Litclub.ge

ისევ ჩაიცვი ჭრელი მინდორი
ნამსხვრევებიღა დარჩა, სალომე,
იმ მიწისძვრის დროს დავარდნილ სარკის.
მოდი, შევკრიბოთ ეს ნამცეცები,
წარსული ისევ შევაკოწიწოთ.
მე მინდა ისევ აღგადგინო ნამსხვრევებიდან,
შენც მომეხმარე - აღვსდგე - სარკის ნამსხვრევებიდან.
ისევ ჩაიცვი ჭრელი მინდორი,
თმებში ცის ნამი ჩაიბნიე და გამიცინე.
მე ისევ გეტყვი - დავბრუნდები აუცილებლად!
შენ მიპასუხე - სამუდამოდ დაგელოდები!
. . .
დრო და ჟამი კი კვლავ ამბობენ ათასჯერ ნათქვამს:
- აქ, ჩვენთან ხდება დამსხვრევა და განადგურება,
ხოლო აღდგენა და აღდგომა ზეცაში წყდება...
მე მაინც გეტყვი - დავბრუნდები აუცილებლად!
შენ მიპასუხე - სამუდამოდ დაგელოდები!