დაიბინდა ლიმნისფერი მზის სხივების ჯერი,
ღრუბელს თვალი გაუსწორა ქარვიანის ასხმამ,
სხვადასხვაა ჩემთვის ახლა ყველა დილის ფერი,
ქარის წისქვილს თავს დაესხა ლურჯი წვიმის თავსხმა.
უპატრონო ზანზალაკებს დანგრეული სახლის
აბლაბუდა შეესია, მათში სახლობს მტვერი,
ცისარტყელებს ვეღარ ვხედავ, ჰორიზონტის სახნისს,
სად სახლობდა ერთგულება, დღეს ბინაა მტერის.
ჩამოჰკარით ზარებს ისე, რომ შეირყეს ჭერი,
რომ ზეცაში დავარღვიოთ ვარსკვლავების თვლემა,
მომეკიდა სიმარტოვე, ჩემი სულის გერი,
ტვინს მიღალავს ფიქრთა ჯოგის თქარა-თქური, რემა.
მინდა მიწას დავუბრუნდე, ფრენით მიხურს კეფა
და სასთუმლად მე მეყოფა ერთი ადლი მიწის,
თუ არ იქნა ირგვლივ ბორგვა, ქაოსი და ყეფა,
მერე მშვიდად დავიძინებ, თუ სხეულზე მიწვიმს.