Litclub.ge

დასასრული
გაბრწყინებულა სალომე მზის უკანასკნელ სხივით,
გადაუვლია სიყვარულს, გულების ჟივილ-ხივილს,
გადაუვლია სიყვარულს - დიდი არწივის ყივილს.
. . .
სულ ცოტა დარჩა დასასრულამდე,
ცოტაც და, ჩვენს მზეს სული ამოუვა;
მდინარეებიც გაჩერდებიან, - დავიქანცეთო, -
დაიჩივლებენ;
ჩვენი ქარებიც დაიძინებენ,
ჩვენი სარკმლებიც ჩაღამდებიან.
ყველაფერი ჩათავდება, ჩანავლდება, ჩაქრება...
მეხსიერებაც, რასაც ჟამისგან
განწირულები თავს ვაფარებდით;
მეხსიერებაც - სადაც დევნილნი,
ცივ და წვიმიან ამინდებში ვიყუჟებოდით;
მეხსიერებაც რკინის ფარცხით ჩაიფარცხება.
არ შეგეშინდეს! მზე ჩაქრება, მთვარეც ჩაქრება,
მდინარეებიც გაჩერდებიან,
ვარსკვლავებიდან ძირს ვეშვებით, არ შეგეშინდეს!
. . .
გაბრწყინებულა სალომე მზის უკანასკნელ სხივით,
გადაუვლია სიყვარულს, გულების ჟივილ-ხივილს,
გადაუვლია სიყვარულს - დიდი არწივის ყივილს.