Litclub.ge

თბილისის ღამე
ღამე - ასაკით ოთხი საათი,
ახლა, თბილისი ისე იძინებს,
რომ არ არსებობს სხვა მისამართი,
სიჩუმის, უფრო მეტი, სიმძიმე.

სარკმელთან, ნელი გაწევა ფარდის,
დაუსაბამო დუმილის გზნება...
და ჩემს ოთახში ქალაქი დადის
მთვარეულივით, უაზრო გზებით.

თითქმის, დრო არის წერტილი დასვა,
ან გამთენიას დაუკრა ტაში,
მე, საკუთარ თავს დავუწყებ დავას
და ჟრუანტელი დამივლის ტანში.

ღამე - ასაკით ოთხი საათი,
ახლა, თბილისი ისე იძინებს,
რომ არ არსებობს სხვა მისამართი,
სიჩუმის, უფრო მეტი, სიმძიმე.