მრავალი რამე ხდება ჩემთან, უკვე იმდენად
აღუნუსხავი, შემიძლია დიდხანს გავერთო
და ისღა ვწერო, დღეებს როგორ მშვიდად მიდენის
ერთფეროვანი ღამეები, კვირა, საათი,
ან ყველა დილას სამსახურში რომ ვიგვიანებ,
მზეზე ადრე კი დედაჩემის მზერა ფანჯრიდან
მოცოცავს ტანზე და ჩამოხრილ მხრებზე მადგება
და მწვავს. ასეთი ცხოვრებაა გამოჯავრება
დამხრჩვალი კატის, ნაპირთან რომ სველი აგდია
და შემდეგ ვიღაც ფეხს მიარტყამს და წყალში ისვრის,
წყალი კი უკან გამორიყავს, ისევ იგივე.
თბილისში დარჩა აქციები, პროტესტის კერა -
მეტროსადგური რუსთაველი, ან პარლამენტის
ტერიტორია (მიმდებარე), ხალხის მსვლელობა
ყველა ქუჩიდან - სამებამდე, რომ მიიტევონ
შეცოდებანი თავიანთი. საუბედუროდ,
პირი არ უჩანს დასრულებას ჩემი არაფრის.
ბედს რაღაც მძაფრი დაჟინებით ვეთამაშები
და ბოლოს ალბათ საკუთარი ძვლები დამფარავს,
ტანიდან გარეთ გამოყრილი, გამოსაშრობად.
როგორ მინდოდა, თუმცა ჯერაც ვერსად გავედი
ამ ქალაქიდან, ვისთვის როგორ, ალბათ ასეა,
სასაცილოა ბევრისათვის ეს უიმედო
და დოგმატური (მათი დასკვნით) ჩემი აზრები,
თუმცა ჯანდაბის გზა ჰქონია დოგმებს, იმედებს,
რაც ჩვენს გარეშეც იარსებებს, როგორც უცვლელი
ჭეშმარიტება. ჩემიდან კი ვინც შორს წავიდა
მხოლოდ თვალი თუ გავაყოლე, ვერ გავაცილე
დამტვრეულ ცაში, ვეღარსაით, ის, ვინც აქამდე
გამოიტანა ჩემი სისხლი და ამ ძარღვებში
გაუშვა, მე კი ვამბობდი რომ საქანელაა
მთელი ეს ყოფა, ან არყოფნა, კვლევა - ძიება
საქანელაა და ერთხელაც მოწყდება ხიდან
და იმ ძველ დღეებს დაგვიტოვებს ჩვენ რომ აქამდე
ვფარავდით, როგორც კომუნალურ გადასახადებს,
რადგან ვერ მოვრჩით, ვერ გავყინეთ, ვერ გავაუქმეთ,
თუმცა მოვეშვი ამ საერთო ფონის მოსინჯვას,
მე ახლა უფრო მეტად მინდა ჩემს თავზე მოვყვე,
თუ როგორ ვარ, ან ვისთვის ვარ და სად გადის მიჯნა
მრავალფეროვან ცხოვრებასა და ნაკლებ მსუყე
სიყვარულს შორის. როცა სიტყვებს აღარ იგონებ,
არამედ რაღაც თავისთავად ატარებ შენში
და ბოლოს ყველას გადამალავ საგულდაგულოდ,
როგორც სკოლაში, ბავშვობისას მიღებულ ნიშანს
ცუდი სტატუსით, რომ არ გინდა მიგიხვდეს ვინმე
და ამისათვის დაისაჯო, ან, როგორც თოვლის
გუნდაში ჩასმულ ქვას რომ ესვრი მეზობლის მინას
და გაიქცევი, ის კი ღამით შენს სახლში მოვა
და სხვა თემებზე ისაუბრებს.
სიცხეა გარეთ,
ნამდვილად ერთი საქმე არის ამის გაძლება,
მივდივარ, უფრო სწორად რომ ვთქვა, ფეხებს მივათრევ
მშრალი ხიდისკენ; გასაყიდი სიძველეები,
ამ ათასფერად გადაშლილი დღეების მსგავსად
ყრია მზის გულზე და თანდათან მტვერი დაფარავს,
ახლა ყველაფრით სავსე ყოფა პირისპირ დადგა
უმაკიაჟოდ, უმიმიკოდ, უსაფუაროდ.
და როგორც თბილ სულს,
სხეულიდან ახლად ამოსულს,
შერჩენილი აქვს საკუთარი სხეულის სუნი,
ისე ვარ, როცა ხმაურიან მეგაპოლისში
შენს სახელს ვამბობ -
ვაწკრიალებ და დიდხანს ვუსმენ.