წეროები ექსკლიუზივი
ზეცა მოანაღვლიანეს
შემოდგომის მიწურულზე წეროებმა!..
დაუღლელი გზის გამკვლევი დაღლიათ და
სამხრეთის ქარს მთელი მწკრივი ეწირება!..
მიფრინავენ!
ცის სილურჯეს აშავებენ
და ყივილით შველას სთხოვენ აღარავის!..
ემძიმებათ დანისლული გზა-შარები,
დიდი მთები - მარადისად ჭაღარები!..
მიფრინავენ!..
და საფრენი არ ილევა!..
აკავებენ ამოვარდნილ გულებს მკერდით!..
მიფრინავენ და მიჰყვებათ გაფრთხილებად
ჩამორჩენილ წეროს ბედი!..
მიფრინავენ!..
არც იციან: ზეცის გზები
გრძელდებიან, მოკლდებიან?..
შორს კი, შავ ზღვას ის წუთები ესიზმრება,
ქარიშხლით რომ წეროები მოკვდებიან!..