებს. მეტის სიხარულით აღარ იცოდნენ, სად იყვნენ, ასე ბედნიერათ მიაჩნდათ თავი. ის მოლოზნებიც დიდ პატივსა სცემდნენ იმათ.

ბევრჯერ შუაღამეზად, წინ თუ უკან, ის მოლოზნები გადმოსახლდებოდნენ ეკკლესიის წინა მთაზედ; აქეთ მღვდელი მოუჯდებოდა იმათ გვერდით და იქით იმისი ცოლი, რომლებზედაც უწმინდესი ჰაერი გადმოჰფენოდა და ვარსკვლავნი მკრთოლავარებდნენ ზეცაში. 

ამ დროს საქართველოზედ თვალს გადაავლებდნენ, საიდგანაც დიდი სივრცე დაინახება საქართველოსი. საქართველოს მყუდროს მშვიდობიანობას რომ წარმიდგენდნენ იმ დროსას, მეტის სიამოვნებით სასიხარულოს გალობას მოჰყვებოდნენ ეს ხუთნი წმინდანი და მაშინვე ის გალობა მოიცავდა თავისის საუკეთესოს ხმოვანებით იმათ გარემოს არეთ.

ვინც ამ გალობას გაიგონებდა, ქალი იყო თუ კაცი, ყველანი ყურს მოუპყრობდნენ იმ ტკბილ ხმოვნებას; ყველანი ძლიერ იგძნობდნენ იმ საუცხოვოს მელოდიას და ყოველთა სანატრელად მიაჩნდათ, იმათი განშორებული ტკბილი ცხოვრება სოფლისაგან. 

ერთს ჟამის შემდგომ გასწყდა ის მიმოქცეული გალობა მთაწმინდის შუა მთაში, თავისი გაძახილი ჰყო და ისინიც გულმობილი მადლობელი დაშთებოდნენ, ვინცა კარგს ხმას ყურს უგდებდნენ გალობისას.

ზეციურისა ამის ცხოვრებითა ასე გაატარეს ორი წელიწადი იმ ხუთთა წმინდათა. რაც მისართმევი მიუვიდათ საქართველოს ერისაგან, თავიანთ სარჩოს გარდა, სულ სხვა საწყალსა, დავრდომილსა და გლახაკთ აძლევდნენ.

ორი წლის დასრულებისთანავე სპარსეთის ხელმწიფე აღიძრა საქართველოზედ ძლიერის ჯარებით და განმძვინვარებული წამივიდა უსამართლო შაჰაბაზი.

მშვიდობიანს, მოსვენებულს, ტკბილს და კეთილ ცხოვრებაში მყოფნი, ახლა ერთს დილაზედ მთაწმინდიდგან დაინახეს იმ ხუთთა წმინდათა შაჰაბაზის ძლიერი მხედრობა, მრავალ ტოტებად დაყოფილი; სხვასა და სხვასა ადგილებში მოვიდნენ, დროშებ გაშლილები, და საქართველოს ნაყოფიერნი მინდვრები წაელეკათ იმათ ნიაღვრულს მომდინარეობას.

ეს ხუთნი წმინდანი ამითი სიხარულობდნენ, რომ საქართველო მშვიდობიან ცხოვრებაში იყო და მცხოვრებნი თავიანთს ნაყოფიერს მამულებს აკეთებდნენ გულმოდგინედ, ხვთისაგან მომადლებულის კეთილის ჯილდოს მისაღებად. ნაცვლად ამისა, ახლა საქართველოზე ამხედრებული სპარსელები დაინახეს უეცრად, - და, გულლმობიერო, იგრძენ, იმათი სული რა საშინელს ბორგვაში ჩავარდებოდა! სპარსეთის ცხენოსანი ჯარები მოვიდნენ გაამაყებულნი, ისინიც მთაწმინდიდგან დაჰყურებდნენ მეტად დაღონებულები; რა იცოდნენ, რა ომი მოხდებოდა.

