მან აიფარა პირზე ხელები შემკრთალი სულის
შესაჩერებლად...
მანქანა უკვე ქუჩაში იცდის და ჩემოდანი,
სიზიფის ლოდი,
აგდია კართან.
ჩვენ გავფრინდებით სხვადასხვა მხარეს
და ერთდროულად
ვიქნებით ცაში.
ცაც გაიყოფა ღრუბლებით სავსე და შეფერილი
მზის თბილი
სისხლით...
ჩვენ ერთდროულად ვიქნებით ცაში და გავფრინდებით
სხვადასხვა მხარეს, ჩვენი სისუსტის და ცის სიდიდის
დასამტკიცებლად.
ქალაქს ჯერ სძინავს. ჯერ კიდევ სძინავს
და შემზარავად
ცარიელია.
წყვდიადიც, როგორც სამყაროს კვამლი,
ფეხს ითრევს ცაზე.
და აი, უკვე მიქრის მანქანა, თითქოს გაურბის
უკაცურ ქალაქს.
ჩვენ კი ჯიუტად მივჩერებივართ ნაცრისფერ
სივრცეს.
ხოლო სახლები, გაოცებულნი ჩვენი დუმილით
და მოთმინებით,
ებჯინებიან ერთმანეთს მხრებზე, რომ დაგვინახონ...
უკანასკნელად.
1967