Litclub.ge

შავი ხელთათმანები
მაგიდაზე ელაგა შავი ხელთათმანები,
მაგ ხელების ხალთაში განშორება ელაგა,
მედებოდა ხავერდი ნაზი, როგორც ალერსი
და თეთრ ფარდას ნიავი შლიდა ღამის პერანგად.
ატბორებდნენ გულშიგან ცრემლებს ხელთათმანები
და მიზეზი ბზარების არავინ არ იცოდა.
მანდილის ქვეშ ტაძარში თვალი განაპარები
მოგონების მორევში უსასრულოდ იწვოდა.
საჭიროა ჰქონოდა ოცნებასაც საზღვარი,
_არაქაურ ფანტაზმით სივრცეებში გართობას,
სალოცავად გვქონოდა მხოლოდ ერთი ტაძარი
და სამოთხის დღეების მიტევებით დანდობა.
ჩვენ გვეწადა მოძღვარი და ხატების ნათელი,
სულში უფლის ღიმილის ათინათი გვეწადა,
გაჰკიოდა იმ ღამეს ალმაცერი ფანტელით
ქარი და შენს ნაკვალევს უთავბოლოდ წეწავდა.
მაგიდაზე ელაგა უნაზესი ხავერდი,
მაგ ხელების ხალთაში განშორება ელაგა,
არ არსებობს კირთება სევდის სხვა უარესი
და არსებობს მგლოველი მრწამსი ბედისწერათა.
მიცოცავენ კუს ბიჯით ბედნიერი წამები,
თვალ-ხელს შუა ქრებიან, წამად მეორდებიან,
ბედნიერი წამების ხსოვნად გარდაცვალების
წერილები, ნივთები, სურათები რჩებიან.
უსრულ თოვდა იმ ღამეს ალმაცერი ფანტელით,
შენს კვალს გადააქსოვა ღამემ ლურჯი ბარდანი,
მაგიდაზე საფრთხილოდ ძირძველ ფოლიანტივით
ჩანდნენ სათითეები ალკიაფა შანდალით.
გრძნობა მიცვალებული და ფარდების ლანდები,
ირწეოდნენ დაღალულ სულში წვალებ-წვალებით
და ბედნიერ წამების დაღად გარდაცვალების
მაგიდაზე ელაგა შავი ხელთათმანები.