ღამის სტუმრები ექსკლიუზივი
მხოლოდ მე ვნახე, როგორ სტირიან
შეშინებული ღამის კუკლები,
მათი გალობა გასაკვირია, -
გოდება ნორჩი და ხმაუკლები.
იქნება დედის ალერსი უნდათ,
იქნება უნდათ, რომ იყოს დილა?
მაგრამ წარსული არ დაუბრუნდათ,
და სული ღამემ შავად დაჩრდილა.~
პატარა ძმები ვინ შეაგროვა,
ვინ აუცრემლა თვალები იმათ?
და ერთი იტყვის: „იესო მოვა,
და გადამაქცევს მე ქერუბიმათ".
ცალხელა კუკლა ამბობდა წყნარად:
„მე დავიბრმავებ ორივე თვალებს,
მეყოფა კუბო თავშესაფარად,
არ მივესალმი ნათელ მწვერვალებს".
სევდის პატარა ნაზი პაჟები
გათენებამდე ჩემთან არიან,
როს მოვა წუთი ნარიჟრაჟები,
ტირილით სადღაც მიიჩქარიან...