ჩაიქროლა დღემ.
მიაბრუნე თავი,
მზერა გააყოლე:
ხელს გიქნევს ადამიანი უთვალავი.
ჩაიქროლა თვემ.
თავი მიაბრუნე,
გააყოლე მზერა:
ბოლო ვაგონის ფანჯრებიდან
რამდენიმეღა ფრიალებს ცხვირსახოცი.
ჩაიქროლა წელიწადმა.
მიაბრუნე თავი ერთხელაც,
მზერა გააყოლე:
ბოლო ფანჯრიდან
გულმწარედ მოგყვირის ვიღაც...
ჩაიქროლა ცხოვრებამ.
მიაბრუნე თავი ბოლოჯერ,
გააყოლე მზერა:
აღარავინ გემშვიდობება.