სამადაშვილი ნიკო
გაზიარება

ღია ბარათი ექსკლიუზივი

დაღუპულ დღეებს ისევ ვიგონებ,
ხრჩოლავს სოფელი, ბნელა, თოვლია,
თვალი დაუდგეთ ცისფერ გოგონებს,
თუ კაცი ქვეყნად ვერ გიპოვნია.

შენ იბადები ბინდების რწევით,
კვდები, როდესაც რიჟრაჟი არი.
ლარნაკზედ გრჩება გული ნაწყენი,
გულზე ხავსივით მწვანე სიზმარი.

შენი სხეულის უდაბურ ნანგრევს
ქუხილის შუქი ეცემა ღამე.
ქარი ნავიდან აგლეჯილ აფრებს
მოაქვს და ტანზე ნელა გაფარებს.

როგორ არ ვიცი, რომ გებრალები,
იცი, ახლობლებს როგორა ვძულვარ.
რო ამრევია უცბად თვალები
და ღამეები ჩავბჟირებულვარ.

დარდის ხვითებში გაწურულ პერანგს
თონესთან მიშრობს შეშლილი დედა.
დაგახსომდება კაცი ვერაგი,
ვინც შეწყნარებაც ვერ გაგიბედა.

ვინც ამ ხრიოკებს ყნოსავდა მარად,
ვით ტყის ნადირი, ვით საყდრის გლახა;
ვინც მთებს ზევიდან მოსდევდა ბარად,
რომ გზებს შეყროდა და ევაგლახა.

რა გენაღვლება, შენს კარმიდამოს
თრთვილივით ედოს პოეტის ნიჭი.
თუ უკვდავებამ სადმე მიკითხოს:
„ნეტა სად არის ეხლა ის ბიჭი?“

მოუყევ: ქარებს გადაჰყვა ღამე,
რაღაც საოცრად წაიმხედრულა,
ორჯერ იკივლა სამყაროს გაღმა
და უკან აღარ დაბრუნებულა.

??????