Litclub.ge

* * * მთელი სახე მიცინოდა
მთელი სახე მიცინოდა?
რატომ დაგანახე ცერი?
შენ არ გაგეხარდებოდა? -
დღეს სიკვდილზე ავიცერი!

სოკრატე და რუსთაველი,
შექსპირი და ავიცენა... -
უკვდავები! მაგრამ მე ხომ
დღეს სიკვდილზე ავიცერი!

მოვრჩი! მორჩა ხურდების თვლა -
ათი წელი... ასი წელი... -
სასწაული! კი-კი! ნაღდი! -
დღეს სიკვდილზე ავიცერი!

ვერაფერი შეიცვლება
მოშურნეთა ავი ცქერით!
მიხარია! მწყინს კიდევაც -
დღეს სიკვდილზე ავიცერი.

აქეთ - გოგლა ლეონიძე,
და, ცხადია, ტაბიძენი!
იქით... არ ვთქვა? ასეა და! -
დღეს სიკვდილზე ავიცერი...

სულ იოლად - პურის ჭრისას
თითქო თითი გავიჭერი -
ასე იყო, დამიჯერეთ -
დღეს სიკვდილზე ავიცერი...

არ არსებობს ჩემთვის არც დრო,
არც ყველაზე ავი სენი!
მარტო განშორება მტანჯავს -
დღეს სიკვდილზე ავიცერი...

თანაც - მარტომ ავიცერი...