*** "სიშორის ხატზე" ექსკლიუზივი
სიშორის ხატზე არ ლოცულობს
თქვენი სხეული,
ანგელოზებთან შესახვედრად
მიჰყვებით ნიავს,
თან ისე მიგაქვთ ჩემი სითბო,
ბედს არ ვემდური,
წადით, იცხოვრეთ იმ სივრცეში,
სადაც გიცდიან.
ღამის ქუჩებში კვლავ ავანთებ
ოცნების ფარნებს,
რახან გიგრძენით, ვეღარ ვიტყვი _
უკვალოდ გაქრა,
ოღონდ სურნელი
იასამნის ტუჩებზე დაგრჩეთ
და მარტოობის ბილიკებზეც
გავივლი ლანდთან.
ცოდვილ ხელებით
ცისარტყელას მოგიქსოვთ თავშლად,
შავი ზღვის ფარჩას შეგიკერავთ
ოქროს სხივებით,
თქვენი დაკარგვა ჩემს ფიქრებში
წამითაც არ სჩანს
და ნისლის ბაღში ერთმანეთზე
ტკბილად ვიღვრებით.
მთვარის ჰამაკზე ისევ გვძინავს
მშვიდი სიზმრებით,
მზის საგალობლით
გვანებივრებს ვარსკვლავთა ქორო,
ვიცი, აწმყოსთან არდათმობით
ჩამოვიშლები,
მოვდივარ თქვენთან
და ეს გრძნობა ძალიან მომწონს.