გავწირე მთების საუფლო,
ჯანღს რო გადიყრის ქარითა,
ჩემი ბალღობის საუნჯე,
გამზრდელი მკერდის ღალითა.
ტყე, მინდორ-ველი, მზე-მთვარე,
ვარსკვლავთა ჯარი ღამითა,
უფლის მარჯვენით შამკული,
ზედ ფრინველების ქნარითა,
ვერვინ შაიცნო სრულადა,
ვერცვინ მოხატა კალმითა,
რაც კი რამ კარგი მებადა,
მქონე ტყე-მინდორთ ძალითა.
მე კი გავწირე უღვთოდა,
უჭკო-უაზრო თავითა,
სჩანს, რო მაცდინა მაცდურმა,
მკვება გონებით მცდარითა.
მტერიმც დარჩება ჩემ დღეში,
დღენი მიდიან ტანჯვითა,
მშობლიურ უბე-კალთასა
ვეღარა ვხედავ თვალითა.
გავწირე მთების საუფლო,
დღეს ახმეტაში ვმიწდები,
მითომ მეც ქალაქელი ვარ,
ბირჟაზე მოვდგებ-მივდგები.
დავწვი ჩემ წერა-მწერელი,
ცოცხლებში რისად ვითვლები,
მთა-კლდეთა მკერდის ნაფხვენი,
ქალაქში ვის რად ვჭირდები?
აქ სხვა მზე არ, სხვა მთვარე,
სხვარიგი ხეთა ჩრდილები.
ზოგჯერ გულს ვეღარ ვერევი,
სატირლად დავეღირები,
რა ვქნა?! - მიხმობენ შორითა
დეკა, ჩადუნა, ივლები.
ღმერთსა ვთხოვ, გზაარეული,
მათგან ნუმც გავიწირები,
შორით გავხქერი მწვერვალთა,
ოცნების თვალით მივწვდები.
სადაც ოდესმე მივლია,
აიმ ბილიკებს მივყვები,
დავკოცნი გილ-მკერდსა,
ნაცნობ მდელოზე მივწვები.
ღმერთო, რა საოცარია,
დარდს გადავიყრი, ვმშვიდდები,
ვით ბალღი დედის კალთაში,
სიამით გავირინდები.