სიზმრების ნაღვერდალი ექსკლიუზივი
შენთან ყოველთვის იმ დროს მოვდივარ,
როცა ბინდებში ხალხი ილევა,
ჩემი ცხოვრება შენი დარდია,
შენ კი ხარ ჩემი განწყობილება.
როცა შენ აღმართს შევყვები ხოლმე,
ხმა მესმის: რეკავ იდუმალ ზარებს,
ამ დროს ქვეყანა თითქოს ხომლია,
და ყველაფერი პირქვე ზანზარებს.
შენ რომ მრევლი გყავს, ისე ამოდის,
როგორც შერისხულ მლოცველთა ხროვა,
იწყება ჭმუნვა მორთხმულ მოგვების,
და შორიახლო ავდრების გლოვა.
შენი ხე გარეთ გზნებით საუბრობს,
გზნება, რომელიც ჩვენც გაგვახუნებს,
ხე რომ შენსავით ყველას გაურბის,
და ხან მგზავრივით რომ გირახუნებს.
აქ არის რაღაც მწველი სიამე,
გულს რომ ჩასტირი და იმალები,
შენი საკანი თეთრი ღამეა,
ან დაღუპული კაცის თვალები.
ხან ჭროლა თვალებს უცბათ იკროლავ,
თითქოს კვნესიხარ: მიშველე, დედავ!..
თითებს ისერავ, სხეულში ხრჩოლავ,
ო, ეგ სამიწე ხელების ფშვნეტა.
ამ დროს შენს სახეს რას დაინახავ,
ძმაო, გამჩენმა არ დაგინახოს,
ისე შმაგია მაშინ ეგ სახე,
რომ შეიძლება კაცი დალახვროს.
აგეკვიატე, ნეტა რა ჭირად?
შენ რას აგწერდა რემბრანტის ფუნჯი.
ამ დროს ხელებში გველი გიჭირავს,
და თვალებიდან მოჩანს ფასკუნჯი.
ფარჯრიდან თითქოს ვიღაც გახელებს,
ნუთუ არ ეყო, რაც რო გაწვალა?
სტუქსავ დღეებს და სწყევლა იმ ხელებს,
სამშობლოს გზები ვინც მოგასწავლა.
ბედმა სამხარიც კი ჩაგამწარა,
და შეგაჩვია შფოთვას სიცილით,
რა ვუყოთ მერე, - ვირა არ წავა,
მიწისკენ მაინც მეფობს სიკვდილი.
ჯანდაბას, ეგრე იხეტიალე,
ხან გაიღვიძე მუდამ გნიასით,
ხედავ, მზვერავო, შენ და სიცოცხლე
ამ დედამიწას როგორ შეაშრით?!
იტყვიან: ჩუმათ ვიდოდა ხალხში,
ზოგჯერ ხალხისგან სალამიც სწყინდა,
როცა სულ მარტო რჩებოდა სახლში,
რაღაც ფერშემკრთალ სიგიჟეს ქმნიდა.
რამდენი ბრიყვი ავს დაგაბრალებს:
„ვიცნობთ ამ ყარყუმს, მგონი მუნჯია“,
სად, ვინ შეიგრძნობს იმ კაცის თვალებს,
კაცი, რომელიც ხან ფასკუნჯია.