როცა თვალებში შემოდიან
თბილი ნისლები,
კაპილარებში, ოთახებში,
ძვლებში, ხსოვნაში
და ბავშვობაში,
სამოთხისგან ისე იცლები,
როგორც ამ კერძო ხრწნის
ავტორი და პერსონაჟი,
როგორც სიკვდილი გაღვიძების გამო,
ან კიდევ,
ვინ მოიგონა,
რომ მაგიდებს სხვები უსხედან,
შენი ღამიდან ვარსკვლავები
ჰგვანან ჭანჭიკებს,
არც შენ წაგშლიან
ჭანჭიკების გრძელი ნუსხიდან.
როგორ დაგღუპეს ოცნებებმა და
რა იცოდი,
წინ სიჩუმეა და არაფრის მთელი ლირიკა,
იყმუვლე მაინც,
რომ ამ ფუჭი მარადისობის
დიდი სხეული
ტკივილებით მოასვირინგო.
ეს სუსხი ისე ახალია, ისე ცხელია,
გინდა-არ გინდა, სჯობს თუ არა,
ვითომ _ არც ვითომ,
მე შემინდვია ყველაფერი,
სხვას რა ხელი აქვს,
ისე მძაფრია ყველაფერი,
უნდა გაწყვიტო.