იგავი მოკვდავობის კვართზე ექსკლიუზივი
ჩრდილი ჩემს სახეზე ცეკვავს პანტომიმას,
სივრცე მერცხლის კუდმა ჩაჭრა დანანებით.
ქარი ჩამორჩა და სახლში მარტოს მიმყავს,
კრეფას ვარსკვლავების თავი დავანებე.
გულში მარტოობის მცირე ტაძარია,
ცრემლნი შეჯგუფულან თვალში გუშინდელი,
ბედი ზესკნელისკენ ვეღარ დავძარი და
ახლა ანტიკურ ცას უფრო ვუშინდები.
თუმცა მზე არ არის ჯერაც მოყვითალო,
მაინც ცოდვილობს და მიწას ეწვეთება.
მინდა იმედიდან ეჭვი მოვითალო,
აღარ ჩამისახლდეს იქნებ შეჩვენება.
ადგილს დავეძებდი ჩემთვის იგავებში,
რახან გამონაკლისს აღარ მოველი და
დარდებს ზეზეულად უფრო ვიქარვებდი,
ღმერთი მიღიმოდა მახსოვს ნოველიდან.
ნისლმა გადაუსვა ბილიკს თმაზე ხელი,
სადღაც მოღუშულან ბაღის ყვავილები,
ვფიქრობ : ბევრი ლექსი დამრჩა გასამხელი,
მერე ლექსებს შორის ხიდად გავივლები.
ვაზი ქვევრში ახრჩობს ძირძველ ემოციებს,
მწუხრმა ამოავსო სულის ნაპრალები,
კვართი მოკვდავობის ჩემსკენ შემოვწიე,
როცა შიშით თვალებს ცისკენ ვაპარებდი.
ჩრდილი ჩემს სახეზე
ცეკვავს პანტომიმას,
სივრცე მერცხლის კუდმა
ჩაჭრა დანანებით.
ქარი ჩამორჩა და
სახლში მარტოს მიმყავს,
კრეფას ვარსკვლავების თავი დავანებე.