მოწინავე ჯარი ქ. თბილისს რომ დაახლოვდნენ, აქ თბილისელების საქონელი დახვდათ სპარსელებს, რომელიცა რამდენსამე ყმაწვილ ბიჭს დაუდიოდა საძოვარზე. ბრძანებისამებრ შაჰაბაზისა: - „ცოცხალს ნურავის ნუ გაუშვებთ“ - სპარსელებმა ხმლებს ხელი გაისვეს, ის მწყემსები იქვე აკუწეს და საქონელი გამოირეკეს. ამათ მახლობლად რამდენიმე დედაკაცი მოვიდოდნენ ზევით სოფლისაკენ, წინდა-პაჭიჭის ქსოვითა და მხიარულნი მიმგზავრობდნენ, რომელიცა ისინიც სპარსელების ხმლებით დაიხოცნენ და იმათი სისხლით შეიღება იმ ადგილის მწვანოვანი მოლი.

ამ დროს ქ. თბილისში უეცარი ამბავი მოხდა, რომ ვაების ხმა გამრავლდებოდა, დედაკაცების და კაცებისაგან. რა იცოდნენ, რა ამბავი იყო; ამ ჟამს ქ. თბილისში შემოცვივდნენ სპარსელების ცხენიანთა ჯარი და დაერივნენ მცხოვრებში, დაუწყეს კაფვა დედაკაცსა და კაცსა: ჰკაფვდნენ გამხეცებულნი სპარსელები უიარაღოს თბილისელებს, როგორითაც შესეულნი კაცები ტყესა, და თბილისელების სისხლი იღვრებოდა უსამართლოდ.

ქ. თბილისში ასეთი წივილისა და ძახილის ხმა შევარდებოდა ჰაერში ქალისა და კაცისაგან, რომ სრულიად მოიცო ჰაერი იმათმა შესაბრალისმა ხმოვანებამ, მაგარმ ვინ გაიკითხავდა იმათ? რამდენიმე მშვენიერი ქალები მამაცად და უშიშრად წინ წამოუდგნენ მოღერებულს სპარსთა ხმლებს, ხელები განუპყრეს და სთხოვეს სალმობიერი ხმითა, არ დასთხიონ იმათი უმანკო სისხლი. რა ბრძანებაა, ვერც იმათმა მშვენიერებამ ლმობილი ჰყო სპარსელების გული და ვერც იმათმა ვედრებამ. მხეციც მოლბებოდა იმათის ვედრებითა, მაგრამ სპარსელებს სულ არ მიეკარათ იმათი ვედრება და არც იმათი მშვენიერის თვალებიდგან მომდინარე ცრემლი. დაუყოვნად ის მშვენიერი ქალები დახოცეს და იმათი სისხლით შეისვარეს ხელები მტარვალებმა. შემდეგ დაერივნენ შიგნით თბილისელებში: დაუწყეს სვრა გაუკითხავებმა, ქალისა, კაცისა და წვრილთა ყმაწვილებს. იმათი საცოდაობის სისხლი სჩქეფდა იმათის ხორცისაგან, რომლისგანაც სხვასა და სხვასა ადგილებზე მიდიოდა დარუებულისათვის იმათი უმანკო სისხლი წივილ-ძახილის ვედრება და გულმტკივნეული ხვეწნა ვის ესმოდა? ვინ იყო ამ საშინელების სახის მოწაფე? თუ არ დამშვიდებულიცა, მყუდროდ მაყურებელი იმათზედ. 

