შესაქმის დღიდან მოაქჟამომდე,
რასაც სიცოცხლის საზრისი ქვია,
სამყაროს არსი, ღვთაების მსგავსი,
სახედ და ხატად მისად რომ თვლიან...
გაერთმთლიანდა შენში სრულიად
სრულყოფილებით,
ყოვლად სრულქმნილი,
ასე ფაქიზად და რუდუნებით
შენს შესამოსად, შენად სულს ვქმნიდი.
სიზმრად ნანახი და ახდენილი
ოცნებასავით ხარ მშვენიერი,
შენი არსით და შენი საზრისით
ასე საოცრად სულისმიერი.
შენა ხარ, რაც კი ოდესმე მითქვამს
სიტყვა _ ყველაზე უფრო გულწრფელი,
სიტყვა _ ყველაზე უფრო მართალი!
სულის სიღრმიდან ამონათალი,
სიცოცხლის ნერგი _
რამ ხელთუქმნელი...
ხარ ნეტარება ენით უთქმელი!!!
მე შენით ვსუნთქავ,
ვცოცხლობ და ვხარობ.
აღურაცხელი სასწაულების
და სიყვარულის უშრეტი წყარო,
არსობის არსი, საზრისის მსგავსი
ჩემს არსებაში განხორციელდა,
გაერთმთლიანდა და გაძლიერდა
და შენი სახით განსახიერდა!!!
დიდება შენდა, რომ მომევლინე
სიცოცხლის აზრის გადასარჩენად,
კურთხეულ იყოს აწ და მარადის
კურთხეულ იყოს შვილის გაჩენა!