ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

ახალი წიგნიდან 

მე ამქვეყნად ადრეც გახლდით, გეახლებით მესამედაც,
ჯერ - მეორე წვევამდელთა ლეგიონი მესალმება.
ნეტავ ადრე რა მინდოდა ან ახლა რა მესაქმება?
ან - მესამე პაემანი ვის დამისვამს შესაქებად?
მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს: რა მერქვა და რა მერქმევა,
როცა - ორჯერ გახსნილი ცა - ერთხელ კიდევ გამერღვევა?
რა ვქნა, თუმცა არჩევანი თვითონ არ ამირჩევია,
იმ ქვეყანას - ეს ქვეყანა მერჩია და მირჩევნია.
ღმერთი მყავს და არ მჭირდება სხვა კერპი და სხვა ლიდერი,
დღევანდელი კვერცხიც მიყვარს და ქათამიც ხვალინდელი.
კარები რომ მიმიხუროთ და მიწიდან გამაძეოთ,
ციდან გამოგეცხადებით და მოვიგებ სანაძლეოს.
და მესამედ ვადღეგრძელებ უფლის სახლს და უფლის ოფისს:
ერთხელ მაინც დამაწყურვებს ჯამი სამი წუთისოფლის.

??????