ამ ვაების დროს ნახეს, ერთი ჰაეროვანი, უცხო სახის ყმაწვილი კაცი მორბოდა სიონთა ღვთისმშობლის ეკლესიის წინ ქუჩაში და ძლიერის მუშტით იგერებდა თანამომდევართა სპარსელებსა, მაგრამ ოთხსავე კუთხივ მოასწრეს ხმლიანმა მკვლელებმა: ის იყო უნდოდათ აეკუწნათ ის ყმაწვილი კაცი, ამ დროს ასეთი კივილი მოისმა, რომ მოღერებული ხმლები ისე დარჩათ სპარსელებს. შეხედეს, ერთი მშვენიერი ყმაწვილი ქალი მოვარდა, ამ ყმაწვილს კაცს ყელზედ გადაეხვია და სურვილით უთხრა: 

–შენ გეთაყვანოს ჩემი თავი, მეც შენთან მოვკვდები, ჩემი გიორგი.

ამ სიტყვებზედ იმ ყმაწვილმა კაცმა შეხედა, ნახა, რომ იმისი ცოლი იყო, რომელიც გიჟისავით გადაეხვია და ეგრეთისავე სურვილით უთხრა: 

–მოდი, ჩემო ნინუცი, ორნივე ერთად დავიხოცნეთ მტარვალების ხელისაგან.

ერთის კვირის ჯვარდაწერილები და გაგიჟებით მოყვარულნი ერთმანეთისა, უწყალოებმა ზედ ეკკლესიის მახლობლად ჩაკაფეს ის უმანკოების და იმათი წმინდა სისხლით მოისხურა ის ადგილი .

ის იყო მოღერებულთ ხმლიანებსა უნდოდათ შესვლა სიონთა ღვთისმშობლის ეკლესიაში, ამ დროს ერთი მაღალი ხმა მოესმათ უკანიდგან: „ხელი შეინახეთ, ეკკლესიაში უჩემოდ არავინ არ შევიდესო“. შეხედეს, შაჰაბაზ მობრძანდებოდა ოქროს დარახტულის თეთრის ცხენითა, რომელიცა ყოველი სპარსი განკრძალული დადგა. 

შაჰაბაზ ცხენიდგან გადახტა და ეკკლესიაში შებრძანდა. იქ შესულთ ქალებმა შემობღავლეს და კაცები კი გაჩუმებულნი იყვნენ. აქედგან მბრძანებულმა ანიშნა დაჩუმებულიყვნენ. თუმცა დაჩუმდნენ, მაგრამ თრთოლით მოელოდნენ: „სადაც არისო, უბრძანებს ჩვენს გაწყვეტასო“.

შაჰაბაზ მივიდა და შუა ეკკლესიაში დასდგა. ამ საუცხოვოდ შემკობილს ეკკლესიას თვალთ რომ შემოავლო, დაიძახა: „ღვთის სახლს რომ იტყვიან, წორედ ეს ის სახლი არისო“. მერე მკაცრი ბრძანება გასცა, არავინ ავნოსრა ამ ღვთის სახლსაო. შესული ქალი და კაცები აღარ გააწყვეტინა, იმ ეკკლესიის პატივის ცემისათვის. 

ამ თბილისელების საცოდაობის კივილ-ძახილის ხმა ესმოდათ იმ ხუთთა წმინდასა მთაწმინდაში, რომლებსაცა შეეძლოთ გაქცეულიყვნენ, მთაზედ გადაევლოთ და ერთს მიფარებულს ადგილს თავი მოერჩინათ, მაგრამ თქვეს: რაც თბილისელებს მოუვიდათ, ჩვენც ის დაგვემართოსო და მტარვალების ხელით დავიხოცნეთ, ჩვენი მამა-პაპურის სახელოვანის სიკვდილით, ვინაიდგან სასუფეველი მიგველის ზეცაში სარწმუნოების გამვო.

