შექსპირი უილიამ
გაზიარება

სონეტი 33 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი) 

ათასი ლურჯი რიჟრაჟი მაქვს მოსაგონები,
მთის მწვერვალები – ზეცისაკენ ატყორცნილები,
მნათობის ოქროს ბაგეები – ველს ნაკონები,
და წყაროები – მზის სხივებით დაკოცნილები,
მაგრამ ხანდახან იბურება ზეცის ტატნობი,
შავი ღრუბელი ეხურება ციურ მშვენებას,
მაშინ ცოდვიან დედამიწას სტოვებს მნათობი
და დარცხვენილი დასავლეთში ჩაესვენება.
ერთხელ, ცისკარზე ჩემმა მზემაც გამოაშუქა
და გულდაკოდილს გამიბრწყინა შუბლი მეფურად,
მაგრამ დიდება ბედისწერამ წამით მაჩუქა,
ჩემი მნათობი ლეგა ნისლმა ისევ შებურა.
უსხივოდ დავრჩი, არ ვუჩივი მაინც ბუნებას,
მიწის მზე რა, თუკი ზეცის მზეც იბურება.

??????