Litclub.ge

პორტრეტი ვარდით
და მერე დასკვნა იქნება მკაცრი
იმ უნათლესი დღეების ფონზე...
_ ცა ათასფერად ფანტელებს გაცრის,
დადიხარ მშვიდად, ეჩვევი პოზებს,
და გინდა, გინდა გაექცე შენს თავს,
გაექცე უხმოდ და უსხეულოდ,
სხვაგვარად გაკრთობს ტკივილი ხეთა _
გამომხმარი და ჩამოხეული,
გაკრთობს... შენ თუმცა ქარებსაც უფრთხი
და ნისლის კუთხეს ეჩვევი მშვიდად,
ვინ იცის, როდის შესცივა შურთხებს,
როდის შეგზარავს დრო-ჟამი ბინდით,
ვინ იცის... უკვე ამთავრებ თუმცა
რაღაც ძველსა და რაღაც ახლობელს
და საყვარელი წიგნივით ფურცლავ
სათნომყოფ დღეთა მრავალსახობას
და გიხარია, რომ სიხარული
არის სინათლის მიერ მბადები
და სიტყვებს, შენგან ჩამოღვარულებს
ცრემლივით მართალ წონას ადებენ
და შურთხებს, შენგან ნატირალ შურთხებს
უუსათუთეს მზერას სჩუქნიან...
როგორ გაწუხებს მზერათა კუთხე
ასე მარტივს და ასე შუქიანს,
და ურთულესი დღეების მეკვლეს...
ხეების ცრემლით ტკივილარეულს,
რა გამოგილევს გზაწვრილზე ეკალს,
ბეჩავს, დაღლილს და დილის მთვარეულს
და დილის მეკვლეს, რომელსაც სცივა,
და ეშინია მარტო დარჩენის,
წლები ოდესმე დასკვნამდეც მივლენ
და კითხვის ნიშნებს ჩამოარჩენენ
და ცხოვრებაში დაგრჩება ვარდი _
მიწის ქმნილი და მიწის შობილი...
თუმცა პორტრეტი რაღაცას ბადებს,
ბოლომდე გრჩება უარყოფილი
შენი ცხოვრების სუსტი პროფილი...
რადგან ყოფაში აღმერთებ ვარდებს
და ცხოვრებისგან უარყოფილი
დასკვნისწინარე სინანულს ბადებ.