ამ სიტყვაზედა დადგნენ და, დედამიწაზედ დამხობილნი, საცოდავათ ბღაოდნენ თბილისელებისათვის ის ოთხი ქალი და მწარესა ცრემლსა აფრქვევდნენ გულამოსკვნილები. გულგანხურვებულს მღვდელსაც მოეხადა ქუდი, ზეცად ხელები განეპყრა და გულმტკივნეულად შესძახოდა ღმერთსა. ამ ვაებაში და ამ მწუხარებაში რომ იყვნენ, ქ. თბილისს ავარდა ასეთი საშინელი ალი, რომ მთელი ქალაქი ცეცხლად გადიქცა და იმისი ალი უმაღლესსა ჰაერს შესწევდა. ამის მნახველი უდიდესი მწუხარება და ვაება გაამრავლეს, ვინ იცის, რამდენი წვრილი ყმაწვილი დაწვეს იმ საშინელს ცეცხლში?..

რამდენ გუნდგუნდს მიიყვანდნენ დედაკაცთ და კაცებს;

ეტყოდნენ - “გათათრდით!„ ნაცვლად პასუხისა, ესენი თავს მიუშვერდნენ სარწმუნოებისათვის და სპარსელებიც აყრევინებდნენ შეუბრალებლად, გალესილს ხმლებით. ამდენი თავები დააყრევინეს, რომ ბეზარს მოვიდნენ და შაჰაბაზმაც უბრძანა, მხოლოდ ტყვედ ჰყონ დანარჩენნი. არა მხოლოდ თბილისში იყო ეს ამბავი, არამედ, სადაც კი სპარსელები შევიდნენ, ყველგან ეს საშინელება ასტეხეს.

ამ ვაებაში რომ იყვნენ ის ხუთნი წმინდანი, ამ დროს ერთი მცირედი გუნდი დაინახეს იმათზე მიმავალი სპარსელებისა. 

აქმდისინ დავრდომილებმა, სპარსნი რომ დაინახეს იმათზე მიმავალი, მაშინვე გული დაიმშვიდეს და როცა იმასთან მივიდნენ, ისინიც შეურყეველი გულით დახვდნენ და ანნამ უშიშრათ უთხრა: 

-მოდით, მტარვალებო. მაინც არ გეწყალვისთ როგორც თბილესელები.

ერთი ხნიანი თეთრწვერა კაციერია; ის იყო იმათი ათასისი თავი, რომელსაც დიაღ კეთილი სახე ჰქონდა, ის ცხენიდგან გადახდა სხვანიც იმისთანა. იმ ათასის თავსა ბრძანება ჰქონდა, თბილისის მიდამო ადგილები დაეარა და თუ ენახა ვინმე, უნდა გაეწყვიტა, ამისგამო იმასთან მიჩენილი იყო ერთი საქართველოში გაზრდილი სპარსი, კარგათ მცოდნე ქართულისა. ანნას სიტყვაზედ, იმ ათასის თავმა მიჩენილ სპარსსა ჰკითხა, „ის შაოსანი ქალი რას ამბობსო?“ იმან გადაუთარგმნა და ათასისი თავმა გაღიმებით უთხრა:

- იქნება უარესის სასჯელით დაიხოცნეთ თქვენ, მინამ თბილისელები.

- ჩვენ არ გვეშინიან, რომელის სასჯელითაც გინდოდესთ, დაგვხოცეთ.

ანნამ უშიშრათ უთხრა ეს სიტყვა და ამ თქმაზე ამის ამხანაგებიც შეუპოვრად მოუდგნენ ანნას გვერდით. ათასის თავმა იმათი შეუპოვრობა რომ ნახა ლმობიერის გულით უთხრა:

–ვითომ რა უნდა ვქნათ? - აჰა მიიხედეთ ამ ქვეყნას. როგორ აივსნენ ჩვენის ჯარებით. აბა რასა იქთ?- ბრძანება არის შაჰაბაზისაგან, ზოგი უნდა გაწყვიტონ და დანარჩენნი ტყვედ წაიყვანონ.

- მითხარ, რა ბრალი აქვთ ქართველებს სპარსელებთან? 

- უკუ-უდექით შაჰაბაზს. 

