ჭილაძე ოთარ
გაზიარება

დავიწყებული მოტივი 

ნეტავ, ვინ არის ეს შავოსანი
პირქუში ქალი,
ჯოხის ამარა
რომ დასდგომია უკაცურ ბილიკს,
კაბის კალთით რომ აუთრევია
მისივე ჩონჩხის მაგვარი ძეძვი
და მიდის, მიდის, არც იცის, საით.
იქნებ ბედკრული საქართველოა,
ჩვენს გულებიდან გამოდევნილი?!
ჩაჭიდებული ჟამთასვლის ბორბალს
ჩვენი გულისთვის და, პირველ რიგში,
ისევ ჩვენგანვე უარყოფილი?!
ის არის ალბათ. სხვა ვინ იქნება?!
აბა, რად შევკრთით წამით ყველანი,
რად შეგვაცოცდა, მორიელივით,
შიში განკითხვის და აღსასრულის?!
ალბათ მობეზრდა ჩვენი ფუსფუსი,
არაფრის გამო და არაფრისთვის,
ჩვენი უაზრო ჟივილ-ხივილი,
ჩვენი უმიზნო აყალ-მაყალი...
და მიდის, მიდის, არც იცის, საით,
რომ დაეყუდოს გამწყრალ ხატივით,
სადმე, კლდეებში და ყინულებში.
მაინც არ არის ჩვენი საშველი,
თუ ისევ იმან არ მოგვაქცია
გზასაცდენილნი და დაქსაქსულნი.
თუ ისევ იმან არ გაგვახსენა,
რანი ვიყავით და რანი დავრჩით.
თუ ისევ იმან არ გვაპატია
ეს გულგრილობა გასაოცარი.
მაგრამ ჯერ მიდის... ჯერ გამოხედვაც
არ უნდა ჩვენსკენ...

1998

??????