მე მქვია ბათუმი ექსკლიუზივი
მე მქვია ბათუმი,
შენ გქვია ბათუმი,
ჩვენ გვქვია ბათუმი,
ჩვენ ერთად ჩვენივე ქალაქის აწმყო ვართ,
შენ ხედავ
და თუ მეც,
შენ გტკივა
და თუ მეც,
შენ გეწვის
და თუ მეც, მადლობა მაცხოვარს,
რომ შეგვრჩა თვალი და ხსოვნა და ლოგიკა,
კარგად გავარჩიოთ მტერი და მოყვარე
და როგორც ქალაქის ერთადერთ მოჰიკანს,
ვით სხალთის ტაძარში დამწვარი მოძღვარის
ბოლო ამოლოცვას, ცრემლის ამოხეთქვას,
ვინ გვრჩება, რა გვრჩება? - ღმერთი და იმედები,
არადა რა გვქონდა სადაო ამ ოხრებთან,
თავისით მოდიოდნენ და სამტროდ გვიმეტებდნენ.
გვიწვავდნენ, ტაძრებს და აკვნებს და ოდა-ბადეს,
ეს სისხლის (ნაკაცარი) მწოველი კაცუნები,
თუ რამეს გაიგონებ, გულზე ყურს რომ დამადებ,
ცეცხლმოკიდებული აკვნების ტკაცუნია.
შენს თვალსაც თუ შერჩა ცეცხლი და მგზნებარება,
სულაბრიალებული ტაძრების ანარეკლი,
თუ დღესაც იგივე გეენა გვეპარება,
იმ ძველი გაკვეთილის შოლტი და ნარ-ეკალი.
თუ ცაზე სხვა ქვეყნის მთვარე გათავხედდა,
(მთვარე დაკარგული კონკიას ქოშია)
ჯანდაბას, მშიერი ლომები ავყეფდეთ,
თუ თბილ სავარძლებთან ფეხმორთხმულ გოშიებს,
გამძღარი სიზმრების ბურანში წათვლიმათ,
სიზმრები სიზმრებში წონაში იკლებენ,
ჯანდაბას, დავიწყოთ, და თუ დღეს ათნი ვართ,
ხვალ ასნი, ზეგ კიდევ ათასნი ვიქნებით.
ოღონდაც დავიწყოთ ახალი გვერდიდან,
დრო სანამ იმ წინა ფურცელსაც ამახევს,
თუ ჩვენი წინაპრის გმირობა გვედიდა,
დღეს რომ ხარ, დღეს რომ ვარ, დღეს თუ ვართ ამაყი...
ხვალ ალბათ მთელს ქალაქს დახვდება გზავნილი
კედლებზე, ასფალტზე, დაორთქლილ მინაზე
დავიწყოთ, დავიწყოთ, დავიწყოთ ამ დილით
მკაცრად მზენაკლული სიზმრების ჯინაზე
თუ გქვია ბათუმი, თუ მქვია ბათუმი,
თუ ერთად ჩვენივე ქალაქის აწმყო ვართ,
თუ ხედავ და თუ მეც, თუ გეწვის და თუ მეც,
მადლობა მაცხოვარს!