ანნას პასუხი უნდა ეთქვა, მაგრამ ათასის თავმა აღარ დააცალა და უთხრა:

-მშვენიერო ქალო, ნება არა გვაქვს, რომ ბევრი გელაპარაკოთ. ამისთვის მოკლედ გეტყვი; ჩემი რჩევით მრავალნი გაბედნიერებულან და თქვენც ისევ გაბედნიერდებით, თუ ჩემს რჩევას დაიჯერებთ.

მოდიდურის და მრისხანის სახით მიუგო ანნამ:

- აბა თქვი, რა გაქვს სარჩევი? 

- ჩვენი სარწმუნოება მიიღეთ.- დაუყოვნად უთხრა ათასის თავმა, ეგონა, ასიამოვნებდა. 

- მგონია, უფრო მაგისთვის ჟლეტთ ჩვენ ქართველებს, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და თქვენ გაძლიერებული მაჰმადიანი, თორემ მაგასთან ტყუილს რათ მოგვიგონებდით?- „უკუგვიდექითო?“ აბა ვინ აღგიდგათ წინა? მაგრამ არა. რადგანაც ქრისტიანები ვართ ჩვენ, ამისთვის ტყუილი მიზეზი გიპოვმიათ და უსამართლოდ ჟლეტთ ქართველებს, ნამეტნავად უიარაღოთ. მე დედაკაცი ვარ თქვენ მაგიერად მე მრცხვენიან.

მართლა, ყველას ასე შერცხვათ სპარსელებსა, ვინც იქ იყვნენ, რომ თვალი ვეღარ გაუმართეს ანნასა. 

ერთი გულფიცხი სპარსი წამოდგა წინა ეს იყო ათასის თავის თანაშემწე, და გაფიცხებულმა უთხრა:

- თუ გათათრდები, დიაღ კარგი, თუ მარადა, ეხლავ უნდა დაგხოცოთ. ბევრი ლაპარაკი აღარ უნდა.

ანნამ დიახ დამშვიდების დათაკილობით უთხრა: 

–ნუ გვაშინებ სიკვდილით ჩვენ ოღონდ იმთენი დრო მოგვეცით, ჩვენის სარწმუნოების წესი შევასრულოთო და მას უკან თქვენი სურვილი აღასრულეთო. 

თუმცა სპარსნი თანახმანი შეიქმნენ, მაგრამ გაკვირვებულნი იყვნენ იმათ უშიშარობაზედ. ისინი რომ თანახმანი შეიქნენ, ესენი დავით გარეჯელის ეკკლესიაში შევიდნენ და კარგახანი დაჰყვეს. იქ მღვდელმან ლოცვები წაიკითხა. შემდეგ გულმხურვალეს ცრემლით წმინდა საიდუმლო მიიღეს და მერე გამოვიდნენ. შეხედეს: ამ ოთხს მშვენიერს ქალს თავები მოხდილი ჰქონდათ; თავიანთი გრძელი შავი ბზინვარე თმები შუბლზევიდგან თავზე შემოებორბლათ და განსპეტაკებული თეთრი ყელი სრულიად უჩნდათ მხრებამდისინ. ეს ის ნიშანი იყო: ,,უფრო ადვილად გაგვაგდებინებენ თავსაო“. ასე და ამ სახით უფრო მომეტებული შვენება მოჰფენოდა იმათ სახეს და ერთი მეორეს მეტად ამშვენებდნენ, ეტყობოდათ, ზეციური ნათელი სწვეოდათ იმათ. ამათ მოუძღოდათ ჯვარით მღვდელი ანთებული წმინდა სანთელით, დიაღ მაღალი ტანისა. სახე ამისა იყო მედიდური, თმაცა დიაღ შავი ჰქონდა და ხუთნივე დაწყნარებულის სახით მოვიდოდნენ მტკიცის ნაბიჯებით.

