ჩემო გიშრისთვალება,
ჩემო თეთრო თოლია,
ზღვათა უსასრულობამ
საით გაგიყოლია?
მოლოდინით გავყურებ
უსასრულო სიშორეს,
სევდა უშენობისა
ვერაფრით მოვიშორე.
ტალღებს მოჰყვნენ შორიდან
მაწანწალა ღრუბლები,
ხომ არ გინახავთ-მეთქი -
შენზე ვესაუბრები.
„აღარ მოვა არასდროს, -
ჩურჩულებენ მოწყენით, -
ვეღარაფერს უშველი
ცრემლით, ზღვათა ოდენით“.
ასე დავრჩი, ეულად,
შენს ლოდინში, თოლია,
მთებზე უკვე მოთოვა,
მთაშიც თეთრი თოვლია.