Litclub.ge

წუთიც კი!..
აღმოხდომია დიდ წინაპარს
(ჯერ კიდევ როდის!):
უნასი სჯობსო,
ნუ შემამთხვევ
ავყიად შობილს, -
მასთან... წუთიც ხომ...
ჩვენ სიცოცხლის
მოწამვლად
გვყოფნის?!



***
აჰა, ისევე ჩაუხერგავთ
ბაღის კარები,
ტურფად უშლიათ სად ზეფირთა
ყვავილნარები...
მაგრამ, რადგანაც ჩაინავლა
შენგანვე ღველფი,
გული არ მიწევს კვლავ ზეციურ
ყვავილთა კრეფად!



***
შენ აღზევდები, ჭეშმარიტებავ,
და კვლავ ააცდენ ქვეყანას მეხთა,
თუ... მავანი კვლავ გაიყიდება
და დაემხობა მამონას ფეხთან!



***
დამამხობელი ყოველთა ბნელთა,
აჰა, დგას ჩემს წინ
ნათელმოსილი,
ვისაც მარადის მივყავართ მზესთან,
ეს სულის ჩვენის ანგელოსია!



***
ჩინებულ, დიდებულ მეოცეს ვამთავრებთ, -
მტერი - კვლავ ფხიზელი,
ჩვენ ისევ... მძინარი!
სატანამ მიწები კვლავ ჩამოგვათალა,
ჩხრიალებს,
ჩხრიალებს,
ჩხრიალებს
დინარი!