მოვიდნენ, ჯვარი მწვანოვანსა ადგილსა დაასვენე მღვდელმა, წმინდა სანთელი წინ დაუნთო; მერე ხუთთავ დაუჩოქეს ჯვარსა და შეწყობილი გალობა აუშვეს, უუმშვენიერესის ხმით.

ის ხნიანი ათასის თავი, ამ დროს ერთს საფლავის ქვაზე იჯდა იმათ მახლობლად;ასე ეცოდებოდა ისინი, და ასე ელმო იმათი გალობა, რომ შესაბრალისად ატირდა, წამოხტა მოუთმენლად და ხელ-გაპყრობით ზეცას შესძახა.

–ოჰ ღმერთო! რა ბრალი აქვსთ ამ საცოდავებს?

ამ თქმაზედ გულადი ცეცხლმა თანაშემწემ დაიძახა: 

არ იქნა, ესეც გაქრისტიანდა!

იშიშვლეს ხმლები; გაცეცხლებულებმა ექვსნივე ერთად დაკაფეს ის წმინდანი და იმათი სისხლით გაწითლდა ყვავილ შერეული ის მწვანოვანი ადგილი.

ასე დაიხოცნენ ის ხუთნი სული სარწმუნოებისათვის და მეექვსე-სიწყალულისათვის.

მიმავალი სპარსელებს ტყვეები რომ მიუდიოდათ ჩვენის ქვეყნიდგან, გუნდ-გუნდად, ხელებ გაკრულები, ქვევითები, ფეხშიშველანი და დაგენძილი ტანისამოსით - ზოგი დედ-მამას ტიროდა, ზოგი ძმებსა, ზოგი დებსა, ზოგი შვილებსა და ამ სავაგლახოს მწუხარებით თავიანთს ქვეყანასა ესალმებოდნენ საუკუნოდ, მაგრამ უფროსი ერთი მოთმინების მდუმარებით იყვნენ და ხმას არ იღებდნენ. 

იმ დიაკვნების აღარა ითქვა რა აქ; ამისათვის, რომ მინამ ის უწყალოება შეემთხვევოდათ იმის წინა დღეებში მახლობელს სოფლებში გაგზავნეს სარჩოს მოსაკრეფად. საშაბუროში რომ მივიდნენ, იქ ბარბარე მოლოზნის დას შეხვდნენ, იქვე გათხოვილსა; ეს ქალი უფრო ნინაზებული ლამაზი იყო სუსტის სიამისა, ახლად დაქვრივებული და არც შვილი ჰყავდა, რომელმანცა დიაკვნები კარგად მიიღო.

მეორეს დილას ესეც დიაკონებს გამოჰყვა, შვიდი ცხენოსანის მოსამსახურით, საუცხოვოს საგზლით და სთქვა:

- რახანია დაი არ მინახავს, წავალ და მცირეს ხანს იმასთანა დავყოფო.

ქთბილისზედ ცოტა მოშორებით რომ მოვიდნენ, ვერის ხეობაში, იქ რამდენიმე კაცები და დედაკაცები მორბოდნენ თავიანთის შვილებით და ამას მოიძახოდნენ: “არ იქნა, თქვენს თავს უშველეთო; ქალაქელებს ყიზილბაშის ჯარი შემოგვეხვია, ქალაქელებს წყვეტა დაგვიწყეს და აქაც ჩქარა მოვლენო. მინამ ზევით პირში ჩვენს მხარეს ამოვიდნენ, გიჟისავითს გამოვცვივდით და ამ ჭალისაკენ გამოვიქეცითო.“

ამათ გაკვირვებით მიუგეს:

–რას ამბობთ, როგორ თუ ყიზილბაშები?

ამ სიტყვაზე იმათ ამოიოხრეს და უპასუხეს:

–უეცრად შემოგვესივნენ, თორემ თუ შეგვეტყო, თავიანთ ყოფას ნახავდნენ. 

