Litclub.ge

სულში ბუდობს ტკივილი

ქარი ილტოს ნაპირებს
მისდევს მოთქმა-გოდებით...
საით, გაზაფხულებო, -
მისდიხართ და მშორდებით?

ხეებს შემოძარცვიათ
ტანზე მწვანე სამოსი,
ამედევნა ფეხდაფეხ
სევდა ამ საღამოსი.

ხევ-ხევ გარბის მდინარე,
ბილიკს მარტოდ მოვყვები,
საუკუნედ ქცეულან
ხავსიანი ლოდები.

ხან შარაზე მივდივარ,
ხან ტყე-ტყე და მთა და მთა,
სად არ ვიხეტიალე,
სად არ შემომაღამდა.

რაღაც შეუცნობელის
ვარ მუდამდღე მძებნელი,
სულში ბუდობს ტკივილი,
მუდამ შეურჩენელი.

რას დავდივარ, რა მინდა?
თვალებს რისთვის ვაცეცებ?
ამ ცოდვიან მიწაზე
რად მოვედი, რას ვეძებ?

დავწანწალებ ისე, ვით
უპატრონო მურია,
კაცთა მოდგმას გავურბი,
მარტოობა მწყურია.

აფსუს, ჩემი ბავშვობის
უდარდელი დღეები
გაეკიდნენ ტრამალებს,
ვით უბელო ცხენები.

ახლა ფუჭი იმედით
მათ ნაკვალევს გავყურებ,
სადავეაწყვეტილებს
ვეღარ შემოვაბრუნებ.