ქვრივიშვილი ნიკოლოზ
გაზიარება

*** "მერე რა რომ გალაკტიონს ადიდებენ" ექსკლიუზივი

მერე რა, რომ გალაკტიონს ადიდებენ,
მერე რა, რომ პოეზიას მეფობს შოთა,
მეც სათქმელი დამიგროვდა საკვამურში,
საქართველომ მერამდენედ დაიჩოქა.
მერე რა რომ
ღვინო მიყვარს მათრობელი,
მერე რა რომ მეფე არის ჩემი მუზა,
მეც კაცი ვარ უპატრონოდ დაგდებული,
უკვდავება მოკვდავებით დაიხუნძლა.
ზევსმა ფარი დამალეწა მე მკლავებზე,
კუბიდონმა სიყვარული ჩემით შექმნა,
პოსეიდონს გავაბრაზებ მე სიმშვიდით
და იესოს ვეკითხები _ სხვა რა მექნა?!
თუ მოწყალედ მომიხვედი, ძეო ღვთისავ,
მორჩილება რაღას გმატებს მაშინ ჩემი,
ცოდვილს ცოდვა მომიტევე, მამაღმერთო,
მოწყალება დამანახე ამით შენი.
დავამსხვრიე ყველა მითი, ყველა კერპი,
საქართველო გავიმეტე დასაჯიჯგნად,
ნაზარეველს რომ ჯიჯგნიდნენ
ჯვარზე გაკრულს,
უფლის თვალში სწორედ მაშინ გაიკვირტა.
მე პოეტი ვეკითხები დედამიწას,
რატომ ბრუნავ თუ ისევ იქ დაბრუნდები?
ზურგს შეგაქცევ, მომბეზრდება შენი სუნთქვა
და აგვისტოს წვიმასავით გავჩუმდები.
ორი თვალი, ორი ხელი გამომება
და უეცრად ამეკრძალა ხილი ყველა,
გეკითხებით, მიპასუხეთ ამ კითხვაზე,
დღე რო არი, მაინც ბნელა?!
დაიმსხვრევა ჩემს მუხლებთან სიჭაბუკე
და თეთრ თმასაც გაიფერთხავს სიბერე,
ცეცხლი მასვი, ამადუღე უფალო და
ჩასაქრობლად მერე სული მიბერე?...
გავფრინდები, მოვფრინდები შენს ედემში,
ტყავგამოცვლილს დაინახავ ადამს,
თუ გაბედავ, მომისიე მე ევები,
მაინც შევჭამ იმ წითელ ვაშლს დამპალს.
მერე ისევ გამაჩინე სადმე,
სხვა ქვეყანას და სხვა რჯულის კაცი,
მოგინდება, იუდობა მომისაჯე,
მოგინდება, იქვე ჯვარზე მაცვი.
შენს ხელშია ახლა ჩემი სული,
შენს ხელშია ამ სიტყვების განსჯა,
თუ ეშმაკი მაწერინებს ამ ლექსს,
არ ამცდება შენგან, ალბათ, დასჯა.
გაღეღილი ველოდები ტყვიას,
მე ან ტყვია ან ციროზი მომკლავს,
გაუმარჯოს ტყვიის ჩამომსხმელებს,
გაუმარჯოს ყველა არყის მომტანს.
თუ შენ თვითონ შემაჩვიე ცოდვებს,
თუ გამოცდა ჩავაბარე ორზე,
მომისაჯე მაშინ ჩემი ტყვია,
ამ უაზრო შაირობას მოვრჩეთ.
დაჩოქილი ისევ მნახავ შენს წინ,
ვინანიებ აქ დაწერილ სიტყვებს,
ჩამომამხე თავზე მთელი ზეცა,
დანარჩენებს ამყოფინო იქნებ.
მერე რა, რომ გალაკტიონს ადიდებენ,
მერე რა, რომ პოეზიას მეფობს შოთა,
მეც სათქმელი დამიგროვდა საკვამურში,
საქართველომ მერამდენედ დაიჩოქა.

??????