ეს რომ სთქვეს, მაშინვე ვერის ხეობაში შეცვივდნენ ხშირ ჭალაში და წვრილმალიანში დაიმალნენ. გაკვირვებულები ესენიც ჭალაში შევიდნენ და წყნარ-წყნარა შეუდგნენ ხეობას ამ ლაპარაკით: 

თქო თევდორე დიაკვანმა: 

–ღმერთო, შენ დაიფარე ლუარსაბ მეფე, დღეს დილას მე ვნახე, თავის შვილს რომ მარხავდა მცხეთის ეკლესიაში, სადაც თავიანთი მამა-პაპის სასაფლაოა; თუ ეს შეჩვენებული ყიზილბაშებიც იქ წავიდნენ, სახლეულობით დამტყვევდება ლუარსაბ მეფე. შვილის სიკვდილზე მეტად შეწუხებულია მეფე, ასე რომ გონება დაკარგული აქვს, ამისთვის ამ ყიზილბაშების შემოსვლის ამბავი სრულებით არა იცის რა და მეშინიან არ დატყვევდეს. 

პეტრემ უპასუხა:

–იმისთანა კარგს მეფეს ღმერთი დაიფარავს და იმედი მაქვს, რომ ყიზილბაშები

იქ აღარ წავიდნენ.

– ღმერთმა ინებოს, – თევდორემ მიუგო.

თუმცა იმათი ლაპარაკი ქვრივს ქალს ესმოდა, მაგრამ მეტად დაღონებული იყო, ისე უეცრად ყიზილბაშების შემოსვლაზე. 

მწყნეთის მთიდგან ქ. თბილისს რომ გადმოხედეს, ნახეს ქალაქი ცეცხლად იყო გადაქცეული, რომელნიცა მწუხარებამ აიტაცა და ქვრივმა ქალმაც თავი გაიწეწა საცოდავმა.

სადაც სპარსელები ვეღარ შევიდენ, ეს საშინელი ხმა მაინც ჩქარა მივიდა იმათთანა, საიდგანაც მცხოვრებნი გამოცვივდნენ და ტყიანს მთებს მიმართეს საჩქაროდ, რომელთაცა ქონება სულ სახლებში დარჩათ, ასე სწრაფად გამოცვივდნენ. 

სპარსელების დაბრუნების შემდეგ, ორი დღის დახოცილები იყვნენ მოლოზნები, რომ ესენი მივიდნენ. დახოცილს მოლოზნებს და სხვებს რომ დახედეს, გულმტკივნეულად ატირდნენ, ნამეტნავად ბარბარეს დაი. ტირილით რომ გული მოიოხეს, გასჭრეს ეკკლესიის მახლობლად და ხუთნივე ერთათ დაასაფლავეს. იმ მოხუცებულის სპარსის სიკვდილიც შეიტყვეს, როგორც იყო, და იმასაც იმათ გვერდით დაუმკვიდრეს საუკუნო განსასვენებელი. ამ ამბავში კიდეც დაღამდა. 

იმ ღამეს ის დიაკონები და ის ქალები ისხდნენ საფლავებთანა გულ-ხელ დაკრეფილები; ხანდისხან შესაბრალის კვნესას ამოუშვებდნენ და თან მწარეს ცრემლს აბნევდა დაქვრივებული ქალი. ამ მწუხარებაში იმ დიაკონებმა განიძრახეს ბერად შედგომა, რომლებიცა მეორე დღეს შიო მღვიმის უდაბნოსკენ წავიდნენ, სადაც მტერი აღარ შევიდა შიშის გამო ; არც იქ და არც მცხეთაში. 

ეს დიაკონები შიო მღვიმის წმინდა კრებასთან, ძმათა მოვიდნენ და მონაზონად შედგნენ იქა, სადაცა ბოროტებისა აღარა ისმოდა რა, თვინიერ ძმობისა, სიწმინდისა და სიკეთილისა. 

ბოლოს იმ ქვრივის ქალისა თქვეს: სამს თვეს უკან მწუხარებით მოკვდაო.

??????