მივდივართ ალაზნის პირას მე და ეელა. გვაწვიმს.
დუისიდან ომალოში უნდა გადავიდეთ. ეელას სიძეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამი შეფიცული ქისტის სურათი უნდა გამოვართვათ.
- დასალევად არ დავრჩეთ, თორემ მაგან გადაკიდება იცის, - თავის სიძეზე - მურადაზე მეუბნება ეელა, - რო დაიწყებს ქეიფს, შეიძლება სამი დღე არ გამოგვიშვას.
- კაი, რა არ უნდა გამოგვიშვას...
- მართალს გეუბნები, - სერიოზულად მეუბნება ეელა, - თუ წამოხვალ, გესვრის, ცუდი სიმთვრალე აქვს. ძაანა ბრაზდება სტუმარი თუ წასვლას დააპირებს... ამ წინებზე მე და თავის ბიძაშვილ ალხანასა გვდია თოფით.
პანკისში უკვე ქართული ჯარია შესული, თითქმის ყველა გზაჯვარედინზე ფიცრული ჯიხურები და ქვიშიანი ტომრებით გამაგრებული ბლოკ-პოსტები დგას. კამუფლაჟი მაცვია და ჩეჩნური ფესკა მახურავს, რომ ქისტი ვეგონო ჩვენებს. ქისტებს და ჩეჩნებს უფრო ატარებენ. თუ გაიგეს, რომ ქართველი ხარ, გიჭერენ. გიჭერენ რა, გიხურებენ: საბუთებს გთხოვენ, აქ რა გინდაო, გშმონავენ წამალზე და ეგრე...
აქ სადღაც ჩემი დეიდაშვილი ნიკუშა თელავის სპეცნაზშია. ვერ მოვითმინე და ბლოკ-პოსტს მივადექი. ეელა აბუზღუნდა.
ერთი დაბალი ქერა ბიჭი იდგა პოსტზე. მივედი, ეგეთი ნიკუშა ხო არ იცი და სადა დგას-მეთქი?!
შემომხედა თბილისურ სიფათზე და წაუვიდა ხელი ავტომატისკენ, თან ჯიხურისაკენ გაიხედა. აშკარად დაფეთდა და დაძახებას აპირებს.
მეთქი, მოიცა, ჩემი დეიდაშვილია, ბიჭო, ვეძებ...
ცოტა ხანს მიყურა. მერე - ჩვენები ხო ჯიგრები არიან და თან უდისციპლინოები - აქ დამელოდეო, შევიდა ჯიხურში. მოვხედე ეელას, ყალყზე უდგას რიჟა წვერი და უკმაყოფილოდ იქნევს თავს. ახლა მთელი გზა შემჭამს...
გამოვიდა ის ქერა და ალაზანგაღმა სახლებისაკენ გაიშვირა ხელი - ხალაწანისკენ: აგერ იქით არის, ძმაო, და აღარ მოიკითხო, თვითონ მოგძებნის, ხო იცის, სადაც ხარ. მერე სიგარეტს მოვუკიდეთ, თვალი ჩავუკარით ერთმანეთს და დავშორდით.
- ეტყვის თაAვისებს, - თქვა ეელამ.
- არ ეტყვის.
- ეტყვის. ჯარისკაცია მაინც...
მოდის ეელა, მობუზღუნებს...
აღარ ვუსმენ. მივტყაპუნებ პანკისის ტალახში, მაწვიმს. ვგრძნობ, როგორ მომენატრა ჩემი დეიდაშვილი ნიკუშა და ვარ ხოშიანად.
ჯოყოლოში წმინდა გიორგის საყდარი გამოჩნდა. ვაჰაბიტებმა მაგ საყდრიდან ჯვარი ჩამოაგდესო, ეელამ. იმ ღამეს ქარიშხალი ამოვარდა, მთელი ჯოყოლო წაიღო, თან მარტო ჯოყოლოო. დილით გამოვიდნენ გვარის უფროსები, ის ჯვარი თავის ადგილას დააბრუნებინეს და ის ვაჰაბიტები გაჯოხესო.
გადავიარეთ ტყვიებით დაჩვრეტილი ომალოს ხიდი და მივადექით მურადას. მურადამ ხაჭო-ერბო გააკეთა და არყიანი ბოთლები ჩამოდგა. სამნი ვსვამდით - მე, მურადა და ალხანა. ეელა ჯამაათში იყო ახალი შესული და არაყს არ სვამდა, ქისტური ასკილის ლუდი მოიდგა - ეს შეიძლებაო.
მაგარი ლუდი იყო.
შუა სმაში ალხანას რაციაზე დაურეკეს. ჩეჩნურად ილაპარაკეს - "მილ ვიიედ?" - ვინ მოკლესო, ალხანამ იკითხა.
- ჩვენი სამი ქისტი ბიჭი მოუკლავთ რუსებს აჩხოი-მარტანთან და გადმოდით, წაასვენეთო, - თქვა ალხანამ და რაცია ისევ მაგიდაზე დადო.
ბიჯოო-მეთქი.
ეგ არა უშავს, ომია და მოკლავდნენ, აბა, რას იზამდნენო, ალხანამ.
საღამოს ომალოს ხიდამდე გვდია მთვრალმა მურადამ.
ოღონდ არ უსვრია...
დღეს გიორგობაა ჯოყოლოს წმინდა გიორგის საყდარში.
თბილისში მაგარი ქარი ქრის.
პანკისში ქარი არ იცის. მთები იფარავს.