გაჭვავება
შენ არ დაეძებ დროთა მწვერვალებს,
ყელამდე შფოთავ, რაღაცას ნანობ!
წვიმის გუბეში ბედი გაწვალებს
და ნაფოტივით შიგვე ქანაობ.
ის ეკლესია, შენ რომ გიყვარდა,
დიდის საკენკით ათრობს ბეღურებს.
ვინც განდიდებს კვერით დანაყრდა,
რა ეშველებათ, იმ უბედურებს.
დანგრეულ სხეულს გულის სიწმინდე
როგორღა შერჩა, ვით მერცხლის ბუდე?
ხალხთა უდაბნო დედამიწაზე,
ერთი შეხედე, რა უშნოდ უდევს.
რა შემზარავად ყმუიან წლები,
რა დანდობილად მოგვინარეკლეს!
და სათითაოდ ჩვენც რომ გავწყდებით,
ნისლი დაფარავს აპყრობილ ხელებს.
არც წარწერები, არც საკმეველი,
იტყვიან, გულის ჭერ-ქვეშ გალობდნენ
და სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ
მკვდარ ფოთლებივით მიქანაობდნენ.
თვალების ხვრელში გველი სისინით
იშვა, ინათებს გულის კანდელი.
და კვირაძალზე თალხით მოსილი
ილოცებს ვიღაც კათაკმეველი.
წამოვიხუროთ ერთი ფანჯარა,
ისიც შევინდოთ, ვისაც ვაგინეთ.
შენ ეყოლები ქრისტეს ფარეშად
და მე კი ბუდას მოჯამაგირედ.