Litclub.ge

ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე

სვეტის ფუძეზე ჩამომჯდარა ბაგრატის ლანდი,
უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ დამჯდარა იგი,
უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ ... ამ უძველესი
ტაძრის დარაჯი გეგონებათ ერთი შეხედვით.

უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ დამჯდარა იგი...
მარტო ჯდომაზე თუ შეატყობს მეფობას კაცი,
მარტო ჯდომაზე თუ შეატყობთ,რომ სიამოვნებს
მის სანახავად ამოსული ამდენი ხალხი.

უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ დამჯდარა იგი.
მუხლზე ჩუქურთმის პაწაწინა უდევს ნამტვრევი,
როგორც ფასკუნჯის მკვდარი ბარტყი, იმდენად მკვდარი,
რომ აღარც ფერი შერჩენია, აღარც ნაკვთები.

უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ დამჯდარა იგი
და ბროწეულის ზანტი ტოტი, ვით სისხლის შხეფი,
იელვებს ხოლმე... და ცოცხლდება ირგვლივ ყოველი:
ჩამოქცეული სვეტიც, თაღიც, კედელიც, კარიც -

ისევ იბრუნებს პირველყოფილ სახეს თავსას
როგორც სიზმარში...ან დღევანდელ
                                                  ქართველის გულში.

1974