ქუჩაში ვიდექი. ტირილის ხმაზე შემოვბრუნდი. ვიღაც გოგო ხმამაღლა გულიანად კისკისებდა. რა საოცრად ჰგავს ტირილი და სიცილი ერთმანეთს...
ალბათ ამიტომ არის ასეთი ხშირი სიცილი და ტირილი...
და ასეთი იშვიათი ღიმილი...
ნეტა ვინ იყო ის გოგო? სად მიდიოდა? რა აცინებდა? სადამდე მივა?..
არც იცის, რომ დავინახე.
პეკინის კუთხეში ვიდექი. გახეთქილ ტუჩზე ყვითელი კაშნე მქონდა ახვეული და ხალხი ფრთხილად მივლიდა გვერდს. ცუდ ვინმეს ვგავდი.
ბნელოდა და ციოდა...
გადაღმა ქუჩაზე მთვრალი მეგრელი ბიჭები ჩხუბობდნენ...
ვიდექი და ჩემს გოგოს ველოდებოდი...
პეიზაჟი იყო ჩვენებური...
ჰაი, როდის მოვა ის დრო, მარშუტკის შოფერს გვერდით მივუჯდე და ვუთხრა, დანელიას "პასპორტში" რომ ეუბნება რუსი განაბი ავსტრიელ ტაქსის შოფერს:
"შნელ რულეტკა, გიტლერ კაპუტ!!!"
მღეროდეს მანქანაში ის გოგო თავის გოიმურს:
"წითელი ზღვა, შავი მზე და ზღვაზე თეთრი აფრები, აფრები"...
ვებერებოდე დასავლეთისკენ...
მივდიოდე ამბების ჩასადენად...
და ვიღიმებოდე ჩემთვის...
რომელიც რო ეგრე იშვიათია.
ღიმილი რა, ღიმილს ვამბობ... თორემ სიცილი და ტირილი ისე ჰგავს ერთმანეთს, არც ერთი არა ღირს...
ჩემი გოგო გამოჩნდა. კისრისტეხით გამოიქცა...
რა იცის, რას ვუპირებ...
ვუბერამდე დასავლეთისკენ, ვიღიმებოდე...
ტიროდეს თვითონ აღმოსავლეთში...
მანამდე ჩუმად ვიქნები.
მიყვარს კი მაგრად...