Litclub.ge

* * * "მე ხშირად ვამბობ"
მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ,
ვამბობ და ქუჩაში ვეჩვევი ხეტიალს,
როცა შენ მდუმარედ მიყურებ სარკმლიდან,
თვალებით ნათქვამი სიტყვებზე მეტია...

ღამეთა თენება დამჩემდა, რომ ასე
ფიქრი და ფილტვები, თუთუნით, გავბოლო,
ქუჩაში, ყოველღამ, ასრულებს რომანსებს
სიჩუმის ორკესტრი და ცა უთავბოლო.

ქალაქში თებერვლის, კვლავ, ავი ნესტია
და ძვლებში გამჯდარი სიცივის სცენარი,
მეკუთვნის სიკვდილი, ვით ამინისტია,
საფლავზე დარგული ოთახის მცენარე.

მე ხშირად ვამბობ, რომ უღმერთოდ მაკლიხარ,
სახლივით აშენებს ბედს უცხო ქვითხურო,
როდესაც მდუმარედ მიყურებ სარკმლიდან
და, შენი მზერიდან, ჩემს ლექსებს ვკითხულობ.