ერთხელ ბილიკზე შემომხვდა
გველის წიწილა პატარა,
საომრად წამაიმართა,
თავი გველეშაპს ადარა.
ვერ გავიმეტე, არ მოვკალ,
ბრძენთა ნათქვამი ესეა:
თავისზე სუსტის დაჩაგვრა
ჯაბანი კაცის წესია.
ეს კი ვუთხარი: ძმობილო,
გზა-გზა ნუ ივლი ხშირადა,
მე თუ არ მოგკლავ, სხვა მოგკლავს
და დაგიჯდება ძვირადა.
ვუთხარ და ჯოხით სათუთად
გადავიყვანე გზიდანა, -
ქვეყნად სიკეთის მთესველსა
ღმერთი დალოცავს ციდანა.
გველის წიწილს კი გველურმა
ბუნებამ არ მოუთმინა,
ჯოხზე ზედ შემოეხვია
და სამჯერ მწარედ უკბინა.
აქ მივხვდი კარგით და ცუდით
ბუნების ნაირფერობა:
გველი არ მოშლის გველობას -
ადამის მოდგმის მტერობას,
კაცი ავი და ბოროტი -
ავთა საქმეთა მცდელობას.