წარწერა ვაჟას სახლის კედელზე
გზის პირას იდგა პატარა სახლი
და მის გარშემო ტყე კანკალებდა,
და ტყის შრიალით სავსეს და დაღლილს,
ქვეყანა ერტყა გარედან
სახლს ჰქონდა ერთი კარგი თვისება:
ხეებს გაშლიდა ხოლმე აფრებად
და მიფრინავდა...
თუმცა, ისედაც
ცის ქვეშ ყველაფერს ათანაბრებდა.
მან თითქოს სხვებზე მეტი იცოდა,
მაგრამ სამღერლად ჰყოფნიდა ცოტაც
და განუწყვეტელ ცეცხლზე იწვოდა,
წვიმდა თუ თოვდა, თუ ქარი ქროდა.
იმ სახლში ცეცხლი ყოველთვის ენთო
და ეკუთვნოდა იგი თანაბრად
ცხვარსაც და მგელსაც,
კაცსა და ღმერთსაც...
და არ აგდებდა ავდარს არაფრად.
რადგან იცოდა, რომ ავდრის შემდეგ
უფრო ლამაზი იყო ქვეყანა.
და ყველა, ვისაც იცნობდა დღემდე,
უნდოდა დარში გადაეყვანა.
ასეთი იყო ის წყნარი სახლი
და ვისაც სურდა, ყველა ამჩნევდა -
როგორ დარბოდა ეზოში ძაღლი,
როგორ ყვაოდა ტოტი ფანჯრებთან.
ანდა იმ სახლის მუდმივი მდგმური,
სინათლე, ჩრდილებს როგორ ურევდა
და რა უბრალოდ ტყდებოდა პური
კაცის და მხეცის დასაპურებლად.
მაგრამ მაშინვე გრძნობდა სტუმარიც,
რომ სახლის კედლებს რაღაც სტკიოდათ,
რომ ამ თბილ პურშიც და სასთუმალშიც
ცრემლის მარილი გამოსჭვიოდა.
და რომ სიკვდილის უხორცო ხელი
ამ სახლის მთავარ ძარღვსაც მალავდა,
ის კი, წიგნივით ჩუმი და ძველი,
ქვეყანას თვლიდა თავის კარადად.
და იდგა მშვიდად...
და არაფერი
არ აკვირვებდა ტყეთა ბინადარს,
ხოლო ხანდახან მწვანე აფრებით
სწყდებოდა მიწას და მიფრინავდა.
1963